fbpx

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის 6 ქართული წიგნი – მე-19 საუკუნიდან დღემდე


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ტატო ჩანგელია

 

ტექნოლოგიურმა პროგრესმა, რასაც სამყარო ბოლო რამდენიმე ათწლეულია განიცდის, სამეცნიერო ფანტასტიკა (SciFi) ლიტერატურის ერთ-ერთ გამორჩეულ და პოპულარულ ჟანრად აქცია. ადგილობრივი გამომცემლობების პოლიტიკაც ადეკვატურად მუშაობს; ქართულ ენაზე აქტიურად ითარგმნება და გამოიცემა მსოფლიოს მნიშვნელოვანი SciFi ჟანრის რომანები თუ მოთხრობების კრებულები.

ბაზრის მოთხოვნის მიუხედავად, მოცემულ ჟანრში თითზე ჩამოსათვლელი ქართველი თანამედროვე ავტორები მუშაობენ. მათ შორის, ალბათ ყველაზე გამოსარჩევი (კონკურენციის არ არსებობის შესაბამისად) დათო სამნიაშვილია, რომელმაც 2017 წელს სადებიუტო რომანი “MOX” გამოსცა.

ქართული ლიტერატურა არც იქამდე გამოირჩეოდა სამეცნიერო ფანტასტიკის მიმართ დიდი სიყვარულით, თუმცა არცთუ ისე უინტერესო წარსული აქვს ჩვენში ამ ჟანრის დაბადებას და განვითარებას, მოცემულ ბლოგში სწორედ ამაზე ვისაუბრებ და გავიხსენებ რამდენიმე, ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვან ტექსტს:

 

იაკობ მანსვეტაშვილი, “უცხოთა შორის”

 

შეიძლება გასაკვირი იყოს, მაგრამ ამბავი მეცხრამეტე საუკუნეში იწყება, კერძოდ, 1887 წლის 12 დეკემბერს, როცა გაზეთ “ივერიაში” წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი წევრის, იაკობ მანსვეტაშვილის მოთხრობა “უცხოთა შორის” გამოქვეყნდა, დონ იაგოს ფსევდონიმით.

მანსვეტაშვილი, როგორც თავის თაობის ავტორები პირად ჩანაწერებში იხსენებენ, ნიჭიერი მწერალი იყო, თუმცა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საზოგადოების აზრს, ამიტომ, მან ვერ შეძლო საკუთარი თავის სრულად რეალიზება, სწორედ ამ უარყოფითი ჩვევის გამო აქვეყნებდა ის დონ იაგოს ფსევდონიმით საკუთარ ნაწარმოებებს.

მისი მოთხრობა მთვარეზე მოგზაურობის შესახებ გვიყვება, რაც იმხანად მსოფლიო ლიტერატურისთვის უცხო არ იყო, თუმცა “მთვარის საკითხი” ძირითადად მისტიკისა და ფენტეზის ჟანრებს ჰქონდათ ათვისებული, მანსვეტაშვილის ტექსტი ამ მხრივაც საინტერესოა, და მას უნივერსალურ ღირებულებას აძლევს.

“რომელ წელს, არ მახსოვს, ამერიკელებმა, უამერიკელებოდ ხომ ახალი არა იქნება-რა,  განიზრახეს მთვარეზე ასვლა და იქაური ამბების შეტყობა.”

მოთხრობა ამერიკელების წარუმატებელი მცდელობით იწყება, და შეიძლება მკითხველს ეპოქალური მელიესის ფილმიდან ერთ-ერთი სცენაც გაგვახსენდეს, როცა ადამიანს, სასროლი დანადგარით ისვრიან მთვარის მიმართულებით. აქაც ასეა, თუმცა ამერიკელების მცდელობა წარუმატებელია – მთვარეზე გაგზავნილი ადამიანი უსასრულო კოსმოსში იკარგება.

მიუხედავად ამისა, მოთხრობა მიწაზე არ მთავრდება, ადამიანები მიდიან მთვარეზე, მათ შორის მთხრობელიც, და ეს ყველაფერი მთხრობელის მეგობრის ჯადოსნური წიგნის დახმარებით ხდება – მანსვეტაშვილის მთვარე ერთგვარი სარკეა იმ ყოფიერების, რაშიც ცხოვრობდა, ანუ, მთვარე, სადაც მიემგზავრება, ტიფლისის ანარეკლია, სადაც შესაძლებელია სომეხი ვაჭრის დუქანს შეაქციო თავი, ან, იქვე ადამიანი გაიცნო კუთხური დიალექტის მქონე, რომელსაც თუ შეეკითხები საიდანაა, გეტყვის, რომ იმედეიდამა არის.

