ბერლინალე 2019 – “ადამიანურობა, როგორც პოლიტიკური მდგომარეობა”
7 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა. ფესტივალი, რომლის მიზანიც კინოში პირველ პლანზე ადამიანთა უფლებებზე აქცენტია, თავის ტრადიციულ გზას განაგრძობს.
ფესტივალის გახსნის პრესკონფერენციაზე ჟულიეტ ბინოშმა განაცხადა, რომ ეს არის ყველაზე ადამიანური ფესტივალი, იქიდან გამომდინარე, რომ სამწუხაროდ, დღეს ადამიანურობა უკვე პოლიტიკურ მდგომარეობად იქცა. “სწორედ ამიტომ არის ბერლინალეს ფილმები ყველაზე ადამიანური. სამყარო ეგოისტურია”, – განაცხადა ბინოშმა და დასძინა, რომ საჭიროა რაიმე გავაკეთოთ ადამიანურობის შესანარჩუნებლად და ამავდროულად ეს საკითხი ძალზე სერიოზულად უნდა მივიღოთ.
პრესკონფერენციაზე აქცენტები ასევე გაკეთდა ქალთა უფლებების დაცვაზე, რომელსაც ფესტივალის ფარგლებში ცალკე რეტროსპექტივაც ეთმობა. მიუხედავად იმისა, რომ ბერლინალეს საერთაშორისო ჟიურის წევრი რაჯენდრა როი მაქსიმალურად ცდილობდა ქალთა უფლებების თემის გაშლას, პრესა მოუთმენლად ელოდა ჟულიეტ ბინოშის პასუხს ჩვენი კოლეგის დასმულ შეკითხვაზე ჰარვი ვაინშტაინის შესახებ, რაზეც მან განაცხადა, რომ ვაინშტაინი ისედაც საკმარისადაა საზოგადოებაში დისკრედიტირებული, ამიტომაც მასზე ლაპარაკის საჭიროებას ვერ ხედავს. “უბრალოდ კარგი იქნებოდა, ის ჩვენ დაგვემახსოვრებინა, როგორც შესანიშნავი პროდიუსერი, რადგან ეს მართლაც ასეა”, – განაცხადა ჟულიეტ ბინოშმა.
„ცხოვრება მისტერიაა, ბმა რაციონალურ ცოდნასთან. თუ გინდა ფილმი გამოცადო, აუცილებლად უნდა იცოდე, რატომ“, – ამბობს ჟულიეტ ბინოში და NETFLIX-ისა და საავტორო კინოს დაპირისპირების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია პროგრესს შევეწინააღმდეგოთ, სწორედ ამიტომ არ ღირს ამ საკითხებზე დროის კარგვა.
ამ განცხადების შემდეგ, 8 თებერვალს, ადამიანებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ NETFLIX კლავს საავტორო კინოსა და მის იდეას, ბერლინალე პალასტის წინ აქცია გამართეს, სადაც გააპროტესტეს NETFLIX-ის მიერ საავტორო კინოზე „თავდასხმა“ და ფართო საზოგადოებას კომპანიისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდეს.
ფესტივალი გახსნიდან მეორე დღეს გაიმართა ფრანსუა ოზონის ფილმ By The Grace of god-ის ჩვენება, რომელშიც რეჟისორი აქტიურად შეეხო პედოფილიის საკითხს კათოლიკურ ეკლესიაში. ფილმმა ზედაპირზე ამოატივტივა მსხვერპლის ფსიქოლოგიის განვითარება, გაერთიანებული ადამიანური ძალმომხვეჭელობასა და იმ ნეპოტისტურ სისტემასთან, რასაც ზოგადად ინსტიტუციები ქმნიან.