fbpx

ნუცა კუხიანიძე და ქეთო მჭედლიშვილი – ორმხრივი ინტერვიუ Halo of Stars-ის გამოსვლამდე


გააზიარე სტატია

 

ორმა მსახიობმა თითქმის ორი თვე ერთად გაატარა ცირკში.  ორი წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.

გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც Halo of Stars-ის მსახიობებმა, ნუცა კუხიანიძემ და ქეთო მჭედლიშვილმა ერთმანეთთან ჩაწერეს.

მწერლისა და რეჟისორის, ენტონი ლუსეროს ახალი ფილმი Halo of Stars, მისი პოემის – The Clown-ის (Chiron Review Press) მიხედვით არის გადაღებული. ფილმი კლოუნისა და მისი პატარა ქალიშვილის თვალებით დანახულ სამყაროს წარმოგვიდგენს. ის ჰყვება პატარა, მოხეტიალე ცირკის ისტორიას და გვაჩვენებს, როგორ მოგზაურობენ ცირკის ბინადრები ცხოვრების ყოველდღიურ ჯადოსნობებში – სიყვარულში, საიდუმლოებებსა და განსაცდელში. Halo of Stars-ის გადაღებები თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ჰოლანდიაში მიმდინარეობდა. ჯგუფი საერთაშორისოა და  ფილმში ქართველი მსახიობი ნუცა კუხიანიძე და დამწყები მსახიობი ქეთო მჭედლიშვილი მონაწილეობენ.

ფილმში ასევე მონაწილეობენ – პოლს ვერჰაგენი (Kon-Tiki, Amundsen, The Girl in the Spider’s Web), ჰოლიდეი გრეინჯერი (Cinderella, The Finest Hour, The Borgias), ლილი კოლინსი (Tolkien, Okja, Rules Don’t Apply), ლუკას ჰააზი (First Man, The Revenant, Inception, ჰერი ტრედევეი (Gringo, Penny Dreadful, The Lone Ranger), იან უშდერჟი (White God, The Notebook, The Turin Horse), ნიკოლა ჯურიკო (World War Z, In the Land of Blood and Honey), სტეისი მარტინი (The Bell Jar, Vox Lux, Nymphomaniac I) და დაჟან-მარკბარი (Dancer in the Dark, Breaking the Waves, The Big Blue).

ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან აილინ ფელდმანი, დონალდ რანვო და ტერენს მალიკი, კო-პროდიუსერები კი – ნოშრე ჩხაიძე და მარიამ შევარდნაძე, მუსიკის ავტორი დეივ მეთიუსია (The Dave Matthews Band).

მონტაჟი ეკუთვნის ცნობილი მუსიკალური კლიპების შემქმნელს, ჯეფ სელასს (Beyonce, Red Hot Chili Peppers, Rihanna, Jay-Z, Snoop Dog) ხმის დიზაინი კი ჯერემი ბოვკერს. (The Post, Welcome to Marwen).

 

 

ნუცა: ქეთო, მზად ხარ შენი პირველი ინტერვიუსთვის, როგორც ჟურნალისტი და როგორც რესპონდენტი? ახლა ძალიან დიდ ამბებში ხარ, ცირკიდან – კინოში. აბა, ამოარჩიე პირველი კითხვა და შენ დაიწყე. მეც მაქვს შენთვის მომზადებული რამდენიმე საინტერესო კითხვა.

ქეთო: რით იყო Halo სხვა ფილმებისგან განსხვავებული?

