fbpx

ჩემპიონთა ლიგა – წინ მეოთხედფინალებია


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

ჩემპიონთა ლიგის ტურნირი დასკვნით ფაზაში შედის და მით უფრო საინტერესო ხდება განვლილ მატჩებზე კიდევ ერთხელ თვალის გადავლება და პარასკევს ჩატარებული კენჭისყრიდან გამომდინარე, მეოთხედფინალებთან დაკავშირებით წინასწარი დასკვნების გამოტანა.

ბოლო ოთხმა მერვედფინალმა მაყურებელთა მოლოდინი ნამდვილად გაამართლა, რადგან გაიმარჯვეს ღირსეულებმა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ იგებს ის, ვინც ბოლომდე იბრძვის და მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება დასახული ამოცანის შესრულებას.

სწორედ ერთი ფეხბურთელის უპასუხისმგებლო საქციელს შეეწირა მიუნხენის „ბაიერნის“ და მის მხარდასაჭერად „ალიანს არენაზე“ მისული დაახლოებით 65 000 მაყურებლის იმედი, როდესაც გერმანიის ნაკრების გოლკიპერი მანუელ ნოიერი საკუთარი კარიდან მოშორებით დაუფიქრებლად წინ გამოვარდა, პუბლიკის ინდივიდუალური ოსტატობით მოხიბვლა გადაწყვიტა და შედეგად მისმა გუნდმა ცარიელ კარში გოლი მიიღო…

„ბაიერნი“ – „ლივერპულის“ მატჩის ბედის გადაწყვეტა ერთ რომელიმე ეპიზოდს შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ვერასოდეს შევიტყობთ, თუ რა შედეგით შეიძლებოდა დასრულებულიყო ეს შეხვედრა ნოიერის გამოხტომის გარეშე, ფაქტია, რომ გერმანელი გოლკიპერის დაუდევარი ქმედების დროს ანგარიში ჯერ კიდევ 0:0 იყო და სავსებით შესაძლებელია, რომ ამ მატჩში პირველი გოლი სულაც გერმანელებს გაეტანათ…

 

„ლივერპულის“  თავდამსხმელმა სადიო მანემ ანგარიში მანუელ ნოიერის შეცდომის შედეგად გახსნა.

 

ნოიერის შეცდომის შედეგად მატჩის მდორე დინებამ კალაპოტი იცვალა და „ბაიერნს“ უკვე ანგარიშის გათანაბრება მოუხდა. თითქოს ბევრი არაფერი, გუნდი საკუთარ მოედანზეა და თუკი მომდევნო ეტაპზე გასვლა სურს, გაიტანოს ბურთი და მოიგოს თამაში.

სათქმელად ადვილია, ხოლო განსახორციელებლად კი ეს „რეკორდმაისტერისთვის“ რომ შეუძლებელი ყოფილა, მეორე ტაიმმა ნათლად დაგვანახვა.

მართალია, „ლივერპული“ პირველ გოლამდე მცირეოდენ სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას ამ მატჩში აუცილებლად ანგარიში უნდა გაეხსნა…

გავიხსენოთ, რომ მერსისაიდელებს გარდა იმისა,  ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაზე სამივე მატჩი წაგებული ჰქონდათ, ბოლო ორ შეხვედრაში თავიანთი რანგის გუნდებთან   – „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „ბაიერნთან“ – მათ 0:0 ითამაშეს.

ნოიერის საჩუქარმა კი მათ თავდაჯერებულობა შემატა. იურგენ კლოპის ბიჭებმა იგრძნეს, რომ მათ კიდევ შეუძლიათ გოლების გატანა მეტოქის კარში და მეორე ტაიმში საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

საინტერესოა, რომ მატჩის წინ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მცირეოდენი უპირატესობა „ბაიერნს“ ენიჭებოდა, რადგან „რეკორდმაისტერი“ ამ ბოლო ხანს აღმავლობის გზაზეა, გერმანიის ბუნდესლიგის ცხრილის სათავეში მოექცა, ხოლო „ლივერპულმა“ კი ამის საპირისპიროდ, პრემიერლიგაში ლიდერის პოზიცია „მანჩესტერ სიტის“ გადაულოცა.

