fbpx

ჩემპიონთა ლიგა რონალდუს გარეშე დარჩა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: აჩიკო ბენაშვილი

 

გაივლის წლები და „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა კიდევ მრავალგზის გაიხსენებს 2019 წლის აპრილის თვეს, როდესაც მის გუნდს სამჯერ ზედიზედ მოუწია თამაში „ტოტენჰემის“ წინააღმდეგ.

პრემიერლიგის გათამაშების მატჩის შემდეგ, რომელშიც „მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ მეორეჯერ დაამარცხა მეტოქე, „ტოტენჰემის“ მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ, მარცხის მიუხედავად, მას დამამშვიდებლად თავზე მოუთათუნა ხელი.

ეს ჟესტი ხომ საბოლოოდ ცხადყოფს, თუ რამდენად მტკივნეული იყო ჩემპიონთა ლიგის ტურნირიდან გამოვარდნა გვარდიოლასთვის, რომლის ტრიუმფატორიც იგი უკანასკნელად 2011 წელს იყო „ბარსელონასთან“ ერთად.

მაინც რატომაა, რომ გვარდიოლას გაწვრთნილი „მანჩესტერ სიტი“ ტრადიციულად ტოვებს ჩემპიონთა ლიგის ტურნირს პირველივე გადამწყვეტი დაპირისპირების შემდეგ?

რადგან შარშანდელი „ლივერპული“ წლევანდელმა „ტოტენჰემმა“ ჩაანაცვლა, საფეხბურთო წრეებშიც სრულიად ლოგიკურად ალაპარაკდნენ გვარდიოლას შეცდომების შესახებ, „ტოტენჰემის“ შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა პირველი მატჩის ჩაგდებას რომ უკავშირდება.

რატომ არ ათამაშა გვარდიოლამ დე ბრიუინი? ნუთუ ლეროი სანეს მსგავსად, ნახევარდაცვის ლიდერს ის „კრისტალ პალასთან“ პრემიერლიგის მატჩში სათამაშოდ ინახავდა?  

 

პოჩეტინომ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგიდან გაისტუმრა

 

პოჩეტინოს გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჰარი კეინის არყოფნის და სისოკოს ტრავმის მიუხედავად, გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და საწადელსაც მიაღწია. გვარდიოლასგან განსხვავებით, პოჩეტინოს ცვლილებამ გაამართლა, რადგან ფერნანდო ლორენტე, გარდა იმისა, რომ გადამწყვეტი გოლის ავტორი გახდა, ფასდაუდებელ დახმარებას უწევდა დაცვით ხაზს და ყველგან ასწრებდა დაზღვევაზე თამაშს, სადაც ამას სათამაშო სიტუაცია ითხოვდა.

ჩემპიონთა ლიგა მეორე მანჩესტერულმა კლუბმაც დატოვა, თუმცა „იუნაიტედისთვის“ „პარი სენ ჟერმენის“ მერვედფინალში დამარცხება მაქსიმუმი რომ იყო, „ბარსელონასთან“ საპასუხო შეხვედრამ საბოლოოდ დაგვარწმუნა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ საპასუხო მატჩი უკეთ დაიწყო, ვიდრე ეს საკუთარ „ოლდ ტრაფორდზე“ შეძლო. თავიდან ოლე გუნარ სულშერის გუნდი თითქოს ბურთსაც ფლობდა და ერთი-ორი შეტევაც კი განახორციელა  კატალონიელთა კარის მიმართულებით.

მაგრამ ერთხელაც ლიონელ მესიმ ჩაიგდო ბურთი ხელში და კიდევ ერთხელ – და უკვე მერამდენედ – დაარწმუნა თაყვანისმცემლები თუ ოპონენტები, რომ ასეთი ოსტატური ინდივიდუალური გარღვევების გაკეთება და გოლების გატანა მხოლოდ მას შეუძლია თანამედროვე ფეხბურთში!

თუკი პირველი გოლის შემთხვევაში მანჩესტერელთა გოლკიპერ დე ხეას ვერაფერში დავადანაშაულებთ, მეორე დარტყმით არგენტინელმა მას თითქოს დასცინა კიდეც, რადგან ესპანეთის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მეკარე, წესით, ასეთ ბურთებს არ უნდა უშვებდეს…

 

მესიმ დე ხეა შეარცხვინა

 

„მანჩესტერ იუნაიტედში“ მდგომარეობა რომ ძირფესვიანად შესაცვლელია, ამაზე უკვე აღარავინ დავობს, მაგრამ რა დაემართა ტურინის „იუვენტუსს“?

