საქართველოში ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო ხდება


გააზიარე სტატია

საქართველოს პარლამენტი დღეს განიხილავდა კანონპროექტს, რომელიც ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის) შემოღებას გულისხმობს.

სავალდებულო დაზღვევის ეს სახეობა ანაზღაურებს მატერიალურ ზიანს, რომელიც ეკისრება მანქანის მფლობელს ავტომობილით დაზარალებული ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებული ზიანისთვის.

კანონპროექტით დადგენილია სადაზღვევო მინიმალური და მაქსიმალური ზღვარი. ის ყოველწლიური იქნება და მისი ფასი განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით.

 

კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევის ფასები იქნება:

– მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75 – 110 ლარი;

მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100 – 150 ლარი;

ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160 – 240 ლარი

სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210 – 310 ლარი;

მისაბმელისათვის – 50 – 75 ლარი;

სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60- 90 ლარი.

 

კანონით ასევე განისაზღვრება ჯარიმებიც, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის მძღოლს დაეკისრება:

მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის, სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაზღვევის არ არსებობის შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდება.

ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის მიერ სამართალდარღვევა კი, 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.

ამასთან, მძღოლს ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72-საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კვლავ დაუზღვეველი იქნება,  ის მეორედ დაჯარიმდება.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.