fbpx

რატომაა მიზანშეწონილი შინაური ცხოველების კასტრაცია – ინფორმაცია ექიმი-ვეტერინარისგან


გააზიარე სტატია

 


ცხოველთა სტერილიზაცია/კასტრაციის მიმართ ჩვენ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ცხოველთა უფლებების დარღვევაა და გამრავლების უფლების წართმევა არაჰუმანური აქტია, ხოლო სხვანი ცხოველთა პოპულაციის მართვისა  და სხვადასხვა დაავადებათა პრევენციის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ.

ცხოველების კასტრაცია/სტერილიზაცია მათი  პოპულაციის მართვის ერთადერთი ჰუმანური მეთოდია და ცივილიზებულ ქვეყნებში ცხოველთა რაოდენობის მართვა  სწორედ ამ გზით მიმდინარეობს. ეს პროცედურები ვრცელდება  არა მხოლოდ მიუსაფარ, არამედ პატრონიან და ჯიშიან ცხოველებთან  მიმართებაშიც.

ჩვენ ქვეყანაში  ეს პრობლემა გაცილებით უფრო  მწვავედ დგას, რადგან ჯიშიანი ცხოველების პატრონების უმრავლესობა კასტრაცია/სტერილიზაციას ეჭვის თვალით უყურებს და მათი შეჯვარება აუცილებელ პირობად მიაჩნიათ.

საკითხს ართულებს ისიც, რომ  ცხოველების გამრავლება ხდება სპონტანურად, ყველანაირი ნორმების დარღვევით (ხშირად ინცესტის, გენეტიკურად დაავადებული ცხოველის შეჯვარების და სხვა). შედეგად კი ვიღებთ როგორც ფსიქიკურად არამდგრად, ასევე სხვადასხვა პათოლოგიებით დაავადებულ ცხოველებს.

 

კასტრაცია/სტერილიზაცია დადებითად მოქმედებს როგორც ცხოველთა პოპულაციის მართვის კონტროლზე, ასეევე მათი ჯანმრთელობის ხარისხსა და სიცოცხლის  ხანგრძლივობაზე.  

At.ge ამ საკითხების შესახებ ესაუბრა თბილისის აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული კლინიკის მთავარ ექიმს, უსახლკარო ცხოველთა დაცვის საზოგადოების თავმჯდომარეს, მარიამ ჩხიკვიშვილს:

 

 

საქართველოში უკანასკნელ წლებში უკვე აქტიურად მუშაობს მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია/სტერილიზაციის პროგრამები, თუმცა ეს ნაკლებად ვრცელდება ჯიშიან ცხოველებზე. რა არის ამის მიზეზი?

როდესაც კასტრაცია/სტერილიზაციაზე ვსაუბრობთ, ჯიშზე ხაზგასმა ყოვლად უადგილოა.  ყველა ვეტერინარისათვის პირველადი მოტივი არის ის, რომ ეს პროცედურა ცხოველისთვის ერთმნიშვნელოვნად სასიკეთოა. სამწუხაროდ, საქართველოში ხალხს მაინც უჭირს იმის აღქმა, რომ ეს ოპერაციები ცხოველებისთვის სასარგებლოა და თვლიან, რომ საკუთარ ბინადრებს ამით უშავებენ, ან მათ უფლებებს არღვევენ.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია. კასტრაცია/სტერილიზაციის პროცედურები იცავს ცხოველებს სასქესო ორგანოების  სიმსივნური, ვენერიული თუ სხვა დაავადებებისგან. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ძუ ძაღლებში პირველ მძუნაობამდე გასტერილებას სარძევე ჯირკვლების სიმსივნის რისკი  ნულამდე დაჰყავს. ასევე გამორიცხავს საშვილოსნოსა და საკვერცხეების დაავადებებს, ისეთს, როგორიცაა პიომეტრა (საშვილოს ჩირქოვანი ანთება). ხვად ძაღლებში კი კასტრაცია  პროსტატის სიმსივნის ალბათობას გამორიცხავს. არსებობს ჯიშები, რომლებიც განსაკუთრებით მიდრეკილები არიან ამ დაავადებებისკენ, მაგალითად: კოკერ სპანიელები, პუდელები, გერმანული ნაგაზები და სხვა.  

