fbpx

საახალწლო საჩუქრები სოციალური საწარმოებისგან


გააზიარე სტატია

 

საახალწლო  საჩუქრების შერჩევას რაც უფრო ადრე დაგეგმავთ და დაიწყებთ,   ეს პროცესი ნაკლებად სტრესული და უფრო სასიამოვნო იქნება. და თუ მიზნად დაისახავთ მასობრივი წარმოების ნაცვლად ხელნაკეთი  ნივთები იყიდოთ, და საჩუქრებში გადახდილი თანხა მათი შემქმნელებისთვის მნიშვნელოვან სტიმულად აქციოთ, გირჩევთ წინასაახალწლოდ რამდენიმე სოციალური საწარმო და მათი პროდუქცია  მოინახულოთ.

 

ბაბალე 

ერთდროულად  შემოქმედებითი სახელოსნოცაა და სალონიც, სადაც ხელნაკეთი  ნივთები იყიდება. მისი დამფუძნებლები და წევრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და მოზარდების მშობლები არიან და საწარმოც  განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

საქართველოში 150 000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ცხოვრობს და  მათი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა დასაქმებაა. “ბაბალეს” პროდუქციის შეძენა ამ საწარმოში დასაქმებული ადამიანების გაძლიერება და სხვა  ადამიანების დასაქმების შანსია.

“ბაბალეში” შესაძლებელია როგორც ნაძვის ხის სათამაშოების, ასევე ხის, ტექსტილისა და კერამიკის ხელით მოხატული ნივთების შეძენა.

 

არბოლენდი

 ხის სათამაშოებს, სახლებს, კონსტრუქციებს, განმავითარებელ სათამაშოებს და ეზოს გასართობ ნაგებობებსაც კი ქმნის. საგურამოში, “არბოლენდის” საწარმოში დასაქმებულები არიან როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და პენსიონერები, ასევე პროპაციონერები. პროდუქცია, რომელსაც ისინი ქმნიან, ეკოლოგიურად სუფთაა და უსაფრთხო ბავშვებისთვის.

 

პოტერია 

თიხის და კერამიკის სახელოსნო, სადაც დასაქმებულები არიან კანონთან კონფლიქტში მყოფი ქალები. მათთვის “პოტერიაში” ყოფნა ერთდროულად არის არტთერაპია, ახალი პროფესიისა და უნარების  ათვისება, რეინტეგრაცია და სოციალიზაცია. სახელოსნოში ძირითადად თეთრ თიხაზე მუშაობენ და საახალწლო საჩუქრებად აქ დამზადებული ჭურჭელი შეგიძლიათ შეიძინოთ.

 

მწვანე საჩუქარი 

გარემოზე მზრუნველი ხალხის გაერთიანებაა, სადაც  შესაფუთ ქაღალდებს, მისალოც ბარათებს, სასაჩუქრე ჩანთებს, მარკეტინგულ მასალებს მეორადი გადამუშავების ქაღალდისგან ამზადებენ და  სასურველია მათ მიმართოთ არა მხოლოდ პროდუქციის შესაძენად, არამედ თქვენს ოფისში ქაღალდის შესაგროვებელი ყუთის დასადგმელადაც. სწორედ ასეთი ყუთებით იზოგება რესურსი და იქმნება ახალი ქაღალდის პროდუქცია. მაკულატურის ტრანსპორტირებას “მწვანე საჩუქრის” გუნდი თვითონ უზრუნველყოფს.


რეკომენდებული სტატიები
რა ვაჩუქოთ ახალ წელს კაცებს? - გთავაზობთ ჩვენს არჩეულ საჩუქრებს

რა ვაჩუქოთ ახალ წელს კაცებს? - გთავაზობთ ჩვენს არჩეულ საჩუქრებს

რა ვაჩუქოთ ახალ წელს კაცებს? - გთავაზობთ ჩვენს არჩეულ საჩუქრებს
გაგაცნობთ ქართული ბრენდების დამზადებულ სხვადასხვა პროდუქციას, რომელიც, ვფიქრობთ, სასაჩუქრე შოპინგის ციებ-ცხელების პროცესს გაგიმარტივებთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.