fbpx

2018 წლის 14 რეკომენდებული ფილმი AT.ge-სგან


გააზიარე სტატია

 

მიილია 2018 წელიც, რომელიც კინომოყვარულებისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. ახალი ფილმები შემოგვთავაზეს ძმებმა კოენებმა, იორგოს ლანთიმოსმა, სპაიკ ლიმ, ალფონსო კუარონმა თუ სხვა მაყურებლისთვის საყვარელმა რეჟისორებმა. ახლა კი, გაეცანით წლის კინოშეჯამებას ვრცლად, სტატიაში …

 

ცივი ომი (Cold War) პაველ პავლიკოვსკი (Pawel Pawlikowski)

 

 

ისინი ერთმანეთს ომისგან ნანგრევებად ქცეულ პოლონეთში ხვდებიან. ამაღელვებელი ისტორია  მოგვითხრობს სიყვარულზე ორ რადიკალურად განსხვავებულ ადამიანს შორის, რომლებსაც სხვადასხვა წინარეგამოცდილება და ტემპერამენტი გააჩნიათ. ისინი, სავსებით შეუთავსებელნი, ჯერ კიდევ გმობენ ერთმანეთს. მიუხედავად ცივი ომის პერიოდისა 1950-იანების პოლონეთში, ბერლინში, იუგოსლავიასა და პარიზში, ფილმი ასახავს შეუძლებელი სიყვარულის ისტორიას განუხორციელებელ დროში. ამის მიუხედავად გმირებს თითქოს ერთმანეთის სიყვარული აქვთ მისჯილი.  რეჟისორმა კანის კინოფესტივალზე დაიმსახურა ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის, ხოლო თავად ფილმი წარდგენილი იყო ოქროს პალმის რტოზე, ასევე ფილმსა და რეჟისორს გადაეცათ მთავარი ჯილდო ევროპული ფილმების დაჯილდოებაზე.

 

 

 

კლიმაქსი (Climax) გასპარ ნოე (Gaspar Noe)

 

 

ფრანგი მოცეკვავეები ცივილიზაციისგან დისტანცირებულად მიტოვებულ სკოლაში იკრიბებიან სუსხიან ამინდში. მორფისგან გაბრუებულნი, ისინი ღამით  ჰალუცინოგენურ კოშმარში მოხვდებიან, როდესაც იგებენ, რომ მათ სანგრიას LSD-ის მჟავა აქვს გარეული. გასპარ ნოეს განუმეორებელ სტილზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ფილმის მუსიკა მის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას(ღირებულებას???)  წარმოადგენს, რომელიც გულგრილს არათუ კინომოყვარულებს, არამედ არც მელომანებს დატოვებს.  ფილმმა კანის კინოფესტივალზე CICAE-ის ჯილდო მოიპოვა საუკეთესო რეჟისურისთვის.

 

 

ალმოდებული (Burning) ჩან-დონ ლი (Chang-dong Lee)

 

 

რეჟისორი ჩან-დონ ლი თავის პოეტურ და მისტიკურ ფილმს აფუძნებს იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის რომანზე -„ცეცხლმოდებულ საქათმეზე“.  ისტორია მოგვითხრობს ბავშვობის ორ მეგობარზე. ერთი სამსახურიდან მეორეში გადასვლის დროს ჯონგ-სუ შეხვდება ბავშვობის მეგობარ ჰე-მის, რომელიც მის მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს მიეჯაჭვება. ჯონგ-სუ ფიქრობს, იქნებ მან იპოვა ისეთი ადამიანი, რომელიც შეუყვარდება. ჰე-მის აფრიკაში გამგზავრება უწევს და ამიტომაც ჯონგ-სუს სთხოვს, რომ მის კატას ცოტა ხნით მიხედოს. როდესაც ჯონგ-სუ მას აეროპორტში წამოსაყვანად თავისი ძველი მანქანით მიაკითხავს, ჰე-მი სხვა კაცთან ერთად ხვდება. სწორედ აქედან იწყება ისტორიის შებურვა მაგიურ რეალიზმში. ფილმმა კანის კინოფესტივალზე დაიმსახურა FIPRESCI-ის პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, ასევე წარდგენილი იყო ნომინაციაზე ოქროს პალმის რტოსთვის.

