fbpx

ქართული ჭიდაობა – UNESCOს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია


გააზიარე სტატია

 

იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული  მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. გადაწყვეტილება, 29 ნოემბერს, მავრიკიის ქალაქ პორტლუისში იუნესკოს არამატეტიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესიაზე მიიღეს.

2014 წელს, ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ქართულ ჭიდაობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. 2016 წელს, კი პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, ქართულ ჭიდაობას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. ამის შემდეგ, ნომინაცია გადაიგზავნა იუნესკოში, იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანის მიზნით.

ჭიდაობა საქართველოში ფართოდ გავრცელებული სპორტის უძველესი სახეობაა. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს „ალავერდის“ კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა, ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს.



 

ამგვარად, ქართული ჭიდაობა ჩვენი ერის იდენტობის განმსაზღვრელი და თვითმყოფადობის გამოხატულებაა.

იუნესკოს კულტურული მემკვიდერობის წარმომადგენლობით ნუსხაში უკვე შესულია ოთხი ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი: ქართული მრავალხმიანობა (2001 წ.), ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013 წ.) , ქართული ანბანის 3 სახეობის ცოცხალი კულტურა (2016 წ.) და ქართული ჭიდაობა (2018 წ.).

ვიდეო: ხმის მიცემის პროცედურა “იუნესკოში”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.