14 აპრილი დედაენის დღეა – 1978 წლის პროტესტი თვითმხილველების მონაყოლიდან


გააზიარე სტატია

 

ავტორი: ნინო ჩლაიძე

 

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.

1978 წლის აპრილში გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნდა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის ახალი ვერსია, რომელიც  მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევას გულისხმობდა. სსრკ-ის სახელმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული.

ამ სიახლეს ქართული საზოგადოების უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. პროტესტის ავანგარდში სახელმწიფო უნივერსიტეტი მოექცა, კერძოდ, ფილოლოგიისა და ისტორიის ფაკულტეტების სტუდენტები. ენისთვის სახელმწიფო სტატუსის მოხსნას ასევე არ ეთანხმებოდა  ინტელიგენციის დიდი ნაწილიც, სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

 

 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს კომპარტიის სხდომაზე ქართული ენის სტატუსის საკითხი უნდა განხილულიყო. სწორედ ამ დღეს თბილისში  ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც საბოლოოდ საზოგადოების გამარჯვებით და ქართული ენისთვის  სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნებით დასრულდა.

ისტორიკოსი პაატა ბუხრაშვილი at.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ დამოუკიდებლობისთვის ხანგრძლივი  ბრძოლა და საბოლოოდ მისი მიღწევა ერთ მთლიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ და ამ გზაზე 14 აპრილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია.  

„ენის სახელმწიფო სტატუსის მოხსნას თავისი საკმაოდ ვრცელი პრე-ისტორია აქვს, რომელიც საბჭოთა კავშირში 50-იანი წლების შუახანებიდან იწყება და სსრკ-ის გლობალიზაციის გეგმის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს წარმოადგენდა.

1936 წელს მიღებული საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის თანახმად, ყველა საბჭოთა რესპუბლიკას უნარჩუნდებოდა საკუთარი სახელმწიფო ენა, ვინაიდან  სოციალიზმის იდეის სწორად მიტანისა და გავრცელებისთვის აუცილებელი იყო იყო მისი სიღრმისეული გაგება, რაც ყველაზე კარგად სწორედ მშობლიურ ენაზე მოხერხდებოდა.

 

 

„ფორმით ეროვნული, შინაარსით ინტერნაციონალური“ – ასეთი მიდგომა ჰქონდა სტალინს. სტალინის სიკვდილის და ცნობილი „კულტის მსხვრევის“ შემდგომ, ხრუშჩოვმა სტალინისგან აბსოლუტურად განსხვავებული ეკონომიკური და იდეოლოგიური განვითარების გეგმა შეიმუშავა და  განაცხადა, რომ 1980 წელს საბჭოთა კავშირმა სოციალიზმიდან კომუნიზმში უნდა შეაბიჯოს.

ცნობილია, რომ კომუნიზმი   ყველაფერ საერთოს გულისხმობდა – მათ შორის, ენასაც. ხრუშჩოვმა ეს პროცესი ვერ დაძრა, რადგან მწვავე ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა ქვეყანა და მალე თანამდებობიდან გაათავისუფლეს კიდეც.



 

ბრეჟნევის მმართველობის პირველ პერიოდში  ცხადი გახდა, რომ კომუნიზმი კვლავ ბუნდოვან პერსპექტივად რჩებოდა და ამიტომ შემოიღეს ტერმინი „განვითარებული სოციალიზმი“, რომელიც კომუნიზმის პრე-ხანა უნდა ყოფილიყო და საბჭოთა ერების გაერთიანების იდეასაც ითვალისწინებდა.

გლობალიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწორედ საერთო ენაა და ამასთან ერთად, ენის „წართმევა“ ყველანაირ ეროვნულ გრძნობებს და სენტიმენტებს დათრგუნავდა და საბოლოო ჯამში გააქრობდა კიდეც. ენის  დაკარგვა, რა თქმა უნდა, თვითმყოფადობის გაქრობას გამოიწვევდა და ნელ-ნელა ჩამოვყალიბდებოდით რუსულენოვან ხალხად, რომელსაც არანაირი ეროვნული ღირებულებები არ გააჩნია. ეს ძალიან კარგად ესმოდა საზოგადოების დიდ ნაწილს და სწორედ ამიტომ მოჰყვა ენის სტატუსის ჩამორთმევის მცდელობას ასეთი მძლავრი საპროტესტო ტალღა.“

თამარ ჩხეიძე, აქციის მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი:

„მაშინდელ მთავარ გაზეთში, „კომუნისტში“ გამოქვეყნდა, ახალი კონსტიტუციის ვერსია, სადაც ეწერა, რომ ქართული ენა  სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა. ეს ამბავი გახმაურდა სტუდენტებში, ინტელიგენციის გარკვეულ წრეებში, სასწავლო თუ სამეცნიერო დაწესებულებებში, თეატრებში.

