fbpx

ესპანეთის ლა ლიგის საოცრებები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ტრადიციულად, ევროპის ხუთი წამყვანი ჩემპიონატი ფეხბურთის გულშემატკივართა ყურადღების ცენტრშია. ჩვეულებრივ, ყოველ ახალ სეზონს თავისებური ტენდენციები ერთვის, მაგრამ გლობალური სიახლეები მაინცდამაინც ხშირად არ ვლინდება ხოლმე.

მაგალითად, დავეჩვიეთ, რომ „პარი სენ ჟერმენი“ და „იუვენტუსი“ აუცილებლად ჩემპიონები უნდა გახდნენ, ინგლისის პრემიერლიგის „დიდ ექვსეულში“ კი საბოლოო ცხრილში, „სიტის“, „იუნაიტედის“, „ლივერპულის“, „ჩელსის“, „ტოტენჰემის“ და „არსენალის“ გარდა, რომელიმე სხვა გუნდი არ უნდა აღმოჩნდეს.

არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი გერმანიის ბუნდესლიგაში წლეულს მიუნხენის „ბაიერნის“ ჰეგემონია დასრულდება, ხოლო „ბარსელონა“ კი კვლავაც იზეიმებს ლა ლიგის ჩემპიონობას, მაგრამ…

წლევანდელი ესპანეთის ჩემპიონატი რომ განსაკუთრებულია, ამას დიდი დაკვირვება არ სჭირდება. საკმარისია, მხოლოდ სატურნირო ცხრილში ჩახედვა და იმ სენსაციების დათვლა, რომელთა რიცხვი 2-3 სხვა ჩემპიონატსაც დააკმაყოფილებდა.

ამ თვალსაზრისით კი, უკანასკნელი ტურის შემდეგ, ყურადღების ეპიცენტრში თუკი კვლავ  მადრიდის „რეალი“ აღმოჩნდებოდა, ალბათ ფეხბურთის მოყვარულები მაინცდამაინც არ ელოდნენ.

მას შემდეგ, რაც კლუბის ახალ მწვრთნელ სანტიაგო სოლარის თავკაცობით „სამეფო კლუბმა“ ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო, მოწმენდილ ცაზე ქუხილივით გავარდა ბასკურ „ეიბართან“ მადრიდის „რეალის“ 0:3 მარცხი. მეტიც, სულაც არ უნდა გაგვკვირვებოდა, თუკი მასპინძლები ამ მატჩს უფრო უფრო დიდი ანგარიშით მოიგებდნენ.

 


„ეიბარის“ ფეხბურთელები ერთმანეთს ულოცავენ გოლს მადრიდის „რეალის“ კარში“

 

საგულისხმოა ის ხალისი, თუ გნებავთ თავხედობა, რითაც გამოირჩეოდა მასპინძელი „ეიბარი“ ამ შეხვედრაში. ესპანეთის ლა ლიგის ბოლო წლების საშუალო კლასის გუნდმა, რომელსაც აქამდე, მრავალი წაგების ფონზე, ერთადერთი მატჩი ჰქონდა ფრედ ნათამაშევი „რეალთან“ და ტრადიციულად ლიგაში უფრო ადგილის შენარჩუნებითაა დაინტერესებული, ვიდრე მაღალ ადგილზე დამკვიდრებით, პირწმინდად გაანადგურა მსოფლიო ფეხბურთის გრანდი, რომელმაც თითქოს კრიზისი დასძლია.

„ეიბარმა“ ისე მოიგო ეს თამაში, რომ წამი დრო არ გაუყვანია და ერთხელაც არ უცდია საკუთარ ნახევარზე გადანაცვლება და ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნვა, რასაც დიდი ალბათობით „ხეტაფესთან“ , „ლევანტესთან“, თუ კიდევ სხვა, თავისი რანგის გუნდთან გააკეთებდა.

რაშია საქმე? ნუთუ ესპანეთში ავტორიტეტები აღარ არსებობენ? გავიხსენოთ , რომ ერთა ლიგის მატჩებით გამოწვეულ პაუზამდე, წინა ტურში „ბეტისმა“ „კამპ ნოუზე“ ნამდვილი ტრილერი მოუწყო „ბარსელონას“. ამ მატჩამდე სევილიელებს 11 ტურის შემდეგ სულ 8 ბურთი ჰქონდათ გატანილი, კატალონიელებს კი 4 შეუგდეს და დაამარცხეს კიდეც 4:3.  

 


„ბეტისი“ აღნიშნავს გამარჯვებას „ბარსელონასთან“ გასვლით შეხვედრაში

 

„ბარსელონამ“ წლეულს „ლეგანესთანაც“ წააგო, „ხირონასთან“ და ბილბაოს „ატლეტიკთან“ შინ მხოლოდ ფრეს დასჯერდა, ხოლო მაჩანჩალა „რაიო ვალეკანოსთან“ სასწაულებრივად შეძლო მატჩის უკანასკნელ წუთებზე მოტრიალება.

