fbpx

ჩემპიონთა ლიგა – „ატლეტიკო“ არ ხუმრობს!


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ფეხბურთს არაპროგნოზირება მით უფრო საინტერესოს და დამაინტრიგებელს ხდის, ხოლო ფსევდო ჭეშმარიტება – „თუ ვერ გაიტან, გაგიტანენ“, საბოლოოდ გააქარწყლა მადრიდის „ატლეტიკოს“ დიდებულმა გამარჯვებამ ტურინის „იუვენტუსთან“ მატჩში, რომელშიც მასპინძლებმა გაფუჭებულ მომენტებს და არჩათვლილ ბურთს მატჩის მიწურულს ორი გატანილი გოლი მოაყოლეს.

გასულ ოთხშაბათს საკუთარ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ მადრიდის „ატლეტიკომ“ მართლაც საკვირველი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა იტალიის ბოლო პერიოდის უცვლელ ჩემპიონთან შეხვედრაში, რომელიც პირველ შეხვედრამდე ამ წყვილში ფავორიტად მოიაზრებოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, უაღრესად დახვეწილი დაცვითი ხაზის მქონე გუნდების პაექრობა უდიდეს ფსიქოლოგიურ ბრძოლაში გადაიზარდა, რომელშიც მასპინძლებს სტუმრებთან შედარებით მტკიცე ნებისყოფა და ნერვები აღმოაჩნდათ.

ნიშანდობლივია, რომ ამ მატჩში გოლების გატანა „ატლეტიკოს“ გამოცდილმა ურუგვაელმა მცველებმა – ხიმენესმა და დიეგო გოდინმა შეძლეს, რითაც მათ დიდი დარტყმა მიაყენეს დაცვის ცენტრში მოთამაშე თავიანთი იტალიელი კოლეგების, კიელინი-ბონუჩის ტანდემს.  

გოლის ავტორთა ვინაობა იმდენად მოულოდნელია, რამდენადაც მატჩის საბოლოო შედეგი, რომელიც საპასუხო შეხვედრის წინ კარგს არაფერს უქადის „ბებერ ქალბატონს“.

აბა აწი განსაჯონ ფეხბურთის ექსპერტებმა – ვის უფრო ძლიერი მცველები ჰყავს – „ატლეტიკოს“, თუ „იუვენტუსს“. ფაქტია, რომ იტალიელთაგან განსხვავებით ურუგვაელებმა ეს მატჩი უშეცდომოდ ჩაატარეს და სწორედ მათი განსაკუთრებული მებრძოლი სულისკვეთების მეშვეობით გაიმარჯვა მადრიდის „ატლეტიკომ“ ამ უმნიშვნელოვანეს მატჩში.

რა თქმა უნდა, განმეორებით შეხვედრაში იტალიელები ბოლომდე იბრძოლებენ და ფარ-ხმალს იოლად არ დაყრიან. თუმცა, მათთვის სავალალოდ უნდა აღინიშნოს, რომ მეტოქე ყველანაირად ეცდება არამცთუ ორბურთიანი უპირატესობის შენარჩუნებას, არამედ გოლის გატანასაც. კონტრშეტევების მოწყობა კი დიეგო სიმეონეს ბიჭებს ნამდვილად ეხერხებათ.

განმეორებითი მატჩის პროგნოზირების წინ გასათვალისწინებელია, რომ  დიეგო სიმეონეს მოსვლის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე, „ატლეტიკო“ მხოლოდ მადრიდის „რეალთან“ მატჩებში ეთიშება ასპარეზობას.

გავიხსენოთ, რომ „სამეფო კლუბმა“ მისი დამარცხება ორჯერ ფინალში და თითოჯერ მეოთხედფინალში და ნახევარფინალში შეძლო. „ატლეტიკომ“ ფიასკო მხოლოდ ერთხელ განიცადა, როდესაც შარშანდელ გათამაშებაში სენსაციურად ჯგუფში ჩარჩა.

წლეულს კი კლუბს საკუთარი გულშემატკივრის გახარების დიდებული შანსი ეძლევა, რადგან 1-ლ ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალს სწორედ რომ მისი მშობლიური სტადიონი – „ვანდა მეტროპოლიტანო“ უმასპინძლებს.

საკუთარ კედლებში ჩემპიონთა თასის აღმართვა კი მადრიდის „ატლეტიკოს“ თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა. ამგვარად, ბოლო წლებში ლიგის ფინალში ორჯერ წაგების შემდეგ, წლეულს „ატლეტიკო“ უკვე ნამდვილად აღარ ხუმრობს!

