fbpx

რაზე მუშაობს ქართული და რუსული ინტერნეტ-ტროლინგი


გააზიარე სტატია

 

“ინტერნეტ-ტროლინგი” შედარებით ახალი ტერმინია, რომელიც კლასიკური გაგებით ნიშნავს ამა თუ იმ მიზეზით ონლაინ სივრცეში ისეთი კომენტარების თუ მასალების გავრცელებას, რაც ადამიანების გაღიზიანებისა და ცხელ დისკუსიებში ჩართვისკენაა მიმართული. ბოლო წლებში, რუსულ კონტექსტში, “ტროლინგმა” შეიძინა ახალი დატვირთვა, რაც ინტერნეტ-პროპაგანდაში სახელმწიფო სტრუქტურების დაინტერესებასა და პროცესში მთავრობის მიმართ ამა თუ იმ მიზეზით ლოიალური, დაქირავებული ადამიანების მონაწილეობას გულისხმობს.

ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ტროლინგის მაგალითები უკვე საკმაოდ მოიპოვება. ქართული პრო-სამთავრობო ტროლები ხშირად საჯარო სექტორში – სამინისტროებში, საკრებულოებში, მუნიციპალიტეტებსა და  სსიპებში დასაქმებული ადამიანები არიან, რომლებიც ქართულ ინტერნეტში, ამა თუ იმ სამთავრობო ინიციატივასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ცდილობენ.

 

მესიჯი: “დაუსჯელი არავინ დარჩება” – ტროლები ფარცხალაძის საქმეზე

 

იმის გამო, რომ ქართველ “ტროლებთან” დაკავშირებით სერიოზული კვლევა ჯერ არ ჩატარებულა, უცნობია მისი ზუსტი სქემა – მონაწილეები, სტრუქტურა და მასშტაბები. თუმცა, უკვე არსებობს ბევრი საინტერესო ჟურნალისტური გამოძიება რუსულ სამთავრობო ტროლებთან დაკავშირებით; და იმის გამო, რომ ქართულ სამთავრობო ტროლინგს ბევრი აქვს საერთო რუსულ ანალოგებთან, შეგვიძლია ჩვენც დაახლოებით წარმოდგენა შევიქმნათ ეროვნული ტროლინგის ხილულ და უხილავ ფორმებსა და ამოცანებზე.

 

 

ავტორები: ქსაიმენა კუროვსკა, ანატოლი რეშეტნიკოვი

ორიგინალი: https://stopfake.org

 

რუსული “ტროლების ქარხნები” უკვე კარგა ხანია ახალი ამბების ჰედლაინებში ხვდება – უპირველესად, კრემლის ციფრული მცველების როლში, და ასევე როგორც კრემლის კიბერ-დანაყოფები აშშ არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.

მაშინ როდესაც ტროლების ბრიგადებზე ამდენ სენსაციურ ამბებს ჰყვებიან, უკვე არსებობს კვლევები, რომლებიც პირველწყაროებსა და სარწმუნო ინფორმაციულ გაჟონვებს ემთხვევა. გამოჩნდნენ ისეთი ტროლები (როგორც წესი – ექს-ტროლები), რომლებიც ამ თემაზე ლაპარაკის სურვილს გამოთქვამენ.

როგორც ცნობილია, ამ ტროლების ნაწილი მაინც სერიოზულად არ აღიქვამს არსებულ პოლიტიკურ დავალებას პროპაგანდის შესახებ. ჩვენ ასევე ვიცით ე.წ. ტროლების ფერმის – “ინტერნეტის კვლევის სააგენტოს” შიდა განაწესის დეტალებიც, სადაც ინფორმატორი ტროლების უმეტესობა მუშაობდა. არსებობს ინფორმაცია რაოდენობაზე ორიენტირებული, უცხო ენის მცოდნე კომენტატორებისა და ბლოგერების შესახებაც, რომლებსაც აღნიშნული სააგენტო ქირაობდა ხარისხიანი კვლევითი სამუშაოს შესასრულებლად.

