fbpx

ჩემპიონთა ლიგა – პარიზული მასტერკლასი “მანჩესტერ იუნაიტედს”


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ფეხბურთის სტაჟიანმა გულშემატკივარმა ჩემპიონთა ლიგის არაერთი გამორჩეული თამაში შეიძლება გაიხსენოს, მაგრამ ის, რაც გასულ სამშაბათს “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ თავზე გამოსცადა, კიდევ კარგა ხანს ემახსოვრებათ ამ სახელოვანი კლუბის ქომაგებს.

თუკი თვალს გადავავლებთ მანჩესტერელთა სერ ალექს ფერგიუსონის მოღვაწეობის და განსაკუთრებით მის შემდგომ პერიოდს, ბუნებრივია, რომ, სხვა ნებისმიერი სუპერკლუბის მსგავსად, წარმატებებთან ერთად, ფიასკოებსაც მრავლად აღმოვაჩენთ.

“მანჩესტერ იუნაიტედი” 2009 და 2011 წლებში ორივეჯერ დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონასთან”, მაგრამ პეპ გვარდიოლას გაწვრთნილი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ გუნდი იბრძოდა, მომენტებს ქმნიდა და ამ შეხვედრებში ერთი გოლის გატანას მაინც ახერხებდა…

შეძლებს ოლე გუნარ სულშერის გუნდი მეტოქის კარის დალაშქვრას გასვლით მატჩში “პარი სენ ჟერმენთან”, რომლის წინააღმდეგაც საკუთარ “ოლდ ტრაფორდზე” ერთი საგოლე მომენტიც ვერ შექმნა?

მანჩესტერელთა ბოლოდროინდელი წარმატებები ხომ საყოველთაოდ ცნობილია. ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ, გუნდმა პრემიერლიგაში და თასზე ჯამში ათი თამაში მოიგო, ერთიც ფრედ დაასრულა და “პარი სენ ჟერმენთან” შეხვედრას განსაკუთრებული შემართებით შეხვდა, რადგან უშუალოდ პარიზელებთან მატჩის წინ, პრემიერლიგის გათამაშების სატურნირო ცხრილში, ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა. ასეთ რამეს კი სულ რაღაც ორიოდე თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა!

“პარი სენ ჟერმენი” მოწინააღმდეგის ამგვარ შემართებას, ნეიმართან ერთად, კავანის ტრავმით დაუპირისპირდა. ამიტომ ფეხბურთის მრავალი ნეიტრალური გულშემატკივრისთვის წყვილში ფავორიტად ინგლისური კლუბი იქცა.  

სინამდვილეში კი საქმე თურმე სხვაგვარად ყოფილა, რადგან  ბუნდესლიგაში გამობრძმედილმა თომას ტუხელმა ნამდვილი სამწვრთნელო მასტერკლასი ჩაუტარა ოლე გუნარ სულშერს.

ნორვეგიელი სპეციალისტი ასაკის მიუხედავად, დღემდე ინარჩუნებს პატარა ბიჭის იერს, რომელზეც მატჩის მსვლელობიდან გამომდინარე, გარდაუვალი მარცხის მიუხედავად, ერთხელაც არ აღბეჭდილა მოურინიოსთვის დამახასიათებელი პირქუში გამომეტყველება.

სულშერი საკმაოდ ჩაფიქრებული “პარი სენ ჟერმენის” “ლიონის” წინააღმდეგ მატჩზე ჩანდა, როდესაც ორი კვირის წინ, მომავალ მეტოქეს დასაზვერად ეწვია საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაზე.

როგორც ჩანს, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფორვარდმა იგრძნო, რომ რაღაცას უმალავდნენ. მაგრამ რას? ალბათ იმას, რაც მთელი მსოფლიოს გულშემატკივრებმა იხილეს გასულ სამშაბათს.

