“შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება
ძეგვის თავშესაფრის და საქართველოში პირველი ჰოსპისის და პალიატიური შინ მოვლის სამსახურის, „ჰოსპისი ფერისცვალების“დასახმარებლად საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ 30 მარტს, შაბათს, 18 საათზე სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ ყოველწლიურ საქველმოქმედო გალა საღამოს გამართავს.
ფოტოები: გიორგი ყვავილაშვილი
ძეგვის თავშესაფარში ამჟამად 80 ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის, მზრუნველობამოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდები და მიუსაფარი მოხუცები. ბოლო ორი წლის განმავლობაში „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ საქველმოქმედო საღამოებზე შეგროვებული თანხით მოხერხდა ძეგვის თავშესაფრის შენობის აღდგენა და შინმოვლის სამსახურის უფასო პროგრამის განხორციელება. აღდგენილ შენობაში შესაძლებელი გახდა დამატებით 60 ადამიანის მიღება და სარეაბილიტაციო პროგრამების ჩატარება.
საქველმოქმედო ორგანიზაცია „საქართველოს ამერიკელი მეგობრების“ კიდევ ერთი ბენეფიციარია „ჰოსპისი ფერისცვალების“ მოწყალების ცენტრი, რომელიცაერთიანებს უფასო ჰოსპისს, მოწყალების დების სასწავლო ცენტრს და შინ მოვლის სამსახურს, რომელიც ყოველწლიურად 100-ზე მეტ ტერმინალურად დაავადებულ ადამიანს ეხმარება.
30 მარტს გამართული საქველმოქმედო გალა საღამოს ბილეთების გაყიდვიდან მიღებული თანხა (ერთი ბილეთის ფასი 100 აშშ დოლარია), აგრეთვე, აუქციონიდან შემოსული თანხა ძეგვის თავშესაფრის შენობის ავეჯითა და ტექნიკით აღჭურვას და ფერიცვალების მოწყალების ცენტრის უფასო პროგრამის გაგრძელების დაფინანსებას მოხმარდება.
აუქციონზე, რომელიც გალა საღამოს ფარგლებში გაიმართება, წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრების – გია გუგუშვილის, ქეთი მატაბელის, მამუკა ცეცხლაძის, ლია შველიძის, ლევან მარგიანის, გიორგი ყვავილაშვილის, ლევან ბუჯიაშვილის, მაკა გოცირიძის, სოფო გონგლიაშვილის, ასევე, ამერიკაში მოღვაწე არტისტების – მარკ პალიაკოვის, ალექსანდრა ჭავჭავაძის და ლადო ფოჩხუას ნამუშევრები.
აუქციონზე გაიყიდება ამერიკელი გლაციოლოგის და მკვლევარის, უილიამ ოზგუდ ფილდის მიერ 1920-იან წლებში გადაღებული უნიკალური ფოტოები, დიზაინერ ლაშა დევდარიანის კოსტიუმების კოლექცია, რომელიც მან ჰოლანდიურ კომპანია Vlisco-სთან ერთად შექმნა.
ფოტოები: დავით ხიზანიშვილი
„საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ AFG არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც 1994 წლიდან ახორციელებს ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო, სოციალურ და გარემოსდაცვით პროექტებს საქართველოში; ორგანიზაცია, რომლის დევიზია – „მხოლოდ ერთად შევძლებთ, შევცვალოთ მომავალი უკეთესობისაკენ“, ეხმარება მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს: მიუსაფარ ბავშვებსა და მოხუცებს,მარტოხელა დედებს, ტერმინალური დაავადების მქონე ადამიანებს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ამასთან, AFG მხარს უჭერს ქართული კულტურის პროპაგანდას საზღვარგარეთ და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.
შემოწირულობის განხორციელება შესაძლებელია AFG-ის ვებგვერდიდან: https://donatenow.networkforgood.org/1442927
ღონისძიების მხარდამჭერები არიან:
- აშშ–ის ელჩი საქართველოში როს უილსონი და ამერიკის საელჩო საქართველოში;
- თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი;
- ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში იოს დაუმა;
- ქალთა საერთაშორისო ასოციაცია IWA,
- სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“;
კომპანიები:
- Shumi Winery,
- Adjara Hospitality Group,
- BDO,
- BLC,
- Borjomi IDS,
- Delloite,
- Dentons,
- DIO,
- EY,
- Geomill,
- GMT,
- Gvinadze & Partners,
- Katya Chavchavadze,
- KPMG,
- PMCG,
- TBC Bank,
- Windfor’s
- Cezanne Printing House