ტროლების პოსტების დიდძალი ნიმუშების რამდენიმე სტატისტიკური კვლევა გვიჩვენებს, რომ ინსტიტუციური ტროლინგი და ბოტების გამოყენება ისეთ კონსოლიდირებულ პრაქტიკად იქცა, რომელიც ონლაინ საჯარო სფეროზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს.

ტროლინგის ორგანიზაციული სტრუქტურა და ინდუსტრიული პოლიტიკური ტროლინგის ყოველდღიური საქმიანობის სქემა აქამდე იდუმალებით იყო მოცული. ჩვენ ასევე ნაკლები წარმოდგენა გვქონდა იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ის სახელმწიფოსა და საზოგადოების ურთიერთობებზე, ისევე როგორც უსაფრთხოების პროცესებზე.

 

გამანეიტრალებელი ტროლინგი

ჩვენ მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გვინდოდა გაგვეგო, თუ რას აკეთებს კრემლის მხარდამჭერი ტროლინგი და როგორ მუშაობს ის რუსულ ბლოგოსფეროში.  გავაანალიზეთ, როგორც იტროლება ტროლინგის გამომძიებელი ჟურნალისტიკა, განვიხილეთ ტროლინგის ბილიკები რუსი ოპოზიციონერის – ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ, და ჩავწერეთ ინტერვიუ “ინტერნეტის კვლევის სააგენტოს” ყოფილ თანამშრომელთან.

ამ კვლევის დროს  აღმოვაჩინეთ კონკრეტული ფენომენი, რასაც “ნეიტროლიზება” დავარქვით. ეს ავტორიტარული პრაქტიკა გარდასახავს ანტიისტებლიშმენტურ მოქმედებას  და მას რეჟიმის კონსოლიდაციისთვის იყენებს.

“ნეიტროლიზაცია” პრევენციას უკეთებს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან რეჟიმის ამა თუ იმ სახით გამომზეურების მცდელობებს ისეთი პირობების შექმნით, რომლებშიც პოლიტიკური მობილიზაცია აბსურდულია, რითაც ახდენს რეჟიმის საფრთხის გაუვნებელყოფას. აზრიანი პოლიტიკური ჩართულობა მხოლოდ და მხოლოდ “კვებავს” ტროლს, რაც საბოლოოდ საჯარო სფეროს ირონიზების ტროლინგურ სპირალში შეწოვით სრულდება.

 

მესიჯი: “დარწმუნებული ვარ” – ტროლები მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე

 

ტროლები მოქმედებაში

პროპაგანდის ჩვეულებრივი გამოვლინებების ნაცვლად, “ნეიტროლიზებისას” არ ხდება რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური მხარის დაცვა. კრემლის მხარდამჭერი ტროლები ინტერნეტში აქტიურობით ახდენენ ტვინის დამაჩლუნგებელი ხმაურის გენერაციას, რომელიც თითქოს უბრალო მოქალაქეებისგან მოდის. ისინი ავრცელებენ სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიებს და ქმნიან კვაზი-პოლიტიკურ, თუმცა საზრისისგან სრულიად დაცლილ საჯარო სივრცეს, სადაც რამდენიმე განსხვავებული, ფაბრიკაციებისგან შექმნილი მოსაზრებები ინტერნეტის დინებებს ახშობს.

ზუსტად ასე გაანეიტრალეს რუსული ბლოგოსფეროს გარკვეული ნაწილი ბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ. 2015 წლის მარტში გაზეთებმა – “მოი რაიონ” და “ნოვაია გაზეტამ” გამოაქვეყნეს 500-მდე ტროლის პროფილი, ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთების შესაბამის ინსტრუქციებთან ერთად, რომელიც ტროლებს დაურიგდათ. გაზეთებმა ასევე გამოაქვეყნეს საკვანძო სიტყვები, რომლებიც ტროლებს უნდა გამოეყენებინათ ინტერნეტ-ძიების უკეთესი შედეგებისთვის.