ორიოდე სიტყვით თუკი შემოვიფარგლებით, გერმანელმა მწვრთნელმა თავის ნორვეგიელ კოლეგას შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე აგრძნობინა, რომ რეაქტიული სისწრაფეებით მას ვერ გააკვირვებ, ფსიქოლოგიურად უაღრესად გაწონასწორებულია და კარში თვით საფეხბურთო ენციკლოპედია ბუფონი ჰყავს, რომელსაც საჭირობის შემთხვევაში მისი ბიჭები რაშფორდს, პოგბას და მათ თანაგუნდელებს არც მიაკარებენ…

როგორ არ გავიხსენოთ აქვე რაიან გიგზის შარშანდელი გამონათქვამი – რაშფორდი მბაპეს არაფრით ჩამოუვარდებაო…

მატჩის პირველივე წუთებიდან მასპინძლები ეცადნენ, რომ დაბნევის მიზნით, მეტოქისთვის თავბრუდამხვევი ტემპი შეეთავაზებინათ. ამგვარ მცდელობას „პარი სენ ჟერმენმა“ სიმშვიდით უპასუხა და პირიქით, თამაშის საკუთარი რიტმი მოახვია თავს მასპინძლებს.

მეორე ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში კი მატჩის გმირმა ანხელ დი მარიამ და მისმა თანაგუნდელებმა ორმოცამდე პასი მიაწოდეს ერთმანეთს, ისე რომ, “მანჩესტერ იუნაიტედი” ბურთს საერთოდ არ შეხებია. 0:1-ის დროს ასეთი დამცირება კი მასპინძლებისთვის მალე მატჩის საბოლოო შედეგის – 0:2-ის მომასწავებლად იქცა.

თუკი “პარი სენ ჟერმენმა” სრულიად ლოგიკურად დაამარცხა “მანჩესტერ იუნაიტედი”, ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი წლის უცვლელი ტრიუმფატორი მადრიდის “რეალი” ამსტერდამის „აიაქსთან“ გასვლით შეხვედრაში საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. მიუხედავად ამისა, აღმავლობის გზაზე მყოფმა “სამეფო კლუბმა” ვერ ვიტყვით, რომ დაუმსახურებლად გაიმარჯვა.

 

„რეალის“ ფეხბურთელები გამარჯვებას ზეიმობენ “აიაქსთან” შეხვედრაში

 

საკმაოდ უცნაური გამოდგა “ტოტენჰემისა” და “დორტმუნდის” დაპირისპირება, რადგან იშვიათია, რომ გერმანული კლუბი დიდი ანგარიშით აგებდეს მაშინ, როდესაც თამაშის ხასიათიდან გამომდინარე, ამას არ იმსახურებს.

ამ მატჩს ორივე გუნდი სერიოზული დანაკლისით შეხვდა. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ მარკო როისის არყოფნის გამო გერმანელები დაიჩაგრნენ.

უბრალოდ გამოჩნდა, რომ დღესდღეობით “დორტმუნდის” ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილის სათავეში ყოფნა არა მისი სიძლიერის, არამედ მიუნხენის “ბაიერნის” დასუსტების შედეგია.

 

„ტოტენჰემმა“ დორტმუნდის „ბორუსია“ დიდი ანგარიშით დაამარცხა

 

როგორია “რეკორდმაისტერის” შანსი პრემიერლიგის ამჟამინდელი ლიდერის – “ლივერპულის” წინააღმდეგ მატჩში?

რა თქმა უნდა, ნებისმიერი შედეგია მოსალოდნელი. ალბათ არც ის უნდა გაგვიკვირდეს, იურგენ კლოპის ძლევამოსილმა გუნდმა დღევანდელი „ბაიერნი“ შედარებით იოლად რომ დაამარცხოს და არც ის, “ბაიერნმა” თავისი წლის საუკეთესო მატჩი გამართოს და ინგლისელებთან გერმანული ფეხბურთის სახელით, “დორტმუნდის” მარცხზე შური იძიოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მერვედფინალურ ეტაპზე სამივე ინგლისურ-გერმანული წყვილიდან, გერმანელების გამოვარდნის საშიშროება იქმნება, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ “შალკემ” “მანჩესტერ სიტის” ორრაუნდიან ბრძოლაში დამარცხება შეძლოს.

უაღრესად დიდ ინტერესს იწვევს “ატლეტიკოსა” და “იუვენტუსის” დაპირისპირება. მადრიდული კლუბის დაცვითი ხაზი ამ ბოლო ხანს საკმაოდ შეარყია “რეალმა”, რომელმაც თანაქალაქური კლუბი მისივე მოედანზე სამი გოლით დაასაჩუქრა.