ნუცა: სხვათა შორის, ძალიან ბევრი რაღაცით, მაგრამ ერთი მსგავსება ჰქონდა ჩემს სხვა ფილმებთან. ძალიან უცნაურად ჩნდებიან ხოლმე ფილმები ჩემს ცხოვრებაში. აქამდე არასდროს ყოფილა ასეთი, რაღაც დაგეგმილი. აი, როცა არ ველოდები და არ ვფიქრობ, რომ რაღაც მოხდება და ისეთი პერიოდები მაქვს ცხოვრებაში, როცა მოწყენილი ვარ, უცბად ასე ჯადოსნურად გამოჩნდებიან ხოლმე ეს ფილმები. Halo-ც ეგრე იყო. უცბად და ჯადოსნურად გამოჩნდა. მაგრამ განსხვავებული იყო იმით, რომ არასოდეს მითამაშია ისეთ ფილმში, სადაც სცენარი, რაღაც კადრები ასეთი თავისუფალია. და შენ? ეს შენი პირველი ფილმია, როგორც ვიცი, ხო? საერთოდ გიფიქრია აქამდე, რომ ფილმში გინდა თამაში და მსახიობი იქნებოდი?

ქეთო: ხანდახან კი.

ნუცა: და უცბად რომ გითხრეს, აი, ამ ფილმში უნდა ითამაშოო, გაგეხარდა თუ შეგეშინდა?

 

 

ქეთო: არა, არ შემშინებია.

ნუცა: ესე იგი გაგეხარდა. მე მახსოვს, პირველად რომ ფილმში ვითამაშე, შენხელა ვიყავი, ზუსტად 9 წლის. ჩემი დეიდის მეგობარი იღებდა და დედაჩემმა რომ მითხრა, ფილმში უნდა გადაგიღოსო, ისე შემეშინდა და ისე ვინერვიულე, რომ არაფრით არ მინდა მეთქი. არ მინდოდა, რომ წავეყვანე და ამ ფილმში გადავეღე. მერე უცბად ისე მოვიწამლე ამ კინოთი –  მას მერე, რაც ეს კამერები ვნახე, ეს ხალხი და გადაღება, იმის მერე ძალიან შეყვარებული ვარ. როგორ გგონია, შენც ეგრე იქნები? ამ ფილმის მერე კიდევ სხვა ფილმში ითამაშებ, რომ გთხოვონ?

ქეთო: კი.

ნუცა: სიამოვნებით, ჰო?

ქეთო: კი.

ნუცა: რა მოგწონს ყველაზე ძალიან ფილმში თამაშისას?

ქეთო: (იღიმის) არ ვიცი, მსიამოვნებს და მომწონს.

ნუცა: სასიამოვნოა ჰო, ძალიან? მე იცი, რა მომწონს ყველაზე მეტად? რომ გავიწყდება, შენი სახლი როგორია, როგორია სახლში შენი ცხოვრება. კინოში როცა ვთამაშობ, ეგ რაღაცები აღარ მახსოვს ხოლმე. მარტო ის მახსოვს, რაც კინოში ხდება.

ქეთო: მე აღარც მახსოვს და არც მაინტერესებს.

ქეთო: რას ფიქრობდნენ შენი მშობლები როდესაც მსახიობობა დაიწყე?

 

 

ნუცა: იცი, მე სულ პატარა რომ ვიყავი, სანამ პირველად ფილმში ვითამაშებდი, ხან ეზოში, ხანაც მეზობელ ბავშვებთან და ხან დასასვენებლად ყოფნის დროს სხვა ბავშვებთან ერთად ვდგამდი სპექტაკლებს. ხანდახან ვითომ ცირკის მსახიობები ვიყავით და ცირკს ვთამაშობდით. აი სულ ეგ სურვილი მქონდა, რომ რაღაც სხვა მეთამაშა და მომეფიქრებინა. ჩემი მშობლები, მე მგონი, ძალიან ელოდებოდნენ ჩემგან, რომ მსახიობი დავდგებოდი, იცი? არ ვიცი, გაუხარდათ თუ არ გაუხარდათ, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, რომ წინააღმდეგი არ იყვნენ.