მაინც რა არ ჰყოფნის უკანასკნელ წლებში „ატლეტიკოს“ მსგავსად ტურნირის ორგზის ფინალისტ ტურინის „იუვენტუსს“ გადამწყვეტ სიტუაციაში წარმატების მისაღწევად?

ხომ გვახსოვს, შარშანდელ მეოთხედფინალში მადრიდის „რეალთან“ შინ 0:3 წაგებული მატჩი „ბებერმა ქალბატონმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ როგორ მოატრიალა, მაგრამ მაშინ იტალიელები მატჩის მიწურულს დანიშნულმა ავად სახსენებელმა თერთმეტმეტრიანმა დაღუპა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ ზუსტად შეასრულა.

ნუთუ ვერც პორტუგალიელმა უნდა უშველოს იტალიელებს განმეორებით შეხვედრაში, რომელშიც „ბებერი ქალბატონის“ გულშემატკივრები ისეთივე წნეხის ქვეშ მოაქცევენ მოწინააღმდეგე გუნდს, როგორშიც ესპანელებს ჰყავდათ ისინი პირველ მატჩში?

„იუვენტუსს“ რომ გულშემატკივრების უძლიერესი არმია ჰყავს, ამაზე გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული საშინაო მატჩების სტატისტიკა მეტყველებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს გასული წლის შემოდგომაზე, ჯგუფურ ეტაპზე, ჟოზე მოურინიოს პერიოდის „მანჩესტერ იუნაიტედთან“ იტალიელთა შინაური მარცხი.

აი მანჩესტერელების მდგომარეობა „პარი სენ ჟერმენთან“ განმეორებითი მატჩის წინ კი „იუვენტუსთან“ შედარებით გაცილებით რთულია. თუმცა, „ოლდ ტრაფორდზე“ მარცხის მიზეზების გაანალიზებისთვის ინგლისურ კლუბს კიდევ ორი კვირა აქვს დარჩენილი.

 

 „მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ლივერპული“: ორიგისა და პოგბას ორთაბრძოლა

 

ჩემპიონთა ლიგაზე სავალალო მარცხის შემდეგ, ოლე გუნარ სულშერის ბიჭებმა გონს მოსვლა ინგლისის ასოციაციის თასზე გასვლაზე „ჩელსის“ დამაჯერებლად – 2:0 დამარცხებით დაიწყეს, ხოლო პრემიერლიგის გუშინდელი მატჩი „ლივერპულთან“ კი მათ ფრედ – 0:0 დაასრულეს.

შედეგი საკმაოდ ლოგიკურია, რადგან არსებულ სიტუაციაში გარისკვის უფლება არცერთ გუნდს არ ჰქონდა. „ლივერპულმა“ მოპოვებული ქულით მდევარ „მანჩესტერ სიტისთან“ ერთქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რაც ამ ეტაპზე მას ფორმალურად  პრემიერლიგის მოგების უმთავრეს ფავორიტად ტოვებს, მაგრამ როდემდე უნდა გაგრძელდეს მერსისაიდელთა საკმაოდ უფერული გამოსვლის ფონზე მათი ლიდერობა, ამას მომავალი გვიჩვენებს.

„ლივერპული“, რა თქმა უნდა, ცალი თვალით ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური მატჩისკენ იცქირება, რომელიც მან ასევე ანგარიშით 0:0 დაასრულა „ბაიერნთან“.

 

მოჰამედ სალაჰი „ბაიერნის“ მცველებს შორის მოექცა, მაგრამ დარტყმა მაინც მოახერხა

 

დასაფიქრებელი კი მერსისაიდელებს პრემიერლიგაში მათი მდევრებისგან განსხვავებით გაცილებით მეტი აქვთ, რადგან ჩემპიონთა ლიგის პირველ  მერვედფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ „ბაიერნთან“ შედარებით გაცილებით სუსტ მეტოქეს – გელზენკირხენის „შალკეს“ გასვლაზე 3:2 მოუგო და ცალი ფეხით უკვე მეოთხედფინალშია.

„ბაიერნმა“ კი „ლივერპულთან“ გასვლითი 0:0-ის შემდეგ, სადაც მასპინძლებთან შედარებით ალბათ ცოტათი დამაჯერებლად გამოიყურებოდა, საკმაოდ მშვიდად დაამარცხა „ჰერტა“, რომელსაც მიმდინარე სეზონში ამ მატჩამდე, ბუნდესლიგის გათამაშების პირველი სამეულის წარმომადგენლებთან არცერთი შეხვედრა არ ჰქონია წაგებული.

