fbpx

იესო ქრისტეს სიცოცხლისა და სიკვდილის ისტორიული მტკიცებულებები


გააზიარე სტატია


რამდენად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ იესო ქრისტე მართლაც არსებობდა?

იესო ნაზარეველის არსებობის დამადასტურებელი ისტორიული მტკიცებულებები მრავალია და დიდი ხნის დადგენილიც. მისი სავარაუდო სიცოცხლის რამდენიმე დეკადის განმავლობაში იესოს ახსენებენ როგორც ებრაელი, ასევე რომაელი ისტორიკოსები, ისევე, როგორც ათობით ქრისტიანი მემატიანე.

ეს რომ შევადაროთ, მაგალითად, მეფე არტურს, რომელიც ახალი წელთაღრიცხვით 500 წელს ცხოვრობდა, იმ დროის ძირითადი ისტორიული წყაროები მას საერთოდ არც კი იმჩნევენ, და მისი სახელი პირველად გვხვდება არტურის ცხოვრებიდან 300-400 წლის შემდეგ დაწერილ წყაროებში.

მეფე არტურისგან განსხვავებით, იესოსთან დაკავშირებული მტკიცებულებები არ შემოიფარგლება ფოლკლორით.

 

რას გვაუწყებენ ქრისტიანული წყაროები?

ამ წყაროების ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ადრეული და დეტალურია. პირველი ქრისტიანული წყაროები, რომლებიც იესოზე ლაპარაკობენ, წმ. პავლეს ეპისტოლეებია, და მეცნიერები თანხმდებიან, რომ ამ წერილებიდან ყველაზე ადრეული იესოს გარდაცვალებიდან, ყველაზე გვიან, 25 წლის შემდეგაა დაწერილი, მაშინ როცა იესოს შესახებ ახალ აღთქმაში შესული ბიოგრაფიული მასალა მისი გარდაცვალებიდან 40-ოდე წლით თარიღდება.

ყველაფერი ეს მრავალი მოწმის თვალწინ მოხდა და აღნიშნული წყაროების აღწერები ემთხვევა პირველი საუკუნის პალესტინის კულტურულ და გეოგრაფიულ მონაცემებს. რთული წარმოსადგენია, რატომ უნდა გამოეგონათ ქრისტიან მწერლებს ამდენად ებრაული წარმომავლობის მესია მოცემულ დროსა და ადგილას – რომის იმპერიის მმართველობის პერიოდში – როდესაც იუდაიზმს ეჭვის თვალით უყურებდნენ.

 

 

რას ამბობენ იესოზე არაქრისტიანი ავტორები?

რამდენადაც ცნობილია, პირველი ავტორი, რომელმაც იესო ეკლესიის გარეთ მოიხსენია, ებრაელი ისტორიკოსი ფლავიუს ჯოზეფუსი იყო, რომელმაც 93 წელს იუდაიზმის ისტორია დაწერა. ის იესოს ორჯერ მოიხსენიებს. აქედან ერთი საკამათოა, რადგან ითვლება, რომ ის მოგვიანებით ქრისტიანმა გადამწერებმა გადააკეთეს (სავარაუდოდ, ფლავიუსის ნეგატიური ტონის უფრო კეთილგანწყობილად გადასაკეთებლად), თუმცა მეორესთან დაკავშირებით ეჭვები არ არის – მოხსენიებულია ჯეიმსი, ძმა “იესოსი, ეგრეთ წოდებული ქრისტესი”.

ჯოზეფუსიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ გვხვდებიან რომაელი პოლიტიკოსები პლინიუსი და ტაციტუსი, რომლებსაც მეორე საუკუნის დასაწყისში მაღალი სახელმწიფო პოსტები ეკავათ. ტაციტუსისგან ვიგებთ, რომ იესო სიკვდილით დასაჯეს პონციუს პილატეს დროს, როცა ის იუდეაში რომაელი პრეფექტი იყო (26-36 წლები), ტიბერიუსის იმპერატორობის პერიოდში (14-37 წლები) – ეს არის წერილობითი ანგარიში, რომელიც სახარების მონაცემებს ემთხვევა. პლინიუსის მოწოდებული ინფორმაციით, თურქეთის ტერიტორიაზე მისი გუბერნატორობის პერიოდში, ქრისტიანები ქრისტეზე, როგორც ღმერთზე ლოცულობდნენ. ამ ორიდან ქრისტიანები არცერთს არ უყვარდა – პლინიუსი წერს მათი “ღორული სიჯიუტის” შესახებ, ხოლო ტაციტუსი მათ რელიგიას დესტრუქციულ ცრურწმენას უწოდებს.

