“ბოილერი” – ექსპერიმენტული სივრცე შემთხვევითი შეხვედრებისთვის


გააზიარე სტატია

 

2018 წლის ოქტომბრის ბოლოს თბილისის შუაგულში, რუსთაველის გამზირზე “ბოილერი” გაიხსნა და ერთი კვირის განმავლობაში ღია იყო ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის – ამვლელის, ჩამვლელის, ნაცნობის თუ უცნობისთვის.  “ბოიელერმა” რამდენიმე დღე იცოცხლა და ნოემბრის დასაწყისში დაიხურა.

“ბოილერი” კლუბი არ ყოფილა. ის არქიტექტორ დავით ბროდსკის ნამუშევარია და თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში შეიქმნა, რომელმაც ის სახლი გამოიყენა, სადაც თვითონვე ცხოვრობს.

 

დავით ბროდსკი: ამ თავისებურ, დაუმთავრებელ შენობაში დაახლოებით ერთი წლის წინ დავსახლდი და მოვაწყვე საცხოვრებელი და სამუშაო გარემო. სახლი საიზოლაციო მასალებით, ქვა-ბამბითა და XPS-ით შევფუთე. სამზარეულო ძველი საბჭოთა სამზარეულოს ავეჯის ნარჩენებისგან ავაწყვე, რომელიც იმ ერთ-ერთი სახლის მეპატრონემ მოისროლა, ვისთვისაც ინტერიერის დიზაინი გავაკეთე და სახლი სხვადასხვა სტილის მეორადი ავეჯით შევავსე.

შენობა გარედან მე-19-ე საუკუნის თბილისური აგურის, უზარმაზარი ბლოკებისა და აქა-იქ შერჩენილი სტიკერებიანი მეტალოპლასტმასის ჩარჩოების ნაზავს წარმოადგენს. მთლიანობაში ის – როგორც გარედან, ასევე შიგნიდან – ქაოსურია – აქ თითქმის არანაირი კვალი არ არის ბოჰემური დახვეწილობისა თუ რომანტიზმის.

 

 

ამ კერძო სახლს კიბე მივაშენე, რომელიც ქუჩიდან სახლის ერთ-ერთ ფანჯარასთან ადიოდა, იმისთვის, რომ ბიენალეს სტუმარს ან ნებისმიერს შიგნით შესვლა პირდაპირ ქუჩიდან შეძლებოდა. ეს კიბე-ხიდი იყო გზა – გადამექცია კერძო სახლი საზოგადოებრივ ნაგებობად.  ასე იქცევა საკუთარი სახლი ხელოვნების სახლად, მუშათა კლუბად ან კულტურის სასახლედ.

 

AT_: რთული არ არის გაწირო შენი პირადი სივრცე გაურკვეველი მომავლისთვის? რა იცი რას იზამენ ეს ადამიანები შენს სახლში, რა მოუვათ შენს ნივთებს?

ეს იდეა საკმაოდ რადიკალური და ქაოსის მომგვრელია. გაიძულებს აღმოჩნდე უცხო სივცეში, იდარდო სახლის მფლობელზე და მის ქონებაზე. პრინციპში ამ ექსპერიმენტში მთლიანად შენი სახლის უცხო სტუმრებზე ხარ დამოკიდებული.

 

 

AT_: რამდენად დაემთხვა მოლოდინი იმას, რაც მოხდა ღია კარის პერიოდში?

“ბოილერი” იყო მცდელობა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის თუ სოციალური შრეების და წრეების ადამიანები, ჩამოსული სტუმრები თუ ადგილობრივი ხელოვანები, შემთხვევითი გამვლელები და ნაცნობები ერთ ფიზიკურ კონკრეტულ ინტერიერში გადაკვეთილიყვნენ.

