fbpx

როგორ ვთქვათ უარი პოლიეთილენის პარკებზე თბილისის ჰიპერმარკეტებში


გააზიარე სტატია

 

მერაბ კენჩხოშვილი წლებია აქტიურად ითხოვს, ხილ-ბოსტნეული, რომელსაც მაღაზიებში ყიდულობს, პოლიეთილენის პარკის ნაცვლად იმ ნაჭრის ჩანთაში ჩაუწყონ, რომელსაც საყიდლებზე სიარულისას სულ თან ატარებს და ამით ცდილობს შეამციროს ნაგვის რაოდენობა, რომელსაც ადამიანები ყოველდღიურად ვაგროვებთ.

რთულად გადამუშავებად ნაგავს შორის პლასტიკისა და პოლიეთილენის პარკები ერთ-ერთი პირველ ადგილს იკავებს და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებმა უნდა ვეცადოთ, ამ ტიპის ნაგავი მაქსიმალურად შევამციროთ. იმ ნაგვის უმეტესობა, რაც ნაგავსაყრელზე მიდის, არ გადამუშავდება და ისევ დედამიწაზე, ჩვენ გარშემო ტრიალებს – ველებზე, წყალში, ხის ტოტებზე,  ნიადაგში და გარემოს დაბინძურებაზე უარყოფითად მოქმედებს.

“დიდი ხანია მაწუხებდა ის, რომ ბევრი პოლიეთილენის პარკი გროვდებოდა. მინდვრებში, ქუჩებში, საქალაქთაშორისო გზებზე მიმოფანტული ერთჯერადი პოლიეთილენი ერთ-ერთ ყველაზე ამაზრზენი და ამავდროულად მარტივად გადასაწყვეტი პრობლემა მეგონა პერსონალურ დონეზე, თუმცა აქტიური წინააღმდეგობის გაწევა საყიდლებზე სიარულისას 2-3 წლის წინ დავიწყე.

თავიდან ძალიან რთული იყო და ყოველი შესვლა დიდ სუპერმარკეტში ჩხუბით და რაც მთავარია, ძირითადად უშედეგოდ მთავრდებოდა. მარტივი მაგალითია “აგროჰაბი”: გახსნის დღიდან მიწევდა ამ საკითხზე კამათი  და ბოლოს მხოლოდ რამდენიმე თვის წინ მივაღწიე შედეგს და ისიც არა სისტემურს. რომ მხედავენ და იციან, ჩემი ჩანთები დამაქვს, მუდმივი კლიენტი ვარ, მესალმებიან და ავტომატურად არ მთხოვენ პარკში ჩადებას.

“გუდვილში” ჯერჯერობით ვერ მოვაგვარე ეს პრობლემა, ამიტომ მხოლოდ ერთეულებით ვყიდულობ ხილ-ბოსტნეულს, რომ ზედვე დავაკვრევინო, შესაბამისად, ვცდილობ იშვიათად შევიდე, არც “კარფურში”  დავდივარ. წვრილ ქსელებშიც იგივეა, “ნიკორაში”, “სპარში” და ა.შ.”

ჩვენ ვეცადეთ გაგვეკეთებინა მცირე ექსპერიმენტი იმის გადამოწმებლად, სად შეიძლება იყიდო ხილ-ბოსტნეული ისე, რომ არ ჩადონ პარკში, რომელსაც ზედ ფასს აკრავენ და აღმოჩნდა, რომ ფაქტობრივად შეუსრულებელი მისია დავისახეთ. ყველაფერი დამოკიდებულია ხილ-ბოსტნეულის სასწორთან მდგარ პერსონაზე, საყიდელი პროდუქტის ფორმასა და შენს ტონზე, რომელიც დამაჯერებელი უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, მაგალითად, ბანანი, რომელიც “გუდვილში” ადვილად ვიყიდეთ პარკის გარეშე, “ფრესკოში” პარკში ჩაგვიდეს. ავოკადო, რომელიც “კარფურში” ზედ დაკრული ფასის სტიკერით გაგვატანეს სალარომდე, “სპარში” პარკში ჩაახტუნეს.

საქმე რთულდება, თუ პამიდორ ჩერის, ბრიუსელის კომბოსტოს ან რამე ისეთს ყიდულობ, რომელიც ბევრი პატარა ერთეულისგან შედგება, ამ შემთხვევაში პარკის გარეშე შოპინგი ფაქტობრივად შეუძლებელია ქსელურ მარკეტებში და ერთადერთი გამოსავალი უბნის მაღაზიებია.

მერაბ კენჩხოშვილი გვეთანხმება, რომ ადგილობრივ მარკეტებში ნაჭრის ჩანთით საყიდლებზე სიარული  უფრო მარტივია, მაგრამ მაინც გეკითხებიან, ნამდვილად გინდა თუ არა პარკი და თუკი ბევრ წვრილ რამეს ყიდულობ, ეჭვის თვალით გიყურებენ და აწონვისას ზომიერად უკმაყოფილოები არიან.

მერაბმა გარშემომყოფებიდან მხოლოდ  ცოლი აიყოლია, რომელიც ასევე ნაჭრის ჩანთებით მიდის მაღაზიაში. იმედი გვაქვს ამ სტატიის შემდეგ უფრო მეტი დაფიქრდება იმაზე, რამდენი სახლში მიტანისთანავე ნაგავში გადასაგდებად განწირული პოლიეთილენი მიაქვს შოპინგის შემდეგ და უფრო მეტი ადამიანი შეიარაღდება ნაჭრის ჩანთით.

მეტი მოტივაციისთვის გირჩევთ მანდი ბარკერის ფოტოების დათვალიერებას, რომელიც ჩვენ გარშემო გაბნეულ ნაგავს შეეხება – https://mandy-barker.com/

 


რეკომენდებული სტატიები
ნარჩენების ჩაბარების პუნქტები თბილისში

ნარჩენების ჩაბარების პუნქტები თბილისში

ნარჩენების ჩაბარების პუნქტები თბილისში
დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში, ნაგვის ჩაბარების 8 პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც მინის, ქაღალდის, პლასტმასისა და ალუმინის ნარჩენების ჩაბარება შეიძლება
სმარტ სითი - ჭკვიანი ქალაქი ჭკვიანი ადამიანებისთის

სმარტ სითი - ჭკვიანი ქალაქი ჭკვიანი ადამიანებისთის

სმარტ სითი - ჭკვიანი ქალაქი ჭკვიანი ადამიანებისთის
არ იფიქროთ, თითქოს "ჭკვიანი ქალაქი" მხოლოდ ტოკიო ან ნიუ-იორკი შეიძლება იყოს. ნებისმიერი ქალაქი, სადაც ამის ნება გაჩნდება, შეიძლება “დაჭკვიანდეს” - მათ შორის, თბილისიც
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.