ბერლინალე – ჩავარდნები და ნათელი წერტილები


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინა გოჩიტაშვილი


ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ბერლინის კინოს მუზეუმი არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი რამ, რაც ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც უნდა ნახოს ადამიანმა.

ფილმების სია ბერლინალეზე არცთუ ისე შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ფესტივალზე ნანახი კინოსურათებიდან აზიური ფილმები ლიდერობდნენ, ხოლო კინოფესტივალზე მეტად თავად ქალაქმა და მისმა კინოს მუზეუმმა მომხიბლა.

 


საკონკურსო ფილმების ხარისხით ბერლინალეს თბილისის კინოფესტივალი თითქმის არ ჩამოუვარდება. აქ განსაკუთრებული შთაბეჭდილება მონღოლურმა ფილმმა ONDOG-მა მოახდინა, ასევე მაკედონიურმა ფილმმა God Exists, Her Name Is Petrunija.

კინოკრიტიკოსების სიაში სწორედ ეს ორი ფილმი ლიდერობს, ერთნაირი ქულებით – 2.8 5-დან, რაც დამეთანხმებით,  არცთუ ისე შთამბეჭდავი რეიტინგია.

ბერლინალეს თითქმის ყველა რეჟისორი მიჰყვება ერთი და იმავე ხაზს, რომელიც ადამიანის უფლებების მნიშვნელობაზეა კონცენტრირებული და ამ დროს მათ თითქოს მიივიწყეს მთავარი ვნება – კინო. სამწუხაროა, თუმცა ფაქტია, რომ ფესტივალის დირექტორმა კოზლიკმა   ბერლინალეს ფესტივალი ამგვარი ფილმების კატალიზატორად აქცია.

ფესტივალზე  რამდენიმე ამაღელვებელი სტუმარიც იყო. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება კი კრისტიან ბეილიმ მოახდინა, რომელმაც მისთვის ჩვეული იუმორითა და სიმსუბუქით შეძლო პრესის სკეპტიციზმის განეიტრალება.

 

 

კონკურსგარეშე ნაჩვენები ადამ მაქკეის VICE იყო საუკეთესო ფილმი, რაც შეგეძლოთ გენახათ ბერლინის კინოფესტივალზე. პოლიტიკური დრამა, რომელიც გვიყვება ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას  ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის ისტორიას ვაშინგტონის ბიუროკრატიულ სისტემაში. ვფიქრობ, რომ კრისტიან ბეილის ეს არაჩვეულებრივი გარდასახვა საკმაოდ დაუფასებელი აღმოჩნდა ოქროს გლობუსსა თუ  BAFTA-ზე.

რამი მალეკის შესრულება ბოჰემურ რაფსოდიაში მხოლოდ ბავშვურ თამაშად  შეიძლება მოგვეჩვენოს კრისტიან ბეილის რთულ ფსიქოპორტრეტულ გარდასახვაში, სადაც ის დიკ ჩეინის განასახიერებს. ხოლო მასთან დუეტში შეუდარებელ ეფექტს ახდენს ემი ადამსი, სადაც სურათი  გარდა პოლიტიკური დრამისა, პერსონაჟების ფილმად იქცევა. აქ ნარატივს მუდმივად თან გასდევს გმირების მძაფრი, დატვირთული ფსიქოლოგიური დახასიათება, რაც შესანიშნავი მონტაჟისა თუ კამერის მოძრაობის ტექნიკით მნახველებს გულგრილს ნამდვილად არ დატოვებს.

ახლა კი  საკონკურსო ფილმებზე

ფრანსუა ოზონმა ფილმით By the Grace of God კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი გადადგა  და ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ისტორიით კვლავ სცადა კათოლიკური ეკლესიის შეჯანჯღარება. ფილმის მთავარ ისტორიას წარმოადგენს პედოფილიის თემა კათოლიკურ ეკლესიაში, რაც ერთგვარად ხდება მასტიმულირებელი ხდება – ჩვენ თვალწინ გადაშალოს მსხვერპლების ფსიქოლოგია.

 


რთულია წახვიდე ისეთი ძლევამოსილი ინსტიტუციის წინააღმდეგ, როგორიც კათოლიკური ეკლესიაა. ადგილი, სადაც ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ნეპოტიზმი და ბიუროკრატია სწორედ ისეა წარმოდგენილი, როგორც ის ახასიათებს ყველა იმ ინსტიტუციას, რომელიც ძალაუფლებისთვის იღვწის. ფაქტია, რომ ფრანსუა ოზონმა შეძლო მსგავსი ნარატივი ექცია კინემატოგრაფად, რაც სუნთქვასავით აუცილებელია დღევანდელი სამყაროსთვის.