მას ასე, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მოცემული მოთხრობაა პირველი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ნიმუში, რომელიც ეროვნულ ცნობიერებაში მივიწყებული მწერლის, იაკობ მანსვეტაშვილის მიერაა დაწერილი.

 

ალექსანდრე აბაშელი, “ქალი სარკეში”

 

საბჭოთა კავშირში აქტიურად მიმდინარეობდა კოსმოსის, და ზოგადად გალაქტიკის,  მიღმიერი სამყაროს კვლევა (სწორედ მათ შეძლეს პირველად გაფრენა კოსმოსში). შესაბამისად ამ ამბავს ლიტერატურაც გამოეხმაურა – 1930 წელს საბჭოთა სივრცეში პირველი ქართულენოვანი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანი გამოვიდა, ალექსანდრე აბაშელის  – “ქალი სარკეში”.

წიგნის რეპრინტი რამდენჯერმე განმეორდა,  ასევე გამოცემულია რუსულ ენაზე, და რამდენადაც გასაკვირიც  უნდა იყოს, იქ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე ჩვენთან.

წიგნი გურგენ კამარელის, გენიოსი პერსონაჟის იქამდე არარსებულ უამრავ სამეცნიერო თეორიაზე დგას და ავტორიც საკმაოდ საინტერესოდ თამაშობს სივრცეებში –  თავიდან ამბავი დედამიწაზე ტრიალებს, შემდეგ კოსმოსში ინაცვლებს, ბოლოს კი მარსზე სრულდება.

აბაშელს საინტერესოდ აქვს გადმოცემული დედამიწელი, კერძოდ კი საბჭოთა სუბიექტის კომუნიკაციის მედიუმი სხვა ცივილიზაციასთან, რომელიც სავსეა შიშით.

წიგნი რამდენიმე ტექნოლოგიურ მიღწევასაც კი წინასწარმეტყველებს, მაგალითად, ტელევიზორისა და ატომური ბომბის შექმნას.

 

ნუგზარ აფხაზავა, “მზის დესპანი”

 

1961 წლის შემდეგ, როცა ადამიანი პირველად გაფრინდა  კოსმოსში, მეცნიერების მთავარ საზრუნავად და მიზნად ორი ძირითადი მიმართულება ჩამოყალიბდა – დაპყრობა მზის და მთვარის. ეს უკანასკნელი რამდენიმე წელში ამერიკელებმა დაიპყრეს – ნილ არმსტრონგმა ხელი აუწია მანსვეტაშვილის კოსმოსში დაკარგულ თანამოქალაქე კოლეგას და რამდენიმე ნაბიჯი გაიარა მთვარის ზედაპირზე. დარჩა მზე, რომელიც დღემდე მიუღწეველია.

სწორედ მზის დაპყრობაზე აქვს დაწერილი მინი რომანი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტორს, ნუგზარ აფხაზავას.

“მზის დესპანის”, ანუ უტა ფაზიას კოსმოსური ოდისეა  კოსმოსით შეპყრობილ ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც აყალიბებს დესპანთა ჯგუფს. ისინი ამ საქმეში მომუშავე მეცნიერების ოცნების ახდენას იწყებენ – მზის დაპყრობას.

ეს არის საკმაოდ კარგად დაწერილი ამბავი, რომელიც ძირითადად რეკომენდებულია ბავშვებისთვის,  თუმცა გულგრილს არც უფროსებს დაგტოვებთ, რადგანაც ბევრ საინტერესო ინფანტილურ გრძნობას გაგიღვიძებთ – შეიძლება წიგნის დასასრულს ცრემლიც მოგადგეთ და დევიდ ბოუვის კოსმოსური გალობის მოსმენაც მოგინდეთ.

 

თამაზ ჭილაძე, “ბრეიგელის მთვარე”

 

სამეცნიერო ფანტასტიკა აითვისეს ქართველმა კლასიკოსმა მწერლებმაც, მათ შორის  თამაზ ჭილაძემ, რომელმაც 2007 წელს გამოსცა “ბრეიგელის მთვარე”. წიგნი გამოცემიდან 8 წლის შემდეგ ინგლისურ ენაზე ითარგმნა და საკმაოდ საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა გავლენიან ლიტერატურულ პორტალებზე.