როგორც არ უნდა აბრალებდეს მასიმილიანო ალეგრი „აიაქსთან“ გამოვარდნას კიელინის, მანჯუკიჩისა თუ კუადრადოს ტრავმებს, გამართლება „იუვენტუსს“ ნამდვილად არ აქვს.

წლები გადის და უკვე ერთგვარ ტრადიციადაა ქცეული, რომ „ბებერი ქალბატონი“ გადამწყვეტ მატჩში ყოველთვის მარცხდება და ზოგჯერ ისე უსუსურად, როგორც ეს ამსტერდამის „აიაქსთან“ შეხვედრაში მოხდა.

„იუვენტუსს“ ვერც მისმა უმთავრესმა შენაძენმა უშველა, რომელმაც მართალია, დააწინაურა მასპინძლები, მაგრამ შემდგომში დიბალას, ბერნარდესკისა თუ სხვათა მეტად უხეირო თამაშის ფონზე, ისიც უძლური აღმოჩნდა „იუვენტუსისთვის“ სასიკეთო ძვრების გასაკეთებლად მოედანზე.

ამგვარად, სეირის მოყვარულებს, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონა“ – „იუვენტუსის“ წყვილის ხილვა მესი-რონალდუს დაპირისპირების გამო სურდათ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და თავიანთი ოცნების ასრულებას აწი ჩემპიონთა ლიგის მომავალ სეზონში უნდა ელოდონ.

სამაგიეროდ, მიმდინარე გათამაშებაში ამსტერდამის „აიაქსის“ სახით გამოჩნდა ლაღი ფეხბურთის მიმდევარი გუნდი, რომელშიც თანაბრადაა შეხამებული ფიზიკური და ტექნიკური კონდიციები.

„აიაქსს“ თავისუფლად შეგვიძლია შევარქვათ მფრინავი ჰოლანდიელები, რომლებისთვისაც სულ ერთია, თუ ვის და სად ეთამაშებიან და ტაბლოზე რა ანგარიშია.

„აიაქსმა“ „იუვენტუსთან“ ორივე მატჩში პირველი გოლი გაუშვა, მაგრამ ამის შემდეგ არცერთ შემთხვევაში არ დაბნეულა და მაყურებელმა საკუთარი თვალით იხილა, თუ რა დღე აყარა მეტოქეს ჰოლანდიურმა კლუბმა, განსაკუთრებით საპასუხო შეხვედრაში.

საინტერესოა, რომ მეორე ტაიმის დაწყებისთანავე გოლი თანდათანობით მწიფდებოდა „იუვენტუსის“ კარში, ხოლო დე ლიგტის მიერ მატჩის 67-ე წუთზე გატანილი თავურის შემდეგ, სტუმრებს ალბათ უფრო მეტი გოლის გატანა შეეძლოთ, ვიდრე იქამდე.

ასე და ამგვარად, „რეალის“ და „იუვენტუსის“ გამოგდების შემდეგ, „აიაქსი“ ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ რეალურ ფავორიტად იქცა და საფეხბურთო წრეებში უკვე თამამად ავლებენ პარალელს დღევანდელსა და ლუი ვან გაალის პერიოდის საოცარ გუნდს შორის, რომელმაც ეს ტურნირი 1995 წელს მოიგო.

საერთოდ, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშება, შესაძლოა ამ ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დამაინტრიგებელი აღმოჩნდეს. დავაკვირდეთ, რომ უკვე მერვედფინალებიდან მოყოლებული, ფინალის რანგის რამდენიმე მატჩი ვიხილეთ.

თუკი რომელიმე ფეხბურთის გულშემატკივარს ამაში ეჭვი შეაქვს, „ბარსელონა“ – „ლივერპულის“ შესახებ ხომ ნამდვილად ვეღარ იტყვის, ფინალის საკადრისი წყვილი არააო.

თუკი „ლივერპულს“ მერვედფინალში საკმაოდ გაუჭირდა მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ ბრძოლა და გუნდის წარმატებაში მანუელ ნოიერის მიუტევებელ შეცდომასაც მიუძღვის წვლილი, მეოთხედფინალში მერსისაიდელებს „პორტოსთან“ შარშანდლის მსგავსი იოლი გასეირნება გამოუვიდათ, რაც ცოტა არ იყოს ართულებს მისი სიძლიერის შეფასებას „ბარსელონასთან“ მატჩის წინ.  

