პრემია „იკამ“ გამარჯვებულები გამოავლინა
ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი
არსებულ კულტურულ არეალში პრემია “იკამ” უკვე მონიშნა საკუთარი საზღვრები და მიზნად დაისახა ახალგაზრდა ხელოვანთა მხარდაჭერა და მათთვის იმის შეხსენება, რომ მათი შემოქმედება ღირებული და მნიშვნელოვანია. ნიშა, რომელიც ახალი პრემიის გაჩენით შეივსო, ნელ-ნელა დაიტვირთება. პრემიის ორგანიზატორებს კი დიდი და მნიშვნელოვანი გეგმები აქვთ. პრემია “იკა” თავისი შინაარსით არსებითად განსხვავდება სხვა პრემიებისგან იმით, რომ შეჯიბრებითობის პრინციპს არ ეფუძნება და მთავარ აქცენტს ახალგაზრდა ხელოვანებზე აკეთებს, რათა მათ საქმიანობას გრძელვადიან რეჟიმში შეუწყოს ხელი.
“შენი შემოქმედება მნიშვნელოვანია” – ამ მესიჯით ეძებდნენ ახალგაზრდა ხელოვანებს “იკას” კულტურის ატაშეები და პოტენციური ნომინანტების სია შიდა გადარჩევის შემდეგ მთავარ ჟიურის გააცნეს.
კულტურის ატაშეები საკუთარ სფეროში წარმატებული და კომპეტენტური ადამიანები არიან: მაია აბაშიძე, ბაია სიხარულიძე, ანდრია დოლიძე, გიორგი მასხარაშვილი, მარგო ზუბაშვილი, ნინო ორჯონიკიძე, ნუცა წიქარაძე, ალექსანდრე კორძაია, ერეკლე დეისაძე, ლევან ლოლიშვილი, ვაჟიკო მარი, ალექს ჩიღვინაძე, ანა კორძაია-სამადაშვილი, სანდრო ნავერიანი, დინა ოგანოვა, მარი ნაკანი-მამასახლისი, ნინო დარასელი, დარო სულაკაური, ხატია ჭითორელიძე, ლევან ასათიანი, დეა ავალიანი, ირაკლი გაფრინდაშვილი, ნინო სეფო.
პრემიის მთავარი ჟიურის ვინაობა კი დაჯილდოებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდა ცნობილი. აკა მორჩილაძემ, გურამ წიბახაშვილმა, ნიკა მაჩაიძემ, თეო ხატიაშვილმა, მაია სუმბაძემ, მამუკა ცეცხლაძემ, გიორგი დადიანმა და გუგა კოტეტიშვილმა კულტურის სფეროს რვა ნომინაციაში დაასახელა თავისი რჩეული.
- ილუსტრაცია – თეო თოიძე
- ფოტოგრაფია – საბა გორგოძე
- მუსიკა – ერეკლე გეწაძე
- პოსტერი – აჩიკო კანდელაკი
- მხატვრობა – გიორგი ჭინჭარაძე
- ლიტერატურა – ბექა ყორშია
- კინო – ზურა მამაგულაშვილი
- ხელნაკეთი – ,,თათამურა”
ბექა ყორშიას ნოველა “ჯაჰრას უდაბნოსთვის” ლიტერატურული დებიუტის გამარჯვებულად დასახელდა. ბექასთვის გამარჯვება ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა, რადგან ის მისი საყვარელი ავტორის – აკა მორჩილაძის რჩეული გახდა.
“სამსახურში ვიჯექი მოწყენილი, როცა სანდრო კაკულიამ დამირეკა და მითხრა, გილოცავ, გაიმარჯვეო. ძალიან გამიხარდა. ამ კონკურსს საინტერესო ფორმატი აქვს, ისე მონაწილეობ მასში, რომ არც კი იცი. მოწვეული არიან კულტურის ატაშეები, რომლებიც ადგენენ ლონგ ლისტს, შემდეგ კი შორთ ლისტი ირჩევენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ამა თუ იმ ნომინაციის გრანდ ჟიური იღებს. ჩემ შემთხვევაში ეს აკა მორჩილაძე იყო. არ ვიცი, რა შეძლება იყოს უფრო დიდი მოტივაციის მომცემი, ვიდრე შენი საყვარელი ავტორის მიერ დადებითად შეფასებული შენივე ტექსტი”, – ამბობს ბექა ყორშია.
კინოს ნომინაციაში გამარჯვებული ზურა მამაგულაშვილი GIPA-ს ყოფილი სტუდენტია. დოკუმენტური ფილმი ,,რატომ არ აქვთ ღორებს სახელები?!” – მან GIPA-ს “მულტიმედია ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის” კურსის ფარგლებში გადაიღო. დოკუმენტური ფილმი ექსპერიმენტულია და ერთ-ერთი პერსონაჟი თავადაა.