„ბაიერნმა“ „ჰერტას“ მხოლოდ 1:0 მოუგო, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, თამაშის ხარისხის საგრძნობლად გაუმჯობესების უნარი გააჩნია.

ალბათ სწორედ ამას გრძნობდნენ „ბაიერნის“ დირექტორატის წარმომადგენლები – ული ჰიონესი და კარლ-ჰაინც რუმენიგე, რომლებმაც ტრიბუნებზე განსაკუთრებული სიხარულით აღნიშნეს მეტოქის კარში მეკარის შეცდომის შედეგად გატანილი ერთადერთი გოლი.

„ბაიერნი“ „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში 13 მარტს დაუპირისპირდება. გარდა იმისა, რომ თითოეულ მათგანს მეოთხედფინალში გასვლის ფავორიტად საკუთარი თავი მიაჩნია, მომავალში სავარაუდოდ, მადრიდის „რეალთან“ შეხვედრა სურს, რადგან უახლოეს წარსულში „სამეფო კლუბთან“ დამარცხებები აუცილებლად ბადებს მათში შურისძიების სურვილს.

თავად მადრიდის „რეალი“ კი ამსტერდამის „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩამდე ორჯერ უმასპინძლებს „ბარსელონას“ – თავდაპირველად 27 თებერვალს ესპანეთის თასზე, შემდეგ კი 2 მარტს პრიმერადივიზიონის მომდევნო ტურის მატჩში.

ამგვარად, არსებულ სიტუაციაში ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე უკეთეს მდგომარეობას ესპანური კლუბები ინარჩუნებენ. „ატლეტიკოს“ შინ 2:0 აქვს მოგებული, „რეალს“ გასვლაზე – 2:1, ხოლო „ბარსელონა“ კი გასვლაზე „ლიონთან“ ფრედ – 0:0 – დასრულებულ მატჩს იმდენად მშვიდად უცქერს, რამდენადაც გასულ ტურში „სევილიასთან“ წაგებულ პირველ ტაიმს, რომელიც კატალონიელებმა საბოლოოდ 4:2 ბრწყინვალე გამარჯვებად აქციეს.

ამ სიმშვიდის საფუძველი კი, რა თქმა უნდა, ლიონელ მესია, რომლის მიერ ამ მატჩში დაფიქსირებულმა ჰეთ-თრიქმა და საგოლე გადაცემამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა ფეხბურთის გულშემატკივრები, რომ არგენტინელს ბადალი არ ჰყავს დღევანდელ „ბარსელონაში“ და კატალონიური კლუბის ნებისმიერი წარმატება, უპირველეს ყოვლისა მისი დამსახურებაა.

 

ლიონელ მესიმ „სევილიასთან“ პრიმერადივიზიონის უკანასკნელი ტურის მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა

 

სწორედ ეს ფაქტი აქცევს „ბარსელონას“ „ლიონთან“ ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩის წინ ფავორიტად, თორემ გასვლაზე დაფიქსირებული 0:0 სულაც არ იქნებოდა მეოთხედფინალში მისი გასვლის წინაპირობა.  


რეკომენდებული სტატიები
ჩემპიონთა ლიგა - პარიზული მასტერკლასი "მანჩესტერ იუნაიტედს"

ჩემპიონთა ლიგა - პარიზული მასტერკლასი "მანჩესტერ იუნაიტედს"

ჩემპიონთა ლიგა - პარიზული მასტერკლასი "მანჩესტერ იუნაიტედს"
თუკი თვალს გადავავლებთ მანჩესტერელთა სერ ალექს ფერგიუსონის მოღვაწეობის და განსაკუთრებით მის შემდგომ პერიოდს, ბუნებრივია, რომ, სხვა ნებისმიერი სუპერკლუბის მსგავსად, წარმატებებთან ერთად, ფიასკოებსაც მრავლად აღმოვაჩენთ
ჩემპიონთა ლიგა - მერვედფინალების მოლოდინში

ჩემპიონთა ლიგა - მერვედფინალების მოლოდინში

ჩემპიონთა ლიგა - მერვედფინალების მოლოდინში
ფეხბურთის მოყვარულებისთვის თებერვალი განსაკუთრებულია, რადგან ამ დროს საუკეთესო გუნდები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე უპირისპირდებიან ხოლმე ერთმანეთს და იწყება დასკვნითი ბრძოლა მათ შორის უძლიერესის გამოსავლენად
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.