ანალოგიურად, ეკლესიის კრიტიკა მძაფრად გვხვდება მაკედონიურ God Exists, Her Name Is Petrunija-ში.  ფემინისტური ნარატივებით გაჯერებულ ფილმში რეჟისორი ყურადღებას ამახვილებს რელიგიისა და პოლიტიკის მიერ დისკრედიტირებულ ქალებზე.

 

ის ხაზს უსვამს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად,  ქალების გარკვეული სილამაზის სტანდარტების ჩარჩოებში მოქცევა, მხოლოდ იმისთვის, რომ მუშაობა შეეძლოთ, ამ შემთხვევაში კი მათი პროფესიონალიზმი უკანა პლანზე ინაცვლებს. მოძრავი კამერა და ალმოდოვარისეული გავლენა ფილმს საინტერესოს ხდის. ვინაიდან რეჟისორი დამწყებია, იმედი გვაქვს კიდევ უამრავ საინტერესო ნამუშევარს შემოგვთავაზებს და მხოლოდ ამ ფილმით არ შემოიფარგლება.

ახლა კი მოემზადეთ და ვისაც სუსტი ნერვები გაქვთ, გირჩევთ, არასდროს ნახოთ ფატიჰ აქინის “ოქროს ხელთათმანი”. ისტორია მოგვითხრობს სერიულ მკვლელზე, თუმცა ის განსაკუთრებული ნარატივის მატარებელი არ არის.

 

თუ ლარს ფონ ტრიერი თავის  უკანასკნელ ფილმში – “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა”, უბრალოდ დასცინის მაყურებელს, არც ფატიჰ აქინი რჩება ვალში. კიდევ კარგი ეს  გაცილებით მცირემეტრაჟიანია, ვიდრე ტრიერის სამსაათიანი ფილმი.

 

მონღოლურმა ფილმმა ONDOG-მა მაყურებლის  ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. პოეტური კინოს ელემენტებით გაჯერებული, თბილ, პასტელის ფერებში გადაწყვეტილი ისტორია, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა ნოველას მოიცავს, ძალიან საინტერესო და ლამაზი სანახავია, რომელიც ერთხელ მაინც  აუცილებლად უნდა ნახოთ დიდ ეკრანზე.

თუმცა, სამწუხაროდ, ფესტივალის პროგრამას თავად ქალაქმა და რამდენიმე სტუმარმა აჯობა, მაგალითად, ჯონა ჰილმა. მისი საოცარი იუმორი ალბათ მის მიერ შექმნილი ფილმების წარმატების ერთ-ერთი გასაღები გახდება, თუ არ შეწყვეტს მუშაობას და შემოგვთავაზებს უკეთეს და უკეთეს ფილმებს, მაგალითად, როგორიცაა მისი ბოლო სურათი  Mid90`s.


 

იმედს ვიტოვებ, ფესტივალი,  დირექტორ კოზლიკის გადადგომასთან ერთად, ფორმას შეიცვლის და მომავალში  ახალი სულისკვეთებითა და ახალი სისხლით მაყურებელს უფრო და უფრო საინტერესო პროგრამას შესთავაზებს.

 


რეკომენდებული სტატიები
ბერლინალე 2019 - "ადამიანურობა, როგორც პოლიტიკური მდგომარეობა"

ბერლინალე 2019 - "ადამიანურობა, როგორც პოლიტიკური მდგომარეობა"

ბერლინალე 2019 - "ადამიანურობა, როგორც პოლიტიკური მდგომარეობა"
7 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი ისევ მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა. ფესტივალის გახსნაზე ჟიურის ხელმძღვანელმა ჟულიეტ ბინოშმა რამდენიმე განცხადება გააკეთა
2018 წლის 7 საუკეთესო ფილმი „ბერლინალეს“ კრიტიკოსების მიხედვით

2018 წლის 7 საუკეთესო ფილმი „ბერლინალეს“ კრიტიკოსების მიხედვით

2018 წლის 7 საუკეთესო ფილმი „ბერლინალეს“ კრიტიკოსების მიხედვით
ფილმები, რომლებიც გასული კვირის მანძილზე ყველაზე ხშირად სახელდებოდა „ბერლინალეს“ კინოფესტივალის ტოპ 10-ებში
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.