ჰაკერებმა ინტერნეტით 11 სექტემბრის ფაილების გაყიდვა დაიწყეს
ახალი წლის ღამეს ონლაინ გამოცემა Motherboard-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰაკერების ჯგუფი, სახელად The Dark Overlord 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტთან დაკავშირებული სადაზღვევო და იურიდიული დოკუმენტების გავრცელებით იმუქრებოდა. აქედან მოყოლებული ჯგუფმა გაასაჯაროვა ფაილების მცირე ნაწილი, რომელსაც მოაყოლა “გასაღები” მათ გასაშიფრად, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფაილების ჩამოტვირთვა და წაკითხვა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
ეს შემთხვევა გვიჩვენებს, თუ როგორ ვითარდება ჰაკერების ინფორმაციული შანტაჟის სტრატეგიები, როცა კიბერ-დამნაშავეები იწყებენ “მძევლად აყვანილი” ინფორმაციის ნაწილ-ნაწილ გასაჯაროვებას, რითაც ერთი მხრივ, ზრდიან საზოგადოების ინტერესს, ხოლო მეორე მხრივ, ახორციელებენ ზეწოლას დაზარალებულ მხარეზე.
“ჩვენ ამის შესახებ უკვე ერთხელ განვაცხადეთ და კიდევ გავიმეორებთ, რომ გვამოძრავებს ფინანსური მოტივაცია და თქვენ (საზოგადოება) ჩვენთვის გასაგებ ენაზე (ინტერნეტ-ვალუტით, განსაკუთრებით კი ბიტკოინით) გამოგვეხმაურეთ”, – დაწერა The Dark Overlord-მა პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში.
Twitter-ის და Reddit-ის პლატფორმებმა უკვე დახურეს The Dark Overlord-ის ანგარიშები, თუმცა ჰაკერების ჯგუფი ჯერ კიდევ აქტიურია Steemit-ზე, რომელიც ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ეფუძნება და შესაბამისად, კონტროლს ნაკლებად ექვემდებარება.
რაც შეეხება მოპარულ ინფორმაციას, ის Hiscox Group-ის კონტრაქტორ იურიდიულ ფირმას ეკუთვნის, ხოლო აქამდე გავრცელებული ფაილები შეიცავდა პრეზენტაციების სლაიდებს, იურიდიული სახის კორესპონდენციასა და მიმოწერას აშშ-ს რამდენიმე სამთავრობო სააგენტოს შორის. ამ ფაილების მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავენ 11 სექტემბრის კონსპირაციის თეორიის მხარდამჭერები, რომლებსაც სწამთ, რომ გავრცელებული დოკუმენტები მათ ვარაუდებს დაადასტურებს.
The Dark Overlord-ის გავრცელებული არქივი 10 გიგაბაიტ ფაილებს შეიცავს, თუმცა მათი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ დახურული რჩება. ჰაკერების ჯგუფმა ფაილების მხოლოდ მცირე ნაწილი გახსნა – იმის შემდეგ, რაც გამოცხადებული ქრაუდფანდინგით ინტერნეტ-მომხმარებლებმა მას 3 ბიტკოინი (დაახლოებით 11000 დოლარის ეკვივალენტი) გადაურიცხეს.
“განაგრძეთ ბიტკოინების შემოდინება და ჩვენ სიმართლის შემოდინებას ვუზრუნველვყოფთ. გახსოვდეთ – კიბერ-ფული კიბერ-ფაილების სანაცვლოდ! Cyber Cash for Cyber Cache!” – ნათქვამია ჯგუფის მიერ გავრცელებულ მესიჯში.