 

მოიხსენიებენ თუ არა იესოს სხვა ძველი წყაროები?

რაც  უნდა უცნაური იყოს, ძველ სამყაროში არასდროს ყოფილა ეჭვი იესო ნაზარეველის, როგორც ისტორიული ფიგურის არსებობის შესახებ. ებრაელი რაბინების ადრეულ წერილობით წყაროებში იესო დაგმობილია როგორც მარიამის უკანონო შვილი და ჯადოქარი. კერპთაყვანისმცემლები –  სატირიკოსი ლუციანი და ფილოსოფოსი ცელსუსი იესოს ნაძირალად მოიხსენიებენ, თუმცა მის არსებობას ძველი სამყაროდან არავინ უარყოფს.

 

რამდენად საკამათოა იესო დღეს?

ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ ონფრეი თავის ახალ წიგნში ლაპარაკობს იესოზე, როგორც ჰიპოთეზაზე, სადაც ქრისტეს არსებობა უფრო იდეაა, ვიდრე ისტორიული რეალობა. 10 წლის წინ აშშ-ში შეიქმნა “პროექტი იესო”, რომელსაც უნდა გაეცა პასუხი კითხვაზე – მართლა არსებობდა თუ არა ქრისტე? პროექტის ზოგიერთი ავტორი ვარაუდობდა, რომ იესო ნაზარეველი ორმაგი ტყუილი იყო, რადგან როგორც იესო, ასევე ნაზარეთი ქრისტიანულ გამოგონებებად მიაჩნდათ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ  მეინსტრიმ ისტორიკოსები, რომლებმაც იესოს არსებობასთან დაკავშირებით ზემოაღნიშნული სკეპტიკური მოსაზრებები გააკრიტიკეს – მაურის კეისი – ნოტინგემის უნივერსიტეტი, და ბარტ ეჰრმანი – ჩრდ. კაროლინას უნივერსიტეტი – ათეისტები არიან. ამ მეცნიერებმა გადაჭრით უარყვეს “იესოს, როგორც მითის” ჰიპოთეზები, და მათ ავტორებს “ფსევდო-მეცნიერები” უწოდეს.

ამის მიუხედავად, ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, ინგლისის ზრდასრული მოსახლეობის 40%-ს არ სჯერა, რომ იესო რეალური ისტორიული ფიგურა იყო.

 

გვაქვს თუ არა იესოს არსებობის დამადასტურებელი არქეოლოგიური მასალა?

იესოს ისტორიულობის თაობაზე  სახალხო დაბნეულობა შესაძლოა გამოწვეული იყოს მასთან დაკავშირებულ არქეოლოგიურ მოსაზრებებთან. ცოტა ხნის წინ გამოითქვა ვარაუდი, რომ იესო კლეოპატრას შვილთაშვილი იყო, რასაც თითქოს ადასტურებენ ძველი მონეტები ეკლის გვირგვინიანი იესოს გამოსახულებებით. გარკვეულ წრეებში არ ცხრება ინტერესი ე.წ. ტურინის სუდარასთან  დაკავშირებით, რომლითაც თითქოს იესო დაკრძალეს. პაპმა ბენედიქტ XVI-მ განაცხადა, რომ “მსგავსი რამის შექმნა ადამიანის ხელისთვის შეუძლებელია” და რომ ეს “წმინდა შაბათის ხატებას წარმოადგენს”.

თუმცა, რთულია ისეთი ისტორიკოსების პოვნა, რომლებიც ამ მატერიალს სერიოზულ არქეოლოგიურ მონაცემებად აღიქვამენ. ამგვარად, ქრისტეს არსებობის მთავარ მტკიცებულებებად მაინც ქრისტიანული, ებრაული და რომაული წერილობითი წყაროები რჩება.

აღნიშნული მრავალი ისტორიული წყარო ადგილს არ ტოვებს ეჭვებისთვის იმასთან დაკავშირებით, რომ იესომ მართლაც იცხოვრა და გარდაიცვალა. უფრო საინტერესო შეკითხვა კი, რომელიც ისტორიისა და ობიექტური ფაქტების მიღმა მიდის, არის ის, იცხოვრა თუ არა იესომ გარდაცვალების შემდეგ.

ორიგინალი: https://www.theguardian.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.