 

 

რას იტყვით სპეციალურ ჰორმონალურ აბებზე, რომლებსაც ხშირად ოპერაციის ალტერნატიულ გზად მიიჩნევენ?

საქართველოში ეს მედიკამენტები მხოლოდ იმიტომ არის ხელმისაწვდომი, რომ არ არსებობს რეგულაცია მათი აკრძალვის შესახებ. ცივილიზებულ ქვეყნებში ჰორმონალური პრეპარატები აკრძალულია, რადგან სწორედ ისინი იწვევს სხვადასხვა სახის პათოლოგიებსა და სარძევე ჯირკვლის თუ პროსტატის დაავადებებს. ამ პრეპარატების გამოყენება 100 პროცენტით, ადრე თუ გვიან, იწვევს პათოლოგიას.

მაგალითი რომ მოვიყვანოთ: ხვად ცხოველებში სარძევე ჯირკვლების სიმსივნე ძალიან იშვიათი შემთხვევაა, არადა უკანასკნელ დროს ორი ასეთი პაციენტი (კატა) მყავდა. ამ ცხოველებს სწორედ ჰორმონალური პრეპარატების მიღების ფონზე განუვითარდათ სარძევე ჯირკვლის სიმსივნური წარმონაქმნები, რომლებიც ძალიან სწრაფად მეტასტაზირებდნენ გულ-მკერდის ღრუში. ჩემთვის, როგორც ვეტერინარისთვის, ამ მედიკამენტების გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია.

 

რა ასაკშია რეკომენდებული ცხოველების კასტრაცია/სტერილიზაცია?

ძუ ძაღლების სტერილიზაციის იდეალური ვადაა პირველ მძუნაობამდე, ანუ 6 თვემდე. ხოლო ხვადების შემთხვევაში, 6 თვიდან – წლამდე. ძუ კატების სტერილიზაცია  4 თვის ასაკშია რეკომენდებული, ხვადებისა კი – 6- 9 თვის.

 

რამდენად მნიშვნელოვანია ამ ვადების დაცვა და დასაშვებია თუ არა ასაკოვანი ცხოველების კასტრაცია/სტერილიზაცია?  

ვადების დაცვის შემთხვევაში, სტერილიზაცია/კასტრაციას უკეთესი შედეგი მოჰყვება. ასაკთან ერთად სიმსივნური წარმონაქმნებისა და პიომეტრის ჩამოყალიბების პროცენტული მაჩვენებლები და რისკები იზრდება. ამის მიუხედავად, ზრდასრული ცხოველის კასტრაცია/სტრეილიზაციაც ამცირებს ამ დაავადებების წარმოქმნის ალბათობას, თუმცა უფრო ნაკლები პროცენტულობით. ამიტომ 8-9 წლამდე ცხოველის სტერილიზაცია კასტრაცია უმეტესად რეკომენდებულია. უფრო ასაკოვან ცხოველებს კი ეს ოპერაცია ჩაუტარდებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხოველი დაავადებულია და ოპერაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  

 

 

კასტრაცია/სტერილიზაცია ასევე მნიშვნელოვანია როგორც მეტისი, ასევე ჯიშიანი ცხოველების პოპულაციის სწორი მართვისთვის. რა სტანდარტები და პროცედურები ირღვევა ამ მხრივ ჩვენთან?

სპონტანური გამრავლების შედეგად დაბადებული ცხოველის ფასი ე.წ.  შეთანხმებით დგინდება და მათი შეძენა შესაძლებელია ძალიან დაბალ ფასად. ადამიანები ხშირად  გაუცნობიერებლად ყიდულობენ ცხოველს და როდესაც ფაქტის წინაშე დგებიან, რომ მათი შენახვა მოითხოვს დროს, ენერგიას, ფინანსებს და ა. შ., მას თავიდან იშორებენ.

