შავი პრინცი – დამშვიდობება


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ლაშა გაბუნია

 

შავი პრინცი (პი)

 

აკაკი ბაბუნაშვილი, იგივე შავი პრინცი, ძებნილი, პრინცი პი და უბრალოდ შურიკა (შურა), როგორც ახლობლები ვეძახდით, ერთ-ერთი პირველი ადამიანია საქართველოში, ვინც იმღერა რეჩიტატივით და მის აგრესიულ რეპში ანტიგმირები განასახიერა.

იგი ხან ნარკომანი, ხან ქურდი, ხანაც ყაჩაღი იყო. პრინციპში, ეს მისი მხრიდან უბრალოდ ამ კონკრეტული მუსიკის სიყვარული კი არა, მისი ცხოვრების სტილი იყო. საერთოდ, იგი რეპერი რიტმის სიყვარულის გამო გახდა.

1990-იანების გარიჟრაჟზე მშობლიურ ქალაქ ქუთაისში ის უკვე თავზე წაკრული ბენდენით, ბალახონით, ბეისბოლის ქუდით, შავი სათვალით, ოდნავ ჩაჩაჩული შარვლით დადიოდა და უსმენდა ფაქტობრივად ყოველგვარ მუსიკას. მას ნახავდით იმ პერიოდის ქალაქში გამართულ თითქმის ყველა ალტერნატიულ “ტუსოვკაზე”. როკ-კონცერტებზე სცენასთან ახლოს აქტიურობდა, ხტოდა, ცეკვავდა ბრეიკ დენსს.

სწორედ მაშინ დაიწყო გარეპვა მეგობრებთან ერთად ტრიოში, ტრიოსთან ერთადვე გახდა ტელეკომპანია „რიონზე“ ტელეგადაცემის თანაწამყვანი, რომელსაც მაშინ უბრალოდ „ქუთაისის კომერციული ტელევიზია“ ერქვა.

 

ამ პერიოდში მელომანებში გავრცელდა უბრალო კოჭებიან („ბაბინებიან“) მაგნიტოფონზე ზემოთ ნახსენები უსახელო ტრიოს ჩაწერილი რამდენიმე სიმღერა: „დაგანახებ რეკორდს“, „აჭრა“, „მფრინავი ხალიჩა“ და „მწვანე თხა“, სადაც შურიკა ენერგიულად რეპავს. ტრიო კი მალე დაიშალა, მაგრამ ქალაქის ქუჩებში სიარულის დროს იგი მარტო არასდროს იყო. ჩვენი შეხვედრებისას სულ მეგობრებთან ერთად ვნახულობდი.

იგი მისი თაობის ლიდერი გახდა და შეიძლება ითქვას, ერთგვარი ჰიპ-ჰოპ მოძრაობა ჩამოაყალიბა, რომელიც მალე პროექტ „ძებნილად“ იქცა. ამ პერიოდში მან სასცენო ფსევდონიმად შავი პრინცი აირჩია. შავი პრინცი და  „ძებნილი“ ჰიპ-ჰოპერები ხშირად მართავდნენ კონცერტებს თბილისშიც, ხოლო 1999 წელს მათი სადებიუტო ალბომი „იძებნება“ გამოუშვეს.

 

 

მახსოვს, ქუთაისში, რადიოში შურიკამ კასეტით „იძებნება“ მომიტანა. ესაა საოცრად დრაივიანი ალბომი, რომელიც უზუსტესად ასახავს ანდერგრაუნდიდან დანახულ საქართველოს მაშინდელ სოციალურ ყოფას – საზოგადოების შიმშილით, კრიმინალით, ძარცვით, ძალიან კარგი ტექსტებით და მრავალფეროვანი გემოვნებიანი მუსიკალური არანჟირებით. ალბომის მოსმენის შემდეგ შურას ვუთხარი, იმდენს იზამ, ჰიპ-ჰოპის მოსმენას დამაწყებინებ მეთქი.

საერთოდ, კრიმინალური სიუჟეტი აგრესიული რეპისთვის უცხო არ არის, თუმცა საქართველოს რეპში ამ თემაზე პირველად სწორედ „ძებნილმა“ გაბედა სიტყვის თქმა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ „იძებნება“ ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე სერიოზული ანდერგრაუნდ-ალბომია შავი პრინცის შემოქმედებაში და ზოგადად ქართული ჰიპ-ჰოპის ისტორიაში.