სამი ბურთის გაშვება კი დიეგო სიმეონეს საფუძვლიანი ფიქრისკენ მოუწოდებს, რადგან „ატლეტიკო“ არაა „რეალი“ და „ბარსელონა“, თვითონაც რომ ბევრი გაჰქონდეს და ზოგჯერ თავს გოლების გაშვების უფლებასაც აძლევდეს ხოლმე.   

„ატლეტიკოს“ ძლევამოსილი მეტოქე – ტურინის „იუვენტუსი“ კი, სავსებით რეალურად, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის მოგების ერთ-ერთ უმთავრეს კანდიდატად  მიიჩნევა.

მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილი „ბებერი ქალბატონი“ გარდა იმისა, რომ უკანასკნელ წლებში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ტურნირის ორგზის ფინალისტია, წლეულს უკვე ნამდვილად აღარ ხუმრობს, რადგან შემადგენლობაში გამარჯვების სიმბოლო, ამ პრიზის უკანასკნელი სამი წლის მფლობელი – კრიშტიანუ რონალდუ ჰყავს.

პორტუგალიელს კი შესანიშნავი ადაპტაცია გამოუვიდა იტალიის ბოლოდროინდელი უცვლელი ჩემპიონის შემადგენლობაში და „იუვენტუსის“ მიერ „ატლეტიკოს“ ძლევის შემთხვევაში, სავარაუდოდ, იგი „ბარსელონასთან“ შეხვედრას ისურვებს, რადგან სხვაგვარად ლიონელ მესისთან მისი დაპირისპირება უკვე წარმოუდგენელია…

დღესდღეობით ამაზე ფიქრი, რა თქმა უნდა, ნაადრევია. მაგრამ „ბარსელონას“ „ლიონთან“ გავარდნით, ჩემპიონთა ლიგის სანახაობრივი მხარე რომ წააგებს, ამის ნათელი მაგალითი კატალონიური კლუბის შარშანდელი ფიასკოა „რომასთან“, რომელმაც ნახევარფინალში ასპარეზობით ვერაფერი შემატა ტურნირს.

 

„რომას“ ნახევარმცველმა ნიკოლო ზანიოლომ ანგარიში გახსნა „პორტოსთან“ შეხვედრაში

 

აი „რომა“ – „პორტოს“ წყვილში გამარჯვებულს კი მეოთხედფინალში მეტოქედ ლიგის მოგების თითოეული ფავორიტი ისურვებდა, რადგან როგორც იტალიურ, ასევე პორტუგალიურ გუნდს სჩვევია ტურნირის დასკვნით ეტაპზე დიდი ანგარიშით წაგება…

პირველი რაუნდის შემდეგ კი მცირე უპირატესობა ალბათ პორტუგალიელებს უნდა მივანიჭოთ, რადგან მათ მეტოქის მინდორზე გატანილ გოლთან ერთად, ზურგს უმაგრებს ამ ტურნირზე მონაწილეობის უფრო დიდი გამოცდილება და მისი ორჯერ მოგება.

 


რეკომენდებული სტატიები
ჩემპიონთა ლიგა - მერვედფინალების მოლოდინში

ჩემპიონთა ლიგა - მერვედფინალების მოლოდინში

ჩემპიონთა ლიგა - მერვედფინალების მოლოდინში
ფეხბურთის მოყვარულებისთვის თებერვალი განსაკუთრებულია, რადგან ამ დროს საუკეთესო გუნდები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე უპირისპირდებიან ხოლმე ერთმანეთს და იწყება დასკვნითი ბრძოლა მათ შორის უძლიერესის გამოსავლენად
ევროპის ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარული მწვრთნელები

ევროპის ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარული მწვრთნელები

ევროპის ჩემპიონთა ლიგის ლეგენდარული მწვრთნელები
ამ კვირის საფეხბურთო სტატია ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელების შესახებაა,  ოღონდ, სანამ მათზე გადავალთ, ჯერ გავიხსენოთ წლევანდელი სეზონის ფავორიტი გუნდები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.