„ნენსკრაჰესის“ პროექტი იტალიურმა კომპანიამ დატოვა – Bankwatch


გააზიარე სტატია

 

აღმოსავლეთ ევროპის საზოგადოებრივი, ბუნებისდამცველი და ადამიანის უფლებათა ორგნიზაციების მხარდამჭერი ვებ-რესურსი Bankwatch ავრცელებს ინფორმაციას სვანეთში, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ:

„575 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი იტალიურ კომპანია Salini Impregilo-სა და პროექტის პრომოუტერებს შორის 2015 წლის აგვისტოში გაფორმდა. თუმცა, ადგილობრივებთან მზარდი დაპირისპირებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების კრიტიკის ფონზე „ნენსკრას პროექტის“ რეალიზება სულ უფრო რთულდება.

ვარაუდები პროექტიდან იტალიური კომპანიის გასვლის შესახებ უკვე ნახევარი წელია არსებობს, მაგრამ საბოლოოდ ეს დადასტურდა ს/ს „ნენსკრას“ განცხადებაში, რომელიც კომპანიამ 18 ოქტომბერს გაავრცელა. ს/ს „ნენსკრას“ მიხედვით, კონტრაქტი იტალიურ კომპანიასთან ერთობლივი შეთანხმებით გაუქმდა, თუმცა მაინც დაუზუსტებელი დარჩა ამ ნაბიჯის მიზეზები.

Salini Impregilo ფლობს „ნენსკრას პროექტის“ ტექნიკურ დოკუმენტაციას, და შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, მისი პროექტიდან გასვლა ნიშნავს, რომ ახალ კონტრაქტორს ყველაფრის დაწყება სულ თავიდან მოუწევს. როგორც მინიმუმ, მას დასჭირდება არსებული დოკუმენტაციის გადახედვა და შესაბამისი კორექტირების შეტანა. ყველაფერი ეს პროექტის განხორციელებას  შეაფერხებს და მნიშვნელოვან დამატებით ხარჯებსაც გამოიწვევს.

 

 

გაფრთხილება ინვესტორებისთვის

 

2018 წლის იანვარში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ნენსკრაჰესისთვის დაამტკიცა 214 მილიონდოლარიანი სესხი პროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილების რამდენჯერმე გადადების შემდეგ და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების მრავალმხრივი გაფრთხილებების მიუხედავად, ამ წამოწყების მძიმე გავლენებსა და მის სიცოცხლისუნარიანობასთან მიმართებაში.

საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, ს/ს „ნენსკრას“ სტეიტმენტის გამოქვეყნების დღეს, „იბიარდის“ კავკასიის განყოფილების დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ განაცხადა, რომ ბანკმა მხედველობაში მიიღო პრობლემები მშენებელ კომპანიასთან დაკავშირებით და შესაბამისად შეაჩერა სესხის გაცემა იმ მიზეზით, რომ მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე კომპანიაა, რომელსაც შეუძლია აღნიშნული მასშტაბის პროექტის განხორციელება.

ნენსკრაჰესის პროექტმა ასევე მიიღო 150  მილიონი დოლარის სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკისგან და მის მხარდაჭერას  აგრეთვე აპირებდა რამდენიმე საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაცია. თუმცა, მიმდინარე მოვლენები გამაფრთხილებელი ნიშანია ყველა საერთაშორისო ინვესტორისთვის, ვინც ამ პროექტში ჩართვას აპირებს, თავი რომ გავანებოთ საქართველოს მთავრობას, რომელიც განაგრძობს ამ უაღრესად პრობლემური წამოწყების პრომოუშენს.

პროექტში ჩართულობის სამი წლის განმავლობაში იტალიურმა “სალინიმ” ვერ შეძლო ადგილობრივებთან სათანადო კონტაქტის დამყარება. სათვისტომოს წევრებმა მოაწყვეს რამდენიმე საპროტესტო აქცია როგორც ადგილზე, ასევე  თბილისში პროექტისა და მასში ჩართული ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ. მარტში ზემო სვანეთის სათვისტომოებმა მოიწვიეს საგანგებო საბჭო და გაავრცელეს დეკლარაცია, სადაც განაცხადეს სვანების, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უფლების გამო  შეეწინააღმდეგონ ნენსკრაჰესს და სხვა მსგავს პროექტებს, რომლებიც საშიშროებას უქმნიან ადგილობრივ ეკოსისტემასა და საცხოვრებელ გარემოს.

 

 

„სალინის“ საეჭვო რეპუტაცია

 

სინამდვილეში ნენსკრა არ არის Salini Impregilo-ს პირველი სადავო პროექტი. ზემო სვანეთის მსგავსად, ბუგაჯალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს, უგანდაში, მსგავსი პროტესტი მოჰყვა საჯარო კონსულტაციების ნაკლებობის, საცხოვრებლის დაკარგვის,  არაადეკვატური კომპენსაციებისა და ადგილობრივთა გადასახლების გამო.

სიერა ლეონეში, ბუმბუნას კაშხალი, რომლის მშენებლობაც 1982 წელს დაიწყო, ცნობილი იყო კორუფციული გარიგებების ბრალდებით, ტექნიკური პრობლემებითა და ადგილობრივ მოსახლეობასთან დაძაბულობით.

Bankwatch-ისა და Campagna per la Riforma della Banca Mondiale-ს 2008 წელს გავრცელებული ანგარიშში შეფასდა ეთიოპიაში პროექტ Gilgal Gibe III-ის სოციალური და ეკოლოგიური გავლენა და მასში იტალიური კომპანიის როლი. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა, რომლებიც იცნობდნენ “სალინის” წარსულ სადავო გამოცდილებას ჰიდროელექტროსადგურების პროექტების საკითხში, თავიანთი შეშფოთება გამოთქვეს ამ კომპანიის მიერ „ნენსკრას პროექტის“ შესაძლო განხორციელების გამო.

 

რა იქნება შემდეგი?

 

ს/ს „ნენსკრა“ პროექტის დასრულებას 2021 წლისთვის ვარაუდობს, და გავრცელებულ სტეიტმენტში კომპანია ადასტურებს, რომ ორი ხიდის მშენებლობის სამუშაოები ადგილზე ნოემბერში გაგრძელდება. მაგრამ, მაშინ როცა “სალინის” შემცვლელი ახალი მშენებელი კომპანია ჯერ არ არსებობს, გაუგებარია,  ვინ უნდა აწარმოოს ეს სამუშაოები. უფრო მეტიც, ტექნიკური პარამეტრების ცვლილების გამო პროექტს არც სამშენებლო ნებართვა აქვს.

შესაბამისად, ს/ს „ნენსკრას“ გეგმა – ნოემბერში გააგრძელოს უკვე ასეთი პრობლემური ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა – დიდი კითხვის ქვეშ დგება.“

ავტორი: დათო ჭიპაშვილი
ორიგინალი: https://bankwatch.org


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.