 

 

შავ პრინცს პირველი დიდი პოპულარობა ახალი საუკუნის დასაწყისში დაწერილმა სიმღერამ – „ჩემი ძმები“ მოუტანა, რომელიც მუსიკოსმა რეპერ ჯერონიმოსთან ერთად იმღერა. აღნიშნული სიმღერა მთელ საქართველოში გაჰიტდა. სწორედ იმ პერიოდში ერთ დროს უკომპრომისო და აგრესიული მუსიკოსი ოდნავ „დამშვიდდა“ და საკმაოდ მელოდიურ სიმღერებზე გადავიდა, თუმცა ყველა მათგანში კარგად იგრძნობა ირონიაც.

 

 

საქართველოში ტრადიციული როკ ვერსუს რეპ დაპირისპირებას ქუთაისში შედარებით სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და დიდ უსიამოვნებაში არასდროს გადაზრდილა. შეხვედრებზე ლუდიც ხშირად ერთად ისმებოდა.

ამასთან, შავი პრინცი პირველი რეპერია საქართველოში, რომელიც „საზიზღარ“ როკერებთან (სინამდვილეში მეგობრებთან), ასევე ქუთაისურ „ბესტ ჰისტორისთან“ ერთად სცენაზე დადგა და იმღერა.

 

 

მან ბევრი სიმღერა დაწერა, რომელთაგან ძალიან პოპულარული გახდა: „მი ბანდიტო“, „ავიარე, ჩავიარე“, „ბაბე“, „შიმშილი“, „შენი მეგობარი ქალი“, „მუღამი მაქვს შენი“, „მე ქუთაისელი ვარ“ და სხვა.

მის შემოქმედებას მსმენელი იმიტომ აფასებს ასე,  რომ შავი პრინცი ყველა მის შესრულებულ სიმღერაში ძალიან გულწრფელია. მისთვის უცხოა მანერულობა, პოზიორობა და მსგავსი სასცენო ფანდები. სუფთა გულის მუსიკოსი სწორედ ასეთია. მას ხშირად უთქვამს, რომ არ სურდა სცენასა და ცხოვრებაში სხვადასხვა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ ძალიან ბევრ ადამიანს გული დაწყვიტა მისი გარდაცვალების ამბავმა. . მათ შორის იმ მელომანებსაც, რომელთაც ასეთი მუსიკა არ მოსწონდათ.

სამწუხაროდ, შავი პრინცის შემოქმედებაში მხოლოდ ერთი სრულყოფილი ალბომი დარჩა. ისიც აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დღევანდელ საქართველოში ჰიპ-ჰოპის ასე ძალიან პოპულარობაში მას საკმაოდ დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

 

 

ინტერვიუ: შავი პრინცის შავი აზრები

 

აკაკი ბაბუნაშვილთან, იგივე შავ პრინცთან, ეს ინტერვიუ 2004 წელს თბილისში ჩავწერე იმ გაზეთისთვის, სადაც ვმუშაობდი. მაშინ იგი 32 წლის იყო და ბევრი გეგმა ჰქონდა. ინტერნეტში ეს ინტერვიუ პირველად ქვეყნდება.

 

– რას ნიშნავს იყო რეპერი?

– საქართველოში დღეს ბევრი რეპერობს, მაგრამ „პროფესიით“ ყველას რეპერს ვერ დაარქმევ. ბევრი მათგანი მომავალში შეიძლება საერთოდ გამოეთიშოს ჰიპ-ჰოპ კულტურას და ოჯახის სარჩენად სხვა საქმიანობა დაიწყოს. თუმცა ჩვენ შორის არსებობენ სუფთა სისხლის რეპერებიც. სამწუხაროდ, საქართველოში თვალსაჩინოდ ვერ ყალიბდება სუფთა ჰიპ-ჰოპი, რადგან ბევრ მუსიკოსს თავის სარჩენი სხვა წყაროები გააჩნია, ამიტომ მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, სწორად გაიაზრებს ჰიპ-ჰოპის არსს თუ უბრალოდ, სწორად გარითმავს საკუთარ პოეზიას და ამას ილაპარაკებს. ამ შემთხვევაში მისი სიმღერა რეალობასთან ახლოს არ იქნება.

