fbpx

8 წლის გოგო, რომელიც ყვავებს უვლის, მათგან კი სამადლობელ საჩუქრებს იღებს


გააზიარე სტატია


 

არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი სახლების სიახლოვეს ჩიტებისთვის საკვებ ადგილებს აწყობენ, თუმცა მათგან ცოტა თუ იღებს სამაგიეროდ რაიმეს, ლამაზი ფრინველების  ყურებისა და მარცვლებით მობნეული ბანის გარდა.

 

8-Year-Old Girl Has Been Feeding A Crow For 4 Years, And Now Receives Gifts From It

 

ქალაქ სიეტლში მცხოვრებმა რვა წლის გოგონამ – გაბი მანმა, ოთხი წლის წინ თავის ეზოში ყვავების გამოკვება დაიწყო და ახლა ეს იღბლიანი ბავშვი ამ ყვავებისგან პერიოდულად საჩუქრებს იღებს.

ყვავების მორთმეულ ძღვენს გაბი აკურატულად აღწერს და სპეციალურ ყუთში ინახავს. საჩუქრების იარლიყები საკმაოდ დეტალურია. მაგალითად, ერთ-ერთი საჩუქრის – გატეხილი ნათურის წარწერა გვაუწყებს: “შავი მაგიდა ჩიტების საკვებთან ახლოს. 2:30 pm. 9 ნოემბერი 2014”.

გოგონამ ყვავებისგან უამრავი  საჩუქარი მიიღო, მათ შორის ლეგოს ნაწილები, მძივები, ქაღალდის სამაგრები და მყარი ქაფის ნაკუწები. მისი ერთ-ერთი საყვარელი საჩუქარია მარგალიტისფერი გული. “ის მიმანიშნებს, თუ რამდენად ძლიერად ვუყვარვარ მათ”, – ამბობს გაბი.

 

 

ყვავების გამოკვება გაბიმ შემთხვევით დაიწყო, რადგან მას საჭმელი ხშირად ხელიდან უვარდებოდა. მას შემდეგ, რაც ჩიტები შენიშნა, გაბიმ სპეციალურად დაიწყო მათი  დაპურება, მაგალითად, ძმასთან ერთად ავტობუსის გაჩერებისკენ, ან უკან, სახლისკენ მიმავალმა.

 

ჩიტებს დიდი დრო არ დასჭირვებიათ, რომ დაემახსოვრებინათ გაბი. ცოტა ხანში ისინი უკვე ელოდებოდნენ სკოლის ავტობუსს და გოგონას გამოჩენას.

ყვავებს რჩებოდათ გაბისა და მისი ძმის სახლიდან წამოღებული ლანჩის ულუფის დიდი ნაწილი, მაგრამ გაბის დედას – ლიზას ეს არასდროს გაუპროტესტებია. ნელ-ნელა ყვავებით მთელი ოჯახი დაინტერესდა. 2013 წლისთვის გაბი და დედამისი ყვავებს ყოველდღიურად კვებავდნენ. ყოველ დილით ისინი  ჩიტების საკვებ ჯამს სასმელი წყლით ავსებდნენ და მათ საკმარის მიწის თხილსა და ძაღლის საკვებ გრანულებს უყრიდნენ. სწორედ აქედან დაიწყო ყვავებისგან საჩუქრების მიღებაც.

 

8-Year-Old Girl Has Been Feeding A Crow For 4 Years, And Now Receives Gifts From It

 

ყვავების ზოგიერთი საჩუქარი მართლა გამაოგნებელია, მაგალითად, მეტალის ნაჭერი ამოტვიფრული წარწერით – “Best”.

თქვენც გსურთ ყვავებისგან საჩუქრები მიიღოთ? ვაშინგტონის უნივერსიტეტის ველური ბუნების შემსწავლელი მეცნიერი,  პროფესორი ჯონ მარზლუფი გვირჩევს, რომ თუ ყვავთან დამეგობრება გვსურს, მის მიმართ ყურადღება სტაბილურად და დაუზარლად უნდა გამოვიჩინოთ.

მარზლუფს ყვავებთან დაკავშირებით ბევრი კვლევა აქვს ჩატარებული. მან აღმოაჩინა, რომ ადამიანებსა და ყვავებს შორის საკმაოდ ღრმა ურთიერთობების ჩამოყალიბებაა შესაძლებელი, თუმცა საჩუქრების მიღება ყოველთვის გარანტირებული როდია.  თავად მარზლუფს ყვავისგან საჩუქარი არასდროს მიუღია, მაგრამ ის ამგვარი ფაქტების მოწმე კი გამხდარა.

 

 

ყვავების საჩუქრები ყოველთვის ბრჭყვიალა ნივთები როდია. ზოგჯერ ისინი შეიძლება საკმაოდ უსიამოვნოც იყოს, მაგალითად, მკვდარი ბარტყი.

ყვავებისგან გაბისაც მიუღია გულისამრევი საჩუქრები, ერთხელ  კიბოს დამპალი ბრჭყალი მიართვეს, რომელსაც დედამისმა უმალ ნაგავში გადაუძახა.

გაბის კიდევ ერთი  საყვარელი საჩუქარია ყვავისგან მოტანილი  ჭანჭიკი. “ხშირად ვერ ნახავ ყვავს, რომელიც ჭანჭიკს ეზიდება, თუ, რა თქმა უნდა, ის თავისი ბუდის აგებით არაა დაკავებული”, – ამბობს გაბი.

ლიზას საყვარელი საჩუქარია ყვავებისგან მირთმეული მისივე ფოტოკამერის ლინზის თავსახური, რომელიც მან  სახლის სიახლოვეს დაკარგა, როცა მელოტ არწივს სურათებს უღებდა. სანამ ლინზის ხუფის მოსაძებნად მოიცლიდა,  მან ის სახლთან, ჩიტების სასმელ წყალთან აღმოაჩინა. ლიზა დაინტერესდა, ნამდვილად ჩიტებმა მოიტანეს თუ არა ფოტოლინზის დაკარგული ხუფი. მან კომპიუტერზე მიერთებული ჩიტების გადამღები კამერა შეამოწმა და მართლაც: “შეგიძლიათ დაინახოთ, როგორ მოაქვს ის ყვავს ეზოში, პირდაპირ წყლის სასმელ ჭურჭელთან, სადაც  მას გულმოდგინედ რეცხავს”.

http://thinkinghumanity.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.