fbpx

კლუბი KHIDI თანამედროვე ხელოვნების მასშტაბურ გამოფენას მასპინძლობს


გააზიარე სტატია

 

INFO

KHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე 2018 წლის 7 დეკემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე წარმოგიდგენთ მულტიდისციპლინურ საგამოფენო პროექტს “მდგომარეობებს შორის”.

გამოფენა „მდგომარეობებს შორის“ ცდილობს, უპასუხოს კითხვებს იმის შესახებ თუ რა არის ის მდგომარეობები, რომლებშიც ვარსებობთ, ან როგორი იქნება ის მდგომარეობები, რომლებშიც ყოველდღიურობა მუდმივად იცვლება.

რა არის ან შეიძლება იყოს ახალი მედია ხელოვნება საქართველოში და რა ურთიერთმიმართებებს ავლენს ის მიმდინარე სოციო-პოლიტიკურ კონტექსტთან?

„მდგომარეობებს შორის“ 18 ნამუშევრებს აერთიანებს და ექსპერიმენტის ფორმატით იმ კულტურულ იმპულსებს ასახავს, რომლებიც პოლიტიკური ან სოციალური ძვრებით არის ნასაზრდოები.

 

 

გამოფენა ახალი მედიებისა და ტრანსდისციპლინური პრაქტიკის კვლევის საშუალებით ცდილობს ჩაუღრმავდეს იმ სახელოვნებო ტენდენციებსა და დინებებს, რომელთა კონტექსტუალიზაცია საქართველოში ჯერ არ მომხდარა ან ყურადღების მიღმაა დარჩენილი.

 

 

დროის უკანასკნელი იმპულსები, რეგრესული აქსელერაცია ან თუნდაც პროგრესული გენიტალია (Progressive Genitalia), გამოსავალი მეტა ტექსტია, რომელიც თავის შემოსაზღვრულობას ააშკარავებს და ადგილს (კულტურულ) კოდებსა და ნიშნებს უთმობს.

 

 

გამოფენაზე წარმოდგენილია შემდეგი ავტორების ნამუშევრები:

გიო სუმბაძე, გიორგი მაღრაძე, დეთუ ჯინჭარაძე და მარიამ ნატროშვილი, ვასილ მაჭარაძე და კოკა ვაშაკიძე, ვატო წერეთელი, სანდრო ასათიანი და ზურა ჯიშკარიანი, თამარ გურგენიძე, თორნიკე ქარჩხა, ჯასპერ ფუნგი, ლადო ლომიტაშვილი, ლადო ონიანი, მამუკა ჯაფარიძე, მანუჩარ ოქროსცვარიძე, ნიკა მაჩაიძე, ნიკოლოზ კაპანაძე, სანდრო სულაბერიძე, ტილდა ჯორჯი,

InChina Collective: გოჩა ჟღენტი, ივეტა ჩხიკვაძე, ილია მახარაძე და მართა თაბუკაშვილი, ალექსი სოსელია და გიორგი მელაძე, ზურა ცოფურაშვილი და ლუკა აქიმიძე, რამაზ ბაბლუანი, გვანცა ბერძენიძე, ბარა გალო, ელენე გაბრიჩიძე, დიმა დადიანი, სკოტ მაკოლაკი.

კურატორები: ხატია ჭოხონელიძე, გიორგი სპანდერაშვილი, ვატო ურუშაძე.

დიზაინი: ნინუკა ცინცაძე

გამოფენა ნებისმიერი მსურველისათვის იქნება ღია ყოველ სამშაბათს 15:00-დან 20:00 საათამდე. ის ასევე იმუშავებს კლუბ KHIDI-ის ღონისძიებების პარალელურად პარასკევსა და შაბათს (მხოლოდ ღონისძიებების დამსწრე აუდიტორიისთვის) და წინასწარი შეთანხმებით.

 

მდგომარეობებს შორის

Image may contain: one or more people

 

ავტორი: დათო კოროშინაძე

 

7 დეკემბერს კლუბ KHIDI-ის მესამე სართულზე, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში, პირველი მასშტაბური გამოფენა გაიხსნა. გამოფენა ახალი მედიების კვლევასა და მათ შემოქმედებით შესაძლებლობებზეა ორიენტირებული. „მდგომარეობებს შორის“ 18 ნამუშევარს აერთიანებს, რომლებიც სოციალურ კოდებსა და ნიშნებზე დაყრდნობით იქმნებოდნენ.