ჩემი აზრით, ჰიპ-ჰოპი რეალობაზე აგებული მუსიკაა, ანუ, თუ სიბინძურეს დაინახავ, უნდა იმღერო ამაზე, თუ კარგს შეხედავ – ესეც უნდა აღნიშნო, მაგრამ ამას ყველაფერს საკუთარი ფორმა აქვს. ჰიპ-ჰოპში მხოლოდ საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა იმღერო და არა იმიტომ, რომ ეს შენ გისწორდება.

შეიძლება რაღაც არ გისწორდებოდეს, მაგრამ იმისთვის, რომ შენ რეპერი ხარ, მაინც უნდა თქვა ეს. სუფთა სისხლის რეპერი რასაც ხედავს, იმას ამბობს. თუ გარშემო აგრესიას ხედავს, სათქმელს აგრესიულად უნდა ამბობდეს. ერთი ტონალობით ცუდისა და კარგის თქმა არ შეიძლება.

 

– პანკების იდეოლოგია ანარქიზმია. რა არის რეპერების იდეოლოგია? რა მიზანი აქვს რეპერს?

– როდესაც რეპერს რაღაცა არ მოსწონს, სურს, რომ ის უკეთესით შეიცვალოს. შეიძლება რეპერი ფანტასტიკურ რამეზე ოცნებობდეს, მაგრამ მას სურვილი აქვს, მისი ოცნება არსებობდეს. თუ ირგვლივ რაღაც არსებობს, მაგრამ მახინჯი ფორმით, რეპერი მას ლანძღავს, აგინებს, უარყოფს და სურს, რომ იმ რაღაცამ კარგი ფორმით იარსებოს.

ამავე დროს, რეპერი ძალიან მარტივი ენით უნდა საუბრობდეს, არ არის სიმღერებში საჭირო ფილოსოფიური დატვირთვა. თუ ის ხედავს ქუჩასა და ნაგავს, უნდა ახსენოს ქუჩაც და ნაგავიც. შეიძლება ქუჩაში გაზრდილიც აზროვნებდეს ფილოსოფიურად, მაგრამ ყველაფერს ამბობდეს მარტივად და გასაგებად.

 

– ნამდვილი რეპერი ფიქრობს თუ არა საკუთარ მომავალზე, ოჯახზე, ფინანსურ წინსვლაზე?

– ჩემი აზრით, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამაზე არ ფიქრობს. რეპერი ცდილობს, საკუთარ კეთილდღეობას საკუთარი სიმართლით მიაღწიოს. მიუხედავად იმისა, რეპერი ცუდზე იმღერებს, თუ კარგზე, მან საკუთარი ადგილი უნდა დაიმკვიდროს. თუ რეპერი ყველაფერს მარტივად და სიმართლით მიუდგება, ყველას დააინტერესებს და ბევრს გაუჩნდება მის კონცერტზე მისვლის და ალბომის შეძენის სურვილი. აქედან გამომდინარე რეპერს იმედი ექნება, რომ ხვალიდან კარგად იცხოვრებს.

 

– რეპსა და ჰიპ-ჰოპს შორის რა განსხვავებაა?

– რეპი ჰიპ-ჰოპიდან აღმოცენდა, ამიტომ ეს უკანასკნელი რეპის საფუძველია. მათ შორის განსხვავებას უბრალოდ ავხსნი: რეპისა და ჰიპ-ჰოპის შერწყმა პროტესტული სიტყვაა. ხოლო ცალკე რეპი უფრო რბილია და თბილი, მიუხედავად იმისა, რომ აქაც შეიძლება ქუჩური ჟარგონი გამოიყენო.

 

– „ემტივიზე“ ხშირად აჩვენებენ გამოჩენილ რეპერთა ცხოვრებას და იქ ნათლად ჩანს, რომ ისინი უმდიდრესი ადამიანები არიან. შენი აზრით, არიან თუ არა ისინი დღესაც სულით ხორცამდე რეპერები, თუ უკვე პოპ-მუსიკოსებად იქცნენ?

