ხშირად დასმული კითხვები


გააზიარე სტატია

 

“ლესელიძის ქუჩა თბილისის ტურისტული ხერხემალია, და რაც აქ ხდება, არის დანაშაული”, – ხშირად ამბობს ხოლმე ნიკა, 32 წლის არქიტექტორი, რომელიც საქართველოში ორიოდე წლის წინ დაბრუნდა და გადაწყვიტა, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეცვალოს.

ცნობილი გამოთქმის თანახმად, რაიმეს შეცვლა თუ გინდა, საკუთარი გარემოდან უნდა დაიწყოო, ასე, ორი წლის წინ, ნიკამ თავისი სახლის ქვემოთ, ლესელიძისა და ყავლაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე არქიტექტურული ბიურო გახსნა. ერთი წლის შემდეგ კი მხატვრებთან – მარიამ ნატროშვილთან და დეთუ ჯინჭარაძესთან ერთად სიტყვების მაღაზია “ხშირად დასმული კითხვები” გააკეთა.

ასე დაემატა თბილისს და მის მთავარ ტურისტულ ქუჩას ორი კეთილშობილური ადგილი და ორივე მათგანი  სტამბოლის ისთიქლალის ჯოჯოხეთურ ვერსიად ქცეულ ლესელიძეზე ცოტა მგრძნობიარე ადამიანს გადარჩენაში დაგეხმარება. როგორც მაქს მაჩაიძე ამბობს, თბილისი უდაბნოსა და რამდენიმე ოაზისისგან შედგება. ჩვენი აქ ცხოვრებაც ოაზისიდან ოაზისში გადარბენაა და ვცდილობთ, რომ მის გარეთ არ გავიხედოთ.

 

ლესელიძის ოაზისების ჯაჭვი სნობთათვის, ზემოდან ქვემოთ: Timm Architects > ხშირად დასმული კითხვები > დოთსი > მატერია > ავთანდილი > მულენ ელექტრიკი > ვინოთეკა > ლუკა პოლარე > ჯაზ კაფე სინგერი – ეს ყველაფერი მეიდანზე თავდება კაფე “ტარტინით”.

ვეცდები, ისევ “ხშირად დასმულ კითხვებს” დავუბრუნდე, რადგან ეს სტატია მასზეა და არა ლესელიძის ქუჩაზე, რომელსაც ეს სახელი აღარც კი ჰქვია, თუმცა ისევ ასე მოვიხსენიებთ ადგილობრივები.

 

ხდკ, ანუ FAQ

 

 

ნიკა დეთუმ და მარიამმა წლების წინ სტამბოლში გაიცნეს. რამდენიმე ერთობლივი პროექტის მცდელობის შემდეგ მოიფიქრეს, რომ მაღაზია გაეკეთებინათ. ფართი ნიკას ჰქონდა, სადაც იმდროისთვის სილამაზის სალონი ფუნქციონირებდა.

“ნიკამ შექმნა გარემო ამ სიტყვებისთვის, ისეთივე გარემო, როგორიც ყდაა წიგნისთვის, სადაც შეკითხვებია დასმული, – ამბობს მარიამი. – შეკითხვის დასმა ხელოვნებაშიც და არქიტექტურაშიც ძალიან მნიშვნელოვანია.”

 

 

მარიამი:

“ეს სიტყვების მაღაზიაა, აქ ყველაფერი არის აწყობილი სიტყვებზე. ყველაფერი, რაც აქ იყიდება, ამბავს ჰყვება.

ხშირად დასმული კითხვები ისინია, რაც ამ მაღაზიაშია. მე კითხვებს არ ველოდები, მე თვითონ ვსვამ კითხვებს.

ვერიდები გაცვეთილ, ყოველდღიურ სიტყვებს, ცაში გამოკერებულები მირჩევნია.

ეს  პროექტი  2015 წელს დავიწყეთ, საშინაო დავალება ერქვა. დაიწყო ირინა პოპიაშვილის ვიტრინაში, მერე იყო ბილბორდზე “დრო”, “ხვალ” – მაზნიაშვილის ქუჩაზე და მერე ბევრ სხვა ადგილებში.

როცა ქართული სიტყვების ასე წერა დავიწყეთ, აღმოვაჩინე, რომ ამ სიტყვებს თან ვერ ატარებ. მერე მომინდა, რომ სიტყვები სამკაულებად გამეკეთებინა და მეტარებინა.

მერე აღმოჩნდა, რომ…  “რა მაგარია!”, მერე მეგობრებსაც მოეწონათ და სერიულად კეთება დავიწყეთ.

ჩვენ ვარჩევთ სიტყვებს, რომელიც არ იხატება: “დრო”, “სულ”, “მერე რა”, “ხვალ” და ა.შ.

სცადე დროის დახატვა, ხომ ვერ დახატავ? ერთადერთი გზა არის მისი სიტყვით გადმოცემა. შრიფტი დეთუმ დახატა და ამ სიტყვებს ამ შრიფტით ვაკეთებთ.

