fbpx

ფიროსმანის გამოფენა ვენაში, ალბერტინას მუზეუმში მიმდინარეობს


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინი დარჩია

ფოტო: ნინი დარჩია, გელა ბედიანაშვილი

სტატია მომზადებულია ჯიპიაი ჰოლდინგის მხარდაჭერით

 

 

„ჩემი აზრით, იგი იყო ერთადერთი მხატვარი, რომელმაც ნამდვილი ხალხური გადმოცემის სიცხოველით მოგვცა მთელი XIX საუკუნის ქართული ყოფა-ცხოვრება.“

        დიმიტრი შევარდნაძე

სანამ ვენაში წავიდოდი, ამ სტატიისთვის  პატარა დრაფტი გავამზადე, ვიფიქრე, სამუშაოს ცოტა გავიიოლებ-მეთქი. ვიცოდი დაახლოებით რასთან მქონდა საქმე: ფიროსმანის სოლო გამოფენა ვენაში, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მუზეუმში – ალბერტინაში, უნახავადაც საოცრად მიმზიდველი ჩანდა  და პირველი წინადადებაც ასე დავწერე: “თუ 26 ოქტომბრიდან 27 იანვრის ჩათვლით ვენაში მოხვდებით, აუცილებლად ნახეთ ალბერტინაში ჩვენი ფიროსმანის სოლო გამოფენა”. ახლა კი მთავარი, რაც ამ სტატიის  წერის დროსაა შესაცვლელი – ეს წინადადებაა, თუ მოხვდებით – არა, აუცილებლად წადით ვენაში 27 იანვრამდე და ნახეთ ეს გამოფენა, რომელიც ალბათ საოცარ ემოციებს იწვევს ყველა ქართველში.

 

 

რა უნდა ვიცოდეთ ფიროსმანზე? ალბათ ის, რომ ყველაზე დიდი ქართველი ნაივური მხატვარია და არ გვყავს უფრო მეტად გულახდილი ხელოვანი ქართველებს, ვიდრე ფიროსმანი.

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, “infinitart”-ის ინიციატივით და საქართველოს ბანკის დაფინანსებით ალბერტინას მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან ოცდაცხრა ნამუშევარი გაემგზავრა, რომლებიც მუზეუმის პირველ სართულზე, სამ დარბაზშია წარმოდგენილი. ფიროსმანის პერსონალური გამოფენის გარდა, ამჟამად ალბერტინას მუზეუმში შაგალის, პიკასოს, მუნკის, მონეს და ამერიკელი მოდერნისტების – უორჰოლის და ლიხტენშტეინის გამოფენები მიმდინარეობს.

 

 

სამი დარბაზის გარდა, ნიკო ფიროსმანაშვილის გამოფენის ფარგლებში, ალბერტინას მუზეუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე მხატვრის შემოქმედებით შთაგონებულ, თანამედროვე არტისტთა ნამუშევრებსაც მასპინძლობს, მათ შორის წარმოდგენილია იოშიტომო ნარას ორი ნახატი – “თამარ მეფე” და “აქტრისა მარგარიტა”, ასევე ანდრო ვეკუას სკულპტურა.

 

 

სანამ საგამოფენო სივრცეში შევიდოდი, პირველი ემოცია მუზეუმის შესასვლელში დამხვდა  – სამი ლაითბოქსი, რომელიც მონეს, შაგალის, მუნკის და პიკასოს მიმდინარე გამოფენებს გვამცნობს და რომელთაგან ერთ-ერთზე ნიკო ფიროსმანი და “აქტრისა მარგარიტაა”. მთავარ დარბაზში შესვლისთანავე უზარმაზარი, ლურჯი ვარდებით დაფარული შუშის მაგიდა დგას, რომელიც ტადაო ანდომ ფიროსმანის ხსოვნას მიუძღვნა… ტადაო ანდომ, თანამედროვეობის უდიდესმა იაპონელმა არქიტექტორმა. თემატურ მაგიდაში გაერთიანებულია ფიროსმანის ყველა ის მთავარი ხაზი, რაც ჩვენთვის ძალიან სევდიანი და ძვირფასია: ლეგენდა აქტრისა მარგარიტაზე, როგორ გაყიდა მხატვარმა დუქანი და მიუძღვნა მას მილიონი ვარდი, ის, რომ მისი საფლავი დაკარგულია და რომ ლურჯი ერთ-ერთი მთავარი სამეტყველო ფერია მის შემოქმედებაში.

 

 

გამოფენის კურატორები ბიშე კურიგრი და ელისაბედ დაცი არიან, რომლებიც ფიროსმანის შემოქმედებით დიდი ხნის წინ დაინტერესდნენ.