– დასავლეთში, როდესაც რეპი ყალიბდებოდა, იდევნებოდა და ამიტომ ანდერგრაუნდში იყო. დღევანდელმა რეპის მამებმა თავის დროზე მოახერხეს საკუთარი სიტყვის საზოგადოებამდე მიტანა და ალბათ, სწორედ ის მამები ცხოვრობენ დღე ასე მდიდრულად. ვინც საწყის ეტაპზეა, ასეთი კომფორტი არა აქვს. ვინც უკვე მდიდარი რეპერია, უკვე დამწყებებს ეხმარება. ამის ერთ-ერთი მაგალითია დოქტორ დრი, რომელიც მენეჯერისა და პროდიუსერის ფუნქციებსაც ითავსებს, მან დააფინანსა ემინემიც. დღეს კი უკვე თავად ემინემი ხელს უწყობს „50 ცენტ“-ს და ა.შ.

 

– არის თუ არა რეპერის ცხოვრება იგივე ქუჩის ბიჭის ცხოვრება?

– კი ასეა, თავისთავად, მაგრამ რეპერმა, ვიმეორებ – რეალობაში უნდა იცხოვროს. მე თუ ოქრო-ვერცხლი ვაგროვე, სახლში ჯაკუზი დავამონტაჟე, კარგი მანქანაც შევიძინე და სასახლეში ვიცხოვრე, არ გამიჩნდება რაღაც პრობლემის გამოხატვის სურვილი. სამაგიეროდ, ამ საშუალებებით მე შევძლებ დავეხმარო იმ რეპერებს, ვისაც პრობლემის გამოხატვის ნება აქვთ. ხალხი ზოგჯერ ვერ ხედავს მის ირგვლივ არსებულ პრობლემას, რადგან ხშირად თვალახვეული დადის. ამ პრობლემების დამნახავ რეპერს კი მივცემდი იმის საშუალებას, რომ ეს ყველაფერი თავისუფლად თქვას.

 

– და როგორ ფიქრობ, რაზეც შენ ოცნებობ, რამდენად რეალურია მისი საქართველოში ასრულება? შეგიძლია უკვე ვინმეს დაეხმარო, თუ მარადიულ რეპერად დარჩები?

– მატერიალურად არ ვარ ისეთი ძლიერი, ვინმე ნიჭიერ რეპერს ფინანსურად ხელი გავუმართო, რომ მან კონცერტები გამართოს, ან დისკები ჩაწეროს. მაგრამ გვინდა-არ გვინდა, საქართველოში ყველაზე უფროს რეპერად მე ვითვლები. აქედან გამომდინარე, გონებრივად, სულიერად და მორალურად რამდენიმე რეპერს უკვე დავეხმარე კიდეც და ისინი მეტ-ნაკლებად პოპულარულები გახდნენ. მათ უკვე შეუძლიათ, ფართო მასებს მიაწვდინონ საკუთარი ხმა.

 

– საერთოდ, თანამედროვე მუსიკა, რომელიც ქუთაისში იქმნებოდა და დღესაც იქმნება, საქართველოში ალბათ ყველაზე უფრო მეტად შეიცავს პროტესტების ელემენტებს. შენი უკომპრომისობის მიზეზი გარკვეულწილად ხომ არ არის ის, რომ ქუთაისელი ხარ?

– ამის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ისიც არის, რომ ჯერ კიდევ კომუნისტური წყობის დროს პირველად ვეზიარე ჰიპ-ჰოპს. ეს მიმართულება თავის თავში სპეციფიკურ ცხოვრების წესს, მანერას, მუსიკასა და იმიჯს შეიცავს. 16-17 წლის ვიყავი მაშინ, უკვე წვერიც მქონდა, ბულანჟესაც ვატარებდი და ბენდენის ნაცვლად, რაღაც მატერიასაც ვიკრავდი თავზე.

ქუთაისი ნაკლებად ითავისებს ასეთ იმიჯს, მაგრამ თანამედროვე მუსიკაში ყველაზე მეამბოხე მუსიკოსები სწორედ ქუთაისიდან არიან. ეს, ჩემი აზრით, ბუნებრივია. როდესაც ადამიანს პრობლემა გაქვს და რაღაცის მოპოვება გსურს, მაშინ უფრო მეტად აზროვნებ, გონებას ხვეწავ, უკვე გარკვევით ხვდები, რა გინდა.