ნუცა: შენ აი ასე პირდაპირ ითამაშე, არანაირი სირცხვილის გრძნობა არ გქონია. ხომ იცი, აი, ბავშვებს რომ აქვთ ხოლმე, რაღაცის ერიდებათ, რცხვენიათ და იპრანჭებიან. ეგ გრძნობა საერთოდ არ გქონია, ჰო?

ქეთო: მინდოდა…

ნუცა: მე მგონი, ეგრე არის მსახიობი – თუ მართლა გულით მსახიობი ხარ და მოგწონს სხვადასხვა როლების მორგება, თავიდანვე ძალიან თამამი ხარ. ძალიან საინტერესოა. შემდეგი შენი ფილმები როგორი შეიძლება იყოს, გიფიქრია მაგაზე?

ქეთო: რა ვიცი…

ნუცა: ვიცი, რომ შენ ტანვარჯიშზე დადიხარ, ხო? ეს რაღაცით ახლოს არის ამ ცირკის ამბავთან, მანდაც ხომ ეგეთი ნომრები აქვთ?

ქეთო: კი.

ნუცა: ამიტომ შენთვის ძალიან უცხოც არ იყო, ხო, ეგ სამყარო?

ქეთო: არა.

ნუცა: და როგორ გგონია, ძნელია მსახიობობა?

ქეთო: ისე არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის არ არის.

ნუცა: შენ თავისუფლად გამოგდის, პირდაპირ, არა? ეგ ძალიან მაგარია, როცა არ გჭირდება ბევრი წვალება იმაზე, რასაც აკეთებ და როდესაც შეგიძლია ადვილად აკეთო და თან ეს გიყვარს. ალბათ ძალიან კარგია ეგ შეგრძნება, არა? მე მგონია, რომ მსახიობობა ძალიან გამორჩეული პროფესიაა. მრავალფეროვანი რაღაცები ხდება, ხო? შენ სად იცხოვრებდი, საქართველოში რომ არ ცხოვრობდე? არის სადმე ეგეთი ადგილი?

ქეთო: რა ვიცი.

ნუცა: არა, ხო? საქართველოს გარდა, სხვა რომელიმე ქვეყანაში ნამყოფი ხარ?

ქეთო: კი, ჰოლანდიაში.

ნუცა: ჰოლანდიაში იყავი? მერე, როგორ მოგეწონა?

ქეთო: ძალიან მომეწონა, აღარ მინდოდა წამოსვლა…

ნუცა: მე პირველად რომ ვიყავი ჰოლანდიაში, თავი მართლა პატარა ზღაპარში მეგონა. აი ისეთში, პატარა ქალაქები რომ არის, ასევე პატარა, სხვადასხვა ფორმის სახლებით.

ქეთო: ისე მომეწონა, რომ ყველაფერს ფოტოებს ვუღებდი.

ნუცა: ჰო, ეგეთია.

ქეთო: ჯერ კიდევ არ წამიშლია.

ნუცა: და იცი რა მაინტერესებს, აი, ამ წასვლაზე გამახსენდა, სიზმრებს ხედავ ხოლმე? და გახსოვს შენი სიზმრები?

ქეთო: კი… ზოგჯერ ვხედავ, მაგრამ დიდი ხანია აღარ მინახავს. პატარა რომ ვიყავი, სულ პრინცესებზე და რაღაცებზე მესიზმრებოდა ხოლმე.

ქეთო: ყველაზე ხშირად რაზე ოცნებობ?

ნუცა: ეს ძალიან კარგი კითხვაა, იცი? ყველაზე ხშირად წასვლაზე.

ქეთო: მე მოგზაურობაზე, მიყვარს მოგზაურობა.

ნუცა: …და ვინ გინდოდა, ყველაზე ძალიან რომ ყოფილიყავი, სანამ მსახიობობას გადაწყვეტდი? ვინ გინდოდა, რომ გამოსულიყავი? გიფიქრია მაგაზე?

ქეთო: მანამდე ტანმოვარჯიშე მინდოდა გამოვსულიყავი. ახლა ტანმოვარჯიშეც მინდა ვიყო და მსახიობიც.