 

ბიშე კურიგრი: სამწუხაროდ, ტადაო ანდო გახსნას ვერ დაესწრო, რადგან პარიზშიც გამოფენის გახსნა ჰქონდა, თუმცა იქაურმა კურატორმა ახლა მითხრა, რომ ფიროსმანის მაგიდა თვითონაც ისე მოსწონს, აქაურ სტუმრებსაც აჩვენაო. მე დიდი ხანია ფიროსმანით ვარ დაინტერესებული და გატაცებულიც. დაახლოებით ორი წლის წინ რუსი ავანგარდისტების გამოფენას მასპინძლობდა “ალბერტინა” და მაშინ ვიფიქრე, ფიროსმანიც გამომეფინა, როგორც მათზე ზეგავლენის მქონე ხელოვანი, თუმცა მერე გადავიფიქრე, რადგან ეს ადგილი მისთვის პატარა მომეჩვენა და პერსონალური გამოფენის გაკეთება გადავწყვიტე; თუმცა, გეგმების განხორციელებას, რა თქმა უნდა, დრო სჭირდება.

ცოტა ხნის წინ, როცა “infinitart”-იდან დაგვიკავშირდნენ და შემოგვთავაზეს ფიროსმანის გამოფენა, მივხვდი, რომ დრო მოვიდა და დავიწყეთ გამოფენისთვის მზადება. ძალიან მიხარია, რომ სამი თვის განმავლობაში “Wanderer between worlds” ჩვენს მუზეუმში იქნება და მსოფლიოს მე-19 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხელოვანს გააცნობს”.

 

კლაუს შრედერი, “ალბერტინას” დირექტორი: “ხელოვნების სამყაროში ორმოცი წელი ისე გავატარე, ნიკო ფიროსმანაშვილის შესახებ არაფერი ვიცოდი. დაახლოებით ოცი წლის წინ შემთხვევით აღმოვაჩინე ის და  ეს იყო ჩემი პროფესიული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო აღმოჩენა. ფიროსმანის შემდეგ ცხადი გახდა, ვისი გავლენა აქვთ რუს ავანგარდისტებს: გონჩაროვას, შაგალს, ადრეულ მალევიჩს… ძალიან მაინტერესებდა როგორი იყო რეალობაში ეს ნამუშევრები. დაახლოებით ორი წლის წინ ვიყავი თბილისში და პირველი გეგმა, რაც მქონდა, რა თქმა უნდა, ფიროსმანის ნამუშევრების ნახვა იყო. რეალობაში ბევრად კარგი აღმოჩნდა! იშვიათად მინახავს ამხელა გულწრფელობით შესრულებული ნამუშევრები ან ასეთი გულწრფელი მხატვარი, რომელიც მთელ თავის პირად სამყაროს და ოცნებებს გიზიარებს, საკუთარ სამყაროში დაუფიქრებლად გიშვებს და თითქოს შენც მის ნაწილს გხდის. იმდენად აღვფრთოვანდი, მეორე დღესვე მის მშობლიურ მხარეში, მირზაანში წავედი და სხვა ნამუშევრებიც ვნახე. ყველაფერი ერთმანეთზე უკეთესი იყო, ის არის მსოფლიოს ყველაზე დიდი პრიმიტივისტი და ჩემი პირადი აზრით, ანიმალისტიც. ძალიან მიხარია, რომ მაქვს პატივი მსოფლიოს ნიკო ფიროსმანაშვილი, სამყაროთა შორის ნამდვილი მოგზაური გავაცნო”.

 

 

დაბოლოს, გთავაზობთ ვიდეოს, რომელიც სპეციალურად ამ გამოფენისთვის ვეს ანდერსონის პარტნიორმა ანიმატორმა, ტომ ო’მეარმა შექმნა.

 

 


რეკომენდებული სტატიები
ტადაო ანდო - არქიტექტურული მედიაცია იაპონიასა და მსოფლიოს შორის

ტადაო ანდო - არქიტექტურული მედიაცია იაპონიასა და მსოფლიოს შორის

ტადაო ანდო - არქიტექტურული მედიაცია იაპონიასა და მსოფლიოს შორის
ტადაო ანდო იაპონელი თვითნასწავლი არქიტექტორია, რომლის ნიმუშებიც ე.წ. „კრიტიკული რეგიონალიზმის“ ნაწილადაა მიჩნეული. ეს არქიტექტურული მიმდინარეობა ადგილობრივ და გლობალურ არქიტექტურას შორის მედიაციას ცდილობს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.