fbpx

7 უახლესი ფილმი, რომელსაც ამ კვირაში უნდა უყუროთ


გააზიარე სტატია

ძალიან ხშირად, თითოეული ჩვენგანი, როცა არ ვიცით, რა ფილმს ვუყუროთ, უთავბოლო და გამუდმებული სქროლვისას რას არ გადავაწყდებით… სწორედ ამიტომ, თუ ამ კვირისთვის კინოსურათების რეპერტუარი ჯერ არ შეგირჩევიათ, გთავაზობთ უახლესი ფილმების აუცილებლად სანახავ სიას, რომელიც თითქმის ყველა ჟანრის მოყვარულს დააინტერესებს.

 

By the grace of god

ფრანსუა ოზონის ბოლო სკანდალური  ნამუშევარი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ კინოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ (და ის მართლაც ღირს სანახავად), ბერლინის კინოფესტივალზე გრან-პრის მფლობელი გახდა და არცთუ ტყუილად გამოიწვია აჟიოტაჟი.

ოზონმა ამ ფილმით კათოლიკურ ეკლესიას ფაქტობრივად გადაუარა. ისეთ პრობლემაზე ხაზგასმა, როგორიცაა ეკლესიაში პედოფილია, შეიძლება ბევრი თეოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს და ფილმიც დაიბლოკოს, თუმცა ამ შემთხვევაში ამას თქვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ამ პრობლემის გარშემო ოზონი ბევრ ისეთ დეტალს აერთიანებს, როგორიცაა მსხვერპლის ფსიქოლოგია, ძალაუფლების კონცენტრაცია, ნეპოტიზმი, ბიუროკრატია და ყველა ის თვისება, რომელიც მძლავრ ინსტიტუციებს ახასიათებს. ოზონი ცდილობს კინოხერხებისა და ნარატივის გაერთიანებას და ასეთი ძლიერი მცდელობა ნამდვილად დასაფასებელია.

 

Capernaum

ლიბანელი  რეჟისორი ქალის ნამუშევარი წელს ნამდვილად ღირსეულად იკავებდა ოსკარის ნომინანტთა სიაში ადგილს – საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის, ხოლო კანის კინოფესტივალზე სრულიად დამსახურებულად ერგო ჟიურის პრიზი.

ისტორია მოგვითხრობს პატარა ბიჭის ცხოვრებაზე, რომელიც ცდილობს გადარჩეს ბეირუთის ბინძურ ქუჩებში. ზეინი უყურებს რა ცხოვრების სისასტიკეს, მაქსიმალურად ცდილობს, პატიოსანი შრომით თავის გადარჩენას, თუმცა საბოლოოდ ის ციხის კედლებში აღმოჩნდება, სადაც ვუყურებთ სასამართლო პროცესს, თუ როგორ განსჯის ის მშობლებს მისი გაჩენისთვის.

რეჟისორი ახერხებს სიუჟეტის მოყოლას ისე, რომ ფაქტობრივად არ იყენებს ბავშვებით მანიპულაციის ხერხებს, რაც საკმაოდ რთულია კინემატოგრაფისტებისთვის. ემპათია, რომელიც ისტორიისა და მისი პერსონაჟების მიმართ გვიჩნდება, ნამდვილად გულწრფელია ყოველგვარი ზედმეტი დრამატულობისა და უტრირების გარეშე.

 

Foxtrot

ფილმი, რომელმაც ისრაელში  (და არამარტო ისრაელში) დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, ნამდვილად ღირს ნახვად. ცოლ-ქმრის – მიქაელისა და დაფნეს ფეშენებელური სახლის ზღურბლზე სამხედრო ესკორტი გამოჩნდება, რომელიც მათ სამწუხარო ამბავს ამცნობს – მათი ვაჟი სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა.

მიქაელი ცდილობს გაუმკლავდეს ყველა იმ გრძნობას, რომელიც ერთდროულად მოეძალა, დაფნე კი საძილე წამლების ზემოქმედების ქვეშაა. ამ დროს მოშორებულ სამხედრო ბაზაზე, სადაც მათი შვილი იმყოფება, ჯარისკაცები მოწყენილობას ებრძვიან.

ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის სიმწვავე გადაწყვეტილი ოჯახურ ტრაგიკომედიაში, ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილად შესრულებულ ნამუშევარს წარმოადგენს 2018 წლის ფილმებში.

ფილმი ვენეციის კინოფესტივალზე დაჯილდოვდა ვერცხლის ლომის პრიზით, ხოლო SIGNIS Award – Honorable Mention  პრიზი თავად რეჟისორს, სამოელ მაოზს გადაეცა, ასევე ამავე ფესტივალზე ფილმმა Arca CinemaGiovani Award-ის მთავარი პრიზიც მოიპოვა.

 

Favorite

მე-18 საუკუნის დასაწყისში ინგლისი საფრანგეთს ებრძვის. ამის მიუხედავად, სასახლეში ცხოვრება არხეინად მიმდინარეობს, ხოლო ტახტზე ავადმყოფი დედოფალი ანა ზის,  ქვეყანას კი მისი ახლო მეგობარი, ლედი სარა განაგებს.