ნუცა: მე მგონი, ტანმოვარჯიშე ხარ უკვე, არა? მსახიობიც უკვე ხარ თითქმის. ფილმი რომ გამოვა, უკვე თავისუფლად შეგიძლია თქვა. გყავს ვინმე საყვარელი  პერსონაჟი, ვისაც ითამაშებდი? აი, როცა თამაშობ სახლში, მარტო როცა ხარ – რას თამაშობ ხოლმე?

ქეთო: მე მარტო თამაში არ მიყვარს.

ნუცა: ვისთან ერთად თამაშობ ხოლმე?

 

 

ქეთო: ოჯახში ერთი ვინმე მაინც არის და ეგრევე მასთან მივდივარ – ან ველაპარაკები ან რამე, მარტო როცა ვარ, ძალიან ვიწყენ, მარტო თამაში კიდევ არ მიყვარს.

ნუცა: მარტო ყოფნა არ გიყვარს, ჰო?

ქეთო: არა, ოთახში მარტო რომ ვარ, თან რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს და არ მიყვარს.

ნუცა: ხშირად ტირი ხოლმე?

ქეთო:  როცა  დიდხანს  ვარ მარტო და აი ვინმე გასულია… მარტო რომ ვრჩები, არ მიყვარს და ზოგჯერ ვტირი.

ნუცა: მეც რო ვიხსენებ… პატარა რომ ვიყავი, სულ მიყვარდა უფროსებთან ერთად თამაში. ოღონდ, ძალიან პატარა რომ ვიყავი, მაშინ და სულ ვიგონებდი ხოლმე რაღაც თამაშებს. არ ვაცლიდი უფროსებს, რომ თავიანთი საქმე გაეკეთებინათ და ჩემთან ერთად ვათამაშებდი ხოლმე. ისინიც ვერ მეუბნებოდნენ უარს, საყვარლები იყვნენ. ბავშვებთან უფრო გიყვარს თამაში თუ უფროსებთან?

ქეთო: ჩემს ტოლებთან.

ნუცა: მაგარია. ყველაზე ხშირად რას თამაშობ?

ქეთო: ყველაზე ხშირად? თითქმის ყველაფერს თანაბრად ვთამაშობ. კარტიც მიყვარს, წრეში ბურთიც მიყვარს. ისე, ზოგს რომ უყვარს ფეხბურთი, მეც მიყვარს, ვთამაშობ ხოლმე სპორტის გაკვეთილზე.

ნუცა: ახლა აღარ გექნება თამაშისთვის დიდი დრო, აქეთ-იქით სიარულს რომ დაიწყებ, მაგარია. კიდევ გაქვს რამე კითხვა?

ქეთო: როგორ გაიცანი ენტონი?

ნუცა: ენტონი გავიცანი, ლოს-ანჯელესში რომ ჩავედი. საერთო მეგობარი გვყავს და იმან გამაცნო. ენტონის ძალიან უყვარს ეს ისტორია, დავპატიჟე ძალიან უცნაურ მუზეუმში. მე ვუთხარი, წამო, მე და შენ გავისეირნოთ მუზეუმში მეთქი და წავიყვანე ჯადოქრობების მუზეუმში. ეგეთი მუზეუმი გაგიგია საერთოდ, რომ არსებობს?

ქეთო: არა.

ნუცა: აი, ეგეთი უცნაური მუზეუმი არის, რაღაც ნახატები და რაღაცები კი არ კიდია…

ქეთო: პატარა სათამაშოები, პატარა ნივთები?

ნუცა: იცი, როგორი რაღაცებია? აი, მაგალითად, რაღაც ნემსი და უცბად ნემსის წვერზე პატარა კაცია. წარმოიდგინე, შენ გიჭირავს ხელში გამადიდებელი შუშა, უყურებ და ხედავ. წარმოიდგინე, სულ სულ სულ პატარა, აი ხელშიც რომ ვერ აიყვან, მაგხელა, ვიღაცის გაკეთებული კაცი.

