fbpx

2018 წლის საუკეთესო ვიდეოთამაშები


გააზიარე სტატია

 

ვებპლატფორმაზე gamespot.com, რომელიც ვიდეოთამაშების ინდუსტრიის სიახლეებსა და პროდუქტების რეცენზიებს აქვეყნებს, 2018 წლის საუკეთესო და ყველაზე პოპულარული თამაშების სია გამოქვეყნდა. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.

 

Red Dead Redemption 2

სათავგადასავლო ჟანრის თამაშია, რომელიც სტუდია Rockstar Games-ს ეკუთვნის. მოქმედება ველურ დასავლეთში, 1899 წელს, ამერიკის გამოგონილ შტატებში ვითარდება. სიუჟეტის ცენტრში ვან დერ ლინდეს ბანდაა, ხოლო გეიმერი ბანდის ერთ-ერთი წევრის, არტურ მორგანის პროფილით თამაშობს. ბანკის გაქურდვის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ბანდის წევრებს ფედერალური აგენტებისგან გაქცევა და დამალვა უწევთ. თამაშის მთავარი ხიბლი მაღალი ხარისხის გრაფიკული გამოსახულება, მსუბუქი მექანიკა და სიუჟეტებისა და ლოკაციების დიდი არჩევანია.

 

Kingdom Come: Deliverance

ჩეხური სტუდიის, Warhorse Studios-ის პროდუქტია. თამაშში მაქსიმალურადაა მიახლოებული რეალობას: ტანსაცმელი, აბჯარი, შეიარაღება, არქიტექტურა და შუასაუკუნეების ჩეხეთის ისტორია ზედმიწევნითაა აღდგენილი

სიუჟეტი ბოჰემიის სამეფოში, მეფე ვაცლავ IV-ისა და მისი ძმის, სიგიზმუნდის კონფლიქტის ფონზე ვითარდება. თამაშის დასაწყისში სიგიზმუნდის დაქირავებული მეომრები თავს ესხმიან მეშახტეთა დასახლებას. მთავარი გმირი მჭედელის შვილია, რომელიც მშობლების მკვლელობის გამო შურისძიებას გადაწყვეტს, სიგიზმუნდის წინააღმდეგ ამბოხებულებს შეუერთდება და კანონიერი მეფის, ვაცლავ IV-ის ტახტზე აყვანის ბრძოლაში ებმება.

Far Cry 5 – სათავგადასავლო ჟანრის შუთერი კომპანია Ubisoft-მა გამოსცა. მოქმედება მონტანას შტატის, ჰოულის ოლქში ვითარდება, სადაც ვინმე იოსებ სიდმა თავი წინასწარმეტყველად გამოაცხადა და რელიგიური სექტა ჩამოაყალიბა. მის დაქვემდებარებაში მყოფი ფანატიკოსების დახმარებით, მან ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროება და დაშინება დაიწყოე. თამაშის მთავარი გმირი ადგილობრივი მცხოვრებია. მისი პროფილით გეიმერი წინააღმდეგობის რაზმს აყალიბებს, შერიფის თანაშემწე ხდება და სექტას უპირისპირდება.

 

Uncharted 4: A Thief’s End  

სათავგადასავლო ექშენის ჟანრის თამაშია, რომელიც ექსკლუზიურად PlayStation 4-ის კონსოლებისათვის სტუდია Naughty Dog-მა გამოსცა. მე-8 თაობის კონსოლების ტექნიკურმა შესაძლებლობებმა მწარმოებელს საშუალება მისცა, მაქსიმალურად გაეუმჯობესებინა მექანიკა, გრაფიკა და პერსონაჟების ანიმირება.

თამაშის მე-4 ნაწილში მთავარი გმირი მეკობრე ჰენრი ევერის განძს ეძებს. მას გამგზავრება მეკობრეთა კოლონია ლიბერტალიაში უწევს. სიუჟეტში აქცენტი სხვადასხვა პერსონაჟებს შორის ურთიერთობასა და დამოკიდებულებაზეა გაკეთებული.

 

What Remains of Edith Finch – სტუდია Giant Sparrow- ს პროდუქტია და თავსებადია Windwos-ის, PlayStation 4-ისა და Xbox One-ის კონსოლებთან.

მთავარი გმირი ედით ფინჩი თავისი გვარის უკანასკნელი წარმომადგენელია. ის საგვარეულო სახლში მიემგზავრება, სადაც ოდესღაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ და წყევლის მსხვერპლნი გახდნენ. გეიმერი ედითის პროფილით თამაშობს, იკვლევს წინაპრების ოთახებს, მათ პირად ნივთებს და მათი გარდაცვალების მიზეზის დადგენას ცდილობს. ყოველ ოთახში დამოუკიდებელი ისტორიები და მინითამაშებია, რომლებიც ერთ მთლიან სიუჟეტში ექცევა. სცენარისტების თქმით, მათი მთავარი ინსპირაციის წყარო მარკესის „მარტოობის ასი წელი“ იყო.

What Remains of Edith Finch-მა კრიტიკოსების მაღალი შეფასება დაიმსახურა, ზოგიერთმა მათგანმა ხელოვნების ახალ ფორმად მოიხსენია ვიდეოთამაშების ისტორიაში. თამაში სხვადასხვა ჯილდოების მფლობელია, მათ შორისაა The Game Awards-ის პრიზი საუკეთესო თხრობისთვის, SXSW Gaming Awards-ის ჯილდო საუკეთესო სიუჟეტისთვის და ვიდეოთამაშების ბრიტანული აკადემიის მიერ მინიჭებული „წლის საუკეთესო პროდუქტის“ სტატუსი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.