fbpx

ეკო-მეგობრული ჩანთები თბილისიდან – Plasticwatcher


გააზიარე სტატია



plasticwatcher: „აბა ვინ უფრო ცოტა ნარჩენის დაგროვებას მოახერხებს ერთი თვის განმავლობაში“.

 

მოდის ინდუსტრია ქმნის სამუშაო ადგილებს, აწყობს სანახაობებს, გვაცმევს და რიგ შემთხვევაში გვანიჭებს სიამოვნებას, თუმცა ეს ყველაფერი ძვირი უჯდება გარემოს: მოდის წარმოება გარემოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბინძურებელი ფაქტორია.

 

 

იმ შემთხვევაში, თუკი ტანსაცმლისა და ფეხსაცმელების დიდი მწარმოებლები არაფერს შეცვლიან, სამომავლოდ ისინი  ეკოლოგიური კატასტროფის “შემოქმედებს” შორის იქნებიან. თუმცა “სწრაფი მოდის” კრიტიკა, ახალი ტექნოლოგიების შემუშავება, რომელიც შესაძლებელს ხდის გადამუშავებული მასალით ახალი პროდუქტების შექმნას, “ნელი მოდის” მიმდევართა სიმრავლე და ცალკეული ბრენდებისა და თუ ინდივიდების ინიციატივები, რომლებიც ჩვენს მომხმარებლურ ვნებებს ეკო-მეგობრული პროდუქტებით პასუხობენ, კატასტროფების თავიდან აცილების მცირე იმედს იძლევა.

მაგალითად:

  • ადიდასს გადაწყვეტილი აქვს და უკვე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლიესტერი, რომელსაც ის ფეხსაცმელებისთვის იყენებს, 2024 წელს მთლიანად მეორადი გადამუშავებით იქნას მიღებული;
  • ბრიტანელი დიზაინერი სტელა მაკარტნი აქტიურად იყენებს ოკეანიდან ამოღებულ პლასტმასის ნივთებს და ბოთლებს აქსესუარების წარმოებისთვის;
  • მასიური წარმოების ერთ-ერთი გიგანტი – H&M კი ცდილობს არსებული ტანსაცმლის გადამუშავებით შექმნას ახალი ნივთები.

მწვანე მოძრაობების გასაძლიერებლად დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც დიდი კომპანიების ინიციატივებს, ასევე ცალკეული ინდივიდების ქმედებებს, რაც ერთობლიობაში ძლიერ ტალღას ქმნის ცვლილებებისთვის.

საქართველოში, სადაც მოდის ინდუსტრია დიდად განვითარებული არ არის, მაგრამ თვალშისაცემია ჰაერში მოფარფატე პოლიეთილენის პარკების სიმრავლე და ხეებზე შემოხვეული ცელოფნები, რომლებიც ბუნებაში ასობით წელს დარჩებიან, უკვე არსებობს ეკო-მეგობრული ინიციატივა, რომლის მიხედვითაც  გადამუშავებული მასალებით აწარმოებენ ჩანთებს და სხვა აქსესუარებს. Plasticwatcher ეკა ასათიანის სტარტაპია, რომელმაც უკვე ასობით კილოგრამი პოლიეთილენის ნარჩენი შეაგროვა და  მოდურ ნივთებად აქცია.

 

 

საიდან გაგიჩნდათ პოლიეთილენის პარკებით ჩანთების წარმოების იდეა?

პოლიეთილენით და პლასტიკით დაბინძურების მასშტაბები და მათი საზიანო შედეგების არცოდნის ზღვარი ჩვენ ქვეყანაში იმდენად დიდია,  რომ ეს იდეა პროტესტის შედეგად გაჩნდა. ეს არის პროტესტი იმ ქცევის მიმართ, რასაც ადამიანები სჩადიან დაუფიქრებლად და როგორ დაუნდობლად ექცევიან იმ საარსებო გარემოს, სადაც ცხოვრობენ და შვილებს ზრდიან და რითაც ცოცხალი არსებები  სულდგმულობენ, ჰაერს სუნთქავენ თუ საკვებს იღებენ.

 

 

 

მოითხოვს თუ არა ამ ტიპის პროდუქტის წარმოება სპეციალურ ცოდნას, დანადგარს, გადამუშავების განსაკუთრებულ ტექნიკას?

სანამ ჩანთების შეკერვამდე  მივედი, სახლში დავიწყე პარკების და შესაფუთი ცელოფნებისგან ექსპერიმენტების კეთება და საკმაოდ საინტერესო მასალა მივიღე, რისგანაც შეიძლებოდა მდგრადი მოდის ნივთების გაკეთება, ცირკულარული ეკონომიკის საფუძვლის გათვალისწინებით –  ანუ გააკეთე, მოიხმარე და დააბრუნე. დააბრუნე ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენი მდგრადი მოდის ნივთების მფლობელები დაინახავენ, რომ მათი ნივთი ისე დაზიანდა, ვეღარ იყენებენ, მათ არ უნდა გაადაგდონ ის, კვლავ ჩვენ უნდა მოგვიტანონ, ჩვენ შევუკეთებთ ან ვასწავლით, თავად როგორ უნდა შეაკეთონ ნივთი, რომელიც უნდა გამოიყენო მანამ,  სანამ ის დროსთან ერთად არ გაილევა.

