fbpx

საკვირაო სკოლები თქვენი ბავშვებისთვის


გააზიარე სტატია

 

თანამედროვე ბავშვები ურბანულ სივრცეებში საკმაოდ ბევრ დროს ატარებენ,   და თუ დასვენების დღეებს ბუნებასთან სიახლოვეს ან საკუთარ თავთან დამეგობრებას მოახმარებდნენ, მათთვის საუკეთესო დასვენება გამოვიდოდა.  ასევე კარგი გამოსავალი შეიძლება იყოს საკვირაო სკოლები, სადაც ბავშვი ახალ ნაცნობებს იპოვის, ახალ ინტერესებს აღმოაჩენს და მისთვის საინტერესო იმ საქმიანობით გაერთობა, , რისთვისაც დრო სკოლის დღეებში ნაკლებად რჩება.

საკვირაო სკოლა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებისთვის უფრო მეტად გართობასა და თავისუფლებასთან ასოცირდებოდეს, ვიდრე სწავლასთან, რათა ბავშვის მიერ ის კიდევ ერთ სასწავლო და “დამღლელ” დაწესებულებად არ აღიქმებოდეს და მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობდეს სხვადასხვა ინტერესის მქონე პატარებს.

 

რებუსი

აქ მოქმედი შაბათის სკოლა განკუთვნილია 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც სთავაზობს ხელოვნებას, კითხვის საათს, სამყაროს შემეცნებას, მეტყველების სავარჯიშოებს და ფსიქოლოგის საათს. თითოეული საგნის ხანგრძლივობა ერთი საათია და შესაძლებელია მაქსიმუმ სამი მათგანის არჩევა ერთდროულად.

მშობლებისა და მათი შვილებისთვის მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ის, რომ “რებუსში” ბავშვის მიყვანა შესაძლებელია ერთჯერადაც – პროგრამა ისეა შედგენილი, რომ ყოველი დღე ინდივიდუალურია და შესაბამისად,  ნებისმიერი შაბათის აქტივობა ბავშვისთვის შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს.

 

თბილისის ზოოპარკის ბავშვთა საგანმანათლებლო წრე 

 

5-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს შაბათ-კვირას სთავაზობს ეკოლოგიისა და ზოოლოგიის შესახებ შემეცნებით გაკვეთილებს, რომლებიც ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობს და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის ცოცხალი და საინტერესოა.

ამ წრეზე  ბავშვები გარდა მეცადინეობისა, მონაწილეობენ ზოოპარკის ბინადრების კვებასა და ცხოველთა გარემოს გამრავალფეროვნებაში,  აგრეთვე ზოოპარკის სხვადასხვა ღონისძიებებში. გარე სამყაროს მიმართ სწორი დამოკიდებულების მიზნით მოზარდები სწავლობენ ბუნებაში ქცევის მარტივ წესებს, დადიან ლაშქრობებსა და ექსკურსიებზე.

 

კომაროვის შაბათის სკოლა 

 

რომელიც უკვე 14 წელია ფუნქციონირებს, მრავალი ტრანსფორმაციის შემდეგ ჩამოყალიბდა მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეების მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების სკოლად, რომლის მთავაზი მიზანიც ლოგიკური აზროვნების განვითარება  და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ ინტერესის გაღვივებაა.

აქ გაკვეთილები კვირაში ერთხელ, შაბათობით ტარდება და 3 საათს გრძელდება.

სწავლებისთვის სპეციალურად კომაროვის პედაგოგების მიერ შედგენილი სახელმძღვანელოები გამოიყენება.

 

ბრიტანულ-ქართული მუსიკალური აკადემიის საკვირაო სკოლა

 

განკუთვნილია ბავშვებისთვის, რომლებსაც სურთ ერთ სივრცეში შეისწავლონ კლასიკური მუსიკა, ხატვა, ძერწვა და გაერთონ ფსიქოლოგიური თამაშებით. სკოლა განთავსებულია მოსე თოიძის სახლ-მუზეუმში და მისი გაძლიერების მიზნით არის შექმნილი.

 

ნეიროგანვითარების ცენტრის საკვირაო სკოლა 

 

განკუთვნილია 3-დან 16 წლამდე მოზარდებისთვის და დაკომპლექტებულია პედაგოგებითა და ფსიქოლოგებით, რომლებიც მზად არიან ბავშვს დაეხმარონ როგორც აკადემიური უნარების გაუმჯობესებაში, ასევე ქცევითი და ემოციური პრობლემების დაძლევაში.

სკოლა შაბათ-კვირას ფუნქციონირებს და მოიცავს შემდეგ სერვისებს:

  • მეცადინეობა სპეცპედაგოგთან – ბაღის/სკოლისთვის მომზადება, დამატებითი მომზადება, სკოლის ჩანაცვლება – 1 სთ (1-2 ბავშვი ჯგუფში)
  • ხელოვნებით თერაპია – ბავშვის ფსიქოდიაგნოსტიკა და კორექცია ხატვისა და ძერწვის დახმარებით – 30-45 წთ (1-5 ბავშვი ჯგუფში)
  • მარიონეტების თეატრი/სახელოსნო – განვითარების ხელშეწყობისთვის სხვადასხვა მასალით მარიონეტებისა და დეკორაციების გაკეთება და შემდგომ, მათი გამოყენებით სპექტაკლების დადგმა/ჩვენება – 1 სთ (1-5 ბავშვი ჯგუფში)
  • მუსიკით თერაპია – სხვადასხვა ინსტრუმენტებით (ფანდური, გიტარა, ფორტეპიანო) სიმღერებისა და ცეკვის ელემენტარული შესწავლა; მუსიკის ფონზე სხვადასხვა აქტივობა  – 30 წთ -1 სთ (1-5 ბავშვი ჯგუფში)

 


რეკომენდებული სტატიები
ბავშვებისთვის რეკომენდებული გვერდები Instagram-ზე

ბავშვებისთვის რეკომენდებული გვერდები Instagram-ზე

ბავშვებისთვის რეკომენდებული გვერდები Instagram-ზე
ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე გონივრული იქნება, თუკი აკრძალვის ნაცვლად მას საინტერესო კონტენტის მოხმარების ჩვევას გამოვუმუშავებთ და კარგ რჩევებს მივცემთ მისი მისწრაფებებისთვის შესაბამის ონლაინ რესურსებზე
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.