ლეგენდარული ფოტოს გმირი კვირას გარდაიცვალა
ავტორები: დენიელ ე. სლოტნიკი / კიტი ბენეტი
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფოტოზე ასახული მეზღვაური – ჯორჯ მენდონსა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასასრულს თაიმს სკვერზე გადაღებულ სურათში მედდას კოცნის, და რომელიც ეროვნული ზეიმის სიმბოლოდ იქცა, კვირას, როდ აილენდზე, მოხუცებულთა სახლში, 95 წლისა გარდაიცვალა.
ალფრედ ეიზენშტაედტის მიერ 1945 წლის 14 აგვისტოს ჟურნალ LIFE-ისთვის გადაღებული ფოტო ასახავს მომენტს, როცა საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია იაპონიის კაპიტულაციის შესახებ. თაიმს სკვერი გაივსო მოზეიმე ხალხით, და ეიზენშტაედტის კამერამ დააფიქსირა უნიფორმაში გამოწყობილი მეზღვაური, რომელმაც ხელი დაავლო მედდის ფორმაში ჩაცმულ ქალს, უკან გადახარა და ვნებიანად აკოცა. ეს ორი ანონიმური ადამიანი განასახიერებდა იმ მომენტის სიხარულს და ის ჟურნალ LIFE-ის მთლიან გვერდზე დაიბეჭდა.
ეიზენშტაედტს არ ჩაუწერია შემთხვევითი წყვილის სახელები. მათი ვინაობა დიდი ხნის განმავლობაში დავის საგანი იყო. სამი ქალი აცხადებდა დასაბუთებულ პრეტენზიებს, რომ ფოტოზე სწორედ ისინი იყვნენ გამოსახული, მაგრამ საგნის კარგად შესწავლის შემდეგ შედგა კონსენსუსი, რომ ფოტოზე გამოსახული მედდა გრეტა ფრიდმანი იყო.
1980 წელს LIFE-მა ისტორიული ფოტო კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა და უცნობ მეზღვაურს გამოხმაურებისკენ მოუწოდა. განცხადებას ათობით მამაკაცი გამოეხმაურა, რომელთაგან 11 დამაჯერებელ არგუმენტებს ასახელებდა თავისი ვერსიის სასარგებლოდ, თუმცა, მათგან ერთ-ერთი – მისტერ მენდონსა განსაკუთრებული შეუპოვრობით გამოირჩეოდა. მან 1980 წელსვე უჩივლა ჟურნალს ცნობილ ფოტოსთან მისი კავშირის არდადასტურების გამო, თუმცა ამ სარჩელს შედეგი არ მოჰყოლია.
“რამდენ ადამიანს შეუძლია თქვას, რომ ცხოვრებაში რამე საყოველთაოდ ცნობილი გააკეთა? – იკითხა მენდონსამ 1995 წელს ჩაწერილ ინტერვიუში. – არ არსებობს დედამიწაზე მეზღვაური, ვინც მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა, და არ უნატრია, რომ ამ ფოტოზე სწორედ ის ყოფილიყო გამოსახული. მე არ მაინტერესებს არანაირი ფინანსური გამორჩენა. მე უბრალოდ აღიარებისთვის ვიბრძვი.”
ეს აღიარება მენდონსამ საბოლოოდ მაინც მიიღო – ხანგრძლივი ტესტების შედეგად. 2005 წელს შეადგინეს მისი სახის კომპიუტერული მოდელი და “გაახალგაზრდავების სიმულაციის” მიხედვით დაადასტურეს, რომ ის ზუსტად ემთხვეოდა ფოტოზე ასახული მეზღვაურის სახეს. რამდენიმე წლის შემდეგ კრიმინალურმა ექსპერტმა ნორმან საუერმა მიჩიგანის უნივერსიტეტიდან გააანალიზა ფოტო და განაცხადა, რომ ვერ აღმოაჩინა ვერც ერთი სხვაობა მისტერ მენდონსასა და მეზღვაურის სახეებს შორის.
თუმცა, ამ აღიარების ფასეულობა ზოგიერთისთვის მაინც საეჭვო იყო, რადგან, როგორც 2014 წელს ჟურნალ “ტაიმის” ვებსაიტზე გამოქვეყნებული სტატია ვარაუდობდა, “ბევრი ადამიანისთვის აღნიშნული ფოტო მეტი არაფერია, თუ არა საჯაროდ განხორციელებული სექსუალური ძალადობის დოკუმენტაცია, რაც საამაყო ნამდვილად არაა”.
“რეალურად ეს არც იყო კოცნა, ეს უფრო სიხარულის გამოხატვა იყო იმის გამო, რომ ის უკან – ომში აღარ უნდა დაბრუნებულიყო, როგორც შემდეგ გავიგე”, – თქვა მისის ფრიდმანმა (ყოფილმა მედდამ) 2005 წელს ვეტერანების პროექტისთვის ჩაწერილ ინტერვიუში. “მიზეზი, რომ მან ხელი წაავლო მედდის ფორმაში გამოწყობილ ქალს, მადლიერებას გამოხატავდა იმ მზრუნველობისთვის, რასაც მედდები დაჭრილების მიმართ იჩენდნენ.”
მისის ფრიდმანი და მისტერ მენდონსა 1980 წლიდან, შეხვედრის შემდეგ დამეგობრდნენ და იქიდან მოყოლებული, 2016 წელს, ფრიდმანის გარდაცვალებამდე, ერთმანეთთან ურთიერთობდნენ.
მისის ფრიდმანმა “ნეივი ტაიმსთან” ინტერვიუში 2012 წელს განაცხადა, რომ ის დღე იმდენად განსაკუთრებული იყო, რომ მისთვის სრულიად გასაგებია მისტერ მენდონსას აღტყინება. “არც კი მიფიქრია, რომ ვინმე ამას თავდასხმად აღიქვამდა, – თქვა მან, – ეს ბედნიერი დღე იყო”.
იმ დღეს შვებულებაში მყოფი მისტერ მენდონსა თავის შეყვარებულთან – რიტა პეტრისთან ერთად თაიმს სკვერზე გავიდა. ისინი შოუს უყურებდნენ, როცა ომის დასრულების შესახებ საჯაროდ გამოაცხადეს და ორივე სასწრაფოდ მახლობელი ბარისკენ გაეშურა. რიტა პეტრი სავარაუდოდ შეესწრო კოცნას, მაგრამ ამისთვის მნიშვნელობა არ მიუნიჭებია. ისინი 1946 წელს დაქორწინდნენ და სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მენდონსა მეთევზეობას დაუბრუნდა.
ორიგინალი: https://nytimes.com