“თბილი ორგია”: ქართველი დიჯეებისა და მუსიკოსების ანონიმური პროექტი
ავტორი: გიგი გულედანი
[xxx]
Tbili
orgia
is a place where the last and the first
two letters ‘r g o n e
[xxx]
ერთი წლის წინ თბილისის საცალო და საბითუმო კომპაქტ-დისკების გაყიდვის წერტილებში გამოჩნდა ალბომი მინიმალისტური დიზაინით სახელად Tbili orgia – ULTRA AFTER PARTY HITS vol. 1. რამდენიმე კვირის წინ კი, თბილისის ერთ-ერთ სტუდიაში “თბილი ორგიას” მეორე კომპილაციის დისკის დახურული პრეზენტაცია შედგა.
ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა ჟანრის საეჭვო წარმომავლობის მუსიკას მანქანაში მოსასმენად ან სხვა მიზნებით, ბაზრობებსა და კანტიკუნტად შემორჩენილ დისკების მაღაზიებში ყიდულობენ, სავარაუდოდ ეჭვი არ გასჩენიათ, რომ დისკი Tbili orgia – ULTRA AFTER PARTY HITS vol.1 სინამდვილეში თბილისში კარგად ცნობილი მუსიკოსების ტრეკებს შეიცავდა, რომლებიც მათ ანონიმურობის მკაცრი დაცვით ამ პაროდიული პროექტისთვის დაწერეს.
AT.ge-ს საშუალება მიეცა გასაუბრებოდა Tbili orgia-ს ავტორსა და კონტრიბუტორს, რომლის ვინაობას და პროფესიასაც (ის ყოველდღიურად სხვა საქმითაა დაკავებული), მისივე თხოვნით ასევე ანონიმურს ვტოვებთ.
AT_: თუ შეიძლება, მოკლედ მოგვიყევი ამ პროექტის ისტორია დასაწყისიდან დღემდე.
Tbili orgia: პროექტი როგორ დაიწყო ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ყველაფერი წამოვიდა სიტყვების თამაშიდან – Tbilisi-სს მოვაშორე “si” და Georgia-ს “Ge” და გამოვიდა – Tbili orgia, ვიფიქრე, რომ რა მუსიკალური რესურსიც მქონდა დაგროვილი, ამ სახელში შემეფუთა და მსმენელისთვის მიმეწოდებინა. შემდეგ იმაზე ფიქრი რომ დავიწყე, თუ რა სახით უნდა გამოცემულიყო, გადავწყვიტე, რომ ყოფილიყო CD.
AT_: მაგ კომპილაციაში შენი ტრეკიც არის?
Tbili orgia: დიახ, თავდაპირველად (2017 წლის დასაწყისში) უბრალოდ გამოვუშვი 4-ტრეკიანი EP, რომელშიც მხოლოდ ჩემი ტრეკები შედიოდა. ამ პირველი დისკის გასავრცელებლად შევქმენი ფეიკ ექაუნთი ფეისბუქზე და ვიღაცები დავიფრენდე, უცნობები, ნაცნობები, ვისაც მეტ-ნაკლებად ამ ტიპის მუსიკასთან ჰქონდა შეხება. ეს დისკი მივიტანე Vodcast Records-ის მაღაზიაშიც, როგორც მეგობრის დისკი და გასაყიდად დავუტოვე. შემდეგ ინტერნეტში, იუთუბზე ცნობილმა ჩენელებმა ატვირთეს ორი ტრეკი, რომლებიც მე გავუგზავნე, რომ საქართველოს გარეთაც გასულიყო.
AT_: Vodcast-ში ახლა იციან, რომ შენ შენ ხარ?
Tbili orgia: Vodcast-ში კი, მაგრამ თავიდან მეგობრებმაც კი არ იცოდნენ და მერე ერთ-ერთმა დამინახა, ამ CD-ს რომ ვბეჭდავდი სადღაც ვაჟაზე და მართალია, არ ვუთხარი, მაგრამ რომ გამოვეცი, მიხვდა, ვისი ნახელავიც იყო.
AT_: როგორ გადაიზარდა პირადი პროექტი ჯგუფურში?