“იქაც ვთქვი და თქვენც გეტყვით, რომ ძალიან რთულია ჩვენს რეალობაში არტისთვის “თავის მიძღვნა”, რადგან ბევრი გარემოებაა და კონცენტრირება რთულია ერთ რამეზე. განსაკუთრებით ისეთ მიმართულებაზე, რომელიც პირდაპირ არაა შემოსავლის წყარო, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი აღნიშვნა და აღიარება. “იკას” პრემიის მიღება ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის და ამავდროულად ძალიან დიდი მოტივაცია გამიჩინა”.
პრემია “იკას” ორგანიზატორი სანდრო კაკულია AT.ge-სთან “იკას” სამომავლო გეგმებსა და მთავარ მიზნებზე საუბრობს.
მაინც რა არის ის მთავარი მახასიათებელი, რომელიც პრემია “იკას” სხვა დაჯილდოებებისგან გამოარჩევს?
კულტურული ჯილდოები საქართველოში მართალია, რამდენიმე არის, თუმცა პრემია “იკა” ყველასგან განსხვავდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით: პირველი ეს არის, უშუალოდ და მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდა, დამწყები არტისტებისთვის განკუთვნილი პრემია; ასევე, ეს პრემია იმით არის ძალიან განსაკუთრებული, რომ ეს არ არის კონკურსი და აქ არავინ ეჯიბრება ერთმანეთს, რომელი უფრო უკეთესი ნამუშევარია. ეს პრემია ცოტათი ჰგავს იკას. როგორიც იყო ჩემი ძმა, ისეთია… პრემია “იკა” თვითონ ირჩევს და გადაწყვეტს, ვინ დააჯილდოოს, თუმცა რომ ყოფილიყო ობიექტური, მოვიგონეთ შერჩევის განსაკუთრებული სისტემა. ყველა ნომინაციაში შევკრიბეთ ადამიანები, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატებით მოღვაწეობენ და მათ მივანდეთ შერჩევის პროცესი. ჩვენ პრაქტიკულად არ ვერეოდით, გარდა იმისა, რომ მოძიების პროცესს ვუწევდით ორგანიზებას და მერე უკვე ჟიური და ჩვენი ატაშეები არჩევდნენ – ვინ არის გამარჯვებული და მომდევნო წელს ამ გამარჯვებულ ადამიანებს მთელი წლის განმავლობაში დავუგეგმავთ ისეთ საქმიანობას, რომელიც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.
რა არის “იკას” ჯილდო?
ჩვენ განზრახ უარი ვთქვით მატერიალურ დაინტერესებაზე და გადავწყვიტეთ, ამ ადამიანებს მივცეთ ის შესაძლებლობები, რასაც ნამდვილად გამოიყენებენ პრაქტიკაში. მიმაჩნია, რომ ასეთი ტიპის მხარდაჭერა მათ განვითარებას უფრო შეუწყობს ხელს. ჩვენ გავუკეთებთ პერსონალურ გამოფენებს, გავაგზავნით მათ ნამუშევრებს უცხოეთში ფესტივალებზე, დავუფინანსებთ რეკლამას.
რა იქნება სამომავლო მიზნები და რა დეტალები დაემატება არსებულ შინაარს?
წელს გადავწყვიტეთ, რომ რადგან პირველი დაჯილდოება იყო, მხოლოდ თბილისში მოღვაწე შემოქმედები შეგვერჩია. მომავალი წლიდან ვგეგმავთ პრემია რეგიონული გავხადოთ და ქვეყნის სხვადასხვა დიდ ქალაქებში ვაპირებთ ჩასვლას. კულტურის ატაშეებიც იმ ქალაქებიდან გვეყოლებიან და ასე მოვიცავთ მთელ ქვეყანას.
პრემია “იკა” ახალგაზრდა შემოქმედებსა და მათ გამოვლენაზე ორიენტირებული დაჯილდოებაა, რომელიც 2018 წლის 18 ნოემბერს შეიქმნა. ესაა ახალგაზრდა არტისტების მხარდამჭერი პრემია, რომელიც შემოქმედებს სამომავლო გეგმების განხორციელებაში დაეხმარება. პრემია ახალგაზრდა შემოქმედის, დიზაინერისა და გრაფიკოსის – იკა კაკულიას სახელს ატარებს, რომელიც 2016 წელს გარდაიცვალა. პრემია “იკა” სიმბოლურად მისი ახალი არსებობის და ცხოვრების გაგრძელების გზაა, რომელიც სამომავლოდ უფრო მასშტაბური გახდება.