fbpx

ჰეროდიონში იესოს ჯვარმცმელი რომაელი პრეფექტის, პონციუს პილატეს ბეჭედი აღმოაჩინეს


გააზიარე სტატია

 

ბეჭედი 50 წლის წინ იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორის, გიდეონ ფორსტერის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრებისას იპოვეს, მაგრამ მისი წარწერა  მხოლოდ ახლა გაშიფრეს.

ავტორი: ნირ ჰასონი

 

 

რომაელი პრეფექტის, პონციუს პილატეს სახელი, რომელიც იესოს სასამართლოს ხელმძღვანელობდა და მისი ჯვარცმის ბრძანება გასცა, ჰეროდიონში, ბეთლემთან ახლოს მდებარე ციხესიმაგრეში, დაახლოებით 50 წლის წინ ნაპოვნ ბრინჯაოს ბეჭედზე აღმოჩნდა.

ბეჭედი იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორის, გიდეონ ფორსტერის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრებისას აღმოაჩინეს, 1968-69 წლების ექვსდღიანი ომიდან მალევე,  როდესაც ადგილს დამთვალიერებლებისთვის ამზადებდნენ.

 

 

აღმოჩენები ახლახან გადაეცა გათხრებზე მომუშავე ჯგუფს დოქტორ როი ფორათის ხელმძღვანელობით, ასევე იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტიდან.

ბეჭედი მხოლოდ ერთი ნივთია იმ ათასობით არტეფაქტს შორის, რომლებიც გათხრებისას აღმოაჩინეს. მასზე ცნობილი სახელი მას შემდეგ ამოიკითხეს, რაც საგულდაგულოდ გაწმინდეს და ისრაელის ანტიკვარიატის ინსტიტუტის ლაბორატორიაში სპეციალური კამერით ფოტო გადაუღეს. ბეჭედზე, რომელიც, სავარაუდოდ, ნიშნის დასასმელად გამოიყენებოდა, ვხვდებით ღვინის თასსა და ბერძნულად დაწერილ ტექსტს – „პილატუს“.

პონციუს პილატეს ბეჭედი ნახატი: ჯ. როდმენი; ფოტო: ს. ამ

სახელი პილატუსი დაუკავშირეს რომაელ პრეფექტს, პონციუს პილატეს, რომელიც ახალ აღთქმაში მოხსენიებულია, როგორც იესოს ჯვარმცმელი. პილატე იუდეაში მეხუთე რომაელი მმართველი იყო და, სავარაუდოდ, ყველაზე მნიშვნელოვანიც. ის ტერიტორიას 26-36 წლებში მართავდა, ზოგის აზრით კი – ჯერ კიდევ 19 წლიდან. პროფესორ დენი შვარცის თქმით, მისი სახელი იმ პერიოდის იუდეაში გავრცელებული არ ყოფილა.

„მე არ მსმენია იმ პერიოდის ვინმე სხვა პილატუსის შესახებ. თანაც, ბეჭედი აჩვენებს, რომ მისი პატრონი გავლენიანი და მდიდარი იყო“, – თქვა შვარცმა.

ასეთი ტიპის ბეჭედი რომის დროს კავალერიის სტატუსის მანიშნებელი იყო; პილატეც სწორედ კავალერიას ეკუთვნოდა. ბეჭედი აგებულებით საკმაოდ მარტივია, რაც, როგორც მკვლევრები აცხადებენ, იმაზე მეტყველებს, რომ პატრონი მას ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებდა, ან მის რომელიმე ქვეშევრდომს ან სასამართლოს თანამშრომელს ეკუთვნოდა, რომელიც პილატეს ნაცვლად აწერდა ხელს.

 

გათხრები ჰეროდიონში ფოტო: ეიალ ტუეგი

 

ტერიტორიაზე კიდევ ერთი აღმოჩენა გაკეთდა, სადაც პილატუსის სახელი ფიგურირებდა. 1960-იან წლებში პროფესორმა ფორსტერმა ქვა იპოვა, რომელზეც ეს სახელი იყო ამოტვიფრული.

ჰეროდიონის ციხესიმაგრე მეფე ჰეროდემ ააგო და თავისი სახელიც დაარქვა. მისი გარდაცვალების შემდეგ კომპლექსის ზემო ნაწილს რომაელი მმართველები იყენებდნენ, რომლებიც იმ პერიოდში იუდეას განაგებდნენ. სავარაუდოა, რომ პილატესათვის ჰეროდიონი მთავარი ადმინისტრაციული შენობა იყო.

პილატე კარგად ცნობილი ისტორიული ფიგურაა, რომელსაც ძლევამოსილი მმართველის იმიჯი ჰქონდა. ისტორიკოსი ფლავიუსი წერს, რომ მან იერუსალიმში კეისრის ბიუსტები შეიტანა, და ეს ებრაული სამართლის დარღვევით გააკეთა, რომელიც ასეთი კერპების წმინდა ქალაქში დადგმას კრძალავდა. ამ ამბავს დიდი პროტესტი მოჰყვა, რომელიც მას შემდეგ ჩაცხრა, რაც პილატე პროტესტის მონაწილეებს მასობრივი დახოცვით დაემუქრა.

 

 

„ეტყობა, ებრაელებმა წინასწარ გაიარეს რეპეტიცია, რომ მიწაზე ერთობლივად დაცემულიყვნენ და კისერი წინ წამოეწიათ, რათა ამით განეცხადებინათ, რომ თორას სწავლებების დაცვისათვის საკუთარი სიცოცხლის გასაღებად მზად იყვნენ. პილატეს პასუხი ქანდაკებების იერუსალიმიდან დაუყოვნებლივ გატანა იყო“, – წერს ფლავიუსი.

ისტორიკოსი იმასაც აღნიშნავს, პილატე წმინდა ტაძრის საგანძურს იმისთვის იყენებდა, რომ იერუსალიმში ჰეროდეს მიერ გაკეთებული წყალგაყვანილობის რემონტის ხარჯები დაეფარა.

მკვლევრები ახალ აღთქმაში მოცემულ ისტორიებზე უთითებენ, სადაც ბეთლემის რეგიონზეა საუბარი. ჰეროდიონი მოგვიანებით სწორედ აქ გახდა დიდი ქრისტიანული სოფელი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ პილატე ჰეროდიონთან ბუნებრივად იყო დაკავშირებული, – თქვა ფორათმა, – ჰეროდესთვისაც ეს ადგილი იმაზე მეტი იყო, ვიდრე ძვალშესანახი და სასახლე. ჰეროდიონი, ასევე, მართვის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. ამ ადგილის უჩვეულო მნიშვნელობა აშკარაა.“

ბეჭედზე ჩატარებულ კვლევას ხელმძღვანელობდნენ პროფესორი შუა ამურაი-სტარკი და მალჩა ჰერშკოვიცი, ხოლო სტატია მის შესახებ ნოემბრის ბოლოს „ისრაელის კვლევით ჟურნალში“ გამოქვეყნდა.

 

ორიგინალი: https://www.haaretz.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.