 

 

 

ფავორიტი (The Favourite) იორგოს ლანთიმოსი (Yorgos Lanthimos)

 

 

მე-18 საუკუნის დასაწყისში ინგლისი საფრანგეთს ებრძვის. ამის მიუხედავად, სასახლეში ცხოვრება არხეინად მიმდინარეობს, ხოლო ტახტზე ავადმყოფი დედოფალი ანა ზის, ქვეყანას კი მისი ახლო მეგობარი, ლედი სარა განაგებს. როდესაც ახალი მოახლე ებიგაილი ჩამოდის, ლედი სარა მისით იხიბლება, მასზე ზრუნავს და ებიგაილს უჩნდება შესაძლებლობა, რომ თავის არისტოკრატიულ ფესვებს დაუბრუნდეს. ომისგან დაღლილ სარას ებიგაილი სიცარიელეს უვსებს, როგორც დედოფლის კომპანიონი. ფილმის იუმორი, მსახიობების შესრულება,  ოპერატორული თუ სარეჟისორო გადაწყვეტილება და, რაღა თქმა უნდა, დიდებული კოსტიუმები გულგრილს არ დატოვებს მაყურებელს. ვენეციის კინოფესტივალზე იორგოს ლანთიმოსს ჟიურის სპეციალური პრიზი ერგო. ფილმი ნომინირებული იყო ოქროს ლომის პრიზისთვის და ის ბრძოლას განაგრძობს ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე ხუთ ნომინაციაში.

 

 

ფოქსტროტი (Foxtrot) სამუელ მაოზ (Samuel Maoz)     

 

 

ფილმი რომელმაც ისრაელში და არამარტო ისრაელში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ნამდვილად ღირს ნახვად. ცოლ-ქმრის – მიქაელისა და დაფნეს ფეშენებელური სახლის ზღურბლზე სამხედრო ესკორტი გამოჩნდება, რომელიც მათ სამწუხარო ამბავს ამცნობს – მათი ვაჟი სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა. მიქაელი ცდილობს გაუმკლავდეს ყველა იმ გრძნობას, რომელიც ერთდროულად მოეძალა, დაფნე კი საძილე წამლების ზემოქმედების ქვეშაა. ამ დროს მოშორებულ სამხედრო ბაზაზე, სადაც მათი შვილი იმყოფება, ჯარისკაცები მოწყენილობას ებრძვიან. ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის სიმწვავე გადაწყვეტილი ოჯახურ ტრაგიკომედიაში, ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილად შესრულებულ ნამუშევარს წარმოადგენს 2018 წლის ფილმებში. ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა ვერცხლის ლომის პრიზით, ხოლო SIGNIS Award – Honorable Mention  პრიზი თავად რეჟისორს, სამოელ მაოზს გადაეცა, ასევე ამავე ფესტივალზე ფილმმა Arca CinemaGiovani Award-ის მთავარი პრიზიც მოიპოვა.

 

 

ბასტერ სკრაგსის ბალადა (The Ballad of Buster Scruggs) ეთან კოენი, ჯოელ კოენი (Ethan Coen and Joel Coen)

 

 

2018 წელს თანამედროვე კინოს ნამდვილი დიდოსტატები – ძმები კოენებიც დაგვიბრუნდნენ დიდ ეკრანებზე. მათთვის ნაცნობ და საყვარელ ვესტერნს არც წელს უღალატეს და შემოგვთავაზეს სამოქალაქო ომის დასასრულს ველურ დასავლეთში განვითარებული ექვსი სხვადასხვა ისტორია, ექვს სხვადასხვა ინდივიდზე.  კოენებისთვის დამახასიათებელი ვიზუალური და ნარატიული თხრობის მანერა ფილმის მთავარ ღირსებას წარმოადგენს, ხოლო ტომ ვეითსის მოყვარულებს კი კვლავ ექნებათ მისი დიდ ეკრანზე ნახვის საშუალება. ფილმმა ვენეციის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო, ოქროს ლომი დაიმსახურა, ხოლო ასევე გამარჯვებული გახდა ნომინაციაში – საუკეთესო სცენარი.

