fbpx

ქართულ მუსიკალურ სიახლეებს ახალი ინტერნეტ არხი გაგვაცნობს – usmine.ge


გააზიარე სტატია

 

მას შემდეგ, რაც ქართული ტელესივრციდან მუსიკალური არხები გაქრა, მათ თან მიჰყვა თავად მუსიკალური ინდუსტრიაც.

ამ წლების განმავლობაში ალბათ ყველა ეთერი და საკომუნიკაციო პლატფორმა დათმობია თემას – სად წავიდა თანამედროვე ქართული მუსიკა, მაგრამ ერთსა და იმავე დისკუსიებს არც ქართული მუსიკა და არც მისი მსმენელი არ მიუყვანია რაიმე შედეგამდე.

თუმცა სულ რაღაც ერთი თვის წინ გაჩნდა ახალი ინტერნეტ პლატფორმა Usmine.ge, სადაც აღმოაჩენთ, რომ ქართული მუსიკალური ინდუსტრია არსებობს და თან საკმაოდ აქტიურად.

 

გვანცა ჯიშკარიანი, usmine.ge-ს დამფუძნებელი:

„მართლა ბევრი მუსიკოსი გვყავს, მაგრამ სივრცე არაა, რომ თავიანთი ნამუშევრები სადღაც გაუშვან. ჩვენ არ ვიცით რა კეთდება, თორემ ძალიან ბევრი რამ ხდება ამ სფეროში, უბრალოდ ჩვენამდე არ მოდის ეს ინფორმაცია.

ზუსტად ამის შიმშილი იყო, ამდენი წლის განმავლობაში მუსიკალური არხი რომ არ არსებობდა. მე რაც მაკლდა ყველაზე ძალიან და ირაკლისაც – ეს იყო და სწორედ ეს შევქმენით. გვინდა, რომ კარგი საქმე გავაკეთოთ როგორც მუსიკოსებისთვის, ასევე მსმენელისთვის.

 

 

ერთი მხრივ, ადამიანებს ექნებათ საშუალება, გაიცნონ და უსმინონ ქართველ მუსიკოსებს.  მეორე მხრივ კი თავად მუსიკოსები წარმოაჩენენ თავიანთ ნამუშევრებს, რომლებიც აქამდე არსად არ ჩანდა.  ეს შესაძლებლობა თავის მხრივ წაახალისებს მათ, უფრო გააქტიურდებიან და ინდუსტრიაც ამოქმედდება.“

 

Usmine.ge ინტერნეტ პლატფორმაა, რომელიც მთლიანად მუსიკას ეძღვნება.

აქ ნახავთ, თუ რა იქმნება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ქართველი მუსიკოსების მიერ. ამ ეტაპზე არხი სხვადასხვა პროექტს აერთიანებს:

ახალი რელიზები – ეს არის ვიდეოკლიპები მუსიკალურ კომპოზიციებზე. თუ ავტორს თვითონ არ აქვს ვიდეო სიმღერაზე, usmine.ge თავად იღებს ამ კლიპს და საიტზე ათავსებს.

უსმინე საელჩოში – ქართველი და უცხოელი მუსიკოსების სოლო კონცერტების მოკლე ვერსიები.

ლაივები ჯაზ -კაფე „ზინგერიდან“.

ვიდეოქოლი – ინტერვიუების სერია საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებთან. თემა, რა თქმა უნდა – მუსიკა.

 

 

არხს მალე დაემატება გადაცემაც, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს, რადგან ის თვითონ მაყურებელმა უნდა მოიფიქროს. მისი „თიზერი“ უკვე გამოჩნდა usmine.ge-ს ფეისბუქ გვერდზე.

წლის ბოლოს კი usmine.ge  გეგმავს დაჯილდოებას, სადაც მონაწილეობას მიიღებს ყველა, ვისი მუსიკაც რაიმე ფორმით განთავსდება საიტზე.

 

Image may contain: 1 person, hat and closeup

 

ირაკლი მენაღარიშვილი, usmine.ge-ს დამფუძნებელი:

„ინტერესი ძალიან დიდია და ჩვენი მიზანიც ესაა, რომ ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდოს. მთელი მსოფლიოდან დაგვიკავშირდნენ ემიგრანტი მუსიკოსები. რამდენიმე სიმღერა უკვე დარელიზებულიცაა. ეს ძალიან საინტერესო პრაქტიკაა იმიტომ, რომ თვითონ მუსიკოსებიც ადევნებენ ამ პროცესს თვალყურს, ერთმანეთის შემოქმედებას ეცნობიან და შეიძლება ახალი კოლაბორაციებიც დაიბადოს. და ეს არის ზუსტად სივრცე, რომელიც ღიაა ექსპერიმენტებისთვის.“

 

Usmine.ge-ს პირველი ჩარტები

კვირის ბოლოს დროა ვნახოთ ვინ გაინაწილა Usmine.ge / უსმინე ხმას TOP 7 ადგილი FB ნახვების მიხედვით:1. Killages 2….

Gepostet von Usmine.ge / უსმინე ხმას am Sonntag, 14. April 2019


გვანცა ჯიშკარიანი:

საზოგადოებამაც ძალიან უცებ აიტაცა. სხვათაშორის, ნახვებს თუ დააკვირდებით, ძალიან საინტერესო ფენომენია, რომ ყველაზე ბევრი ნახვა აქვს ქართულენოვან სიმღერებს. შემსრულებლებს კი გონიათ, რომ ხალხი ვერ მიიღებს მათგან ქართულ სიმღერას. არადა პირიქით, მოლოდინი ძალიან დიდია.

არხი პარალელურ რეჟიმში მიჰყვება ქართული მუსიკალური სფეროს განვითარებას. სფერო კი იმდენად აქტიურია, რომ საიტი პრაქტიკულად ყოველდღიურად ახლდება.

ძალიან გვინდა, რომ ფართო მასებზე გავიდეთ. და გვინდა, მივაღწიოთ იმას, რომ ამ სფეროში მოღვაწეობა უპერსპექტივო არ იყოს. ახალ თაობას ჰქონდეს იმედი, რომ თუ მუსიკოსობა უნდა, „მაგითი ვერ იცხოვრებ“ აღარ უთხრან.  

თან ახლა ძალიან სწორი დროა, რომ ეს მოხდეს. ჩვენ ხომ ყველაფერს გვიან გავდივართ და ახლა ვართ სწორედ იქ, სადაც თავის დროზე იყო MTV. 90-იან წლებში რაც ხდებოდა იქ, ახლა ხდება აქ. ამიტომაც მოსწონთ უცხოელ მუსიკოსებს აქ, რომ ეს ნამდვილია.

დღეს საქართველოში ყველა უკრავს იმას, რაც უნდა. ამის ფუფუნება სხვაგან აღარაა. იმდენად ჩართულები არიან პროდიუსერები ინდუსტრიაში, რომ თავისუფლება დაკარგულია და სრულად კომერციალიზებულია ეს სფერო.  

აქ კი იმდენად დიდი თავისუფლებაა, რომ მართლა სამოთხეა მუსიკოსისთვის და ყველას უნდა ამ ცოცხალი ტალღის დაჭერა და შეგრძნება.“

ცოცხალ ტალღაში ჩაბმა შეგიძლიათ usmine.ge-ს ფეისბუქ გვერდზე და YouTube არხზე. პლატფორმა უკვე დასრულებული სახით მაისიდან  გაეშვება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.