კინოთეატრებში რუსულენოვან სეანსებზე რეაგირებისთვის პეტიცია ვრცელდება
კინოს სპეციალისტების ნაწილი საქართველოს მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მისამართით ღია წერილსა და საჯარო პეტიციას ავრცელებს, რომელშიც ადგილობრივ კინოთეატრებში, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, რუსულენოვანი ჩვენებების შეზღუდვას მოითხოვს.
ღია წერილში ვკითხულობთ:
ქართველი სინეასტების ღია წერილი ქართულ კინოთეატრებს, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას და განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტროს
ბოლო პერიოდში ქართულ კინოთეატრებში განსაკუთრებით გახშირდა რუსულად დუბლირებული ფილმები, ქართული სუბტიტრებისა და დუბლირების გარეშე. ენა, როგორც ცოცხალი ორგანიზმი უმნიშნელოვანეს როლს ასრულებს ერის განვითარებისთვის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც არის ასეთი სახიფათო მხოლოდ რუსულად დუბლირებული ფილმები.
ამავდროულად, ეს არის მავნებლობა კინემატოგრაფისთვის. ხმის დრამატურგია ფილმის ერთ-ერთი უმნიშნელოვანესი შემადგენელი ნაწილია მისი აღქმისთვის, რის შესაძლებლობასაც ქართული კინოთეატრების გვართმევენ დღესდღეისობით. მსგავსი აქტი შეიძლება ერის დეგრადაციის მცდელობადაც ჩავთვალოთ, განსაკუთრებით პერმანენტული ოკუპაციის ფონზე მეზობელი სახელმწიფოდან. ჯამში კინოთეატრებშარსებული დღევანდელი მდგომარეობა არამარტო პოლიტიკურია, არამედ არის საქართველოს კანონმდებლობის უგულვებელყოფა.
შეგახსენებთ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ ნაწილებს, სადაც საუბარია ზემოთ აღნიშნულ საკითხზე:
“კინოთეატრებში ფილმები ქართულად გახმოვანებული უნდა გადიოდეს, ან ორიგინალის ენაზე და ქართული ტიტრებით. ყველა სხვა ენაზე და მათ შორის რუსულად გახმოვანება (თუ ორიგინალი არ არის), თუნდაც ქართული სუბტიტრების დართვით, კანონით აკრძალულია (საქართველოს კანონი „ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“, მუხლი 51).
ამ მოთხოვნების დარღვევით ფილმის ჩვენებისთვის კანონი ითვალისწინებს კინოთეატრის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარით, ხოლო მესამედ და მეტჯერ ამ ქმედების ჩადენის შემთხვევაში – 10 000 ლარით დაჯარიმებას. (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 14410 მუხლი).
კინოდარბაზში ფილმის ჩვენებისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებენ და გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში სამართალდარღვევათა ოქმს ადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირები. დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება კი სასამართლოს ოქმის გადაგზავნიდან 7 დღის ვადაში გამოაქვს. (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, 239-ე მუხლის მე-10 პუნქტი და 208-ე მუხლი)
დაინტერესებულ პირს შეუძლია განცხადებით მიმართოს სამინისტროს და აცნობოს დარღვევის თაობაზე.”
სწორედ ამიტომ, სინეასტების გაერთიანებული მოძრაობა „სინეასტები“, მოუწოდებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ასევე კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყურადღება გაამახვილონ შექმნილ მდგომარეობაზე, რომელიც არამარტო პოლიტიკურია ქართველი მაყურებლისთვის, არამედ ეს არის კინოს კულტურის დისკრედიტაციის მცდელობა.
ფაქტია, როდესაც საკუთარ ქვეყანაში არ გაქვს ფილმის მშობლიურ ენაზე ყურების შესაძლებლობა ეს წამგებიანია როგორც ბიზნესისთვის, ასევე კინოინდუსტრიის განვითარებისთვის. გაერთიანებული მოძრაობა მოითხოვს ადრესატებისგან მოქმედებაში მოიყვანონ და აღასრულონ კანონი, რაც მათი პირდაპირი მოვალეობაა.
ჩვენ არ დავუშვებთ კინოს კულტურის სიკვდილს საქართველოში, ამიტომაც ველოდებით ხელისუფლების პასუხს გონივრულ ვადაში (2 კვირა), წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ პროტესტის გარკვეულ ფორმებს.
ამავდროულად გაეცანით პეტიციას და დაუჭირეთ მხარი კინოს განვითარებას საქართველოში: https://manifest.ge/main/item/2520
ხელმომწრები:
- ნინა გოჩიტაშვილი,
- გიორგი ჯავახიშვილი,
- თეო ხატიაშვილი,
- ალექსანდრე გაბელია,
- ნინო მხეიძე,
- გიორგი რაზმაძე,
- ბასა ხარაზი,
- ზამზა შოთა იმნაძე,
- ნენო ქავთარაძე,
- ნინია კაკაბაძე,
- ლევან აბდუშელიშვილი,
- ლევან ცხოვრებაძე,
- დავით დავითიანი,
- ნინი შველიძე