fbpx

იაპონური ფოტოავანგარდი – ეიკო ჰოსოე


გააზიარე სტატია

 

იაპონელი ფოტოგრაფის, ეიკო ჰოსოეს კარიერა 1951 წელს დაიწყო, როცა ჯერ კიდევ სტუდენტობისას კომპანია Fujifilm-ის ფოტოკონკურსის გამარჯვებული გახდა. მომდევნო წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ავანგარდისტი მხატვრებისა და ფოტოგრაფების გაერთიანება Demokrato შექმნა. მათი შემოქმედება ექსპერიმენტული ხასიათის იყო და მეინსტრიმულ, იმ პერიოდში პოპულარულ ფოტორეალიზმს დაუპირისპირდა. ეიკო ჰოსოესა და მისი მეგობრების ინდივიდუალური ხელწერა, მსოფლმხედველობა, ფოტოები თავისი შინაარსითა და ფორმებით უფროსი თაობის ფოტოსკოლის წარმომადგენლების გაღიზიანებას იწვევდა.

 

 

ფოტოგრაფის ნამუშევრებში ძლიერი ფსიქოლოგიური დაძაბულობა იგრძნობოდა, რადგან ისეთ თემებს ეხებოდა, როგორებიცაა: სიკვდილი, ეროტიკული ვნებები, ირაციონალურობა. მას  ადამიანის სხეული აინტერესებდა, სხეულის ფორმებით მანიპულაცია, რაც მის სურეალისტურ გამოსახულებებს დრამატიზმს მატებდა, მეტიც, სიახლეებისთვის მოუმზადებელ იაპონელებში შიშს თესავდა.

 

 

„მისი ფოტოების ნახვა თვალების ტკივილს იწვევს, ზუსტად ისეთივე ტკივილს, მზეს რომ დიდხანს უყურო. მათში სენტიმენტის ნასახიც არაა, ისეთივე სითამამეა, როგორიც კამიკაძეებს ახასიათებდათ“, – ასე შეაფასა ერთ-ერთმა კრიტიკოსმა ეიკო ჰოსოეს პირველი ნაბიჯები.

 

ეიკო ჰოსოეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ფოტოსესია სახელწოდებით „ვარდებით გათანგული“, სადაც აქცენტი მამაკაცის სხეულზე კეთდებოდა. ამ პროექტზე მან მოდელად ცნობილი იაპონელი კამიკაძე მწერალი იუკიო მიშიმა მიიწვია.

 

 

ეს თანამშრომლობა არ იყო შემთხვევითი. ორივე საკუთარ შემოქმედებაში დიდ ადგილს უთმობდა ფიქრს ესთეტიკურ ფენომენებზე, ადამიანთა მიერ მათი აღქმის თავისებურებებზე, ორივეს აინტერესებდა, თუ რა სახით ჯობდა არსებულიყო მშვენიერების ეტალონი და საერთოდ, საჭირო იყო თუ არა მისი ფიზიკური არსებობა. “ღმერთი მკვდარია და ადამიანები შიშვლები დარჩნენ უღირსი, პატივაყრილი სამყაროს პირისპირ“, – ამგვარად აღწერდა მწერალი ფოტოგრაფთან თანამშრომლობის იდეას.

 

 

Kamaitach – ასე ჰქვია კიდევ ერთ ცნობილ ფოტოპროექტს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მოცეკვავე ტაცუმი ჰიჯიკატამ. ფოტოგრაფთან ერთად ის იაპონიის ჩრდილოეთში მდებარე ერთ სოფელს ეწვია და იმპროვიზებული ცეკვით განასახიერა მითური დემონი „კამა“, იაპონური ფოლკლორის პერსონაჟი, რომელიც ტყეებსა და მინდვრებში იმალება, აშინებს ბავშვებს და შიშის ზარს სცემს სოფლის მოსახლეობას.

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.