fbpx

ილუსტრატორ მაშო მარგიშვილის პარალელური განზომილება – “მაშოლენდი”


გააზიარე სტატია

 

ავტორი: შორენა ტყეშელაშვილი

 

“მაშოლენდის” განზომილება ის  პარალელური სამყაროა, რომელთა პერსონაჟები და ისტორიები ხელოვნების საშუალებით არის ჩვენთვის მოწოდებული.  აქ თავს იყრიან ისეთი უცნაური, აბსტრაქტული არსებები, როგორებიც არიან – ქვაჭამიები, ცხვირჩიტები, კოღოწეროები, ფლამინგოს  შვილები, მაშოლენდელი კურდღლები და ადამიანები, რომლებსაც ყურებიდან მცენარეები ამოსდით. ეს მაშოლენდის სამყაროა, სადაც სიზმრისეული ამბები მრავალ ფერსა და ფორმაში  ცოცხლდება. მაშო ყველაფერზე და ყველგან ხატავს: კედლებზე, ფურცლებზე, ჭიქებზე, კედებზე, ჩანთებზე და ა.შ. ამჟამად მაშოლენდი ისეთი მედიუმის მეშვეობით ვრცელდება, როგორიცაა ილუსტრაცია, კედლის მხატვრობა, გრაფიკული დიზაინი, მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია თუ სხვა.  მას შემდეგ, რაც ვიეტნამში მუშაობისას მაშომ საკუთარ თავში აღმოაჩინა ახალი შესაძლებლობა – ეხატა, მისი სამყარო უფრო საინტერესო გახდა. At.ge გთავაზობთ ილუსტრატორთან ინტერვიუს.

 

რა სამყაროა მაშოლენდი, სადაც ქვაჭამიებს  და კიდევ ბევრ აბსტრაქტულ არსებებს შევხვდებით. ვინ არიან ისინი და როგორ იპოვე გამოხატვის ასეთი საინტერესო ფორმა?

მაშოლენდი პარალელური სამყაროა,  სადაც ყვითელი კარის მეშვეობით ხვდები  და იქ საცხოვრებლად მხოლოდ შენი ფანტაზიაა საჭირო. თუ ფანტაზიის გავარჯიშება გჭირდება, ამაში ქვაჭამია გურუ დაგეხმარება, რომელსაც ქვაჭამიების კლდეში იპოვით. მაშოლენდში ბევრი სხვადასხვაგვარი ქვაჭამია ცხოვრობს, რომლებიც მარტივი და სასაცილო გარეგნობითა და უცნაური ქცევებით გამოირჩევიან.

ქვაჭამიებზე ანეკდოტები ბავშვობიდან მესმოდა. ისინი ქართული თეთრი იუმორის აბსტრაქტული პერსონაჟები იყვნენ. პირველად ქვაჭამიები ჩემს  ,,სქეჩბუქში” 2011 წელს გაჩნდნენ და ორ წელში მაშოლენდამდე მიმიყვანეს. იმ მომენტამდე არ ვიყავი დარწმუნებული ვინ მინდოდა გავმხდარიყავი, თუმცა მჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან ამას მივხვდებოდი. მაშოლენდმა  აშკარად დამანახვა გზა და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა.

 

 

ვიეტნამში როგორ მოხვდი? შენი შესაძლებლობების თვითგასახატად  რა იყო იქ ყოფნის დროს საინტერესო და გარდამტეხი?

იმ პერიოდში, როდესაც საზღვარგარეთ დიზაინის პრაქტიკის გასავლელად ვაკანსიებს  ვეძებდი, ერთ ღამეს National Geographic-ზე ვიეტნამს აჩვენებდნენ. იქაურობით მოხიბლულმა იმ ღამესვე მოვძებნე დიზაინის ვაკანსიები და ჰანოიში Alpine Creative-ში სივი და პორტფოლიო გავაგზავნე. ხუთი თვის შემდეგ შემეხმიანენ და ონლაინ გასაუბრებიდან  ორ კვირაში ჰანოიში ვიყავი. ვიეტნამში სულ მარტო აღმოვჩნდი. აზიის ზღაპრულმა, უცხო გარემომ ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ჩემს თავში ემოციები ვერ დავატიე და ამბების ილუსტრირება დავიწყე. მაშოლენდსაც ასე მივაკვლიე… იქ მოხვედრამდე ვერ ვაცნობიერებდი, თუ რამდენად გარდამტეხი იქნებოდა ეს ადგილი ჩემთვის, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სწორედ აქ შეიცვალა ჩემი ცხოვრების კურსორი. ჩემთვის ვიეტნამი უცნაური კომბინაციებით სავსე ქვეყანაა, სადაც სულიერება და დაურეგულირებელი რეჟიმი ერთმანეთს ხვდება. საინტერესოა თავისი პერსონაჟებით, კულტურით, ბუნებითა და ყოველდღიურობით. მისი ეგზოტიკური გარემოს ყოველი გახსენებისას უკან დაბრუნება მინდება.

 

 

რა  შთაგაგონებს  ილუსტრაციებზე  მუშაობისას ან რა არის შენი დაკვირვების საგანი?

ვხატავ ყველგან და ყველაფერზე, რაც მაინტერესებს: ფურცელზე, ტანსაცმელზე, კედლებზე, ნივთებზე თუ ციფრულ გარემოში. ალბათ, ყველაზე ხშირად პერსონაჟებს ვხატავ და მათ ისტორიებს, ასევე უცნაურ ფლორა-ფაუნებს. დაკვირვების საგანზე ლაპარაკი ალბათ გამიჭირდება, რადგან ყველაფერს ვაკვირდები, ძალიან ბევრ დეტალს. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ შთაგონების მოტივი  ხშირად სიზმრები, კონტრასტულ ადგილებში მოგზაურობა და არარსებულზე  ფიქრია.

 

 

ბევრ მედიუმში მუშაობ, რომელია შენთვის გამოხატვის  ყველაზე მეტად კომფორტული სივრცე?

ჩემთვის ყველაზე კომფორტული სივრცე სწორედ ბევრ მედიუმში მუშაობის თავისუფლებაა. ერთი და იგივე რამ ადვილად მბეზრდება.

 

შენ მიერ განხორციელებულ პროექტებზე მომიყევი. რომელს გამოარჩევდი განსაკუთრებით?

მიჭირს რომელიმეს გამორჩევა, რადგან ბევრმა პროექტმა მაშოლენდს ბევრი რამ შესძინა. გამორჩეულად მიყვარს ის პირველი ვიეტნამური ,,სქეჩბუქი”, სადაც პირველად დავიწყე ხატვა – მაშინ მეც კი არ ვიცოდი რას ვაკეთებდი. მაშოლენდის ქართულ სივრცეში გავრცელების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან პროექტად გამოვარჩევდი ,,მეუღლეებისა” და ,,წყვილების” ილუსტრირებულ სერიას, Fabrikafitti-ის ფესტივალის ფარგლებში დახატულ კედელს, თიბისი ბანკის ,,გამარჯობა”-სთვის დაბეჭდილ ილუსტრაციას – Love  Observation-ისა და პროექტ ,,ნიკო”-ს ფარგლებში შესრულებულ კედლებს.

მაშოლენდის სამყაროს უფრო საფუძვლიანად დასათვალიერებლად გადადით ამ ბმულზე:  https://www.masholand.com/

მაშო მარგიშვილის ინტერვიუ გამოსახულებებით შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

 


რეკომენდებული სტატიები
@greenpantsu

@greenpantsu

@greenpantsu
15 წლის ქართველი manga არტისტი, follower-ების მრავალათასიანი არმიით
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.