დღეს, როდესაც გლობალური საინფორმაციო პოლიტიკის და კულტურის ნაწილი ვხდებით, მსგავსი სამუშაოები გადაუდებლად აუცილებელია. ტექნოლოგიური ზემოქმედებების საშუალებით ჩვენს ცხოვრებაში, პოლიტიკასა და კომუნიკაციაში მუდმივად ერევიან. გზავნილების და ეფექტების ეპოქა სრულიად ახლებურად თარგმნის ჩვენს ყოველდღიურობას.

ყველაფერი ჩქარდება და ჩვენი შინაგანი გამოცდილებაც სულ უფრო მერყევი, ცვალებადი და მყიფე ხდება. ეს ყველაფერი კი იმ პირობებში, როდესაც თვითგამოხატვა და პოზიცირება ყველა ჩვენგანის ძირითადი საზოგადო დანიშნულება ხდება.

სივრცეში წარმოდგენილი ობიექტები იმ გარდატეხას ეხმიანებიან, რომელიც ჩვენში უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში მოხდა.

 

 

კერძოდ, იგულისხმება გლობალური ტენდენციების, ციფრული კიჩის და თრეშ კულტურის დამკვიდრება, როგორც საზოგადო მოვლენის, რომელშიც ყველა ჩვენგანს შეუძლია საკუთარი თავის პოვნა. იგულისხმება თანამედროვე ხელოვნების ყოველგვარ რეალობას მოწყვეტილი არსებობა, ვიზუალური გამოსახულებები, გზავნილები და ხმოვანი სიგნალები, რომლებიც აღარაფერს უკავშირდებიან საკუთარი თავის გარდა.

მეორე მხრივ, ეს არის ყველაზე დიდი საზოგადო გამოწვევა, ისეთი დღის წესრიგის შექმნა, რომელიც აღარ გამჟღავნდება არაფერში. ჩვენი პოლიტიკური რეალობაც ხომ ასეთია?

 

 

ის მთლიანად ესთეტიზებულია, გაჯერებულია სიმულაციებით, დეზინფორმაციით, ყველანაირი ეფექტით, რომელსაც სულ უფრო ნაკლები კავშირი აქვს რეალობასთან და ერთადერთი მიზნით იქმნება – საკუთარი ეფექტურობის, პოპულარობის მისაღწევად. ასეთ დროს ახალი მედიების ხელოვნება გადამწყვეტ როლს იძენს, რამდენადაც ის ჩვენი გამოხატვის არეალს მრვალფეროვანს ხდის.

ახალი მედიების ხელოვნებას ყველა განვითარებულ ქვეყანაში წამყვანი ადგილი უკავია. ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან გერმანია, ინგლისი ან საფრანგეთი მნიშვნელოვან კონტრიბუციას დებენ თანამედროვე ხელოვნების ამ მიმართულებით, რამდენადაც მსგავსი ექსპერიმენტები გზას ხსნიან ორმხრივი მანიპულაციებისთვის.

 

 

ერთი მხრივ, სისტემა სულ უფრო მეტ თვითგამოხატვის ფორმას იძენს, მეორე მხრივ, საზოგადოებას ტექნოლოგიურ წარმოებაში ჩართვის საშუალება ეძლევა. ჩვენ დღეს სრულად ვართ მოწყვეტილები ამ პროცესებს, შესაბამისად მსგავსი გამოფენები საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ისეთი ნიშნები, გზავნილები და გამოსახულებები, რომლებიც საკუთარი თავის წარმოდგენასა და ამ წარმოსახვის რეალიზაციაში დაგვეხმარებიან.

სხვა სიტყვებით, ციფრულ ეპოქაში საკუთარ არსებობას დაგვიდასტურებენ, რამდენადაც გლობალური ესთეტიკა, რომლის მომხმარებლებიც დღეს ვართ, არ წარმოადგენს ჩვენს ნაწილს, ის არ იქმნება ჩვენში.

ამ მიზნით გამოფენა ქმნის კონცეპტუალურ სარჩულს იმ პოლიტიკური და სოციალური ძვრებისგან, რომლებსაც ჯერ არ გააჩნიათ საკუთარი სივრცე და კონტექსტი, რამდენადაც მოკლებულები არიან რეალურ ჩართულობას – საკომუნიკაციო საშუალებად კი ახალი მედიების ესთეტიკას იყენებს.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.