 

 

დოგმენი (Dogman) მატეო გარონე (Matteo Garrone)

 

 

ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ძაღლების მომვლელ მარჩელოზე, რომელიც უნებურად მოძალადე, მოკრივე სიმონეს სახიფათო თავგადასავალში ერთვება, რომელსაც დატერორებული ჰყავს მთლიანად სამეზობლო. მარჩელო ფსიქოლოგიურ კრიზისში იმყოფება და თითქოს ერთადერთი გამოსავალი შურისძიებაღაა… ფილმის მთავარი შემსრულებელმა მატეო გარონემ კანის კინოფესტივალზე  საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო დაიმსახურა და ის ასევე წარდგენილი იყო ამავე ნომინაციაზე ოქროს პალმის რტოსთვის.

 

 

 

ბედნიერი ლაზარე (Happy as Lazzaro) ალიჩე როხვახერი (Alice Rohwacher)

 

 

ოქროს პალმის რტოს მფლობელი რეჟისორის, ალიჩე როხვახერის „ბედნიერი ლაზარე“ მოგვითხრობს კეთილი ბიჭის,  გლეხი ლაზარესა (ის იმდენად კეთილია, რომ გარშემო მყოფები სულელად თვლიან) და ახალგაზრდა დიდებულის, ტანკრედის შეხვედრის ისტორიას.  პასტორალურ სოფელ ინვიოლატაში ყველაფერს სიგარეტების სასტიკი დედოფალი, მარკიზა ალფონსინა დე ლუნა განაგებს. ტანკრედსა და ლაზარეს შორის მეგობრობა მაშინ ღვივდება, როდესაც ტანკრედი ლაზარეს საკუთარ გატაცებაში დახმარებას სთხოვს. ეს უჩვეულო და დაუჯერებელი ალიანსი ლაზარესთვის გამოცხადებასავითაა. მათი მეგობრობა იმდენად ძვირფასია, რომ ის ლაზარეს ტანკრედის საძებნელად დროშიც კი ამოგზაურებს. ფილმი გაჯერებულია მაგიური რეალიზმის ელემენტებით, რომელიც შერწყმულია იტალიურ ნეორეალიზმთან.  ფილმმა კანის კინოფესტივალზე დაიმსახურა მთავარი ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის და ნომინირებული იყო ოქროს პალმის რტოსთვის.

 

 

ზამა (ZAMA) ლუკრეცია მარტელი (Lucrecia Martel)

 

 

ლუკრეცია მარტელის ფილმი „ზამა“ ეფუძნება ანტონიო დი ბენედეტოს 1956 წლის რომანს, რომელიც მოგვითხრობს მე-17 საუკუნის ესპანელ ოფიცერ დონ დიეგო დე ზამაზე. ის დაბანაკებული იყო ასუნსიონში და ბუენოს-აირესში გადაყვანას ელოდა. ფილმი გაჯერებულია მაგიური რეალიზმის ელემენტებით, ხოლო მისი ვიზუალური გადაწყვეტა დიდ სიამოვნებას უმზადებს კინომოყვარულებს. მას სინეასტთა საზოგადოებაში „ჩუმ შედევრადაც“ მოიხსენიებენ. ფილმი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახლავთ. მისი ჩვენება კი კონკურსგარეშედ შედგა ვენეციის 74-ე კინოფესტივალზე.

 

 

 

რომა (ROMA) ალფონსო კუარონი (Alfonso Cuaron)

 

 

მე მას წლის საუკეთესო ნამუშევარსაც ვუწოდებდი, ის არა ჩუმი, არამედ ხმამაღალი შედევრია. 21-ე საუკუნეში ალფონსო კუარონმა შეძლო და შავ-თეთრი კინო საოცარი ოსტატობით დააბრუნა დიდ ეკრანზე. მისი ეს ფილმი, რომელიც ავტორის ბიოგრაფიას ეფუძნება, მოგვითხრობს 1970 წელს მექსიკაში მცხოვრები საშუალო კლასის ოჯახის ისტორიაზე. ორი სახელმწიფო მოსამსახურე ოთხშვილიან დედას ეხმარება, რომლის ქმარმაც ოჯახი გაურკვეველი დროით მიატოვა. პერსონაჟების გაშლილი ფსიქოპორტრეტები, ფილმის ვიზუალური თხრობის მანერა, პრობლემატიკა და სოციალური კონსტრუქტები – რეჟისორი ახერხებს ფილმის გაშლას ისე, რომ არცერთი წამით არ წყვეტს მაყურებელთან კონტაქტს და ამავდროულად ახერხებს შეინარჩუნოს ფილმის დინამიკურობა. ვენეციის კინოფესტივალზე ფილმმა SIGNIS Award-ის პრიზი და ასევე მთავარი პრიზი, ოქროს ლომი დაიმსახურა. „რომა“  ბრძოლას აგრძელებს ოქროს გლობუსის სამი ნომინაციისთვის. ასე რომ, ეს ის ფილმია, რომელიც აუცილებლად თავად უნდა ნახოთ.