იგივე დამოკიდებულებაა ხშირად ნაჩუქარი, ანუ „უფასოდ“ მიღებული ცხოველის შემთხვევებშიც. ამის ნათელი მაგალითია ჯიშიანი ცხოველებით გადავსებული თავშესაფრები. როდესაც ადამიანი გაცნობიერებულად დგამს ნაბიჯს და ინფორმირებულია ყველა იმ სირთულის შესახებ, რომელიც ცხოველთან თანაცხოვრებას ახლავს  და ამავდროულად ლეკვში/კნუტში სოლიდურ თანხას იხდის, მის მოვლას მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება.

მოსაწესრიგებელია ცხოველის არასწორ პირობებში გამრავლების პრობლემაც. მაგალითად, კატეგორიულად დაუშვებელია იმ ცხოველთა შეჯვარება, რომლებსაც გენეტიკური  პათოლოგიები უვლინდებათ.

ჯიშიანი ძაღლებისა და კატების გამრავლება, წესით, მხოლოდ ლიცენზირებული კლუბებისა და საშენების პირობებში უნდა იყოს ნებადართული და შესაბამისად,  ძვირიც უნდა ღირდეს.

ასეთ დროს, დაცულები ვიქნებით ნათესაური კავშირის შედეგად დაბადებული, ანდაც გენეტიკური პათოლოგიების მქონე ცხოველების გამრავლებისაგან. ასევე ყოვლად დაუშვებელია ცხოველის ყოველ მძუნაობაზე შეჯვარება, რადგან ორგანიზმი მშობიარობის შემდეგ  რეაბილიტაციას საჭიროებს.

სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერჯერობით ეს ნორმები არ არის დაცული და მხოლოდ ადამიანის კეთილგონიერებაზე ვართ დამოკიდებული.  

ბოლოს, ჩვენი საუბარი რომ შევაჯამოთ: კასტრაცია/სტერილიზაცია სასარგებლოა როგორც ცხოველთა სიცოცხლის ხანგრძლივობისა და გარკვეული დაავადებების პრევენციის კუთხით, ასევე მათი პოპულაციის სწორად  მართვის მხრივაც.

 


რეკომენდებული სტატიები
რა ხდება როცა ბავშვს შინაურ ცხოველთან ერთად ვზრდით

რა ხდება როცა ბავშვს შინაურ ცხოველთან ერთად ვზრდით

რა ხდება როცა ბავშვს შინაურ ცხოველთან ერთად ვზრდით
მართალია თუ არა, რომ ცხოველისა და პატარების თანაცხოვრება ბავშვისთვის საზიანოა? ამ საკითხზე at.ge სპეციალისტებს და იმ მშობლებს გაესაუბრა, რომლებიც შვილებს ცხოველებთან ერთად ზრდიან
რჩევები და მოვლის წესები შინაური ცხოველებისთვის სოციალური ქსელებიდან

რჩევები და მოვლის წესები შინაური ცხოველებისთვის სოციალური ქსელებიდან

რჩევები და მოვლის წესები შინაური ცხოველებისთვის სოციალური ქსელებიდან
რამდენად უცნაურადაც  უნდა მოგეჩვენოთ, ქართულენოვან “ფეისბუკში” თუთიყუშების, ზაზუნების, ზღარბების, თევზებისა და სხვა შინაური ცხოველების მოყვარულთა ჯგუფებიც კი არსებობს. თუ გყავთ შინაური ცხოველი ან მის ყიდვას აპირებთ, გირჩევთ აუცილებლად გაწევრიანდეთ ამ ჯგუფებში, სადაც უამრავ რჩევას და რეკომენდაციას მიიღებთ, როგორ გახდეთ თქვენი მეგობრის უკეთესი პატრონი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.