„ლივერპულის“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საკმაოდ რთულ მდგომარეობას კლუბმა შესანიშნავად გაართვა თავი. ინგლისელებს ჩემპიონთა ლიგის ურთულესი ჯგუფური ეტაპის და მერვედფინალის დაძლევის შემდეგ კენჭისყრამაც გაუმართლა და მეოთხედფინალში მეტოქედ ყველაზე სუსტი გუნდი – „პორტო“ ერგოთ, რომელიც შარშან მერვედფინალში ანგარიშით 5:0 გაანადგურეს…

გერმანელებმა კი, თავიანთ სამარცხვინოდ, ინგლისელებთან სამივე დაპირისპირება დათმეს და მეოთხედფინალში ბუნდესლიგას ერთადერთი წარმომადგენელი მხოლოდ ევროპის ლიგაზე – ფრანკფურტის „აინტრახტის“ სახით ეყოლება.

„შალკეს“ 0:7 „მანჩესტერ სიტისთან“ კი უკვე მერამდენედ გვაფიქრებინებს ტურნირის ნაკლოვანებაზე იმ თვალსაზრისით, რომ ასეთი სუსტი გუნდები ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე არ უნდა ხვდებოდნენ.

მაგრამ კენჭისყრა ყოველთვის ვერ იქნება ბოლომდე დამაკმაყოფილებელი და მოახლოებულ მეოთხედფინალებშიც გუნდები ალბათ შეიძლებოდა, რომ ფეხბურთის ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის უფრო საინტერესოდ დაწყვილებულიყვნენ…

მერვედფინალის გამორჩეულ ფიგურებად კი რონალდუ  და მესი იქცნენ. ამჯერად მათ შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ პორტუგალიელი ჭეშმარიტ მხსნელად მოევლინა ტურინის „იუვენტუსს“ „ატლეტიკოსთან“ მატჩში, ხოლო არგენტინელმა კი ჩვეულებისამებრ გაინავარდა „ლიონთან“ შეხვედრაში, სადაც „ბარსელონა“ ფავორიტად მიიჩნეოდა და მერვედფინალების პირველი რაუნდის შემდეგ, ტურინის „იუვენტუსთან“ შედარებით, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„იუვენტუსმა“ კი მწვრთნელით დაწყებული, თითოეული მოთამაშით დამთავრებული, ამ სეზონის ჯერჯერობით ყველაზე საპასუხისმგებლო გამოცდა უმაღლეს დონეზე ჩააბარა.

მართალია, „იუვენტუსისთვის“ ბოლო დროს დამახასიათებელია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებში განმეორებითი მატჩების ბევრად უკეთ ჩატარება, მაგრამ მასიმილიანო ალეგრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ცეცხლთან თამაშმა ამჯერად გაუმართლა და გუნდის ძირითად  შემადგენლობასთან დაკავშირებულმა ნებისმიერმა ექსპერიმენტმა თუ მეორე ტაიმში განხორციელებულმა ცვლილებამ მისი არგენტინელი კოლეგა გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო.

რა თქმა უნდა, დიეგო სიმეონე ელოდა მასპინძელთა მხრიდან სასტიკ ზეწოლას, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში ხეირიან კონტრიერიშს ვერ მოაწყობდა, კარში ვერ დაარტყამდა და კუთხურსაც ვერ მოაწვდიდა.

მრავალი სტატისტიკური მონაცემის განხილვა შეიძლება“იუვენტუსი“ – „ატლეტიკოს“ მატჩთან დაკავშირებით, მაგრამ ალბათ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე მადრიდის „ატლეტიკოს“ ამ ტურნირის 27-წლიანი არსებობის მანძილზე.

