კინოპროფილი: გიგიშა აბაშიძე
ფოტოგრაფი: სერა ძნელაძე / თიბისი სტატუსისთვის
გიგიშა აბაშიძე – რეჟისორი, დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი. გადაღებული აქვს რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმი: „გაკვეთილი“ (2013), „პაპუგაი ნიკა“ (2011), „სადარბაზო“ (2010), „ორშაბათი“ (2010), „ტაქსისტები“ (2009) და ერთი სრულმეტრაჟიანი ფილმი – „მეზობლები“.
ფილმ „მეზობლების“ პრემიერა მონრეალის კინოფესტივალზე შედგა. თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე, 4 და 5 დეკემბერს, ის საერთაშორისო კონკურსისა და ქართული პანორამის ფარგლებში იქნება წარდგენილი, სადაც ქართველ მაყურებელს მისი ნახვის შესაძლებლობა ექნება.
ფილმში მოქმედება ხდება ძველი თბილისის ერთ-ერთ იტალიურ ეზოში. თავდაპირველად მეზობლები ერთი დიდი ოჯახივით ცხოვრობენ, მიუხედავად სიდუხჭირისა. ვითარება იცვლება, როდესაც ფილმში შემოდის ინვესტორი, რომელიც სამეზობლოს დიდ თანხას სთავაზობს, ნახევრად დანგრეული, ძველისძველი სახლების სანაცვლოდ. მხოლოდ ერთი სახლის მესაკუთრე, გია, ეწინააღმდეგება შემოთავაზებას, ვინაიდან მან დიდი ძალისხმევა გასწია სახლის საკუთარი ნაწილის რემონტში.