fbpx

1 აპრილის ყველა დროის საუკეთესო მაიმუნობა


გააზიარე სტატია


ავტორი: ტოდ ლეოპოლდი


პირველი აპრილი ის აღარაა, რაც ადრე იყო.

კომპანიები ხუმრობებს მოიფიქრებენ, ყველა გაიცინებს, მაგრამ არავინ გასულელდება.

არადა იყო დრო, როცა პირველი აპრილის ჭორებისა და ხუმრობების გამო სასმელების მაღაზიებთან რიგები დგებოდა, ხალხი თავიანთ ტელევიზორებს ყნოსავდა და ტელეფონის ხაზზე იხრჩობდა თავს ეროვნულ პარკებში საჩივრებით რეკვისას.

დღეს ჩვენ ბევრად ჭკვიანები ვართ, ასე არაა?

ხომ ასეა?

ხუმრობების დღისთვის სათანადოდ მოსამზადებლად წარმოგიდგენთ ისტორიაში 10 საუკეთესო საპირველაპრილო გაცურებას. რაც არ უნდა იყოს, ცოდნა  იარაღია, და როგორც აბრაამ ლინკოლნმა სამართლიანად შენიშნა, “ნუ დაუჯერებთ ყველაფერს, რასაც ინტერნეტში ნახავთ”.

 

#1. სპაგეტი ხეებზე იზრდება

 

1957 წლის პირველ აპრილს BBC-ის ტელეშოუ “პანორამამ” წარმოადგინა სიუჟეტი შვეიცარიაში მაკარონის დიდ მოსავალზე, რაც თბილი ამინდებითა და სპაგეტის ჭიის განადგურებით იყო გამოწვეული. ამბავი ბევრმა გულუბრყვილო ბრიტანელმა დაიჯერა და გასაგებიცაა – ტელევიზია მაშინ ახალი ხილი იყო და “დეიდა ბიბი” (BBC-ის მოფერებითი მეტსახელი) არასდროს მოიტყუებდა, არა?

ეს ამბავი  ხუმრობების მუზეუმმა ყველა დროის საპირველაპრილო ხუმრობების პირველ ნომრად აღიარა.

 

#2. ყველა დროის ყველაზე სწრაფი ჩამწოდებელი

sidd finch

 

მწერალმა ჯორჯ პლიმპტონმა ერთ მშვენიერ დღეს გამოცემა Sports Illustrated-ისთვის საგანგებოდ გამოიგონა Mets-ის ჩამწოდებელი, ვინმე “სიდჰარტჰა” – იგივე სიდ ფინჩი, რომელსაც ბურთის ჩაწოდება 168 მილი/საათში სიჩქარით შეეძლო. ეს ამბავი 1985 წლის პირველ აპრილს გამოქვეყნდა. დაკვირვებული მკითხველი შენიშნავდა, რომ სტატიის ქვესათაურის სიტყვების პირველი ასოებით იკითხებოდა – Happy April Fools’ Day. თუმცა ბევრი მკითხველი იხსენებდა, თუ როდის დაამატა  Mets-მა ცეცხლოვანი ჩამწოდებელი თავის ისედაც საუკეთესო გუნდს.  პლიმპტონმა კი ეს სტატია შემდეგ წიგნადაც აქცია.

 

#3. პი-ს გადაკეთება

A number of things to know on Pi Day

 

მათემატიკური სიმბოლო “პი” ზედმეტად ჩახლართულია. როგორ შეიძლება მუშაობა რიცხვთან, რომელიც არასდროს სრულდება? ალაბამას კანონმდებლებიც ასე ფიქრობდნენ და 1998 წელს “პი” 3.14159… -ს ნაცვლად მარტივად 3-მდე დაამრგვალეს. იმის მიუხედავად, რომ ეს უბრალოდ ხუმრობა იყო მარკ ბოსლოუსგან, ამბავი მაინც ფართოდ გავრცელდა და ბევრმა სიმართლედ მიიჩნია. და არცაა გასაკვირი: 1897 წელს ინდიანას საკანონმდებლო ორგანომ კინაღამ მიიღო კანონი, რომელიც “პი”-ს 3.2-მდე დაამრგვალებდა.

 

#4. ტუალეტის ქაღალდი ცაციებისთვის

 

რატომ უნდა იყვნენ მემარჯვენეები ცაციებთან შედარებით სისუფთავესთან უფრო ახლოს? 2015 წელს კომპანია Cottonelle-მა გაავრცელა ტვიტი, სადაც ის ცაციებისთვის სპეციალური ტუალეტის ქაღალდის გამოშვების შესახებ იტყობინებოდა. ხუმრობა განაგრძობდა “ბურგერ კინგის” 1998 წლის ტრადიციას, როცა კომპანიამ ახალი “ცაციების ბურგერი” წარმოადგინა.