დაიწყო შეკრებები, სადაც განიხილებოდა კონსტიტუციის ახალი პროექტი და ყველა აფიქსირებდა ერთსა და იმავე აზრს, რომ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი უნდა შენარჩუნებოდა. შეიძლება ყველა ხმამაღლა ვერ ლაპარაკობდა, თუმცა ამ საკითხის მიმართ ერთსულოვნება ნამდვილად იგრძნობოდა.

მაშინ უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. ჩვენ მანამდეც გვქონდა იატაკქვეშა ჯგუფი – ვიკრიბებოდით ჩემთან, სახლში, ვავრცელებდით პროკლამაციებს, აკრძალულ ლიტერატურას… ცხადია, რომ ამ ამბის გახმაურების შემდეგ ჩვენი ჯგუფი გააქტიურდა.  

მახსოვს, ერთ-ერთ შეკრებაზე ჩვენმა მეგობარმა თქვა, რომ ამას  დიდი ამბავი მოჰყვებოდა, თუმცა სიმართლე გითხრათ, პირადად მე ასეთ მასობრივ გამოსვლას და პროტესტს არ მოველოდი. ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებმა შევადგინეთ პეტიცია, სადაც მოვითხოვდით ქართულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნებას. ხელმოწერები შევაგროვეთ და ცენტრალურ კომიტეტში ჩავაბარეთ.

ცნობილი იყო დღე, როდის უნდა შემდგარიყო უმაღლესი საბჭოს სესია, სადაც კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვა იგეგმებოდა, ეს იყო 14 აპრილი.

ხელისუფლება პანიკაში ჩავარდა და მათთვის კარგად ნაცნობ გზას, ხალხის დაშინებას შეუდგა. „კაგებეს“ თანამშრომლები უკლებლივ ყველას კუდში დასდევდნენ. ჩემს სახლში ჩხრეკაც კი ჩაატარეს. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს იბარებდნენ და დაჭერით ემუქრებოდნენ. 14 აპრილამდე გარკვეულწილად შედეგს მიაღწიეს კიდეც და სტუდენტთა ნაწილმა  უკან დაიხია.

თუმცა, საბოლოო ჯამში, სწორედ „კაგებეს“ აქტიურობის წყალობით, ინფორმაცია ძალიან სწრაფად გავრცელდა და  საზოგადოების იმ ნაწილამდეც მიაღწია, ვისაც ამის შესახებ შეიძლება ვერასდროს გაეგო. ჩვენი აქტიურობის მიუხედავად,  ასეთი მასშტაბით ამ ამბავს მაინც ვერ გავავრცელებდით, როგორც ეს თავად „კაგებემ“ მოახერხა.

 

 

ხელისუფლების „პროფილაქტიკურმა“ ზომებმა და პანიკამ მოსახლეობის ყველა ფენას შეატყობინა საპროტესტო ტალღის შესახებ. ყველა ორგანიზაციას – სკოლებს, დაწესებულებებს აფრთხილებდნენ, 14 აპრილს კარი ჩაეკეტათ და არავინ გამოეშვათ გარეთ. ყოველივე ამან ადამიანებში უკურეაქცია გამოიწვია და 14 აპრილს ხალხის უზარმაზარი მასა დაიძრა მთავრობის სახლისკენ.

იმ დროისთვის ეს იყო აბსოლუტურად უპრეცედენტო მოვლენა, ამბობდნენ, რომ აქციაზე დაახლოებით 50 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

საოცარი ის იყო, რომ ამხელა მასა თავად იცავდა წესრიგს.  ხალხს ჰქონდა შეგნება, რომ არაფერი დაეშავებინა და ყველაფერს მშვიდობიანად ჩაევლო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ კიდევ ბევრი სხვა მოთხოვნა გვქონდა სისტემასთან, მათ შორის, პოლიტპატიმრების საკითხი (ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იმ დროს დაჭერილები იყვნენ), ხალხი ერთმანეთს აფრთხილებდა, რომ შედეგის მისაღწევად, მხოლოდ ამ ერთ, კონკრეტულ მოთხოვნაზე ვყოფილიყავით კონცენტრირებული. ეს იყო მთავარი და გადამწყვეტი.