Tbili orgia: პირველი დისკის გამოსვლის შემდეგ, სახელიდან გამომდინარე (Tbili orgia), ვფიქრობდი, რომ ამ პროექტში ბევრი ხალხი უნდა გარეულიყო. აქედან გამომდინარე, ჩემი მეგობრები, ვინც მუსიკას აკეთებს, მინდოდა ამაში ჩამერთო, მაგრამ ამის გაკეთება არ მსურდა ისე, რომ აი მე გავაკეთე ეს პროექტი და შენ ტრეკი მომეცი, პიროვნულ იდენტიფიცირებას არ მინდოდა ტრეკის კეთებისთვის ხელი შეეშალა. თვითონ ამ პროექტის ხაზი მინდოდა, რომ საცეკვაო მუსიკაზე ყოფილიყო ორიენტირებული და სოციალურ ქსელში ფეიკ ექაუნთ ვინც მყავდა დაფრენდებული, ყველას, ჩემი მეგობრების ჩათვლით, მივწერე, რომ Tbili orgia აპირებს სპეციალური კომპილაციის გაკეთებას, გამოაგზავნეთ ტრეკები, dance ხასიათის, ოღონდ მათაც იგივე პირობა მივწერე, რომ უნდა მოეფიქრებინათ ანონიმური, ახალი სახელი და ამ სახელით მიეღოთ მონაწილეობა.
ამ მომენტისთვის უკვე ვფიქრობდი რა ფორმატში გამეგრძელებინა მუშაობა. CD თვითონ უკვე ამოწურული ფორმატია, თან მისი ექსპლოატაციის ვადაც არაა დიდი, მაგრამ მომწონდა დისკის მასალა და მისგან მიღებული დიზაინის ვარიანტები.
ფორმატის მერე მოსაფიქრებელი იყო ასევე მისი წვდომის არეალიც. არ მინდოდა, რომ ეს დისკი მხოლოდ შიდა, სამეგობრო თუ საახლობლო მოხმარების საგანი ყოფილიყო. მინდოდა, ის გამძვრალიყო წრიდან და ხელმისაწვდომი გამხდარიყო ჩვენთვის უცნობი ხალხისთვის, ვინც კომპაქტ დისკებს ჯერ კიდევ მოიხმარს.
ამიტომ გადაწყდა, რომ ეს დისკები დარიგებულიყო ბაზრობაზე, ვირუსივით გავრცელებულიყო მშრალ ხიდზე, სადაც ვიღაც ტიპები მიდიან და ხშირად ბითუმად ყიდულობენ მუსიკას. ეს იდეა პროექტში ჩართულ ავტორებსაც გავაცანი მიმოწერაში და მათაც მოეწონა. ამ ეტაპზე პირველი დისკის შექმნისას პროექტი ჯერ კიდევ სრულიად ანონიმური იყო, მაგრამ ნელ-ნელა მეგობრებმა მაინც გაიგეს, რა თქმა უნდა, დისკებით ხელში ბევრი სირბილი რომ მიწევდა აქეთ-იქით, ძალიან ვიწვებოდი.
კომპილაციის სახელიც ვეცადე, რომ თვალშისაცემი ყოფილიყო და ბევრი ვარიანტის “ჩამოყრის” შემდეგ გადაწყდა დარქმეოდა – ULTRA AFTER PARTY HITS. ეს სახელი გარკვეულწილად ტრეკებმაც განაპირობეს – ისინი ყველა ძალიან განსხვავებულია და საერთო ერთმანეთთან ნაკლებად აქვთ. ასე რომ, ამ სახელის პირდაპირი გაგებით შეიძლება დისკის გამოყენებაც. კიდევ ამ მიდგომამ გაამართლა იმ მხრივ, რომ ნორმალურ სიტუაციაში, თუ ყველა ლეიბლს თავისი რაღაც კონკრეტული ჟანრობრივი ბარიერი აქვს, აქ მონაწილეებს სრული თავისუფლება ჰქონდათ, თან ნათქვამი მქონდა, რომ ბოლომდე, სახლში როგორც გახურდებოდნენ, ისეთი ტრეკები გაეკეთებინათ – ჟანრობრივად სრულიად თავისუფალი და ინდივიდუალური. იმ ერთადერთი პირობით, რომ ეს იქნებოდა dance მუსიკა, თუმცა ამ სიტყვის ფართო გაგებით. რადგან ამ პირველმა დისკმა გაამართლა, შემდეგ გაჩნდა მეორეს გაკეთების მოთხოვნაც.