Cottonelle-ის ტვიტის არცთუ ისე ბევრმა ადამიანმა დაიჯერა, თუმცა საქმე სხვანაირად იყო 1973 წელს, როდესაც  ჯონი კარსონმა იხუმრა  ტუალეტის ქაღალდის დეფიციტის შესახებ და აღელვებულმა ამერიკელებმა მაშინვე რულონების მომარაგება დაიწყეს.  

#5. Taco Bell-ის თავისუფლების ზარი

უკვე კლასიკად აღიარებული ხუმრობის დროს, 1996 წელს, ამერიკულმა ფასტ ფუდის კომპანია Taco Bell-მა განაცხადა, რომ ეროვნული ვალის დაფარვის  ფარგლებში შეიძინა ამერიკის ერთ-ერთი ეროვნული მემკვიდრეობის სიმბოლო  Liberty Bell (თავისუფლების ზარი), რომელიც ფილადელფიის ეროვნულ პარკში მდებარეობს. ამბავი რამდენიმე სენატორმაც კი დაიჯერა და ეროვნული პარკების ადმინისტრაციას მოუწია პრესკონფერენციის გამართვა ინფორმაციის უარსაყოფად. იმავე დღეს Taco Bell-მა აღიარა ხუმრობა და განაცხადა, რომ “თავისუფლების ზარის” მოვლისთვის 50000 დოლარს გადარიცხავდა. თუმცა, ხუმრობის რეალური ფასი, რა თქმა უნდა, ამაზე ბევრად მეტი იყო.


#6. ბიგ-ბენი ციფრული გახდა

 

ბრიტანელები პირველი აპრილის ხუმრობების ოსტატები არიან. 1980 წელს BBC-მ განაცხადა, რომ იწყებოდა ლონდონის ისტორიული საათის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც მისი ციფერბლატი ციფრული გახდებოდა. ხუმრობა ბევრმა ცუდად მიიღო, რის გამოც BBC-მ ბოდიშიც მოიხადა. თუმცა, მოგვიანებით, უკვე ციფრულ ეპოქაში,  ხუმრობა ისევ გაიმეორეს.

 

#7. ნეილონის ფერადი ტელევიზორი

 

სატელევიზიო ხუმრობებს რაც შეეხება, 1962 წელს (როცა მოსახლეობის უმრავლესობას ჯერ კიდევ შავ-თეთრი ტელევიზორები ჰქონდა), შვედეთის ეროვნულმა ქსელმა ეთერში დასვა ტექნიკური ექსპერტი, რომელმაც მოსახლეობას აუხსნა, თუ როგორ უნდა გადაექციათ თავიანთი შავ-თეთრი ტელევიზორები ფერადად  უბრალო ნეილონის კოლგოტების საშუალებით.

 

#8. ნახვამდის, Space Needle

Image result for space needle

 

1989 წელს, სიეტლის კომედი  შოუს დროს, პირდაპირ ეთერში განაცხადეს, რომ ქალაქის სიმბოლო – Space Needle –  წაიქცა, რის დასტურადაც ფოტოების კი წარმოადგინეს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობა იყო, თუმცა რედაქციაში 700-მდე დამფრთხალმა მაყურებელმა დარეკა. ფოტოების ნახვა ამ ვიდეოჩანაწერში 2:25-დან შეგიძლიათ:

 

 

#9. Google ყლუპი

 

Google-ის თითქმის ისევე უყვარს პირველი აპრილი, როგორც თავისი საგანგებო ნახატების (Google Doodle) კეთება. 2005 წელს კომპანიამ განაცხადა, რომ იწყებდა ახალი სასმელის ხაზს სახელად Google Gulp (“გუგლის ყლუპი”), რომელიც მომხმარებელს ტვინის ქერქის ოპტიმიზაციაში” დაეხმარებოდა. თანაც, ის იქნებოდა დიეტური!

ამას შეგვიძლია დავამატოთ Google-ის სხვა ყალბი პროდუქტებიც – Google Romance, Gmail Paper და Google Voice შინაური ცხოველებისთვის, თუმცა თავად Gmail არა, ის მართლაც ნამდვილი იყო, იმის მიუხედავად, რომ ეს რევოლუციური იმეილის სერვისიც ამ დღეს დააანონსეს.


#10. ნუ ჩასქროლავ ნასვამზე

1994 წელს  PC Magazine-მა დაბეჭდა სვეტი კონგრესის ახალი კანონის შესახებ, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში ინტერნეტის მოხმარებას აკრძალავდა. იმის მიუხედავად, რომ სვეტის ავტორად Lirpa Sloof იყო მოხსენიებული (წაიკითხეთ უკუღმა), ბევრმა ეს ახალი ამბავი მართლაც ირწმუნა. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, შეიძლება ეს კანონი არცთუ ისე ცუდი იდეა ყოფილიყო.

 

ორიგინალი: https://cnn.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.