გავიხსენოთ ვალვერდეს ბიჭების შარშანდელი შედეგი, როდესაც „ბარსელონამ“ ერთადერთი მატჩი მხოლოდ სეზონის დასასრულს დათმო „ლევანტესთან“ და  ნათელი შეიქმნება, რომ ერთი მხრივ, სტატისტიკა შეიცვალა, მეორე მხრივ კი ყურადღება ალბათ ერთ მნიშვნელოვან ტენდენციაზე უნდა გავამახვილოთ, რაც ადრე ესპანეთის ჩემპიონატში არ შეიმჩნეოდა.

ამ ტენდენციის ღრმა ფესვებს კი ავტორიტეტების უგულვებელყოფაში უნდა ვხედავდეთ. ლა ლიგაში „ბარსელონას“ შარშანდელი გრანდიოზული ტრიუმფის მიუხედავად, კატალონიელთა უფროს მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს სეზონი ჩემპიონთა ლიგაზე „რომასთან“ მეოთხედფინალში გავარდნამ გაუფუჭა. ეტყობა, ამ მატჩმა იგი კოლეგების ავტორიტეტთა სიიდან საბოლოოდ ამოშალა.

ზიდანის წასვლის შემდეგ კი, როგორც ჩანს, ლა ლიგის ლამის ნებისმიერი კლუბის მწვრთნელს თავი მადრიდის „რეალის“ თავკაცად წარმოუდგენია.

მწვრთნელებს ფეხბურთელებიც არ ჩამორჩნენ და ალბათ სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი მომავალ სეზონში „ბარსელონას“, „ბეტისის“ ამჟამინდელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში, ხოლო მადრიდის „რეალში“ კი „ეიბარის“ ან „ალავესის“ ფეხბურთელებს ვიხილავთ…

ყოველივე ეს კი ლა ლიგის სათამაშო დონის და სანახაობრივი მხარის ამაღლებას ემსახურება.

არც თუ ისე შორეულ წარსულში ლუის ენრიკეს „ბარსელონა“ და ზინედინ ზიდანის „რეალი“ თავისუფლად უსწორდებოდნენ ლა ლიგის თითქმის ნებისმიერ მეტოქეს. მაგრამ ხშირად ეტყობა, ეს შედეგები არ ასახავდა იმ რეალურ ძალებს, რითაც გუნდები გრანდებს უპირისპირდებოდნენ.

უბრალოდ ფსიქოლოგიური ომი ხშირად მატჩის დაწყებამდე იყო დასრულებული და „ხეტაფეს“, „ლევანტეს“ და თუნდაც „ესპანიოლის“ ტიპის გუნდები, უფრო თავიანთ ტოლსწორ მეტოქეებთან ქულების მოპოვებით იყვნენ დაინტერესებულნი, ვიდრე „ბარსელონას“ და „რეალის“ წინააღმდეგ თავის მოკვლით, რასაც სასურველი შედეგი მაინც ვერ მოჰყვებოდა.  

წლევანდელ სეზონში კი მდგომარეობა აშკარად შეიცვალა და სენსაციების მსხვერპლი გათამაშების ამჟამინდელი ლიდერი „სევილია“ და „ატლეტიკოც“არიან, ხოლო „ვალენსიას“ 12 ტურის შემდეგ მხოლოდ 3 მატჩი აქვს მოგებული.   

ახალმა ტენდენციამ ესპანელთათვის სამწუხაროდ მათ ნაკრებზე უარყოფითად იმოქმედა. თუკი დავაკვირდებით, სანამ „ბარსელონა“ და „რეალი“ ლა ლიგის გათამაშების საწყის ტურებში იგებდნენ, ერთა ლიგაზე „ფურია როხამ“ ჯერ გასვლაზე ინგლისის ნაკრები 2:1 დაამარცხა, ხოლო შემდეგ კი შინ ხორვატიის ნაკრები 6:0 გაანადგურა.

ვინ იფიქრებდა, რომ ლუის ენრიკეს ბიჭები დარჩენილ ორივე შეხვედრას წააგებდნენ და ერთა ლიგის დასკვნით ეტაპზე ვერ გავიდოდნენ?

როგორც ჩანს,  სერხიო რამოსის, პიკეს, თუ ისკოს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საკმაოდ უარყოფითად მოქმედებენ „ლეგანესის“, „ლევანტეს“, „ბეტისის“ , „ეიბარისა“ თუ „ხირონას“ გათავხედებული ფეხბურთელები, რომლებიც მათ არაფრით ჩამოუვარდებიან და ასეთი გაგრძელების შემთხვევაში, ჩანაცვლებითაც კი ემუქრებიან კლუბებსა თუ ნაკრებში.

 

„ბარსელონას“ თანავარსკვლავედი


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.