AT_: გაამართლა რა მხრივ?
Tbili orgia: გაამართლა იმ მხრივ, რომ ბევრს მოეწონა ეს იდეა და შედეგი, თორემ კომერციულად ამ დისკებით ფულის შოვნას არც ვაპირებდი, ეს არ ყოფილა ამის იდეა. ეს ხომ ლეიბლიც არაა კლასიკური გაგებით, უფრო პროექტია, რომელიც კვლევასაც მოიცავს.
AT_: რის კვლევას გულისხმობ?
Tbili orgia: იმ ადამიანებს, ვისთანაც მიაღწევს ეს კომპილაცია თუ EP, რა რეაქცია ექნებათ, მაგის ინტერესი მაქვს. აი, მაგალითად, ვიღაც უცხოელმა მომწერა, რომ ვიღაცამ აჩუქა დისკი Tbili orgia UAPH vol.2, სადღაც, ტუსოვკაზე, ახლა ვუსმენ პარიზში და ძალიან მომწონსო. ვფიქრობ, რომ ამას დრო სჭირდება, სანამ ეს ვირუსი გაივლის და რაღაც უკუკავშირი დაიწყება.
AT_: რადგან უკუკავშირი გაინტერესებთ, ხომ არ აპირებთ გავრცელების არხების დამატებას ან რამე ცვლილებებს?
Tbili orgia: ამაზე ჯერ სერიოზულად არ მიფიქრია, მაგრამ რეალიზაციის წერტილები უნდა დაემატოს, რა თქმა უნდა, და ასევე, თუ ფული იქნება, გვაქვს ვინილის გამოშვების ინტერესიც. თვითონ ვინილი მართალია, უფრო ძვირია, მაგრამ უფრო ხარისხიანი ნივთია და ვინც მას ყიდულობს, ის მუსიკასაც და ალბომსაც უფრო მეტად აფასებს.
AT_: მეორე კომპილაციაზე რამე მოხდა განსხვავებული? ხალხი იგივეა?
Tbili orgia: არა, ხალხი განსხვავებულია, ყველა. ესაა ამ პროექტის იდეაც, რომ ყველა გამოცემას ახალი ხალხი “მოჰყვეს”. ახლა გაჩნდა იდეა, რომ შემდეგი დისკი იყოს Under Twenty კომპილაცია, ანუ იყვნენ სულ თინეიჯერები. ეს ხალხი აკეთებს რაღაცას სულ და მერე უყრიათ SoundCloud-ზე, კარგი იქნება, რომ მათი კომპილაციაც შევკრათ. კიდევ არის ასეთი იდეაც, რომ იყოს მხოლოდ გოგოების კომპილაციაც და ნელ-ნელა ვხვდები, რომ ბევრი მიმართულებით შეიძლება ამ პროექტის გამოყენება.
მაგალითად, მინდა, რომ Christmas სიმღერების/კომპოზიციების კომპილაციაც გავაკეთო, 2-3-წუთიანი საშობაო სიმღერები რომ გაკეთდეს, ან უბრალოდ მელოდია, რისი სურვილიც ექნებათ თავად ავტორებს, მერე 4-5 საახალწლო სიმღერის ნაცვლად გვექნება 20 ახალი საახალწლო სიმღერა. ეს წელს ვეღარ მოესწრება, მაგრამ მომავალ წელს – აუცილებლად.
Tbili orgia მისტიკური ადგილია, მაგრამ თან კავშირშია თბილისთან და საქართველოსთან. ამ პროექტში რაც ხდება, უფრო ლოკალური სცენისა და სხვადასხვა აქტივობების თავმოყრაა, რომელმაც, გარდა მუსიკისა, შეიძლება სხვა სახის ექსპერიმენტებიც მოიცვას.
Tbili orgia-ს დისკოგრაფია შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულებზე:
https://tbiliorgia.bandcamp.com/
https://soundcloud.com/tbiliorgia
https://www.facebook.com/tbiliorgia/
https://www.instagram.com/tbili____orgia/