fbpx

Halloween-ის ტოპ 10 ფილმი


გააზიარე სტატია

 

>>> ყურადღება: სტატია შეიცავს სპოილერებს <<<


ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი

 

თითქმის მოახლოვდა ჰალოუინის დროც! ისტორიასაც რომ გადავავლოთ თვალი, ჰალოუინი  ამერიკაში და კანადაში ცნობილია, როგორც ყველა წმინდანის დღესასწაული. ლეგენდის მიხედვით, ის ამერიკაში შეიტანეს ჩრდილოეთ ირლანდიელებმა, კელტური წარმოშობის ტომებმა. ჰალოუინის დროს იმართება კოსტიუმირებული მასკარადები, ხოლო ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს შეადგენს თამაში: „ონავრობა თუ ტკბილეული“, რომლის დროსაც სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილი ბავშვები ტკბილეულს აგროვებენ მთელი ღამის განმავლობაში, ხოლო ძუნწ ადამიანებს პატარ-პატარა ონავრობებით „უმასპინძლდებიან“.

საქართველოში ჰალოუინის აღნიშვნის ტრადიცია 2008 წლიდან დაიწყო. დღესასწაულზე თვალს გვჭრის სტაფილოსფრად მორთულ-მოკაზმული სახლები, ფერადი გოგრები და, რა თქმა უნდა, ვის გაუგია ჰალოუინი კარგი საშინელებათა ფილმის გარეშე?

გაგაცნობთ 10 საუკეთესო საშინელებათა ჟანრის ფილმს, რომელიც ჰალოუინის განწყობას შეგიქმნით.

მაშ ასე:

ჰალოუინი Halloween (1978)

ჯონ არტურ კარპენტერის საშინელებათა ჟანრის ეს ნაწარმოები საჰელოუინოდ რჩება მაყურებლის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად. „ჰალოუინი“ მოგვითხრობს ფსიქოპათი ბავშვის, მაიქელ მეიერსის ამბავს, რომელიც თავისი 15 წლის დის მკვლელობის შემდეგ გისოსებს მიღმა აღმოჩნდება 6 წლის ასაკში. 15 წლის შემდეგ ის ციხიდან გარბის და მას ერთი მოტივი ამოძრავებს: თავისი მეორე დის მკვლელობა, რომელსაც საშინელებათა ჟანრის დედოფალი ჯეიმი ლი კურტისი განასახიერებს.

 

The Rocky Horror Picture Show (1975)

თუ ხარისხიანი მიუზიკლისა და საშინელებათა ჟანრის ფილმების მოყვარული ბრძანდებით, მაშინ სწორედ თქვენთვის ჩამოჰკრა იღბლის ზარმა. ფილმი გვიყვება ახალგაზრდა წყვილის – ჟანეტისა და ბრედის ისტორიას. როგორც ჰორორის კლასიკურ ჟანრს შეეფერება, ახალდაქორწინებულებს თავსხმაში მანქანა გაუფუჭდებათ, რის გამოც იძულებულნი არიან ახლოს მდებარე სახლს შეაფარონ თავი. მდიდრული სასახლის მფლობელი აღმოჩნდება ტრანსვესტიტი ექიმი ფრენკ-ენ-ფურტერი, რომელიც სწორედ ამ დღეს დიდ წვეულებას აწყობს მეგობრებისათვის. ფილმი დაუვიწყარ გართობას გპირდებათ ჰალოუინის ღამეს.

 

The Exorcist (1973)

გნებავთ რომ ძარღვებში სისხლი გაგეყინოთ, ეკრანთან ტკბილეულის ჭამის მადა გაგიქრეთ, ხოლო თვალებგაფაციცებული მიაშტერდეთ ეკრანებს? მაშინ ეს ოსკაროსანი ნაწარმოები სწორედ თქვენს საჰელოუინო განწყობას შეეფერება. უილიამ ფრიდკინის ფილმი მოგვითხრობს ისტორიას დედასა და მის პატარა, დემონით შეპყრობილ ქალიშვილზე. როდესაც დედა გადაიწურავს ყველა იმედს, რაციონალური ხერხით დაეხმაროს ქალიშვილს, მას სხვა გზა აღარ რჩება, გარდა ეგზორციზმისა…

 

It’s the Great Pumpkin, Charlie Brown (1966)

სენტიმენტები უფრო გიტაცებთ, ვიდრე საშინელებათა ჟანრი? ესე იგი არაქისის კომიქსის ადაპტაცია სწორედ თქვენთვისაა. საბანში გახვეული ლინუსი მოუთმენლად ელოდება მითურ დიად გოგრას, მაშინ როცა ჩარლი ბრაუნი საჰელოუინო წვეულებაზე ნერვიულობს. სპოილერის ზარი: ბოლოში ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

 

The Craft (1996)