თითქოს აშკარაა, რომ „ლივერპული“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შედარებით ძლიერია. მეორე მხრივ, „ბარსელონას“ ინგლისურ გუნდებთან დადებითი ბალანსი აქვს, თუმცა არა „ლივერპულთან“.

ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს ეს გუნდები 2007 წელს მერვედფინალში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ორი მატჩის ჯამში მაშინ „ლივერპულმა“ იმარჯვა, საბოლოოდ მერსისაიდული კლუბი იმ გათამაშების ფინალში აღმოჩნდა, სადაც „მილანთან“ დამარცხდა.

„ლივერპულმა“ ორი მატჩის ჯამში „ბარსელონას“ 2001 წელს უეფას თასის გათამაშების ნახევარფინალშიც მოუგო, შემდეგ კი დრამატულ ფინალში კიდევ ერთი ესპანური კლუბი „ალავესი“ დაამარცხა…

ნუთუ „ლივერპულმა“ ამჯერადაც უნდა იმარჯვოს? ამგვარი სცენარი სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა მესისაც ნუ დავივიწყებთ, რომელიც მაქსიმალურად ეცდება, რომ 2011 წლის შემდეგ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს რონალდუსთან შედარებით თავისი უპირატესობა.

„ლივერპულს“ კი საკუთარის გარდა მთელი ინგლისური ფეხბურთის პრესტიჟი ექნება დასაცავი, რადგან „ბარსელონამ“ ჯგუფში „ტოტენჰემი“ პირველივე მატჩში თავისუფლად დაამარცხა, შემდეგ მას განვლილ მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიაყოლა, ხოლო თუკი ნახევარფინალში „ლივერპულს“ და შემდეგ – ფინალში „ტოტენჰემს“ კიდევ ერთხელ დაამარცხებს, ინგლისელებს ალბათ მაშინ მაინც შერცხვებათ იმის თქმა, რომ მათი კლუბები ჩემპიონთა ლიგასთან შედარებით, პრიორიტეტს პრემიერლიგას ანიჭებენ…

 

 „ლივერპულმა“ სხვებთან შედარებით იოლად მოიპოვა ნახევარფინალის საგზური

 

„ბარსელონამ“ თითქოს გუნდური თამაში ააწყო და იმდენი მოახერხა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მას ორ მატჩში ერთი გოლიც ვერ გაუტანა, მაგრამ რამდენად სანდო აღმოჩნდება კატალონიელთა დაცვითი ზღუდეები „ლივერპულის“ შემტევი ტრიოს წინააღმდეგ, რომელსაც ზურგს უმძლავრესი ვიინალდუმი, ვან დეიკი და მილნერი უმაგრებენ?

ამ ყველაფერს ფეხბურთის გულშემატკივარი სულ მალე იხილავს, აი რონალდუს ნახვას კი ჩემპიონთა ლიგაზე, მომავალ სეზონში თუ შეძლებს.

პორტუგალიელის „სასახელოდ“ უნდა ითქვას, რომ მან თავის ყოფილ კლუბზე ერთი ეტაპით გვიან დაასრულა წლევანდელ გათამაშებაში ასპარეზობა. მაგრამ როგორც „რეალი“, ასევე რონალდუ, შემთხვევით ჩემპიონთა ლიგის მომავალმა ტრიუმფატორმა ხომ არ გამოასალმა ტურნირს?!

 


რეკომენდებული სტატიები
ჩემპიონთა ლიგა - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!

ჩემპიონთა ლიგა - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!

ჩემპიონთა ლიგა - გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა?!
ჩემპიონთა ლიგის ყოველი გათამაშება ფეხბურთის გულშემატკივარს სულ ახალ-ახალ სიურპრიზებს სთავაზობს. წლევანდელმა სეზონმა კი ამ თვალსაზრისით ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა
ჩემპიონთა ლიგა - მერვედფინალების მოლოდინში

ჩემპიონთა ლიგა - მერვედფინალების მოლოდინში

ჩემპიონთა ლიგა - მერვედფინალების მოლოდინში
ფეხბურთის მოყვარულებისთვის თებერვალი განსაკუთრებულია, რადგან ამ დროს საუკეთესო გუნდები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე უპირისპირდებიან ხოლმე ერთმანეთს და იწყება დასკვნითი ბრძოლა მათ შორის უძლიერესის გამოსავლენად
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.