 

საიდან მოგაქვთ მასალა?

ძალიან მიხარია, რომ ბევრი მხარდამჭერი გვყავს, ვინც გვიგროვებს პოლიეთილენის პარკებს და სხვადასხვა შესაფუთ ცელოფნის მასალას, ანუ ჩვენ ვაგროვებთ იმ ნაგავს, რაც არ გვინდა, რომ გარემოში მოხვდეს. მის  გადასამუშავებლად მეგობრები და ნაცნობები მოგვმართავენ, თან პარკებს აგროვებენ ჩვენთვის.

 

რამდენი პოლიეთილენის პარკი სჭირდება საშუალოდ ერთი ჩანთის წარმოებას?

ერთი ჩანთის წარმოებას სჭირდება 20–25 პარკი და ასევე პროდუქტების სხვადასხვა შესაფუთი მასალები გაფორმებისთვის.

 

 

ჩანთების გარდა რა პროდუქციას აწარმოებთ?

ჩანთების გარდა ვაკეთებთ საწვიმრებს, ზურგჩანთებს, კომპიუტერის ჩასადებებს, საქაღალდეებს, და ასევე გაზაფხულიდან გავაკეთებს საწვიმრების „თავად გასაკეთებელ“ კომპლექტს თინეიჯერებისთვის, მათ შეძლებენ ინსტრუქციის მიხედვით აიწყონ საწვიმრები და ასევე გაიგონ, თუ რატომ არ უნდა გადაისროლონ პლასტმასის ბოთლები და შესაფუთი ნივთები გარემოში.

 

როგორ წარმოგიდგენიათ მომავალი, რისი გაკეთება გინდათ, რა რაოდენობის პოლიეთილენისა და პლასტიკატისგან გინდათ დაიცვათ გარემო?

ჩვენი მიზანია მივაღწიოთ პოლიეთილენის და პლასტიკის გარემოში დაყრის მავნებლობაზე   ადამიანების ინფორმირებას, გვინდა, რომ დავაფიქროთ ისინი მანამ, სანამ სუპერმარკეტში შევლენ და ბევრი პლასტიკით და პარკით სახლში წავლენ. გვსურს გამოსავალი იპოვონ, ვთქვათ, წაიღონ თან თავიანთი ნაჭრის ჩანთები, ან სულაც რამდენიმე პროდუქტი აწონვისას ერთ პარკში ჩადონ და მასზე დააკრან ყველას ფასი. გვინდა ადამიანებს  ავუხსნათ, თუ რამდენად უფრო მარტივი და საინტერესოა ცხოვრება პასუხისმგებლობით და ნაკლები ნარჩენის აკუმულირებით. ჩვენ ადამიანები ერთგვარ თამაშში გვინდა ჩავითრიოთ, თამაშში სახელად „აბა ვინ უფრო ცოტა ნარჩენის დაგროვებას მოახერხებს  ერთი თვის განმავლობაში“.

 

თქვენი ნივთები გარდა იმისა, რომ გარემოსადმი მეგობრულია და რეალურად დაბინძურებისგან იცავს დედამიწას, საკმაოდ ლამაზი, ორიგინალური დიზაინის და ყურადღებამისაქცევი წარწერებით არის გაფორმებული. ვინ მუშაობს დიზაინზე. რამდენად კარგი მასალაა გადამუშავებული პოლიეთილენი ფანტაზიისთვის ხორცშესასხმელად?

ჩანთების და სხვა ნივთების დიზაინზე ერთად ვზრუნავთ PlasticWatcher.ge-ის გუნდის წევრები  და ვქმნით სახელოსნოში, რომლის სახელია „შენია“. რაც შეეხება წარწერებს, ეს ჩემი და ჩემი მეგობრების  წუხილის გამომხატველია მუდამ, ძირითადად ვცდილობთ, წარწერები ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ „სთეითმენტს“ გამოხატავდეს,  რადგან ჩვენი ქვეყნის ჰაერში არსებულ განწყობას შევეწინააღმდეგოთ რაიმე ფორმით.

 

1,660 total views, 1 views today


რეკომენდებული სტატიები
მეორადი ტანსაცმლის მაინინგი

მეორადი ტანსაცმლის მაინინგი

მეორადი ტანსაცმლის მაინინგი
“მელი-მელო” შემოქმედებითი ბიზნესია, რომელიც ციფრულ სამყაროში ცდილობს თავის დამკვიდრებას, როგორც მეორადი ტანსაცმლის ონლაინმაღაზია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.