fbpx

Plant School – სკოლა მათთვის, ვისაც მებაღეობის შესწავლა სურს


გააზიარე სტატია

 

თბილისში ახალი სასწავლო სივრცე Plant School გაიხსნა. Plant School – ეს არის მცენარეების მაღაზიისა და ლანდშაფტის არქიტექტურის სტუდიის, Plant Shop-ის საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მებაღეობის კულტურის განვითარებას საქართველოში.

როგორც სკოლის დამფუძნებლები ამბობენ, სივრცე დაინტერესებულ ადამიანებს ეტაპობრივად შესთავაზებს სხვადასხვა სახის კურსებსა და ვორქშოპებს მცენარეებთან დაკავშირებით.

 

Plant School-ის შესახებ AT.ge  სკოლის დამფუძნებელ ფარნა მარღანიას ესაუბრა.

 

კონკრეტულად რა პროგრამებს აერთიანებს Plant School,  რა ეცოდინება იმ ადამიანს, რომელიც Plant School-ის პროგრამას გაივლის?

სკოლის პირველი კურსი შეიქმნა მათთვის, ვისაც მებაღეობის საფუძვლიანად შესწავლა სურს.  7-თვიანი კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან პრაქტიკულ მებაღეობას, სათბურის და სანერგე მეურნეობის მართვას, ბოტანიკის საბაზისო ნაწილს, ლანდშაფტის არქიტექტურის ისტორიას, ძირითად საკითხებს ფიტოპათოლოგიაში, ენტომოლოგიაში და ნიადაგმცოდნეობაში. კურსი თეორიულ და პრაქტიკულ მასალას  მოიცავს, გაძლევთ საშუალებას ჩაერთოთ რეალურ პროექტებში და დასაქმდეთ მომავალში; კურსდამთავრებულები პროფესიონალი მებაღის სერთიფიკატს მიიღებენ.

 

 

სად ტარდება თეორიული  და პრაქტიკული გაკვეთილები?

ამ კონკრეტული   კურსის თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები შატო-მუხრანის ტერიტორიაზე  ტარდება, ნახევარი საათის გზაზე თბილისიდან. ტრანსპორტირებას მთლიანად სკოლა უზრუნველყოფს.

 

 

ვინ არიან  ის ადამიანები, რომლებიც Plant School-ის სასწავლო პროგრამებს გაუძღვებიან?

პედაგოგები იქნებიან აგრონომები, გამოცდილი მებაღეები და ლანდშაფტის არქიტექტორები, ასევე  ხანგრძლივი გამოცდილების მქონე პროფესიონალები მომიჯნავე სფეროებიდან. გარდა ამისა, სკოლის მოსწავლეებს ექნებათ საშუალება შეხვდნენ მოწვეულ სტუმრებს, მოუსმინონ მასტერკლასებს და მიიღონ პროფესიოანალთა რეკომენდაციები.

 

 

რა წინაპირობა, კრიტერიუმი არსებობს  მათთვის, ვისაც Plat School-ში სწავლის სურვილი აქვს?

ჩვენთან სწავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მაგრამ მიღება ხდება გასაუბრების საფუძველზე. პრიორიტეტს ვანიჭებთ იმ ადამიანებს, ვისაც სურს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

 

 

როგორ გაჩნდა სკოლის გახსნის იდეა, რა გარემოებებმა შეუწყო ხელი, რომ დაგენახათ ასეთი სივრცის საჭიროება?  როგორც უკვე ვიცით, სივრცე Plant Shop-ის საგანმანათლებლო ხაზია. მიღებულმა გამოცდილებამ, გამოჩენილმა ინტერესმა ან თუნდაც გამოწვევებმა ხომ არ გიბიძგათ სკოლის შექმნისკენ,  თუ თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული?

ბრენდი Plant Shop  შექმნიდანვე მოიცავს საგანმანათლებლო მიმართულებას. ყოველთვის ვცდილობთ დაინტერესებულ ადამიანებს სხვადასხვა ხერხებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია  მივაწოდოთ. მაღაზიის გახსნის პირველ წელს გვქონდა ღია ლექცია თემაზე “ლანდშაფტის არქიტექტურის მნიშვნელობა ჩვენს ცხოვრებაში”. ასევე, ქართულ ენაზე  ვთარგმნეთ დოკუმენტური ფილმების სერია Kingdom of Plants და დიდ ეკრანზე მოვაწყვეთ ჩვენება. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ადამიანი ადრეული ასაკიდან ახლოს იყოს ბუნებასთან, ამიტომ სისტემატურად გვაქვს ვორქშოპები პატარებისთვის.  საქართველოში იშვიათად შეხვდებით ადგილს, სადაც მებაღეობა ისწავლება. შესაბამისად, ძალიან ცოტა ადამიანს აქვს შანსი, მიიღოს ცოდნა ამ სფეროში. გარდა ამისა, არსებობის განმავლობაში გაგვიჭირდა გვეპოვა კარგი მებაღეები, თუმცა ამ თემით დაინტერესებული ადამიანი ბევრია. ლოგიკურია, რომ ჩვენი შემდეგი ნაბიჯი საგანმანათლებლო მიმართულებით არის სკოლა.

 

 

როგორ გგონიათ,  რამდენად წარმატებული და პოპულარული იქნება ეს სივრცე?

ვფიქრობთ, ძალიან წარმატებული იქნება, რადგან ბუნების შესწავლის სასიამოვნო პროცესი გადამდებია და საკმაოდ სწრაფად ვრცელდება.

 

 

რამდენად განვითარებულია და, შესაბამისად,  რამდენად პერსპექტიულია ჩვენს რეალობაში პროფესიონალი მებაღის პროფესია და რამდენად  პრაქტიკულად გამოსაყენებელია თქვენს სირცეში მიღებული ცოდნა?

მებაღეობა  ჯერჯერობით განუვითარებელია ჩვენთან, თუმცა საკმაოდ პერსპექტიული. ქვეყანაში თანდათან პოპულარული ხდება მცენარეების სამყარო, შესაბამისად იზრდება საჭიროება ადამიანების, რომლებსაც ამ მიმართულებით ექნებათ ცოდნა მიღებული. დღესდღეობით მებაღის პროფესია ძალიან მოთხოვნადია და როგორც ზემოთ აღვნიშნე, რთულია კარგი მებაღის პოვნა. ჩვენთან მიღებული ცოდნით მებაღეებს უკვე შეეძლებათ საკუთარი მეურნეობის წამოწყება, ბაღების მოვლის დაგეგმვა, ექნებათ სათბურში მუშაობის გამოცდილება.

 

 

ამ ეტაპზე გაქვთ თუ არა ხედვა, გეგმები,  როგორ უნდა განვითარდეს სამომავლოდ ეს სკოლა და  რა სიახლე შეიძლება შესთავაზოს დაინტერესებულ ადამიანებს.

სკოლას მალე ექნება სხვადასხვა სახის თემატური კურსები  განსხვავებული ხანგრძლივობის და განსხვავებული მიზნის. ვიმედოვნებთ, რომ ამ პროექტის დაწყებით საშუალება გვეძლევა მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ ჩვენი მომავლის ხარისხის გაუმჯობესებაში.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.