ქეთო: რო დაგივარდეს, ვერ იპოვი, მარტო გამადიდებლით თუ იპოვი?

ნუცა: ვერაფრით ვერ იპოვი. ნემსის თავზე რომ დგას, ძალიან უცნაურია. ასეთი პატარა ნივთებია ამ მუზეუმში. კიდევ არის მოყოლილი უცნაური ამბები ჯადოქრობებზე, სხვადასხვა ქვეყნებში რომ მოხდა. ძალიან საინტერესო მუზეუმია. აი, ლოს-ანჯელესში რომ მოვხვდებით ერთად, აუცილებლად წაგიყვან. გაგიჟდები, როგორი ზღაპრულია. და აი, იქ წავიყვანე ენტონი და ისიც არ იყო ნამყოფი. გაგიჟდა, ისე მოეწონა და იმის მერე დადის ხოლმე, იცი? ახლა რომ ჩავალ, აუცილებლად კიდევ ერთხელ უნდა მივიდეთ მანდ ერთად. შენც რომ ჩამოხვალ, აუცილებლად წაგიყვან.

ნუცა: ხატვა თუ გიყვარს?

ქეთო: კი.

ნუცა: შენ თვითონ ხატავ ხოლმე ეგეთ გმირებს და იგონებ ეგეთ რამეებს?

ქეთო: რა ვიცი, ზოგჯერ ვცდილობ, მულტფილმის გმირები გადავიხატო ხოლმე. ყველაზე მეტად ცხვირი არ გამომდის.

ნუცა: ძალიან ძნელია სახის დახატვა, მე ვერ ვხატავ კარგად, მაგრამ ახლა, ამ ბოლო დროს დავიწყე უფრო ხშირად ხატვა…

ნუცა: კითხვა გიყვარს?

ქეთო: ცოტა.

ნუცა: მეც დიდად არ მიყვარდა, შენხელა რომ ვიყავი, ახლა უფრო მიყვარს, რომ გავიზარდე. იმიტომ, რომ მბეზრდება და მწყინდება ხოლმე ჩვეულებრივი რაღაცები. წიგნს რომ ვკითხულობ, წარმოვიდგენ ხოლმე, რომ იქ ვარ.

ქეთო: მე  წიგნის კითხვა როცა მინდა, უმეტესად, ცოტა ისეთ წიგნს ვეძებ, რომ თან გასართობი იყოს, ეგეთები მაქვს ხოლმე.

ნუცა: როგორი, ნახატებიანი, მაგალითად?

ქეთო: ხო, ერთი წიგნი მაქვს, კალამი მოყვება. რაღაცები წერია და ზოგი ისეთია, რომ უნდა უპასუხო და რომ დააჭერ, ხმა აქვს. თუ სწორია, სხვანაირი ხმა ექნება, თუ არასწორია – სხვანაირი.

ნუცა: ქეთო, ძალიან კარგი იყო იყო შენთან ასეთი ლაპარაკი, იცი? გაქვს კიდევ რამე კითხვა?

ქეთო: არა.

ნუცა: ჰოდა, ჩემთან გელოდები და აუცილებლად გადავიღოთ ფოტოები, როგორ ვხატავთ ერთმანეთს.


რეკომენდებული სტატიები
ნუცა კუხიანიძის „გარდა იმისა“
Play Video

ნუცა კუხიანიძის „გარდა იმისა“

ნუცა კუხიანიძის „გარდა იმისა“
AT.GE „არტარეასთან“ ერთად განაგრძობს ერთობლივ პროექტს “გარდა იმისა”, რომელშიც თინა დალაქიშვილისა და ნიკა მაჩაიძის შემდეგ ნუცა კუხიანიძეს იხილავთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.