fbpx

ელ კლასიკოდან ელ კლასიკომდე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გასულ კვირას სრულიად საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მატჩი, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერი კუთხის გულშემატკივარი განსაკუთრებული ინტერესით ელის.  

მიმდინარე სეზონში ფეხბურთის გურმანებმა ხომ განსაკუთრებული საჩუქარი მიიღეს, რადგან ოთხი დღის განმავლობაში მათ ორი  ელ კლასიკო იხილეს, რაც უახლოეს წარსულში ნამდვილად არ მომხდარა.

დამთხვევაც ხომ უნდოდა, რომ მაინცდამაინც ლა ლიგის შეხვედრის წინ „რეალი“ და „ბარსელონა“ ერთმანეთს ესპანეთის თასზე დაუპირისპირდნენ. მეორე მხრივ, თუ დავფიქრდებით, ოთხი დღის განმავლობაში ორჯერ – თასზე და ჩემპიონატში – შეხვედრა არცთუ ისე იშვიათი მოვლენაა. უბრალოდ, ამისთვის ორივე გუნდი ხალისით უნდა ეკიდებოდეს სათასო ასპარეზობას.

მაგალითად, დაახლოებით ერთი თვის წინ, „რეალის“ და „ბარსელონას“ მსგავსად, ოთხი დღის განმავლობაში „ბილბაო“ და “სევილიაც“ ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ეს ამბავი არავის გაჰკვირვებია, რადგან ამ გუნდებისთვის თასი ნამდვილად არ არის მეორეხარისხოვანი ასპარეზობა.

ამ მხრივ „ბარსელონაზეც“ ხომ ვერაფერს ვიტყვით, რადგან კატალონიური გრანდი ოთხი უკანასკნელი გათამაშების ტრიუმფატორია, მაგრამ „რეალი“ 21-ე საუკუნეში ესპანეთის თასს მხოლოდ ორჯერ ფლობდა და თანაც ფინალში მან ორივეჯერ „ბარსელონა“  დაამარცხა.

„რეალმა“ დუბლის შესრულება უკანასკნელად 1989(!) წელს შეძლო, როდესაც „ბარსელონამ“ ჩემპიონატი და თასი, თუნდაც ბოლო ოთხ სეზონში, ერთდროულად  სამჯერ მოიგო.

აქედან გამომდინარე, სრულიად აშკარაა კლუბების სტრატეგია ესპანეთის თასთან მიმართებაში. ანუ „რეალი“ მხოლოდ მაშინ იბრძვის თასისთვის, როდესაც უარაფროდ დარჩენის საშიშროება ემუქრება. ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც კლუბმა შეიძლება ვერც ჩემპიონთა ლიგა მოიგოს და ვერც ჩემპიონობა.

სწორედ ასე მოხდა 2010-2011 წლების სეზონის თასის ფინალში, როდესაც  ელ კლასიკოში „რეალმა“ შეხვედრის დამატებითი დროის 103-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუს ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა ისტორიული მეტოქე.

მაშინ „რეალს“ ჟოზე მოურინიო წვრთნიდა და პეპ გვარდიოლას „ბარსელონას“ მისი გუნდი სასტიკ დღეში ჰყავდა. ეს ის პერიოდია, როდესაც „ბარსელონა“ „რეალს“ ანგარიშით – 5:0 და 6:2 ამარცხებდა.

მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. იმ ფეხბურთელებიდან კი, ვინც ერთხელ მსოფლიოს და ორჯერ ევროპის ჩემპიონობიდან გამომდინარე, ეს ორი კლუბი გარკვეულწილად დაამეგობრა კიდეც, დღეს მხოლოდ სერხიო რამოსია დარჩენილი.

აღარც კრიშტიანუა მოედანზე, რამაც მესი-რონალდუს დაპირისპირება აღმოფხვრა და ამ თვალსაზრისით საკმაოდ გაუფერულდა კიდეც დღევანდელი ელ კლასიკო, მაგრამ მოდით, დავივიწყოთ წარსული, გავიხსენოთ, რა მოხდა ამ ოთხი დღის განმავლობაში და დავფიქრდეთ, თუ რამდენად გაამართლა ამ ორმა შეხვედრამ ფეხბურთის გულშემატკივართა მოლოდინი.  

