ახალი ვირტუალური რეალობის ნიღაბი, რომელშიც სუნს და შეხებას შეიგრძნობთ
ვირტუალური რეალობის აქსესუარების ბაზარზე სტარტაპმა Feelreal-მა საინტერესო ტექნოლოგია Feelreal Sensory Mask წარმოადგინა.
კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ნიღაბი აუდიო-ვიზუალური ინფორმაციის გარდა, მომხმარებელს რეალისტური არომატებისა და ტაქტილური (შეხებითი) შეგრძნებების აღქმის საშუალებას მისცემს. მაგალითად, თუ მომხმარებელი ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის – „აპოკალიფსი დღეს“ ნაპალმის სცენას უყურებს, მოწყობილობა საწვავის შესატყვის სუნს გამოყოფს და აძლიერებს რეალობის განცდას.
Feelreal Sensory Mask-ის ნიღაბი თავსებადია ვირტუალური რეალობის თითქმის ყველა პოპულარულ მოწყობილობასთან. მათ შორისაა: Samsung Gear VR, Oculus Rift, Oculus Go, HTC Vive და PlayStation VR.
ნიღაბი სპეციალური კონტეინერებითაა აღჭურვილი, სადაც 9 სხვადასხვა არომატის გამომყოფი ნივთიერების მოთავსებაა შესაძლებელი. სრული კოლექცია კი 250-მდე არომატს ითვლის. მწარმოებელთა განმარტებით, არომატიზატორები ჯანმრთელობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა, რადგან მცენარეული და კვების მრეწველობაში დაშვებული ქიმიკატებისგანაა დამზადებული.
საინტერესოა ისიც, რომ Feelreal Sensory Mask-ში დამონტაჟებულია მიკროკონდიციონერი, რომელიც მომხმარებლის სახეში ცხელ ან ცივ ჰაერს უბერავს. გარდა ამისა, წვიმის წვეთების, ქარისა და ტალღების შხეფების იმიტაციას ახდენს.
ამ ეტაპზე Feelreal Sensory Mask-ს ისეთი პროგრამების მხარდაჭერა აქვს, როგორებიცაა: Skyrim VR, Beat Sabre, Death Horizon и YouTube VR. ვირტუალური რეალობის გაჯეტებთან კი კავშირს Bluetooth-ის მეშვეობით ამყარებს.