რას „გრძნობენ“ მცენარეები, როცა მათ ვჭამთ


გააზიარე სტატია

 

როცა ადამიანებს თავს გვესხმიან, ჩვენში რეაქცია ვითარდება, რა დროსაც ვწყვეტთ, გავიქცეთ თუ ვიბრძოლოთ. როგორც ირკვევა, მცენარეებშიც მსგავსი პროცესი ხდება. მკვლევრების მიერ გადაღებული ახალი ვიდეოები მცენარეებზე ჩვენს წარმოდგენებს ცვლის.

 

Plant Response Bright

წყარო: UW-Madison/YouTube

დაზიანების შემდეგ მცენარეზე დარჩენილი ფლუორესცენციული კალციუმის ტალღის კვალი.

 

14 სექტემბერს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებულ უისკონსინ-მადისონის უნივერსიტეტის კვლევაში წერია, რომ როცა მცენარე ზიანდება, ის სხეულის გარშემო ნერვული სისტემის მსგავს სიგნალს უშვებს, რაც ადამიანსა და ცხოველებში არსებულ რეაქციას ჰგავს.

როდესაც ადამიანი ტრავმას იღებს, ორგანოების მგრძნობიარე უჯრედები მის ნერვულ სისტემას ატყობინებს, რომ ნეიროტრანსმიტერული გლუტამატი გამოყოს. ეს, თავის მხრივ, ადამიანის ტვინს ადრენალინის გამოყოფისკენ უბიძგებს, რაც საქმეში იმ რეაქციას რთავს, რომლითაც ვწყვეტთ, გავიქცეთ თუ ვიბრძოლოთ.

მცენარეებს ნერვული სისტემები არ აქვთ, მაგრამ მეცნიერების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მათ აღნიშნული რეაქციის საკუთარი ვერსია გააჩნიათ, რომელიც შეტევისას აქტიურდება.

 

კვლევაში მონაწილე მეცნიერების მიერ გადაღებული კადრები აჩვენებს მუხლუხს, რომელიც მცენარეს ჭამს, და მასზე მცენარის რეაქციას.

 

ნერვული სისტემის არქონის გამო მცენარეებში ნეიროტრანსმიტორებს არ ვხვდებით, მაგრამ მათ გლუტამატი გააჩნიათ. ვიდეოში მუხლუხი მცენარეს კბეჩს, რა დროსაც ეს უკანასკნელი დაზიანებულ ადგილას გლუტამატს გზავნის. ეს ააქტიურებს კალციუმის ტალღას, რომელიც მთელ სხეულში ვრცელდება და უბიძგებს მცენარეს, სტრესის ჰორმონი გამოყოს.

გამაოგნებელი ვიდეო პირველია, რომელიც მცენარის ასეთ სწრაფ რეაქციას აღბეჭდავს. უისკონსინ-მადისონის უნივერსიტეტის განცხადებით, სიგნალს მცენარის დაბოლოებებამდე მისაღწევად ორ წუთამდე ნაკლები დრო სჭირდება, რა დროსაც წამში დაახლოებით ერთი მილიმეტრი სიჩქარით ვრცელდება.

როცა სიგნალი მთელ სხეულს მოიცავს, მცენარე ხვდება, რომ მას უტევენ და ამაზე რეაგირებს.

მეცნიერებისთვის ამ ფენომენის შესახებ აქამდეც ცნობილი იყო, მაგრამ მისი კადრში აღბეჭდვა და წყაროს დადგენა მხოლოდ ახლა მოხერხდა.

„ჩვენ ვიცოდით, რომ ფოთლის დაზიანებისას იქ ელექტრომუხტი ჩნდება, რომელიც მცენარის გარშემო მოძრაობს, – განაცხადა საიმონ გილროიმ, უისკონსინ-მადისონის უნივერსიტეტის ბოტანიკის პროფესორმა და კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, – მაგრამ ის კი უცნობი იყო, თუ რა იდგა ამ სისტემის უკან.“

იმის დასანახად, თუ რა ხდება მცენარეებში მათი დაზიანებისას, მკვლევრებმა მათ გენმოდიფიცირება გაუკეთეს, რათა ისეთი პროტეინი მიეღოთ, რომელიც კალციუმის გარშემო კაშკაშად ელვარებს. ამან მეცნიერებს საშუალება მისცა, მცენარის დაზიანებისას წარმოქმნილი კალციუმის ტალღა დაენახათ.

 

მკვლევრების მიერ გადაღებულ კადრებზე ჩანს მცენარის რეაქცია გლუტამატზე, რომელიც მის ერთ-ერთ ფოთოლზე განათავსეს.

 

მკვლევრებმა მცენარეთა დასაზიანებლად მუხლუხები, მაკრატელი და სხვა საშუალებები გამოიყენეს, რათა მათ გლუტამატი გამოეყოთ. როცა გამაფრთხილებელი სიგნალი მთელ სხეულში გავრცელდა, ფოთლებმა თავდაცვითი ჰორმონების გამოშვება დაიწყეს, რათა შეტევისაგან თავი დაეცვათ.

მათი თავდაცვითი ჰორმონები მოიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აღდგენით პროცესებს აჩქარებენ და, ასევე, საზიანო ნივთიერებებს, რომელთა დანიშნულებაც თავდამსხმელის დაფრთხობაა.

მცენარეთა რეაქცია ტრავმაზე ზუსტად ისეთი არაა, როგორიც ადამიანის ან ცხოველის, მაგრამ ამის მსგავსი ვერსიაა.

„ცხოველებისთვის გადაწყვეტილების მიღება შედარებით მარტივია, რადგან მათ არ სჭირდებათ, დეტალურად იცოდნენ საფრთხის შესახებ, – განუცხადა გილროიმ ფორბსს. მათთვის იმის ცოდნაც საკმარისია, რომ რაღაც ცუდი ხდება. ისინი ფიქრობენ: “ო, არა, ამას კარგი პირი არ უჩანს. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ აჯობებს, გავიქცე”. ასეთ დროს გაქცევის ინსტინქტი ირთვება. მაგრამ მცენარეს ამის ფუფუნება არ აქვს.“

ასე რომ, შეიძლება მცენარეები ტკივილს ადამიანების იდენტურად არ განიცდიან, მაგრამ ეს ახალი აღმოჩენა აჩვენებს, რომ მათი რეაქცია საკმაოდ მსგავსია.

შემდეგში, როცა გემრიელ, ფოთლებით სავსე სალათას შეექცევით, ეცადეთ არ იფიქროთ, თუ როგორ გამოყოფდა მცენარე გლუტამატს.

 

ავტორი: კაროლაინ რედმონდი

ორიგინალი: https://allthatsinteresting.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.