თასზე განმეორებითი ნახევარფინალური მატჩის წინ მცირეოდენი თეორიული უპირატესობა მადრიდულ კლუბს ენიჭებოდა, რადგან ამ ვარაუდს ზურგს ორი კვირის წინ „კამპ ნოუზე“ ფრედ – 1:1 დასრულებული მატჩი უმაგრებდა.

გასვლაზე მიღწეულ ფრემდე „რეალი“ ესპანეთის ჩემპიონატის პირველ წრეში უკვე შერცხვა „ბარსელონასთან“. კატალონიელებმა ლიონელ მესის გარეშე ანგარიშით – 5:1 მიწასთან გაასწორეს მეტოქე.

 

მესი და რაკიტიჩი

 

მაშინ ხელები ყოფილ მწვრთნელს – ლოპეტეგს შეაწმინდეს. ოთხშაბათ საღამოს კი „სანტიაგო ბერნაბეუს“ ტრიბუნები ბოლომდე გაივსო ღირსეული შურისძიების მოლოდინში, რადგან კიდევ ერთი წაგებული ელ კლასიკო უკვე მეტისმეტი იქნებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გაირკვა, რომ მადრიდის „რეალი“ წლეულს ნამდვილად უარაფროდ შეიძლება დარჩეს. რაც მთავარია, მატჩის მსვლელობისას გამოჩნდა, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელებმა ყველაზე უკეთ შეაფასეს მეტოქის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რადგან მეორე ნომრად არჩიეს თამაში და მოწინააღმდეგეს უთხრეს – ჰა ბურთი, ჰა მოედანიო, მოსაგები თქვენ გაქვთ, თორემ ჩვენ თუ გავვარდებით, რა გვენაღვლება, ესპანეთის ჩემპიონები ხომ მაინც გავხდებითო. გასატანი ჯერ თქვენ გაქვთ, ჩვენ კი ვიცით, რასაც მოვიმოქმედებთო…

მეტოქის მხრიდან ასეთმა მიდგომამ საბოლოოდ მოსპო „რეალი“, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში უტევდა, მომენტებსაც ქმნიდა მეტოქის კართან, მაგრამ გოლებს მხოლოდ საკუთარ კარში იღებდა.

მასპინძლებისთვის ყველაზე დამამცირებელი კი ის იყო, რომ სტუმრებმა სათასო ელ კლასიკოში კლასიკურად დასცინეს მათ, რადგან რამდენჯერაც დაარტყეს, გოლი იმდენჯერ გაიტანეს. მეტიც, მეორე გოლი ვარანმა საკუთარ კარში ჩაჭრა და გამოდის, რომ „ბარსელონამ“ კარის მიმართულებით მთელი მატჩის მანძილზე ორჯერ დაარტყა (მათ შორის – ერთხელ პენალტი) და სამჯერ გაიტანა!

„როლინგ სთოუნზის“ გიტარისტ კიტ რიჩარდსის ენაზე რომ ვთქვათ, „ბარსელონასთვის“ გიტარაზე სამი აკორდის აღებაც კი საკმარისი აღმოჩნდა „რეალის“ გასვლაზე 3:0 დასამარცხებლად, თანაც ცოტაოდენი ენერგიის გარეშე!

გარდა გოლებისა, იყო ერთი საგულისხმო ეპიზოდიც, როდესაც მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელ ლუკა მოდრიჩს ნერვებმა უმტყუნა და ხორვატმა ერთდროულად ფეხში ჩაარტყა და ლამის მაისურიც შემოახია ლიონელ მესის.

დარღვევა მწვავე სიტუაციაში არ მომხდარა, უბრალოდ არგენტინელმა ეფექტური ცრუმოძრაობით გააბითურა „რეალის“ ნახევარდაცვის ბურჯი და მანაც საკმაოდ უშნოდ იუხეშა.

ამგვარად, ესპანეთის თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში მადრიდელებმა სრული ფიასკო განიცადეს, ხოლო „ბარსელონამ“ კი ელ კლასიკოდან მომდევნო ელ კლასიკომდე უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა.