ინსტრუქციების მიხედვით, ტროლებს უნდა მოეხდინათ აზრის ჩამოყალიბება, რომ ნემცოვის მკვლელობა პროვოკაცია იყო, რომელიც ხელისუფლების ინტერესში არ შედიოდა. ტროლებს აქცენტი უნდა გაეკეთებინათ იმ სარგებელზე, რომელსაც პიარის მხრივ ნახავდა ოპოზიცია მათი თანამებრძოლის მკვლელობის გამო, ასევე უნდა გამოთქმულიყო მოსაზრება ამ დანაშაულში უკრაინელი მოქალაქეების მონაწილეობაზე. ტროლებს ასევე უნდა გაეკრიტიკებინათ “დასავლეთის ჩარევის” მცდელობა რუსეთის შინაგან საქმეებში და უნდა გამოეთქვათ მოსაზრება, რომ დასავლეთი მკვლელობას რუსეთზე ზეწოლისთვის იყენებდა.

სხვა სიტყვებით, რუსული ტროლინგის მიზანი ამ შემთხვევაში არ იყო რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ოპონენტის დადანაშაულება, ისევე როგორც რეალური მკვლელის მოძებნა. ტროლების ლოგიკით, საჭირო იყო დისკუსიების ისეთი სიბინძურითა და წინააღმდეგობებით გაჟღენთა, რომელიც ნებისმიერ საშუალო ინტერნეტ-მომხმარებელს გულგატეხილსა და აპათიურს დატოვებდა. ტროლების ამგვარი შემოსევის მიზანს წარმოადგენს  მკითხველი არასერიოზულად განაწყოს მიმდინარე მოვლენების მიმართ.

თავისი არსით, “ნეიტროლიზაცია” თამაშობს მოქალაქეების კრიტიკულ თვისებებზე, რომლის წყალობითაც მათ დისკუსიებში ითრევენ, ხოლო შემდეგ კი აბნევენ მათ. ეს არ ნიშნავს მხედველობის შეზღუდვას და არც დაძალებას ან მუქარით გაჩუმებას. ამის ნაცვლად, პოლიტიკისგან ადამიანების ჩამოსაშორებლად, ტროლინგი ბოროტად იყენებს თვითგამოხატვისა და სამოქალაქო აქტივობის იდეას.

პროპაგანდის უფრო გავრცელებული ფორმების ნაცვლად – რომლებიც მასმედიას იყენებს რომელიმე პოლიტიკური სისტემის მხარდაჭერისკენ მოწოდებისთვის – “ნეიტროლიზაცია” აქეზებს ცინიზმს, რის ფონზეც ტროლები, მიღებული ინსტრუქციების შესაბამისად, გულწრფელობისა და აუთენტურობის იმიტაციას ახდენენ.

ეს მიდგომა ტროლების გამოაშკარავების შანსს თითქმის ნულამდე ამცირებს. თუმცა ტროლების, როგორც ნიჰილიზმის დამკვიდრების პროფესიონალების გამოაშკარავება საკმარისი მაინც არაა. მძლავრ პოლიტიკურ სტრატეგიაში ტროლი სანდო იარაღია.

 

პრემიერ კვირიკაშვილის არასამთავრობოების კრიტიკის შემცველ პოსტს ინდური, არაბული და სხვა ეროვნების ათასობით ადამიანი – სავარაუდოდ ბოტი – გამოეხმაურა

 

“ნეიტროლიზაცია” არ სრულდება რუსეთის საზღვრებთან. ის ფეხს მსოფლიო მასშტაბით იკიდებს. პოლიტიკური დისკუსიის ჩაშლისთვის ბოტების განთავსება, როგორც ეს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში მოხდა, მსოფლიო ქსელების ინფორმაციული დაბინძურების ერთ-ერთი მაგალითია. და იმის მიუხედავად, რომ ასეთ ბოტებს (პროგრამებსა და ალგორითმებს) არ აქვთ იგივე ძალა, როგორც სახელმწიფო აპარატისგან მართულ ტროლებს, ამგვარ სტრატეგიას მაინც დიდი არეულობის გამოწვევა შეუძლია.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.