როდესაც ახალი მოახლე ებიგაილი ჩამოდის, ლედი სარა მისით იხიბლება, მასზე ზრუნავს და ებიგაილს უჩნდება შესაძლებლობა, რომ თავის არისტოკრატიულ ფესვებს დაუბრუნდეს.

ომისგან დაღლილ სარას ებიგაილი სიცარიელეს უვსებს, როგორც დედოფლის კომპანიონი. ფილმის იუმორი, მსახიობების შესრულება, ოპერატორული თუ სარეჟისორო გადაწყვეტა და, რაღა თქმა უნდა, დიდებული კოსტიუმები გულგრილს არ დატოვებს მაყურებელს.

ვენეციის კინოფესტივალზე იორგოს ლანთიმოსს ჟიურის სპეციალური პრიზი ერგო. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე სხვადასხვა კატეგორიაში, ხოლო ოლივია კოლმანი გახდა გამარჯვებული  მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

 

Blackkksman

სპაიკ ლიმ თავისი სტილითა და შემართებით  გასულ წელს შემოგვთავაზა ახალი ფილმი „შავი კუკლუქსკლანელი“ – ნამდვილი ამბავი კოლორადოელი პოლიციის საიდუმლო აგენტის, რონი სტოლუორთის შესახებ, რომელიც 1970-იანი წლების ბოლოს, როგორც აფროამერიკელი, არა მხოლოდ კუ-კლუქს-კლანში შეაღწევს, არამედ მას ადგილობრივი დაჯგუფების ხელმძღვანელად აირჩევენ.

სპაიკ ლი  ფილმში მთავარ აქცენტს კვლავ შავკანიანებისა და თეთრკანიანების მიერ ერთმანეთის დისკრედიტაციის მცდელობაზე აკეთებს. ის გადის ბეწვის ხიდზე, რათა ორივე მხარეს შეახსენოს, რომ ერთმანეთისგან მტრის ხატის შემქმნელები თავად ადამიანები ვართ.

რეჟისორმა კანის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ფილმი იბრძოდა  ოქროს პალმის რტოსთვის და ასევე წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო ფილმის კატეგორიაში.

 

ძაღლების კუნძული (Isle of dogs)

თუკი კინემატოგრაფის ხასიათზე ნაკლებად ბრძანდებით, მაშინ გეტყვით, რომ ვეს ანდერსონის შესანიშნავი ანიმაცია ნამდვილად სიახლეს წარმოადგენს თანამედროვე ანიმაციისა თუ ნარატივის ისტორიაში.  

ჩვეული თხრობის მანერითა და საოცარი ნახატებით ის მოგვითხრობს 12 წლის ბიჭის, ატარის ისტორიაზე, რომელიც კორუმპირებული მერის, კობაიაშის მზრუნველობის ქვეშაა.

როდესაც მერის ბრძანებით ქალაქ მეგასაკის ყველა ძაღლს ნაგავსაყრელ კუნძულზე გაგზავნიან, ატარი მინიატიურული საფრენი მოწყობილობით გაემგზავრება კუნძულზე მისი ერთგული მეგობრის, სპოტსის მოსაძებნად.

კუნძულზე ახალი მეგობრების გუნდთან ერთად იგი ეპიკურ მოგზაურობას იწყებს… ანიმაცია ოქროს გლობუსის სამ ნომინაციაზე გახლდათ წარდგენილი.

 

Dogman

ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ძაღლების მომვლელ მარჩელოზე, რომელიც უნებურად მოძალადე, მოკრივე სიმონეს სახიფათო თავგადასავალში ერთვება, რომელსაც დატერორებული ჰყავს მთლიანად სამეზობლო.

მარჩელო ფსიქოლოგიურ კრიზისში იმყოფება და თითქოს ერთადერთი გამოსავალი შურისძიებაღაა… ფილმის მთავარი როლის შემსრულებელმა მატეო გარონემ კანის კინოფესტივალზე  საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდო დაიმსახურა და ის ასევე წარდგენილი იყო ამავე ნომინაციაზე ოქროს პალმის რტოსთვის.

 


რეკომენდებული სტატიები
10 რეკომენდებული ფილმი თბილისის კინოფესტივალიდან
Play Video

10 რეკომენდებული ფილმი თბილისის კინოფესტივალიდან

10 რეკომენდებული ფილმი თბილისის კინოფესტივალიდან
დღეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი იხსნება. გთავაზობთ იმ ფილმების სიას, რომლებსაც კინომოყვარულები და კინომცოდნეები დიდი ინტერესით ელიან
"ოქროს გლობუსის" გამარჯვებულები და ნომინანტები - ყველა ტრეილერი ერთად
Play Video

"ოქროს გლობუსის" გამარჯვებულები და ნომინანტები - ყველა ტრეილერი ერთად

"ოქროს გლობუსის" გამარჯვებულები და ნომინანტები - ყველა ტრეილერი ერთად
ერთიანად წარმოგიდგენთ ყველა იმ ფილმის ტრეილერსა და მათ შემქმნელ ადამიანებს, ვინც დღესდღეობით ამინდს ქმნის უახლოესი წარსულისა და მომავლის მსოფლიო კინოინდუსტრიაში.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.