შიში, რომელიც წინა დღეებში იგრძნობოდა, 14 აპრილს გაქრა. საპროტესტო აქციას „დაშინებული“ ხალხის ნაწილიც შეუერთდა. ჩვენ ვიცოდით, რომ სისხლის ღვრის რეალური საფრთხე არსებობდა და ამბობდნენ კიდეც, რომ   სამხედრო ძალების გარკვეული მობილიზება ხდებოდა.

ამას გარდა, იქ იყვნენ ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენლები, რომელთაც კარგად ახსოვდათ 1956 წელი, როდესაც  მანიფესტაციის მსვლელობისას პირდაპირ ქუჩაში დახვრიტეს უამრავი ადამიანი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, შიში დაძლეული იყო და ყველა მხოლოდ გამარჯვებაზე იყო ორიენტირებული.

მალე  ხალხთან გამოვიდა ედუარდ შევარდნაძე და მოგვმართა. მისი მიმართვა სიტყვა „შვილებოთი“ დაიწყო, რასაც უარყოფითი შეძახილები მოჰყვა. შევარდნაძემ შემოგვთავაზა კრემლის მიერ თითქოს შერბილებული ვერსია:  კონსტიტუციაში შევა ჩანაწერი, რომ პარტია იზრუნებს მშობლიური ენის განვითარებაზე, სახელმწიფო ენად კი რუსული გამოცხადდება”. ცხადია, ეს წინადადება არ მივიღეთ. შევარდნაძე უკან, შენობაში დაბრუნდა.

ხალხის უზარმაზარი მასა თითქმის სრულ სიჩუმეში ელოდა განაჩენს. რაღაც მომენტში ყველანი ძირს დავსხედით.  რამდენი საათი გავიდა,  არ მახსოვს… როგორც ჩანს, კრემლში მიხვდნენ, რომ ხალხი დათმობაზე არ წავიდოდა, ხოლო სისხლისღვრა არც ედუარდ შევარდნაძეს და არც კრემლს არ აწყობდათ.

ედუარდ შევარდნაძე ხელმეორედ გამოვიდა  და გვამცნო, რომ ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი აღდგა.

 

ეს იყო ქართველი ხალხის დიდი გონიერების, ერთსულოვნების მაგალითი, რომელმაც საბოლოო ჯამში, დამოუკიდებლობამდე მიგვიყვანა. მსგავსი სულისკვეთება, რომელიც მაშინ იყო,  შემდეგ აღარც მინახავს, რადგან ის აქცია სრულიად მოკლებული იყო პოლიტიკურ ამბიციებს და ძალაუფლებისთვის ბრძოლას. ეს იყო მოქალაქეების შეკრება, რომლებიც იცავდნენ თავიანთ ეროვნულ უფლებას და ქვეყნის ინტერესებს.”  


რეკომენდებული სტატიები
ფერმწერ დავით კაკაბაძის გადაღებული საქართველოს მუზეუმი - დღის ფოტო

ფერმწერ დავით კაკაბაძის გადაღებული საქართველოს მუზეუმი - დღის ფოტო

ფერმწერ დავით კაკაბაძის გადაღებული საქართველოს მუზეუმი - დღის ფოტო
დავით კაკაბაძემ ფოტო სავარაუდოდ მუზეუმის 10 წლისთავის აღნიშვნისას გადაიღო. საქართველოს მუზეუმი გასაბჭოების შემდეგ - 1921 წელს გადავიდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, ფოტოს გადაღების თარიღი 1931 წელია.
საქართველოს რკინიგზის ვერსიით საარქივო ფოტოზე ფიროსმანია გამოსახული - დღის ფოტო

საქართველოს რკინიგზის ვერსიით საარქივო ფოტოზე ფიროსმანია გამოსახული - დღის ფოტო

საქართველოს რკინიგზის ვერსიით საარქივო ფოტოზე ფიროსმანია გამოსახული - დღის ფოტო
როგორც ცნობილია, მხატვარი ნიკო ფიროსმანი რკინიგზის თანამშრომელი იყო. 1890-1994 წლებში ის ჯერ რკინიგზის დარაჯად, შემდეგ კი გამცილებლად მუშაობდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.