fbpx

ჩემპიონთა ლიგა სამი ტურის შემდეგ


გააზიარე სტატია



ავტორი: არჩილ ბენაშვილი

 

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო საფეხბურთო ტურნირი ყოველწლიურად ახალ-ახალ სიურპრიზებს გვთავაზობს და ეს უპირველეს ყოვლისა იმ ახალ ტენდენციებს უკავშირდება, რომელთა გარეშეც ფეხბურთი ნაკლებად მრავალფეროვანი და ზოგჯერ უინტერესოც კი შეიძლებოდა გამხდარიყო სეირის მოყვარული ნეიტრალური გულშემატკივრისთვის.

სამშაბათ-ოთხშაბათს ტურნირის მესამე ტურის მატჩები გაიმართა, რომელთა შორის რამდენიმე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია.

A ჯგუფში დორტმუნდის „ბორუსიამ“ სტაბილურობით გამორჩეული მადრიდის „ატლეტიკო“ 4-0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით მადრიდულ კლუბს ოთხბურთიანი სხვაობით არასოდეს წაუგია. მიუხედავად ასეთი მარცხისა, „ატლეტიკო“ „დორტმუნდის“ შემდეგ მეორე ადგილს ინარჩუნებს სატურნირო ცხრილში და სავარაუდოდ მერვედფინალურ ეტაპზე ისიც აღმოჩნდება.

 

ფოტო: დორტმუნდი – ატლეტიკო

ანალოგიური სატურნირო მდგომარეობაა B ჯგუფში, სადაც „ტოტენჰემი“ „პსვ“-თან განიავებული სამი ქულის შემდეგ, მერვედფინალში ასპარეზობის მხოლოდ თეორიულ შანსს ინარჩუნებს. „ბარსელონამ“ და „ინტერმა“ კი მშვიდად გაარკვიეს ამ ეტაპზე ჯგუფში უძლიერესის ვინაობა და მესის არყოფნის მიუხედავად,  ესპანურმა კლუბმა საკმაოდ იოლად დაამარცხა თავისი მეტოქე 2-0.

 


ფოტო: ბარსელონა – ინტერი

C ჯგუფი ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში უდავოდ ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს, რადგან მერვედფინალურ ეტაპზე გასვლის პრეტენზიას აქ ერთბაშად სამი ძლიერი გუნდი – „ნაპოლი“, „ლივერპული“ და „პსჟ“ – აცხადებს.

თუკი მეორე ტურში კარლო ანჩელოტის გუნდმა ბოლო წუთზე იზეიმა გამარჯვება „ლივერპულთან“, განვლილ ოთხშაბათს მან ასევე  ბოლო წუთს ყველაზე მეტად დასანანი გოლი გაუშვა გასვლით მატჩში „პსჟ“-თან, რომლის გახსენებაც იტალიელებს პირველ ტურში „ცრვენა ზვეზდასთან“ დაკარგული ქულების გამო, შეიძლება ბოლოს მოუწიოთ…

„ნაპოლი“ ჯერჯერობით ლიდერობს, მაგრამ აქ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. „სიკვდილის ჯგუფში“ ყოველ მოპოვებულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

 

ფოტო: პსჟ – ნაპოლი

E ჯგუფში „აიაქსმა“ „ბენფიკასთან“ შეხვედრის ბოლო წუთზე გატანილი გოლით უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვა. ჰოლანდიური კლუბი მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად ჯგუფს 7 ქულით ლიდერობს, თუმცა „ბენფიკას“ მდგომარეობა „ტოტენჰემთან“ შედარებით ბევრად უკეთესია.

F ჯგუფში,  პირველ ტურში „ლიონთან“ საკუთარ მოედანზე სენსაციური მარცხის მერე, „მანჩესტერ სიტიმ“ გამონახა ძალები და მესამე ტურის გასვლით მატჩზე „შახტარის“ 3-0 დამარცხების შემდეგ, სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. ეს ასე არ მოხდებოდა, „ლიონს“ ბოლო წუთზე „ჰოფენხაიმთან“ გოლი რომ არ გაეშვა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ინგლისის ჩემპიონი ჯგუფის აშკარა ფავორიტია.

მადრიდის „რეალის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი პერიოდის მიუხედავად, G ჯგუფში ბურთების სხვაობით პირველ ადგილზე „სამეფო კლუბი“ იმყოფება. თუმცა, უკანასკნელი სამი წლის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორისთვის  საგანგაშო ისაა, რომ ის მიმდინარე ტურნირის ერთ-ერთ ყველაზე უღიმღამო გუნდ „პლზენსაც“ კი ვეღარ ამარცხებს თავისუფლად.

„რომამ“ „ცსკა“ 3-0 გაანადგურა და იტალიის დანარჩენი სამი გუნდის მსგავსად, მერვედფინალში გასვლის კარგ შანსს ისიც ინარჩუნებს.  

ტურნირზე თუ არა, იტალიელთაგან გამორჩეული კი ნამდვილად ტურინის „იუვენტუსია“. მიუხედავად იმისა, რომ „ბებერი ქალბატონი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ გასვლაზე ხვდებოდა და ამ უკანასკნელის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, მისი გუნდის პრემიერლიგაში უღიმღამო ასპარეზობის ფონზე, ვალდებული იყო, რომ არ დამარცხებულიყო, მასიმილიანო ალეგრის „იუვენტუსმა“ მასპინძლებს ნებისმიერ სათამაშო რგოლში აჯობა და „ოლდ ტრაფორდიდან“ სამი ქულა სრულიად დამსახურებულად წაიღო.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ მეორე ადგილის შენარჩუნებაში „ვალენსია“ დაეხმარა, რომელმაც გასვლაზე შვეიცარიის „იანგ ბოისის“ დამარცხება ვერ შეძლო, თუმცა ეს მოურინიოს „მანჩესტერში“პოსტის შესანარჩუნებლად ვერანაირ სამსახურს ვერ გაუწევს.

„იუვენტუსის“ „ოლდ ტრაფორდზე“ გამარჯვება კი ინგლისელთათვის ბოლოდროინდელი არასასიამოვნო ტრადიციის გაგრძელებად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ შარშან „იუვენტუსის“ მოგება „ტოტენჰემთან“ ფეხბურთის მრავალმა გულშემატკივარმა შემთხვევითობად შერაცხა, ფაქტია, რომ იმ მატჩის შემდეგ იტალიურმა კლუბებმა ზედიზედ სამ მატჩში იმარჯვეს ინგლისელ მეტოქეებთან.

 


ფოტო: მანჩესტერ იუნაიტედი – იუვენტუსი

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში ზემოთ ხსენებული „ტოტენჰემი“ „ინტერმა“ დაამარცხა, ამის შემდეგ  „ნაპოლიმ“ – „ლივერპული“, ხოლო განვლილ სამშაბათს კი „იუვენტუსმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ იზეიმა გამარჯვება.

ხომ არ არის ეს იტალიური კლუბების ძლევამოსილი დაბრუნების წინაპირობა ევროპულ სარბიელზე? მომავალი გვიჩვენებს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.