თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალი თებერვლის ბოლოს გაიხსნება


გააზიარე სტატია

 

28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თბილისი რიგით 22-ე ფესტივალს უმასპინძლებს. ჯაზ-ფესტივალზე მსმენელს განსაკუთრებული პატივი ერგება – ქალაქს დიდი ხნის სასურველი სტუმარი პეტ მეთინი ეწვევა.  თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – მუსიკალური ღონისძიებების სერია 28 თებერვალს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ახალი პროექტით  – Tbilisi Big-Band & New Jazz Generation დაიწყება, რაც ძველი და ახალი თაობის ჯაზ-მუსიკოსების შეხვედრას გულისხმობს.

ფესტივალზე  ასევე მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, თბილისის მერიის ბიგ-ბენდი და კონსერვატორიის ჯაზის ფაკულტეტის სტუდენტები რევაზ კიკნაძის ხელმძღვანელობით.

1 მარტს ივენთ ჰოლის სცენას ლეგენდარული ჯაზ-გიტარისტი მუსიკოს დერეკ ოლეჟკიევიჩთან და ჯონათან ბარბერთან ერთად დაიკავებს. მომდევნო, ფესტივალის დახურვის დღეს კი თბილისის საკონცერტო დარბაზში პეტ მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი შედგება.

 

 

ამ პროექტის ფარგლებში პეთ მეთინი მსმენელის წინაშე პროექტით – Missouri Skies and More წარდგება.  ჩვენ საკულტო არტისტის მრავალფეროვანი ბიოგრაფიის რამდენიმე საინტერესო პასაჟს წარმოგიდგენთ.

 

პირველი  ნაბიჯი

პეტ მეთინი აღნიშნავს, რომ პირველი ჩანაწერი, რომელიც 11 წლის ასაკში მის ხელში აღმოჩნდა, Miles Davis-ის მერვე სტუდიური ალბომი Seven Steps to Heaven იყო. როგორც მუსიკოსი იხსენებს, ეს იღბლიანი შემთხვევა მის უფროს ძმას, მაიკს უკავშირდება, რომელმაც ალბომი სახლში მოიტანა: “ყოველთვის მესმოდა, რომ ჯაზი ისეთი რამეა, რაც უნდა ისწავლო, გემოვნება უნდა განივითარო და ასე შემდეგ, ბლა ბლა ბლა. თუმცა, 11 წლის ასაკშიც კი, ამ ჩანაწერის პირველი 30 წამის მოსმენაც საკმარისი აღმოჩნდა, რათა გამეცნობიერებინა, რომ მთელ ცხოვრებას ამას მივუძღვნიდი”. ადრეულ ასაკში მაილსის შემოქმედებიდან მისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი ლაივ ალბომი Four & More იყო. თუმცა, გარდა ამისა, როგორც თვითონ ამბობს, პეტის შემოქმედებაზე ყველაზე დიდი გავლენა Beatles-მა და Wes Montgomery-მა მოახდინეს.

 

 

სხვათა შორის, წლების შემდეგ ძმებმა მეთინებმა ალბომებზე  – Day In – Night Out (1986) and Close Enough for Love (2001) ერთობლივად იმუშავეს.

 

პირველი ალბომი

1975 წელს, 21 წლის ასაკში, არტისტმა თავისი სადებიუტო ალბომის, Bright Size Life-ის ჩაწერა დაასრულა, რომლის ფარგლებშიც მან Jaco Pastorius-თან და Bob Moses-თან ითანამშრომლა.

 

 

კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ პირველ ჩანაწერშიც კი შეიმჩნეოდა გარკვეული რევოლუციური ნაბიჯები, რომელიც ჯაზის სახელმძღვანელოებშიც ჯერ კიდევ არ იყო ჩაწერილი. შესაბამისად, მაშინდელი ამერიკული ჯაზის ტრადიციისთვის უცხო, ჰარმონიული ელემენტების დამკვიდრებაში პეტ მეთინს ძალიან დიდი როლი მიუძღვის.

 

 

2005 წელს Columbia Records-მა კომპილაცია Progressions: 100 Years Of Jazz Guitar გამოსცა, სადაც  ამ ალბომის პირველი სინგლი ფიგურირებს. მოგვიანებით იგივე კომპოზიცია ასევე მოხვდა 6-დისკიან კრებულში – Jazz: The Smithsonian Anthology.


პირველი ბენდი

სოლო კარიერის პარალელურად, 1977 წელს ამერიკელმა მუსიკოსმა ბენდი Pat Metheny Group დააფუძნა, რომელიც მისი ყველაზე წარმატებული კოლაბორაციული პროექტია.  მან ბენდი Lyle Mays-თან ერთად ჩამოაყალიბა, რომელიც პეტს სოლო ალბომის – Watercolors-ის შექმნაშიც ეხმარებოდა. 1978 წლიდან დღემდე Pat Metheny Group-ის სახელით 11 სტუდიური და 2 ლაივი ალბომი გამოიცა – კატალოგმა ბენდს საბოლოოდ  4 სხვადასხვა კატეგორიაში 10 გრემის ჯილდო მოუტანა.


 

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრები პერიოდულად იცვლებოდნენ,  Pat Metheny და Lyle Mays ყოველთვის პროექტის უცვლელი მონაწილეები იყვნენ. ჯგუფის ყველაზე სტაჟიან წევრებს შორის კი სტივ როდბი და პოლ ვერტიკო სახელდებიან.  ეს უკანასკნელი კოლექტივთან ერთად 18 წლის განმავლობაში უკრავდა, ხოლო სტივი მათ 1981 წელს შეუერთდა და დღემდე აქტიურ წევრად რჩება.

 

პირველი გრემი

36 გრემის ნომინაცია და 20 გრემის ჯილდო თავის სათქმელს უკვე ამბობს – პეტ მეთინი ჯაზის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი მუსიკოსია. პირველი ნომინაცია და ჯილდო კი მან Pat Metheny Group-ის ფარგლებში 1983 წელს ალბომისთვის – Offramp მიიღო, ნომინაციაში წლის საუკეთესო ჯაზ-ფიუჟენ შესრულება.

 

არტისტმა პირველად სწორედ ამ ალბომის ჩაწერისას გამოიყენა სინთეზატორი  Roland GR-300, რომელიც მისი მომდევნო ნამუშევრების უცვლელ კომპონენტად იქცა.

 


Offramp ასევე პირველი ალბომი იყო, სადაც ბენდი ვოკალზე განსაკუთრებული აქცენტით გამოირჩა. საინტერესოა, რომ Offramp გრემის გარდა ფლეიბოიმაც გამოარჩია, როგორც მათი მკითხველების საყვარელი ჯაზ-ალბომი.

 

პირველი ვიზიტი თბილისში

პეტ მეთინის თბილისში ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავი არ არის – მისი ჩამოყვანა წლების განმავლობაში იგეგმებოდა, თუმცა გარკვეული წინაღობების გამო  ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. თბილისის 22-ე ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში კი ეს შესაძლებელი გახდა და უფრო მეტიც – ცოცხალი ლეგენდა თბილისში ორ კონცერტს გამართავს  – ერთს თავის ტრიოსთან, მეორეს კი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.

პეტ მეთინის სტატუსისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ერთი ფესტივალის ფარგლებში მისი ორჯერ მოსმენის შესაძლებლობა ნამდვილად უნიკალური შემთხვევაა. ამიტომ თბილისის ჯაზ-ფესტივალისთვის წლევანდელი ღონისძიება შეიძლება ისტორიულადაც კი ჩაითვალოს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.