 

რონალდუ და მესი

 

მესის კი მოსვენებას არ აძლევდა რონალდუს მიერ წინა დღეს შესრულებული ჰეთ-თრიკი. იგი ცდილობდა, რომ პორტუგალიელს არაფერში ჩამორჩენოდა. მართალია, არგენტინელი „ლიონთან“ დუბლით შემოიფარგლა, მაგრამ მასპინძლების არცერთი საგოლე შეტევა მისი მონაწილეობის გარეშე არ დარჩენილა.   

რონალდუ-მესის დაპირისპირების თეორიული ხილვისთვის კი, ფინალში მაინც,   ნეიტრალურმა გულშემატკივარმა მეოთხედფინალებში „აიაქსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ გავარდნა უნდა ისურვოს

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ბარსელონასთან“ ბოლო ორივე შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2009 და 2011 წლებში დათმო. 2009 წელს მანჩესტერელთა ღირსებას რონალდუც იცავდა, ხოლო იმ პერიოდის მოთამაშეებიდან დღეს მხოლოდ სამი ბარსელონელი – მესი, ბუსკეტსი და პიკეა შემორჩენილი.

„მანჩესტერ სიტი“ შარშან „ლივერპულთან“ დაპირისპირების შედეგად გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგის ასპარეზობას. მისი წლევანდელი მეტოქე – „ტოტენჰემი“ თითქოს რანგით ჩამოუვარდება მერსისაიდულ კლუბს, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ იგი ინგლისის პრემიერლიგის „დიდი ექვსეულის“ წარმომადგენელია და ამიტომ სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სწორედ მან იმარჯვოს ამ უპრინციპულეს პაექრობაში.

 

 „აიაქსის“ ტრიუმფი „სანტიაგო ბერნაბეუზე“

 

„აიაქსის“ მომხიბვლელად შეკრულ, მაგრამ ახალგაზრდულ და ნაკლებად გამოცდილ გუნდს უდიდესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს ტურინის „იუვენტუსთან“ შეხვედრაში, მაგრამ მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ ჰოლანდიელებმა მერვედფინალში 4:1 „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაამარცხეს მადრიდის „რეალი“, რომელთანაც „ბებერმა ქალბატონმა“ ამ ორიოდე წლის წინ ანალოგიური ანგარიშით ნეიტრალურ მოედანზე წააგო ჩენპიონთა ლიგის ფინალი. სტატისტიკა კი ზოგჯერ სულაც არ ასრულებს მეორეხარისხოვან როლს.

მეოთხედფინალების პირველი მატჩები 9 და 10 აპრილს, ხოლო განმეორებითი შეხვედრები კი 16 და 17 აპრილს შედგება.

 


რეკომენდებული სტატიები
ჩემპიონთა ლიგა - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!

ჩემპიონთა ლიგა - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!

ჩემპიონთა ლიგა - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!
ჩემპიონთა ლიგის ყოველი გათამაშება ფეხბურთის გულშემატკივარს სულ ახალ-ახალ სიურპრიზებს სთავაზობს. წლევანდელმა სეზონმა კი ამ თვალსაზრისით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა
ჩემპიონთა ლიგა - პარიზული მასტერკლასი "მანჩესტერ იუნაიტედს"

ჩემპიონთა ლიგა - პარიზული მასტერკლასი "მანჩესტერ იუნაიტედს"

ჩემპიონთა ლიგა - პარიზული მასტერკლასი "მანჩესტერ იუნაიტედს"
თუკი თვალს გადავავლებთ მანჩესტერელთა სერ ალექს ფერგიუსონის მოღვაწეობის და განსაკუთრებით მის შემდგომ პერიოდს, ბუნებრივია, რომ, სხვა ნებისმიერი სუპერკლუბის მსგავსად, წარმატებებთან ერთად, ფიასკოებსაც მრავლად აღმოვაჩენთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.