ვაითუ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ზედიზედ ორჯერ დავმარცხდეთ? ელ კლასიკოდან ელ კლასიკომდე სწორედ ეს აზრი უტრიალებდა თავში თითოეულ რეალელს კლუბის პრეზიდენტით, სამწვრთნელო შტაბით თუ ფეხბურთელით დაწყებული, გულშემატკივრით დამთავრებული.

სამწუხაროდ, მათი მოლოდინი გამართლდა. ლა ლიგის დაპირისპირებაში „რეალმა“ ყოველგვარი ღონე იხმარა მატჩის მოსაგებად, მაგრამ საბოლოოდ მართალია, მინიმალური ანგარიშით დამარცხდა, მაგრამ კვლავ სირცხვილი ჭამა – გატანილი გოლის გარეშე მოუწია მოედნის დატოვება.

ალბათ დედამიწის ზურგზე ვერც ერთი საფეხბურთო ექსპერტი ვერ წარმოიდგენდა, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდის „რეალი“ გოლს ზედიზედ ორ  ელ კლასიკოში ვერ გაიტანდა!

რამდენიც არ უნდა ისაუბრონ „რეალის“ ქომაგებმა, რომ ყველაფერი კლუბიდან ზინედინ ზიდანის და კრიშტიანუ რონალდუს წასვლის ბრალია, ფაქტი მეტყველებს, რომ „ბარსელონასთან“ საკუთარ მოედანზე ზედიზედ ორჯერ  მშრალი ანგარიშით მარცხმა ჩემპიონთა ლიგაზე „სამეფო კლუბის“ უკანასკნელი სამი წლის მიღწევებს ჩრდილი მიაყენა და ამ ორი წაგებით იგი იმ ვითარებაში აღმოჩნდა, რაშიც 2013 წელს „ბარსელონას“ ფეხბურთელები, რომელთაც „ბაიერნთან“ მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე ანგარიშით – 0:7 დათმეს.

„სამეფო კლუბის“ ფეხბურთელებმა პირველი ტაიმის მიწურულს Fair Play-ის წესიც კი არ დაიცვეს ლიონელ მესის წინააღმდეგ ორთაბრძოლაში სერხიო რამოსის უხეშობის შემდეგ და სანამ მსაჯი არ გააწყვეტინებდა თამაშს, კიდევ კარგა ხანს აგრძელებდნენ ბურთის კონტროლს და შეტევას.  ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი სეზონის ტრიუმფატორს კი, წესით და რიგით, ასეთი საქციელი არ ეკადრებოდა.

„ბარსელონამ“ ჩემპიონატის შეხვედრა სათასო მატჩისგან განსხვავებული ტაქტიკით ჩაატარა. იგი შეხვედრის  პირველი წუთებიდანვე ეცადა მასპინძლების დაჯაბნას, რასაც რაკიტიჩის საკმაოდ სწრაფმა გოლმა შეუწყო ხელი.

 

ცოტაც და რაკიტიჩი  „რეალის“ კარში გამარჯვების გოლს გაიტანს

ამის შემდეგ „რეალმა“ პირველი ელ კლასიკოს მსგავსად, არაერთი საგოლე და ნახევრად საგოლე მომენტი შექმნა. მიუხედავად ამისა, მთელი მატჩის განმავლობაში იგრძნობოდა სტუმართა დომინირება. ლიონელ მესიმ ამჯერადაც სისხლი გაუშრო მეტოქეს და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვეობის უდიდესი ფეხბურთელია…

ელ კლასიკოებმა კი ნამდვილად გაამართლა და ამიტომ „რეალის“ ჩვენი თანამემამულე გულშემატკივრებიც არ უნდა იყვნენ განაწყებულნი, რადგან სანახაობა ნამდვილად შედგა და ღირსეულმა გაიმარჯვა.

„რეალმა“ მეორე ელ კლასიკოში მარცხით, პრაქტიკულად ჩემპიონობის მოპოვების ყოველგვარი შანსი დაკარგა, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ დაუძინებელი მტრები მიმდინარე სეზონში ერთმანეთს კიდევ ორჯერ ან ერთხელ მაინც ჩემპიონთა ლიგაზე  გადაეყარონ? თუმცა, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ისინი ამ ტურნირზე წარმატებით იასპარეზებენ…

 

მესის და რამოსის დაპირისპირება

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.