fbpx

იაპონიის სამთავრობო საპენსიო ფონდმა სამ თვეში $136 მილიარდი დოლარი დაკარგა


გააზიარე სტატია

 

მსოფლიოს უდიდესმა იაპონურმა საპენსიო ფონდმა რეკორდული დანაკარგების შესახებ  მას შემდეგ განაცხადა, რაც აქციების გაუფასურებამ გასულ კვარტალში სწორედ ის აქტივები გააქრო, რომელიც ფონდის ინვესტიციების ნახევარს შეადგენდა.

იაპონიის სამთავრობო საპენსიო-საინვესტიციო ფონდმა პარასკევს ტოკიოში განაცხადა, რომ 31 დეკემბრისთვის, სამი თვის განმავლობაში, მან 9.1 პროცენტი, ანუ 14.8  მილიარდი იენი (136 მილიარდი დოლარი) დაკარგა. ეს 2008 წლის აპრილიდან მოყოლებული ფასიანი ქაღალდების ყველაზე სწრაფი და დაუნდობელი გაუფასურება იყო. ადგილობრივი აქციები ფონდის ყველაზე ცუდი ინვესტიცია აღმოჩნდა, რასაც უცხოური აქტივებიც მიჰყვა. 165.6 ტრილიონიდან აქტივები დეკემბრისთვის 150.7 ტრილიონამდე შემცირდა.

სამთავრობო საპენსიო ფონდის აქციებს გასული ორი წლის განმავლობაში დივიდენდები მოჰქონდა, თუმცა დეკემბერში მომხდარმა გლობალურმა საბირჟო კრიზისმა ფონდის რისკების სიდიდე გამოავლინა, რომელიც 2014 წლიდან საშინაო ობლიგაციების შემცირებაზე იყო ორიენტირებული. ფონდის მენეჯმენტის განცხადებით, საპენსიო ფონდი იძულებული იყო წასულიყო ზოგიერთ სარისკო ოპერაციაზე იმის გამო, რომ აქციების დივიდენდები გლობალურად შემცირებულია, ხოლო საშინაო ობლიგაციებში ინვესტიცია ძალიან მცირე მოგებას იძლევა.



იაპონიის სამთავრობო საპენსიო ფონდის დანაკარგები

 

2018 წლის ბოლო კვარტალში გლობალური ბაზარზე 10 ტრილიონი დოლარის აქციები გაუფასურდა მას შემდეგ, რაც ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო უთანხმოებების გამო გაჩნდა ეჭვები ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. The Topix-ის ინდექსი გასულ კვარტალში 18 პროცენტით შემცირდა (ყველაზე დიდი ნეგატიური მაჩვენებელი 2008 წლიდან) ხოლო S&P 500-ის ინდექსი 14 პროცენტით შემცირდა (ყველაზე დიდი ვარდნა 2011 წლიდან). იაპონიის იენი დოლართან 3.7 პროცენტით გამყარდა.

ფონდის შედეგები ადგილობრივ და უცხოურ ფასიან ქაღალდებსა და ობლიგაციებში

 

ბირჟების ანალიტიკოსი შინგო იდე ტოკიოს NLI Research Institute-იდან ამბობს, რომ იაპონიის სამთავრობო საპენსიო ფონდის გრძელვადიანი შედეგები უფრო მნიშვნელოვანია. 2001 წლიდან ფონდმა ინვესტიციებზე 56.7 ტრილიონი იენის მოგება ნახა, რაც წლიური 2.7 პროცენტის ტოლია. ანალიტიკოსის აზრით, საპენსიო ფონდის შემთხვევაში ყურადღება არა კვარტალურ ვარდნებს, არამედ გრძელვადიან მაჩვენებლებს უნდა მიექცეს.

ამის მიუხედავად, იმის გათვალისწინებით, რომ ფონდის ინვესტიციების ნახევარი შიდა და უცხოურ ფასიან ქაღალდებზე მოდის, იაპონიის საპენსიო ფონდის სტაბილურობა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომისა და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გამო, რაც გლობალურ ეკონომიკას შენელებით ემუქრება, – აცხადებს ტოკიოს SMBC Nikko Securities Inc.-ის ანალიტიკოსი ჰიდენორი სუეზავა. “სავაჭრო პრობლემები ამერიკასა და ჩინეთს შორის ჯერ კიდევ მოუგვარებელია და ასევე, ბრექსიტის პრობლემა შეიძლება დროში გაგრძელდეს. შესაბამისად, რთულია ოპტიმისტური პროგნოზების გამოთქმა 2019 წლის პირველ კვარტალში განხორციელებულ ინვესტიციებთან დაკავშირებით,” – განაცხადა მან.

ფონდის ადგილობრივი და უცხოური აქტივების პროცენტული გადანაწილება

 

ორიგინალი: https://bloomberg.com

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.