თინეიჯერულ high school თემებს დავამატოთ ცოტა ჯადოქრობა, ცოტა საშინელება და აი ასე, საკნატუნო ფილმიც მზადაა. თინეიჯერი გოგონების ტრიო, რომლებსაც ჯადოქრობისადმი გარკვეული ვნებები ამოძრავებთ, საკუთარ წრეში მიიღებენ ქალაქში ახლად გადმოსულ გოგონას, რომელსაც ნამდვილად უძლიერესი ჯადოქრული ძალები აღმოაჩნდება. რა თქმა უნდა, ისტორია აქაც ტიპური საშინელებათა ჟანრის ფილმივით ვითარდება და როდესაც გგონიათ, რომ აი ახლა, რა უნდა იყოს აქ განსაკუთრებულიო… ჯობს, თავად ნახოთ და დარწმუნდეთ, თუ რამდენად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს თინეიჯერი გოგონების ბრძოლა შავბნელ ძალებთან, რომელთა კონტროლიც თავადაც უჭირთ.

 

The Nightmare Before Christmas (1993)

სიმართლე რომ ვთქვა, ჩემს ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტს სწორედ ეს ანიმაცია წარმოადგენს. როგორც სლოგანი გვეუბნება, ეს არის საშინელი ზღაპარი, უცნაური იუმორითა და გამაოგნებელი ანიმაციით, რასაც ფაქტობრივად შეუძლებელია, რომ არ დავეთანხმოთ. წარმოგიდგენიათ, ჰალოუინის მეფე სანტა-კლაუსს იტაცებდეს, ხოლო მისი შეყვარებული ამ გეგმის ჩაშლისთვის თავგამოდებული იბრძოდეს?  მგონი, ამ შესავლის მერე უკვე თავისთავად ცხადია ყველა მიზეზი, რატომაც ღირს წინასაჰელოუინოდ კანფეტების კნაწუნთან ერთად ამ საოცარი ანიმაციის ნახვა.

 

Coraline (2009)

ანიმაციის მოყვარულებს კიდევ ერთი სიამოვნება ელით წინ. ოჯახურ იდილიას მონატრებული გოგონა, რომელიც იჭედება ბოროტი ჯადოქრის მიერ სიმულირებულ სამყაროში, ებრძვის მას და ცდილობს, კვლავ უკან, არცთუ ისე სასიამოვნო რეალობისკენ დაბრუნებას. მარადიული კვლავდაბრუნებისა რა მოგახსენოთ, მაგრამ დაკოტა ფენინგის მიერ გახმოვანებული ეს მამაცი პერსონაჟი აღფრთოვანებულს დატოვებს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც უყვარს ბედნიერი დასასრული.

 

Scream (1996)

კივილიცაა და კივილიც… კაკ-კუკ, კარი კარგად შეამოწმეთ, სანამ დასაძინებლად წახვალთ, და აუცილებლად შეასრულეთ სურათში  მოცემული საშინელებათა ფილმების წინაპირობა, თუ გსურთ, რომ გადარჩეთ, როდესაც რომელიმე მანიაკი გადაწყვეტს მის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანას. მაშ ასე, აი, ჩამონათვალიც:

  1. იყავით უბიწო
  2. არასდროს მიიღოთ ალკოჰოლი ან ნარკოტიკები
  3. არასდროს თქვათ, რომ მალე დაბრუნდებით, ვინაიდან არ დაბრუნდებით

დაიცავით ეს სამი წესი და, როგორც ფილმის სცენარისტები გვარწმუნებენ, საშინელებათა ჟანრის ფილმი თუ რეალურ  ცხოვრებაში გადმოინაცვლებს, ნამდვილად გადარჩებით. ამ უკანასკნელისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მეორედ მოსვლისას თქვენი უცოდველი სული ალბათ სამოთხისკენ გაშლის ფრთებს. თუმცა ფაქტია, რომ „კივილი“ ნამდვილად იყო ჟანრული გადატრიალება ჰორორში.

 

The witches (1990)

ბუებისა და გუდიანი კაცების ისტორიაზე ალბათ ბევრი რამ გვსმენია. მაგრამ ცოტაა ალქაჯი, რომელიც ბავშვებს შესაჭმელად დასდევს. კეთილშობილი ქალბატონების ფორმაში შემოსილი ეს არსებები ადვილად იტყუებენ პატარა ადამიანებს შოკოლადებითა და ტკბილეულით, თუმცა ერთი მამაცი ბავშვი გადაწყვეტს,  მისი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს და გადაარჩინოს ბავშვები.

 

Rosemary’s baby (1968)

სიას კი დავამთავრებ რომან პოლანსკის ფსიქოლოგიური თრილერის თვალსაჩინო წარმომადგენლით – „როზმარის შვილით“. ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილზე. ფეხმძიმე გოგონა როზმარი გამეტებით ცდილობს, დაიცვას მისი ჯერარდაბადებული შვილი სატანისტი მეზობლებისა და გარემოსგან. კონსპირაციულ თეორიებში მომწყვდეული დედობრივი ინსტინქტი და პერსონაჟთა დატვირთული ფსიქოპორტრეტები მეტად ემოციურ და დაძაბულ სანახაობას გპირდებათ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.