და ვინაიდან ბიენალეს თემა არაფორმალური არქიტექტურა იყო, არაფორმალურად აშენებული ნაგებობა და მერიასთან, მეზობლებთან და გარემოსთან შეუთანხმებლად აგებული კიბე გამოვიყენე ამ სივრცეში შემოსასვლელად, რომელიც პირდაპირ ფანჯარაზე იყო მიდგმული. მისი საშუალებით ხვდებოდი ინტიმურ სივრცეში. იქ იდგა მაგიდა დიაგონალურად და პროექტორით კედელზე იყო ინსტრანსლირებული სხვადასხვა ვიდეოები და კადრები, რომელიც გლდანში ბიენალეს კეთების დღეებში ჩემმა მეგობარმა ჩალამ გადაიღო, იქ ჩანდა მშენებლობები, გლდანის უბნის დეტალები, ღამის კადრები უცნობი და ნაცნობი ხალხის მოძრაობები და ა.შ.

მინდოდა, ხალხისთვის შემექმნა   შემთხვევითობებისა და გადაკვეთის გარემო,  სადაც ადამიანები ერთმანეთს დააკვირდებოდნენ, გაცვლიდნენ  ენერგიებს, ემოციებს, აზრებს და ამის შემდეგ, თვითონ გადაწყვეტდნენ, რას იზამდნენ. რა თქმა უნდა, შემთხვევითი შეხვედრები სხვა სოციალურ ადგილებშიც ხდება: ბარებში, გამოფენების გახსნაზე, ფესტივალებზე,   კლუბებში და ა.შ. ასევე “ბოილერიც” ჩვეულებრივად შეხვედრების ადგილად მოიაზრებოდა ერთი განსხვავებით, რომ ეს იყო მოულოდნელი, დროებითი და არაკომერციული კერძო სივრცე სპეციალური შესასვლელით.

ველოდი, რომ ხალხი მთელი იმ დროის განმავლობაში აქტიურად გამოიყენებდა ამ სივრცეს საკომუნიკაციოდ.

 

AT_: რას არ ელოდი?

გახსნის დღეს ვაჟიკო მარმა გააკეთა საათნახევრიანი ხმის საუნდ ექსპერიმენტი.

იმავე დღეს ერთმა უცნობმა ბიჭმა ძალიან მთხოვა, რომ ხვალ მეც დავუკრავო, ამ თხოვნას ინერციით დავთანმხდი და მეორე დღეს მოულოდნელად ცოტა კლუბური ტუსოვკის სუნი დადგა. ეს არ იყო ის, რაც მე მაინტერესებდა, ამიტომ, მომდევნო დღეებში აღარავის დაუკრავს.

მუსიკის გარეშე უფრო საინტერესო გახდა შეხვედრები, იმ გაგებით, რომ ხალხს შეეძლო დიალოგი ჰქონოდათ უფრო მშვიდ რეგისტრში, დამატებითი რიტმის გარეშე და ორგანული ხმაურის და საუბრის საუნდი შექმნილიყო. საინტერესო იყო ამ  დაუგეგმავი, ქაოსური და მოულოდნელი საუბრების ყურება და მოსმენა.

 

 

AT_: როგორ გაქრა “ბოილერი” თბილისიდან?

ბიენალეს დასრულების შემდეგ ინსტალაციას დემონტაჟი გავუკეთე, რაც სავარაუდოდ ერთი “ბოილერის” დღეებში გაცნობილი ადამიანის სურვილით მის საცხოვრებელ სახლში გადავა და იქ დარჩება.

ინტერიერი ისევ საცხოვრებელ გარემოდ გადაკეთდა, ოთახი სამუშაო სივრცედ და ყველაფერი ისევ ისეა, როგორც მანამდე იყო, უბრალოდ ერთი სამუშაო მაგიდა დავამატე. მინდა სხვა კერძო ადგილებსაც შევეხო იგივე ხასიათის ნამუშევრით – მშრალი ხიდების შექმნას საჯარო და კერძო სივრცეებს შორის.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.