მე დარწმუნებული ვარ, ქუთაისში რომ არ დავბადებულიყავი, ასეთ განსხვავებულ რეპს ვერ შევქმნიდი. ეს ქალაქი და ჩემი ქუთაისელი მეგობრები დამეხმარნენ  რეპერად ჩამოყალიბებასა და ასეთი აგრესიული მუსიკის შექმნაში. დასავლეთშიც თავდაპირველად მხოლოდ პროტესტულ რეპს მღეროდნენ. მეც თავიდან არ ვიყავი კომერციული რეპერი.

დღეს ვთვლი, რომ უკვე გავიარე მძიმე, ბრაზიანი, ანდერგრაუნდ-რეპის ეტაპი. როდესაც ჩავთვალე, რომ ყველაფერი, რის თქმაც მინდოდა, უკვე ვთქვი, გამოჩნდა აზრის რბილად და ირონიულად გამოხატვის სურვილიც, თუმცა რეალობას არსად გავურბივარ. სულ მალე გამოვუშვებ ალბომს, რომელიც ორ ნაწილად იქნება დაყოფილი. ეს ალბომი იქნება როგორც აგრესიული, ასევე რბილად ნათქვამი პროტესტი.

 

– შენი რამდენიმე სიმღერა საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა. ამან შენზე როგორ იმოქმედა?

– ცოტა ხასიათი შემეცვალა და უფრო გამიჩნდა იმის იმედი, რომ საქართველოში ჰიპ-ჰოპი ჩამოყალიბდება, გვეყოლება მსმენელი, ჩავატარებთ ხალხმრავალ კონცერტებს, გამოვუშვათ კომერციულად მომგებიანი ალბომები და კლიპებიც გადავიღოთ, რადგან ეს ხალხს მოსწონს.

 

– ხშირ შემთხვევაში, მეამბოხე მუსიკა შედარებით პატარა ქალაქებსა და დიდი ქალაქების გარეუბნებში უფრო იმღერება და იკვრება. შენი ინფორმაციით, თბილისის გარეუბნებში თუ არიან საინტერესო რეპერები?

– ასეთი რეპერები ნამდვილად არიან. რამდენიმე ძალიან სერიოზული ჯგუფი ვიცი, რომლებიც ძალიან მძიმე, პროტესტულ რეპ-მეტალს უკრავენ. სამწუხაროდ, დღეს მათ საკუთარი შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის ჩვენების საშუალება არა აქვთ, მაგრამ იმედი მაქვს, ეს დღეც დადგება. ალბათ ვინმე მატერიალურად დაეხმარება და მათ მუსიკასაც სიამოვნებით მოვუსმენთ. ერთ-ერთ ასეთ ჯგუფთან ერთად ორი-სამი სიმღერა შევასრულე სერგი გვარჯალაძის ტელეგადაცემა „ჯეოპოპში“.

 

– რეპერი ხშირ შემთხვევაში მელოდიის მოტივსა და ტექსტს თავად წერს, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები. მაგალითად, რეპის უკვე ლეგენდის, 2 Pac-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერის მელოდია როკ-ჯგუფ Brunce Hornsby & The Range-ს ეკუთვნის. შენი ორი ყველაზე ცნობილი სიმღერის – „ჩემი ძმებისა“ და „მუღამი მაქვს შენი“ მელოდია სხვისია. რატომ აიღე სხვისი მელოდია?

– საერთოდ რეპერები ძალიან იშვიათად მიმართავენ სხვისი მელოდიების საკუთარ სიმღერებში გამოყენებას. მე ასე გავაკეთე იმიტომ, რომ რეპი საზოგადოების უფრო ფართო მასებს მოესმინათ და ჰიპ-ჰოპს მეტი მსმენელი ჰყოლოდა. სამწუხაროდ, დღეს ბევრმა ქართველმა რეპერმა ეს ცუდი ტენდენცია საკუთარ შემოქმედებაში დაამკვიდრა. ვიმეორებ:  რეპერი საერთოდ სხვის მელოდიას არ უნდა იყენებდეს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.