ჭილაძის პოსტმოდერნულ სტილში შესრულებულ რომანს ბოლომდე სამეცნიერო ფანტასტიკად ვერ მივიჩნევთ, მეტიც, ის უბრალოდ ატარებს ამ ჟანრისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. “ბრეიგელის მთვარე” უფრო მისტიკის და სამხრეთამერიკული ფენტეზის – მაგიური რეალიზმის ჟანრში ტრიალებს, თუმცა რომანის მეორე ნაწილში, როცა მთავარი პერსონაჟი ჰეროინზე მკვეთრად დამოკიდებული ხდება, უშუალო კავშირი უჩნდება უცხოპლანეტელებთან.

წიგნი სავსეა ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური საკითხებით, ეხება როგორც გაუცხოებულ შრომას, ასევე ცოლისა და ქმრის საკმაოდ კომპლექსურ ურთიერთობას, რაც, ცხადია, ჭილაძისგან გასაკვირი ამბავი არ არის.

 

ჯემალ ქარჩხაძე, “დრო”

 

აქვე გავიხსენოთ კიდევ ერთი კლასიკოსი – ჯემალ ქარჩხაძე, რომელსაც დაწერილი აქვს რამდენიმე, მისი შემოქმედებისთვის არადამახასიათებელი სტილის მოთხრობა, მათ შორის  – “დრო”, რომელიც ქართული ეროვნული სამეცნიერო ფანტასტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშად მიმაჩნია.

მოთხრობა ბიბლიურ პასაჟებზე დგას და ავტორი რამდენიმე პოსტმოდერნულ გათამაშებას გვთავაზობს, მაგალითად, სინას მთაზე ასულ მოსეს მაყვლის ბუჩქის მაგივრობას ხელოვნური ინტელექტი უწევს – ღმერთი, რომელიც იმორჩილებს დროს.

მოთხრობა წერილის ფორმატისაა, ერთი მეცნიერი მეორეს სწერს საკუთარი დაკვირვებისა და ჩამოყალიბებული თეორიის შესახებ, რომელიც კაცობრიობის ცნობიერებაში სამუდამოდ დაარქივებული საკითხის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას ემსახურება – “თუკი მომავალში გამოიგონეს მექანიზმი დროში მოგზაურობის, არსებობს იმის ალბათობაც, რომ წარსულის შეცვლის გამო ჩვენ ვიმყოფებით სწორედ ახლა, ამ ყოფაში.”

 

გურამ ფანჯიკიძე, “სპირალი”

 

ბოლოს კი  გავიხსენოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რომანი, რომელიც თავის დროზე  დიდი პოპულარობით სარგებლობდა – გურამ ფანჯიკიძის “სპირალი”. 

ამ რომანის მიხედვით რეჟისორმა გიული ჭოხონელიძემ იგივე სახელწოდების ფილმი გადაიღო.

წიგნი თავისი თვითმყოფადი ენითა და ამბით გამოირჩევა, რომლის ნარატიული შრე სავსეა  ფსიქოლოგიური პასაჟებით. ავტორი დღემდე არარსებულ სამეცნიერო მეთოდს მიმართავს – სასიკვდილოდ  განწირულ პროფესორს ექიმი ექსპერიმენტს შესთავაზებს, გადავიდეს სხვის სხეულში, ანუ ჩატარდეს ტვინის გადანერგვის ოპერაცია, რის შედეგადაც პროფესორი ახალგაზრდა ადამიანის სხეულში   განაგრძობს არსებობას.

სწორედ აქედან იწყება ყველაფერი –  კლასიკად ქცეული ადამიანური თემების ტრიალი, რადგან მიმღები სხეული – დონორი – კრიმინალური წარსულის მქონე ახალგაზრდაა.


რეკომენდებული სტატიები
წერა-კითხვის სწავლების მეთოდოლოგია და სიახლეები
Play Video

წერა-კითხვის სწავლების მეთოდოლოგია და სიახლეები

წერა-კითხვის სწავლების მეთოდოლოგია და სიახლეები
რამდენად მეგობრული და ახლობელია ბავშვისადმი დღევანდელი სასკოლო სისტემა, როგორ შეიძლება მიიღოს მან სწავლისგან სიამოვნება და რა “ხრიკები” უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მეცადინეობა ტანჯვად არ იქცეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.