 

 

ბონუსი:

 

 

ძაღლების კუნძული ( Isle Of Dogs) ვეს ანდერსონი (Wes Anderson)

 

ვეს ანდერსონი მაყურებლებს „სასწაულმოქმედი მისტერ ფოქსის“ შემდეგ ახალ ანიმაციას სთავაზობს. ფილმი მოგვითხრობს 12 წლის ბიჭის, ატარის ისტორიაზე, რომელიც კორუმპირებული მერის, კობაიაშის მზრუნველობის ქვეშაა. როდესაც მერის ბრძანებით ქალაქ მეგასაკის ყველა ძაღლს ნაგავსაყრელ კუნძულზე გაგზავნიან, ატარი მინიატიურული საფრენი მოწყობილობით გაემგზავრება კუნძულზე მისი ერთგული მეგობრის, სპოტსის მოსაძებნად. კუნძულზე, ახალი მეგობრების გუნდთან ერთად იგი ეპიკურ მოგზაურობას იწყებს… ანიმაცია ოქროს გლობუსის სამ ნომინაციაზეა წარდგენილი.

 

 

 

 

ჩვენი დრო (Our time) კაროს რეიგადასი (Carlos Reygadas)

 

ფილმი  გვიყვება ისტორიას მექსიკის ქალაქის განაპირა სოფელში მცხოვრებ ოჯახზე. ესთერი რანჩოზე ზრუნავს, ხოლო მისი ქმარი, მსოფლიოში ცნობილი პოეტი, სახელად ხუანი, ცხოველებს ზრდის. როდესაც ესთერს სიგიჟემდე შეუყვარდება ცხენების მწვრთნელი ფილი, წყვილი ცდილობს, როგორმე თავი დააღწიოს ემოციურ კრიზისს. ფილმი ნომინირებული იყო ვენეციის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდოს ოქროს ლომისთვის.

 

 

 

 

სახე (Mug) მალგორზატა სზუმოვსკა (Malgorzata Szumowska)

 

პოლონური ფილმი, რომელიც აგებულია კიჩის უტრირებით, დასცინის კლიშეებში მოქცეული საზოგადოების დოგმებს. მთავარი გმირი ჯაცეკი ეკლესიის მშენებლობისას ხარაჩოდან ვარდება, რის შემდეგაც კარგავს თავის პირვანდელ სახეს და უწევს საზოგადოების მიერ დაწესებული ნორმატივების წინააღმდეგ წასვლა. ფილმმა ბერლინის კინოფესტივალზე ოქროს დათვის ჯილდო მოიპოვა.

 

 

 

 

 

შავი კუ-კლუქს კლანელი (BlacKkKlansman) სპაიკ ლი (Spike Lee)

 

სპაიკ ლი თავისი სტილითა და შემართებით 2018 წელს გვთავაზობს ახალ ფილმს შავი კუ-კლუქს კლანელი. ნამდვილი ამბავი კოლორადოელ პოლიციის საიდუმლო აგენტის, რონი სტოლუორთის შესახებ, რომელიც 1970-იანი წლების ბოლოს, როგორც აფროამერიკელი, არა მხოლოდ კუ-კლუქს-კლანში შეაღწევს, არამედ ადგილობრივი დაჯგუფების ხელმძღვანელად იქნება არჩეული. სპაიკ ლი თავის ფილმში მთავარ აქცენტს კვლავ შავკანიანებისა და თეთრკანიანების მიერ ერთმანეთის დისკრედიტაციის მცდელობის შესახებ ახსენებს მაყურებელს. ის გადის ბეწვის ხიდზე, რათა ორივე მხარეს შეახსენოს, რომ ერთმანეთისგან მტრის ხატის შემქმნელები თავად ადამიანები ვართ. რეჟისორმა კანის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ფილმი ასევე იბრძოდა  ოქროს პალმის რტოსთვის. ის აგრძელებს ბრძოლას ოქროს გლობუსის ჯილდოსთვის 4 ნომინაციაში.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.