სიტყვა ვერცხლია, დუმილი – ოქრო, ამიტომ მასალაზე არც გვიფიქრია. არის ოქროს “დუმილი” და ყველა სხვა სიტყვა ვერცხლის.”

 

 

1001 ღამე

“ჩემთვის სამკაული პირველ რიგში თილისმაა. ამ სამკაულებს ყველას თავისი თვისება აქვს, ზოგი ავი თვალისგან იცავს, ზოგი ვირუსისგან, გნებავთ დაჰაკვისგან.

1001 ღამე ზღაპრული თილისმების სერიაა, ერთი ამბავია, რომელიც მოვყევით დასაწყისად. ამ სერიაში ნახავთ ვარსკვლავებს, მთვარეს და სხვა ძლიერ მცველ სიმბოლოებს.

ქართული მითოლოგიის მიხედვით, თუ იბადებოდა ღმერთი ან გმირი, მას სხეულზე ჰქონდა “ნაწილი”, რომელზეც გამოსახული იყო მზე, მთვარე ან ვარსკვლავები, რომლებიც მას იცავდნენ. ციური სხეულები ჰქონდა გამოსახული ტანზე ამირანსაც.

მნათობები არიან ძლიერი მცველები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენს მითოლოგიაში, არამედ  სხვაგანაც გვხვდება. მათ გარდა, ამ სერიაში არის ხელი – დასაწყისის სიმბოლო, ადამიანი, რომლის გარშემო ვითარდება მთელი ეს ისტორია. ჩიტი, მცველი, რომელიც არც მიწას ეკუთვნის და არც ცას, რომელსაც ცის ამბავი მიწაზე მოაქვს, ხოლო მიწისა  ცას მიაქვს.”

 

 

სვლა ლექსებამდე

აბსტრაქტული სიტყვებიდან შემდეგ პოეზიაზე გადავედით. გავაკეთეთ მაისურები გალაკტიონის ფრაზებით.

გალაკტიონის სერიაშიც სიტყვები ლექსებად იქცა. აქ მაისურებს სათაურები აწერია და როცა ის მაცვია, თავად ვგრძნობ ლექსად თავს.

სიტყვებს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არტისტზე მეტად მწერალი ვარ, ოღონდ ფურცლების ნაცვლად კედლებზე ვწერ, სქელტანიანი წიგნების ნაცვლად კი – წინადადებს ან მხოლოდ სიტყვებს.

 

 

არაფერი უსიტყვო

“ყველაფერი, რაც მაღაზიაში იყიდება, არის სიტყვასთან დაკავშირებული. გვქონდა და ისევ, ოღონდ შეცვლილი სახით ვაკეთებთ პერანგების და ჟილეტების სერიას, რომელსაც შელოცვები და ავგაროზები ექნება ამოქარგული. ასეთი “ჯავშანჟილეტები” ქართველ მეფეებს ეცვათ საჭურველის შიგნით,  შელოცვები მათ მტრის იარაღისგან იცავდა.

ასეთი  პროექტი პირველად რაჭაში, კოტე ჯინჭარაძის რეზიდენციაში გავაკეთეთ. შელოცვები იქვე, სოფელში მოვაგროვე იქაური მოხუცებისგან და პერანგს დავაქარგეთ.

ამგვარი რამეები მალე “ხშირად დასმულ კითხვებშიც” გაჩნდება.

ბევრი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც სიტყვებს ჩვენი მივაძვით  იყენებს. ამაზე არ ვეჭვიანობ, გულში მსიამოვნებს, რომ ვიღაცისთვის შთაგონების წყარო გავხდით”.

 

 

ნიკა:

“გაცილებით საინტერესოა, როცა რაღაცას აკეთებ და არ იცი რა შედეგი ექნება. როცა პასუხები წინასწარ იცი, მუშაობა არაა საინტერესო. აქ ყველაფერი ექსპერიმენტია. როცა ეს ექსპერიმენტი შედეგს იძლევა, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გაძლევს.

მარიამი და დეთუ არიან მხატვრები, რომლებმაც თავიანთი საქმე გადაიტანეს სხვა სიბრტყეში. ახლა ვიღაც სხვებიც გაჩნდებიან და ეს ძალიან კარგია. მიხარია, რომ ჩემმა მეგობრებმა დაიწყეს ეს ყველაფერი. ჩემთვის, როგორც არქიტექტორისთვის, მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო და შთამაგონებელია.

ვფიქრობ, ჩვენი მიდგომა, რომ ამ საქმეს პირველ რიგში სიამოვნებისთვის, საექსპოზიციოდ ვაკეთებთ და არა ფულისთვის, ამართლებს.”

მაღაზია “ხშირად დასმული კითხვები” კოტე აფხაზისა და ყავლაშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს.

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.