fbpx

თბილისის კონცეპტუალური მაღაზიები


გააზიარე სტატია

 

რა ვქნათ, თუკი რაიმე საინტერესოს და განსაკუთრებულს ვეძებთ და არ გვინდა მასობრივი  წარმოების დიდი ბრენდების მაღაზიების პროდუქცია შევთავაზოთ საკუთარ თავს ან სხვას? სად მივდივართ მაშინ, თუ რაიმე განსაკუთრებულს ვქმნით და გვინდა, რომ ეს შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ?

 

ორივე შემთხვევისთვის არსებობს მცირე ზომის ე.წ. კონცეპტუალური მაღაზიები, სადაც შესაძლოა ხელნაკეთი, ორიგინალური, ეგზოტიკური, ანტიკვარული, ინტერპრეტირებული ან ხელოვანების მიერ შექმნილი ნივთების შეძენა, რომლებსაც აქვთ ხასიათი და ისტორია. ამ ტიპის მაღაზიები ნებისმიერ ქალაქს ხიბლს მატებს და მით უფრო საინტერესოა, რაც უფრო კარგად იგრძნობა მისი პატრონის გემოვნება და სტილი.

 

“17 კვადრატი”

 

ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების მაღაზია წლებია თბილისში, ლიტერატურის მუზეუმის ეზოში მდებარეობს და უკვე ორი თვეა, რაც მისი ფილიალი ქუთაისშიც გაიხსნა.

“17 კვადრატში” წარმოდგენილია როგორც მისი დამფუძნებლის, ნიკოლოზ ჰუმანოიდის მიერ შექმნილი ტყავის ნივთები (ჩანთები, ფეხსაცმელები და სხვა აქსესუარები), ასევე არაერთი ხელოვანის ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილი პროდუქცია.

ნიკოლოზი ამბობს, რომ ამ ტიპის მაღაზიის შექმნა  ბაზარზე არსებული ხელნაკეთი ნივთების დეფიციტმა უკარნახა.

17 კვადრატის” დაარსების იდეა უცხოეთიდან დაბრუნების შემდეგ გამიჩნდა, როცა აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ადგილობრივი წარმოების ხელნაკეთი ნივთების დეფიციტი იყო. გადავწყვიტე, თავად დამეწყო დახვეწილი დიზაინის მქონე პროდუქციის შექმნა. თავიდან იყიდებოდა  მხოლოდ “ჰუმანოიდის” პროდუქცია, ჩემი შეკერილი ტყავის ნაწარმით, შემდეგ ვიფიქრე, მომხმარებლებისთვის საინტერესო ხელოვანი ადამიანების მიერ შექმნილი ნივთებიც გამეცნო.

სახელი ,,17 კვადრატიც’’ მაღაზიის კვადრატულობიდან გამომდინარე დავარქვით. მას შემდეგ გავფართოვდით, წლების განმავლობაში ვხვეწთ პროდუქციის დიზაინს, მასალას, დამზადების ტექნიკას, მაგრამ ის, რაც არასდროს იცვლება, არის იდეა, კონცეფცია და ხარისხი.

დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ  “17 კვადრატში” გვაქვს ძალიან ბევრი ხარისხიანი, გემოვნებიანი და პრაქტიკული გამოყენების პროდუქტი.”

 

ჯადოსნური მაღაზია ჯანაშიაზე

 

შედარებით ახალია და აქ ხელნაკეთთან ერთად ძველებურ ნივთებსაც შეხვდებით. ჭურჭელი, ტექსტილი, ავეჯი, განათება, ნახატები, პოსტერები, ნაქსოვები, სამკაულები და სათამაშოები – ყველაფერი შეგიძლიათ იპოვოთ.

“ჩვენი მაღაზია კეთილი ფერიების  შეხვედრით დაიწყო ჯანაშიას 28-ში. ჩვენი საყვარელი მეზღაპრეებიც დაგვეხმარნენ ჯადოსნური ადგილის შექმნაში და ამიტომ მათ პორტრეტებსაც მოგართმევთ: ყვითელი კოდალას ორდენიდან ავეჯი მოვზიდეთ, ჭურჭელი ოზის ქვეყნის ჯადოქარმა გვაჩუქა, თბილი ტანსაცმელიც მოვქსოვეთ და ჭრელი ქუდები თქვენი გათოშილი ყურებისთვის. ამასობაში ალისას საოცრებათა ქვეყნიდან კურდღლები გამოიქცნენ  ჩანთებში სტაფილოებით, საათების მაგივრად. ლამპების კოლექცია შექმნა ალადინის ახლო ნათესავმა ფერიამ. 😉 ხელოვნების ფერიებმა კი ულამაზესი ნახატები დაგვიხატეს. ჯადოსნური ყუთები გვაქვს ვილი ვონკას შოკოლადის შესანახად, საბანიც გვაქვს ბედნიერებისთვის და კიდევ ბევრი, ბევრი სიხარული  დიდი თუ პატარა ადამიანებისთვის, ვისაც სჯერა, რომ გრინჩს შობის მოპარვა შეუძლია და თინქერბელის ჯადოსნური ფხვნილის მეშვეობით ფრენას შესძლებს3!”

 

ხშირად დასმული კითხვები

 

სამკაულის, ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიაა, რომელსაც ხელოვანები – მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე ქმნიან. მითოლოგიური და ზღაპრული გმირები, ყოველდღიური სიტყვები, ჩანთები და ყაბალახები ამ ერთ პატარა სივრცეში ერთიანდებიან.

 

Black Dog Shop

 

ფაბრიკაში მდებარე მულტიფუნქციური სივრცე ერთდროულად გალერეის, სტუდიისა და მაღაზიის დატვირთვას ატარებს და საინტერესო ნივთების მაძიებლებს ხელნაკეთ წიგნაკებს, ძველი ფილმების აფიშებს, თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრებს, წიგნებს, ჩანთებს და მაისურებს სთავაზობს.

თუკი კონცეპტუალური მაღაზიის შექმნა თქვენს ათას გეგმაში ერთ-ერთია, გაითვალისწინეთ, რომ ამ ტიპის სავაჭრო ობიექტებში კომუნიკაცია მომხმარებელთან უფრო ღრმა და ნაკლებ ფორმალური უნდა იყოს, ვიდრე ჩვეულებრივ მაღაზიებშია, გარემო დემოკრატიული, პროდუქცია შთამბეჭდავი.

თქვენს მაღაზიაში შესაძლოა ტურისტებმა უფრო მეტი ფული დახარჯონ, მაგრამ ადგილობრივ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების კონტექსტის გაგება თანამემამულეებს უფრო გაუადვილდებათ, ასე რომ, იფიქრეთ ორივეზე.

დაგჭირდებათ მოთმინება, თქვენს ვიზიტორებზე დაკვირვება და კარგად გამართული საკომუნიკაციო არხები სოციალურ ქსელებში.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.